ინკლუზიური განათლება ეფუძნება სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების ჩართულობისთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ მშობლის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს, ისე სოციალურ-ემოციურ განვითარებასაც (Schultz et al., 2016; Gaspar & Sahay, 2025).
საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაც ხაზს უსვამს ინკლუზიური განათლების პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას და მას მოსწავლის წარმატების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად განიხილავს (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, 2017).
კვლევების მიხედვით, სსსმ მოსწავლეების მშობლები ხშირად გადიან რთულ ემოციურ გზას (უარყოფა, გაბრაზება, მიუღებლობა), რომელიც მოიცავს შფოთვასა და სტრესს. მშობლის რეაქციას რამდენიმე ფაქტორი განპირობებს:
- სტიგმის შიში – საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად აშინებს მშობელს;
- ინფორმაციის ნაკლებობა – მშობელს შესაძლოა არ ჰქონდეს რეალური ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ;
- დაცვის მექანიზმი – უგულებელყოფა, უარყოფა ხშირად ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმაა.
მეცნიერული ლიტერატურა ხაზს უსვამს, რომ მშობლის ჩართულობის მოდელები ხშირად არ არის ადაპტირებული სპეციალური განათლების კონტექსტთან, რაც კიდევ უფრო ართულებს პროცესს. საქართველოში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ მშობლების ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობისა და სოციალური დამოკიდებულებების გამო თავს არიდებს სპეციალური საჭიროებების აღიარებას (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2020).
სასკოლო პრაქტიკაში მშობლის მხრივ ხშირად ვეჯახებით:
- დიაგნოზის ან საჭიროებების უარყოფას;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმით (ისგ) სწავლების მიუღებლობას;
- მასწავლებლის მიმართ უნდობლობას;
- შეხვედრებისთვის თავის არიდებას ან დაძაბულ კომუნიკაციას.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები შესაძლოა სკოლასა და ოჯახს შორის კონფლიქტის წინაპირობად იქცეს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი არ თანამშრომლობს მასწავლებელთან, სკოლასთან, უარყოფს სპეციალისტის შეფასებას, არ თანხმდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით (ისგ) სწავლებას, ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის „დაკნინებაში“, თავს არიდებს შეხვედრებს ან აგრესიულად რეაგირებს.
მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ ქცევას იშვიათად უდევს საფუძვლად პიროვნული წინააღმდეგობა და უფრო მეტად მშობლის შიშისა და დაბნეულობის გამოხატულებაა (Gaspar & Sahay, 2025).
ასეთ შემთხვევებში მეტად მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერისა და ნდობის მოპოვება, რაც ემპათიის გამოვლენითა და პოზიტიური კომუნიკაციით იწყება. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება პირველივე შეხვედრის ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, შეხვედრა დაიგეგმოს ორივე მხარის (მასწავლებელი, მშობელი) შეთანხმებით, შესაბამის გარემოში. სასრუველია, შეხვედრა შედგეს მასწავლებლის ინიციატივით ორივე მხარისთვის მისაღებ დროს, მშობელს მიეცეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი დრო და თარიღი მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ვარიანტებიდან.
შეხვედრისთვის უნდა შეირჩეს მშვიდი, არაფორმალური გარემო რბილი ავეჯით (შეხვედრის ოთახი, თუ ასეთი არსებობს სკოლაში, ბიბლიოთეკა ან მოსასვენებელი სივრცე). გარემომ უნდა შექმნას მშვიდი საუბრისა და პოზიტიური კომუნიკაციის განწყობა, თანასწორი და უსაფრთხო სივრცე, სადაც მშობელი იგრძნობს, რომ მას უსმენენ და ესმით მისი.
შეხვედრის დასაწყისში მასწავლებელი ღიმილით უნდა მიესალმოს მშობელს და აღნიშნოს, რომ ყოველთვის მოხარულია მასთან შეხვედრის. ასევე მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ მშობელი დროულად მოვიდა შეხვედრაზე, რაც დადებითად აისახება შემდგომ ურთიერთობაზე.
მიზანშეწონილია, საუბარი დაიწყოს მოსწავლის ძლიერი მხარეების წარმოჩენით, გამოიკვეთოს მისი შესაძლებლობები და ინტერესები: დადებითი დამოკიდებულება თანაკლასელების მიმართ, ჩართულობა სასკოლო აქტივობებში, მცირე თუ მნიშვნელოვანი მიღწევები, სურვილი, დაეხმაროს მასწავლებელს ან თანაკლასელებს, საკლასო წესების დაცვის მცდელობა და ა.შ. ეს მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრის პირველ ეტაპზე რეკომენდებულია დიაგნოსტიკური/შეფასებითი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავება. ასევე არ არის მიზანშეწონილი მშობლისთვის ერთდროულად დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდება. სასურველია, ეტაპობრივად მოხდეს სირთულეების განხილვა, ქცევის აღწერა კონკრეტული მაგალითების გამოყენებით (მაგ., „გაკვეთილზე უჭირს ინსტრუქციის დასრულებამდე ყურადღების შენარჩუნება“). სასურველია, კომუნიკაციის პროცესში გამოყენებულ იქნეს მხარდამჭერი ფრაზები: „მესმის, რომ თქვენთვის ეს რთულია“, „ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ ბავშვის მხარდასაჭერად“, „თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს შედეგზე გასვლას“, „ვხედავ, რომ ცდილობთ შვილის წახალისებას, გამხნევებას“, – და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა აქტიურად მოუსმინოს მშობელს და სთხოვოს გამოცდილების გაზიარება: როგორ უმკლავდებიან სახლში მსგავს ქცევებს, როგორ და რა გარემოში სწავლობს ან რამდენი დრო სჭირდება ბავშვს უკეთესი შედეგის მისაღწევად, რა სტრატეგიებს იყენებენ, ვისთან ერთად მოსწონს ამა თუ იმ აქტივობაში მონაწილეობა და ა.შ. მშობლის მოსმენა და მისი ემოციების გაზიარება ქმნის წინაპირობას, რომ მშობელმა თავი „დამნაშავედ“ არ იგრძნოს, გაიაზროს თავისი როლი, მასწავლებლისგან მიიღოს მხარდაჭერა.
აუცილებელია მშობლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მისი ხედვისა და გამოცდილების გათვალისწინება და საერთო მიზნების ერთობლივად განსაზღვრა. კვლევები ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობა თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ნდობის გაღრმავებას და ქმნის პოზიტიური, პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველს.
სსსმ მოსწავლეს პროგრესისთვის ხშირად გარკვეული დრო სჭირდება. სასურველია, მშობელთან შეხვედრებში მონაწილეობდეს სკოლის სპეციალისტების გუნდი. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მშობელმა მასწავლებლისგან მიიღოს რეგულარული პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირი. ეს ამცირებს კონფლიქტის რისკს და ზრდის ნდობას.
თუ კონფლიქტი უკვე არსებობს:
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
- არ ჩადგეთ თავდაცვით პოზიციაში;
- ფოკუსირდით ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე;
- დააფიქსირეთ შეთანხმებები წერილობით.
განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი.
სიტუაცია:
მეორე კლასის მოსწავლეს, ნიკას, უჭირდა კითხვა და წერა. მასწავლებლის დაკვირვებითა და სპეციალისტების შეფასებით, მას ჰქონდა სწავლის სპეციფიკური სირთულე, მაგრამ მშობელი კატეგორიულად უარყოფდა ამ შეფასებას და მიიჩნევდა, რომ „ბავშვი უბრალოდ ზარმაცია“.
კონფლიქტი:
მშობელი ხშირად აკრიტიკებდა მასწავლებელს, არ თანხმდებოდა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებაზე და უარს ამბობდა დამატებით მხარდაჭერაზე.
მასწავლებლის სტრატეგია:
- პირველ შეხვედრაზე მასწავლებელმა თავი შეიკავა დიაგნოზზე საუბრისგან.
- გაამახვილა ყურადღება ნიკას ძლიერ მხარეებზე (მაგ., ზეპირი მეტყველება, ლოგიკური აზროვნება).
- შემდეგ აჩვენა კონკრეტული ნამუშევრები, სადაც სირთულეები ჩანდა.
- შესთავაზა დროებითი მცირე მხარდაჭერის გეგმა (არა „სპეციალური პროგრამა“, არამედ „დამხმარე აქტივობები“).
შემდგომი პროცესი:
მასწავლებელი რეგულარულად აწვდიდა მშობელს ინფორმაციას პროგრესის შესახებ. რამდენიმე კვირაში მშობელმა შეამჩნია, რომ მხარდაჭერის პირობებში ბავშვი უკეთ ვითარდებოდა.
შედეგი:
მშობელმა თანდათან აღიარა ბავშვის საჭიროებები და დათანხმდა სპეციალისტების ჩართვასა და ინდივიდუალური გეგმით სწავლებაზე.
ამრიგად, მშობლებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის გამოგვადგება შემდეგი რეკომენდაციები:
- ნუ ეცდებით მშობლის „დარწმუნებას“ პირველივე შეხვედრაზე.
- იმუშავეთ პროცესზე და არა სწრაფ შედეგზე.
- იყავით თანმიმდევრული და მშვიდი.
- გახსოვდეთ, რომ მშობელსაც სჭირდება მხარდაჭერა.
სსსმ მოსწავლის მშობელთან თანამშრომლობა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიულ ცოდნას, ემპათიასა და ეფექტურ კომუნიკაციას. მშობელი როგორც პარტნიორი ინკლუზიური განათლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია (Schultz et al., 2016; UNICEF Georgia, 2019). მასთან ეფექტური თანამშრომლობა ქმნის საფუძველს მოსწავლის სრულფასოვანი განვითარებისათვის და აძლიერებს სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორულ ურთიერთობას.
გამოყენებული ლიტერატურა
- Gaspar, C. R., & Sahay, D. (2025). Expanding the Concept of Parent Involvement to Special Education. Journal of Family Theory & Review
- Schultz, T. R., Able, H., Sreckovic, M. A., & White, T. (2016). Parent-Teacher Collaboration in Inclusive Classrooms. SAGE Journals
- Council, E. H. (2009). Parent Perceptions in Special Education. Temple University
- A Complexity Perspective on Parent–Teacher Collaboration in Special Education. ScienceDirect
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2017). ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგია
- საქართველოს განათლების სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. (2020). ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ანგარიში
- UNICEF Georgia. (2019). Inclusive Education in Georgia: Policy and Practice


