პროექტის არსისა და მასშტაბის შესახებ
მასწავლებლობა მხოლოდ საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება არ არის, ეს ცნება თავის თავში უფრო მეტ სირთულეს და თავგადასავალს გულისხმობს. არ არის ადვილი, გაუღო მოსწავლეს ცოდნის კარი, როდესაც გაკვეთილის მსვლელობა ერთი საგნის ერთი სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება. ეს კიდევ უფრო რთული და საინტერესოა, როდესაც საქართველოს პატარა სოფლის პატარა სკოლაში ასწავლი. ამ დროს უფრო მეტად ცდილობ, გამონახო შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის და ფეხი აუწყო თანამედროვეობას. ამის საშუალებას იძლევა ითვინინგის პლატფორმა, სადაც შეგიძლია, მოიძიო ან თავად შექმნა პროექტი და პატარა ქვეყნის პატარა სკოლიდან ევროპის რომელიმე ქვეყანასთან ითანამშრომლო, გაიუმჯობესო ინგლისურის ცოდნა, შეიძინო მეგობრები, უკეთ ისწავლო ვებინსტრუმენტების გამოყენება, შექმნა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი პროდუქტი და გაუზიარო თანატოლებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა.
ჯერ თავად გავიარე ითვინინგის ტრენინგები, გავეცანი პლატფორმაზე მუშაობის წესებს, მერე კი დავიწყე საინტერეო პროექტის ძიება, რომელშიც მოსწავლეებს ჩავრთავდი. ასეთი აღმოჩნდა „Cultural Values“, რომელიც 2025 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და 2026 წლის 15 თებერვლამდე გაგრძელდა. მასში ჩართული ვიყავით 24 მასწავლებელი და 109 მოსწავლე. პროექტი წამოიწყო თურქმა მასწავლებელმა, რომელთან კომუნიკაციასაც თურქული ენის ცოდნა მიადვილებდა. იყო გამართული, სწორად გაწერილი და საინტერესო. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა აიმაღლეს ცოდნა საკუთარი კულტურის შესახებ და უფრო მეტი გაიგეს სხვა ქვეყნების კულტურებზე, შექმნეს პრეზენტაციები, სანიშნები, კალენდრები, გაზეთები, თამაშები, ქვიზები. საკუთარი შრომის მნიშვნელობა უკეთ რომ დაენახათ, სანიშნები, რომლებიც პროექტისთვის დაამზადეს, დავბეჭდე, ლამინირება გავუკეთე და მათვე დავურიგე.
პროექტის ქრონოლოგიური მიმოხილვა
პროექტის პირველ თვეს მოსწავლეებმა შექმნეს ლოგოები და პოსტერები „კულტურული ღირებულებების“ თემაზე, ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ქვეყნის კულტურა ასახეს.
მეორე თვეს შექმნეს ადგილობრივი სიტყვების ლექსიკონი, პოსტერი თემაზე „მომავლის დაცვა უკეთესი სამყაროსთვის“; მოამზადეს პრეზენტაცია ადგილობრივ კულტურულ ძეგლებზე; მოიგონეს თამაში „სიტყვების ძებნა“ და გამოუშვეს საინფორმაციო გაზეთი კულტურის შესახებ.
დეკემბერში მოამზადეს საახალწლო მისალოცები, შექმნეს აკროსტიხი, სიმღერა პროექტის მთავარ თემაზე, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი ქვეყნების კულტურაზე, მოამზადეს პრეზენტაციები ეროვნულ კერძებზე.
იანვარში იმუშავეს ფაზლებზე, სანიშნებზე, მოამზადეს საახალწლო სიმღერები, პრეზენტაცია ეროვნულ ცეკვებზე.
თებერვალში, პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა შექმნეს საერთო წიგნი კულტურულ ღირებულებებზე, მოიძიეს და შეასრულეს ხალხური სიმღერები, გამართეს თავიანთი ნამუშევრების ელექტრონული გამოფენა, აღნიშნეს „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“.
ტექნოლოგიური პროგრესი
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა გამოიყენეს ვებინსტრუმენტები. ზოგიერთისთვის რამდენიმე ინსტრუმენტი ახალი იყო და მუშაობის პროცესში ამ მიმართულებითაც აიმაღლეს ცოდნა. გაიუმჯობესეს გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, ვებინსტრუმენტების გამოყენების, პრეზენტაციის უნარები და, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნაც, რადგან პროექტის სამუშაო და პრეზენტაციის ენა ინგლისურია. ძალიან დიდი ინფორმაცია მიიღეს სხვა ქვეყნების კულტურაზე, ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მეტი პატივისცემით, ემპათიითა და ინტერესით განეწყვნენ სხვა ქვეყნების მიმართ.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა გამოიყენეს შემდეგი ვებინსტრუმენტები: Canva, eduppuzle, padlet, genially, artsteps, worldwall, storyjumper, bookcreator, learningapps, educaplay.
ამრიგად, ჩემმა მოსწავლეებმა პატარა სოფლის პატარა სკოლიდან გააღეს ფანჯარა სხვა ქვეყნების კულტურის, ტრადიციების, ღირებულებების შესასწავლად და საკუთარის გასაზიარებლად, გახდნენ ციფრული მოქალაქეები, შეძლეს კულტურათაშორისი დიალოგის გამართვა და გადადგეს ნაბიჯი მსოფლიოს მოქალაქეობისკენ.


