სამშაბათი, მაისი 19, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

როცა სკოლა და ოჯახი ერთიანდება: მშობელთა კლუბების ძალა

თანამედროვე განათლების პროცესში სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მოსწავლის წარმატება არ არის მხოლოდ სკოლის ან მხოლოდ ოჯახის პასუხისმგებლობა. ის მიიღწევა მაშინ, როდესაც ეს ორი სისტემა შეთანხმებულად მოქმედებს. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება მშობელთა კლუბი როგორც თანამშრომლობის ინსტიტუციური ფორმა, რომელიც სკოლასა და ოჯახს საერთო მიზნისთვის – მოსწავლის ჰოლისტური განვითარებისთვის – აერთიანებს.

მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას საფუძვლიანად ასაბუთებს Joyce Epstein-ის მოდელი, რომლის მიხედვითაც, სკოლისა და ოჯახის პარტნიორობა ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მრავალმხრივ ჩართულობას მოიცავს – როგორც სასკოლო, ისე ოჯახურ კონტექსტში (Epstein, 2001). ამ მოდელის პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ მშობელთა კლუბი გვევლინება.

 

მშბელთა კლუბის მნიშვნელობა სკოლაში

მშობელთა კლუბების შექმნა წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც ამაღლებს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს. ეს რიგითი დამატებითი აქტივობა კი არ არის, არამედ სისტემური ცვლილების საფუძველია.

კვლევები ადასტურებს, რომ მშობელთა აქტიური ჩართულობა ზრდის მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, აუმჯობესებს ქცევას და ამცირებს სკოლისგან დისტანცირების რისკს (Kohl et al., 2000; Children & Youth Services Review, 2017). ამავე მიმართულებით Harvard Family Research Project ხაზს უსვამს, რომ მშობლის მონაწილეობა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ის სისტემურია და არა ფრაგმენტული.

მშობელთა კლუბი ქმნის სტრუქტურირებულ სივრცეს, სადაც:

◦ ყალიბდება ურთიერთნდობა სკოლასა და ოჯახს შორის;

◦ მიმდინარეობს რეგულარული კომუნიკაცია;

◦ მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.

ეს გარემო ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გაზიარებას, რაც თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

 

საქართველოს გამოცდილება: შესაძლებლობები და გამოწვევები

საქართველოში მშობელთა კლუბების განვითარება დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმებთან და განსაკუთრებით – ინკლუზიური განათლების პოლიტიკასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომლის პოლიტიკამ სკოლებს ოჯახთან უფრო აქტიური თანამშრომლობისკენ უბიძგა.

ამასთანავე, UNUNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტებმა აამაღლა მშობელთა ცნობიერება და ხელი შეუწყო მხარდამჭერი ჯგუფების ფორმირებას, განსაკუთრებით – სსსმ მოსწავლეების მშობლებისთვის (UNICEF, 2020).

ქართულ პრაქტიკაში მშობელთა კლუბები ხშირად ფუნქციონირებს როგორც:

◦ საინფორმაციო და საგანმანათლებლო სივრცე;

◦ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმა;

◦ გამოცდილების გაზიარების გარემო.

თუმცა კვლევები მიუთითებს, რომ ჩართულობას კვლავ აფერხებს დროის დეფიციტი, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები და ზოგჯერ – სკოლის მიმართ უნდობლობა (BMC Psychology, 2025). სწორედ ამიტომ აუცილებელია მოქნილი და ინკლუზიური მოდელების განვითარება.

 

გავლენა მოსწავლის მოტივაციაზე

მოსწავლის მოტივაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად თანმიმდევრულია მისი მხარდამჭერი გარემო. როდესაც სკოლა და ოჯახი ერთიანად მოქმედებენ, მოსწავლე უკეთ აცნობიერებს სწავლის მნიშვნელობას.

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლის ჩართულობა:

◦ ზრდის მოსწავლეთა შინაგან მოტივაციას

◦ აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას;

◦ აუმჯობესებს სწავლისადმი დამოკიდებულებას (Jones & Palikara, 2023).

მშობელთა კლუბი ამ პროცესს სისტემურ ხასიათს აძლევს. იგი ქმნის გარემოს, სადაც მშობელი უკეთ ერკვევა სასწავლო პროცესში და მიზანმიმართულად ეხმარება ბავშვს, რაც საბოლოოდ აისახება მის აკადემიურ ჩართულობაზე.

 

გავლენა მოსწავლის განვითარებაზე

მშობელთა კლუბების გავლენა სცდება აკადემიურ სფეროს და ვრცელდება მოსწავლის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე.

პარტნიორული გარემო ხელს უწყობს მოსწავლის:

◦ თვითრეგულაციის განვითარებას;

◦ კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას;

◦ პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

როგორც კვლევები მიუთითებს, როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მის ირგვლივ მყოფი ზრდასრულები თანამშრომლობენ, ის თავადაც სწავლობს თანამშრომლობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას (MDPI, 2023).

 

უნივერსიტეტის როლი მშობელთა კლუბების განვითარებაში

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მშობელთა კლუბების ეფექტური ფუნქციონირება დიდწილად მასწავლებლების პროფესიულ მომზადებაზეა დამოკიდებული. სწორედ აქ ჩნდება უნივერსიტეტების კრიტიკული როლი.

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ჩამოყალიბდა მშობელთა კლუბი, რომელშიც გაერთიანდნენ სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 25 მშობელი, აღმზრდელები და სტუდენტები.

კლუბი 10 თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა. შეხვედრები იმართებოდა თვეში ერთხელ, თითოეული – ორსაათიანი სესიის ფორმატში, უნივერსიტეტის მიერ საგანგებოდ მოწყობილ სიმულაციურ სივრცეში.  სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ინტერაქციულ გარემოში; აქტიურად გამოიყენებოდა როლური თამაშები, პრეზენტაციები, ვიდეომასალის ანალიზი, რეფლექსიური დისკუსიები და კონსტრუქციული უკუკავშირის მეთოდები.

კლუბის შეხვედრები ეხებოდა ბავშვის კეთილდღეობას, ბავშვის უფლებებს, პოზიტიური მშობლობის პრინციპებს, ბავშვის განვითარების თავისებურებებს, თამაშის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში და სხვა აქტუალურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სკოლამდელ განათლებასთან.

აღსანიშნავია მამების აქტიური ჩართულობა: ისინი დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ სიმულაციებსა და ჯგუფურ აქტივობებში, ასევე მნიშვნელოვანი იყო მათი რეფლექსია განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

პროგრამის დასრულების შემდეგ მშობელთა კლუბის პროექტი გადაეცათ ბაღებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დააფუძნონ და წარმართონ მსგავსი კლუბების მუშაობა სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ბაზაზე.

კლუბმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მშობლების ცნობიერების ამაღლებაში. გაიზარდა მათი ჩართულობა საბავშვო ბაღების საქმიანობაში, რაც დადებითად აისახა ბავშვთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

 

თანამედროვე სკოლაში მშობელთა კლუბები წარმოადგენს სისტემურ მექანიზმს, რომელიც ყველა მონაწილეს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გარშემო აერთიანებს. მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც მათის საქმიანობა არ შემოიფარგლება ფორმალური შეხვედრებით და თანამშრომლობის რეალურ პლატფორმად იქცევა.

საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს პრაქტიკა უკვე იძლევა შედეგებს, თუმცა უფრო მეტ გაძლიერებას და ინსტიტუციონალიზაციას მოითხოვს. ამ პროცესში სკოლებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ უნივერსიტეტებსაც, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც კადრების მომზადებას, ისე კვლევით მხარდაჭერას.

საბოლოოდ, მშობელთა კლუბი არის სივრცე, სადაც განათლება ხდება საერთო პასუხისმგებლობა – და სწორედ ამ ერთობლიობაში ყალიბდება მოტივირებული, განვითარებული და წარმატებული მოსწავლე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Joyce Epstein (2001). School, Family, and Community Partnerships
  2. Kohl, G. et al. (2000). Parent Involvement in School
  3. Jones & Palikara (2023). Parental Engagement
  4. Children & Youth Services Review (2017)
  5. BMC Psychology (2025)
  6. MDPI (2023). Parental involvement and student engagement
  7. Harvard Family Research Project

UNICEF

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

University College London

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“