პარასკევი, მარტი 13, 2026
13 მარტი, პარასკევი, 2026

კონსტრუქტივიზმი მუსიკალური აზროვნების განვითარებაში

თანამედროვე პედაგოგიკაში კონსტრუქტივიზმი წარმოადგენს სწავლების თეორიას, რომელიც სწავლების პროცესს ცოდნის აქტიურ, დინამიკურ და ინდივიდუალურ კონსტრუირებად განიხილავს. ამ მიდგომის მიხედვით, ცოდნა ყალიბდება მოსწავლის გონებაში პირადი გამოცდილების, სოციალური ურთიერთქმედებისა და შემეცნებითი აქტივობის შედეგად.

ჟან პიაჟეს, კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, კოგნიტიური განვითარების თეორიის ავტორს, მიაჩნია, რომ მოსწავლე ცოდნას იძენს აქტიური მოქმედების გზით. სწავლას პიაჟე განიხილავს როგორც აქტიურ პროცესს, სადაც ახალი ინფორმაცია ერწყმის წინარე გამოცდილებას.

ლევ ვიგოტსკიმ კონსტრუქტივიზმს სოციალური განზომილება შესძინა. მისი თეორიის მიხედვით, სწავლა ეფექტიანია მაშინ, როცა ის სოციალურ ურთიერთქმედებაში მიმდინარეობს. ვიგოტსკის „უახლოესი განვითარების ზონის“ კონცეფცია დღემდე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად მიიჩნევა.

ჯერომ ბრუნერმა ყურადღება გაამახვილა აღმოჩენით სწავლებაზე. მისი აზრით, ცოდნა უფრო ღრმა და ხანგრძლივია, როცა მოსწავლე თავად აღმოაჩენს ცნებებს, წესებსა და კანონზომიერებებს.

კონსტრუქტივიზმის პედაგოგიკური არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლების ცენტრში დგას მოსწავლე როგორც აქტიური სუბიექტი. მასწავლებლის არის როგორც ინფორმაციის გადამცემი, ისე პროცესის გზამკვლევი, ფასილიტატორიც. სწავლების პროცესი ეყრდნობა მოსწავლის წინარე ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ახალი ცოდნის საწყისად განიხილება. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს სწავლის ინდივიდუალიზაციას და მოსწავლის პიროვნულ განვითარებას.

მოსწავლე სწავლობს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, კვლევით, პრობლემის გადაჭრითა და აღმოჩენით. სწავლა აღარ არის მხოლოდ თეორიული და ინფორმაციული, იგი პრაქტიკასთან დაკავშირებული და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე მორგებული ხდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიასა და აზრთა გაზიარებას, რაც ცოდნის გაღრმავებასა და განსხვავებული ხედვების გააზრებას უწყობს ხელს. ასეთი მიდგომა ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას, ხელს უწყობს დამოუკიდებლობას, ამაღლებს მოტივაციას.

კონსტრუქტივისტული სწავლების ფორმათა უმეტესობა შემდეგ ფუნდამენტურ კონცეფციებს ეფუძნება:

  1. აქტიური სწავლა: მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში; მუსიკას სწავლობენ კეთებით, თამაშით, კომპოზიციით, იმპროვიზაციით. მოსწავლე სწავლობს მაშინ, როცა ფიქრობს, კითხულობს, ცდის, ადარებს და აანალიზებს.
  2. სოციალური ურთიერთქმედების მნიშვნელობა: მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთსა და უფროსებთან, კითხვების დასმითა და მსჯელობით ერთვებიან ცოდნის აგებისა და რეკონსტრუქციის პროცესში. სწავლა მიმდინარეობს ჯგუფური მუშაობით, თანატოლთა უკუკავშირით.
  3. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება: მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა წინარე ცოდნა აქვს მოსწავლეს და იყენებდეს მის გამოცდილებას ახალი ცოდნის გადასაცემად. ახალი ცოდნა ყოველთვის ეყრდნობა უკვე არსებულს; შეცდომა სწავლის ბუნებრივ და აუცილებელ ნაწილად განიხილება.

არსებობს კონსტრუქტივიზმის ორი ძირითადი მიმართულება: კოგნიტიური და სოციალური. ორივე მათგანი ბავშვის განვითარებას მიიჩნევს აქტიურ და ჰოლისტურ პროცესად, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბუნება (ბიოლოგიური მომწიფება), ისე აღზრდაც (განათლებაც).

მუსიკალური განათლება ხელსაყრელია კონსტრუქტივისტული მიდგომისათვის. მუსიკა არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის ერთობლიობა – ის ემოციური, სენსორული, შემოქმედებითი და სოციალური გამოცდილებაა. შესაბამისად, მუსიკის გაკვეთილი იდეალურ სივრცეს ქმნის იმისთვის, რომ მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს მუსიკალური კანონზომიერებები, გააანალიზოს მოსმენილი, გამოხატოს საკუთარი ემოცია და შექმნას ინდივიდუალური მნიშვნელობა.

მუსიკალური განათლება განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს სმენით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას.

კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს მუსიკის გაკვეთილზე:

  • მოსმენა ხდება გააზრებული;
  • შესრულება – გააზრებული მოქმედება;
  • თეორიული ცნება – პრაქტიკული გამოცდილების შედეგი.

წარმოგიდგენთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილების მაგალითებს:

გაკვეთილის თემა სამყაროს ხმების აღმოჩენა
კლასი I–II
გაკვეთილის მიზანი

 

·                     მოსწავლემ საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩინოს ხმების მრავალფეროვნება;

·                     შეძლოს ხმების მოსმენა, გარჩევა, დახასიათება და მუსიკასთან დაკავშირება;

·                     შეძლოს ჯგუფში მუშაობა და საკუთარი იდეების გამოხატვა.

წინარე ცოდნა ·                     მოსწავლეებისთვის ნაცნობია ბუნების (წვიმა,  ქარი, ფრინველები) ხმები;

·                     იცნობენ ყოველდღიური საგნების ხმებს;

·                     აქვთ მუსიკის მოსმენის გამოცდილება.

მოსალოდნელი შედეგები

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

·                     ამოიცნობს ბუნებრივ და ხელოვნურ ხმებს;

·                     განასხვავებს ხმას და მუსიკას;

·                     გამოხატავს საკუთარ ემოციას მარტივი ფორმით.

I აქტივობა

 

მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „დღეს სკოლაში რომ მოდიოდით, რა ხმები გაიგონეთ?“

მოსწავლეები ასახელებენ ხმებს (მანქანა, ნაბიჯები, ჩიტი, ქარი).

კონსტრუქტივისტული ელემენტი: სწავლა იწყება მოსწავლის პირადი გამოცდილებიდან.

II აქტივობა

 

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დახუჭონ თვალები და ერთი წუთის განმავლობაში უსმინონ კლასში არსებულ ხმებს (კაკუნი, ქაღალდის შრიალი).

ბავშვები ხუჭავენ თვალებს და უსმენენ საკლასო სივრცეს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

·                     რომელი ხმა გაიგონე ყველაზე მკაფიოდ?

·                     როგორ ფიქრობ, გაიგონე შედარებით ჩუმი თუ ხმამაღალი ხმა?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები:

·                     „ვიღაც აკაკუნებს“, „ქაღალდი შრიალებს“.

კონსტრუქტივისტული ელემენტი: მოსწავლე თავად აღმოაჩენს ცოდნას გამოცდილებით.

III აქტივობა

 

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.

დავალება: „გამოეცით ხმა, რომელიც წვიმას/ქარს ჰგავს“.

·                     შეუძლიათ, გამოიყენონ სხეული (ტაში, ფეხის ბაკუნი, თითების წკაპუნი);

·                     შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ, რიტმი სწრაფი იქნება თუ ნელი.

მასწავლებელი მოძრაობს ჯგუფებს შორის, არ აძლევს მზა ინსტრუქციებს, მხოლოდ კითხვებს სვამს:

·                     რას შეცვლიდით, რიტმი უფრო მხიარული რომ გახდეს?

კონსტრუქტივისტული ელემენტი: მოსწავლე თავად ქმნის ცოდნას ექსპერიმენტით.

IV აქტივობა

 

თითოეული ჯგუფი ასრულებს საკუთარ რიტმს. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას და განსხვავებული აზრის მიღებას. მასწავლებელი აკვირდება და საჭიროებისას კითხვებს სვამს:

·                     როგორი განწყობა შეგიქმნათ?

·                     სად გაგიგონიათ ასეთი ხმები?

·                     ბუნებაში რომელი ხმა მოგწონთ ყველაზე მეტად?

მოსწავლეთა პასუხები: „წვიმის ხმა“, „ძაღლის ყეფა“ ,„მანქანის ხმა“, „ჩიტების ჭიკჭიკი“.

მასწავლებელი წერს დაფაზე ბავშვების მიერ დასახელებულ ხმებს.

V აქტივობა

 

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ:

·                     ზოგი ხმა ბუნებაშია;

·                     ყველა ხმა შეიძლება მუსიკის ნაწილიც გახდეს.

·                     რა ხდება, როცა ხმებს რიტმულად გამოვცემთ?

სავარაუდო პასუხი:

·                     „გამოდის მუსიკა“.

ბავშვები სხეულით (ტაში, ფეხის ბაკუნი) ქმნიან მარტივ „ხმოვან კომპოზიციას“.

V აქტივობა

 

მოსწავლეების ვარაუდი: „დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკა შეიძლება შეიქმნას არა მხოლოდ ინსტრუმენტით, არამედ ჩვენი სხეულითაც“.

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:

Ø    ხმა

Ø    რიტმი

Ø    მუსიკა

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა ჯგუფურ მუშაობაში

·                     მოსმენის უნარი

·                     ხმების გარჩევის უნარი

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

მოსწავლეები პასუხობენ ვერბალურად:

·                     რა გამომივიდა ყველაზე კარგად?

·                     რა იყო რთული?

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     შეძლეს თუ არა მოსწავლეებმა ხმების გაცნობიერება?

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ აზრს?

·                     რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური?

·                     რა კუთხით სჭირდება ცოდნას გაღრმავება?

·                     რა უნდა შეიცვალოს შემდეგ გაკვეთილზე?

 

 

 

გაკვეთილის თემა როგორ გადმოსცემს მუსიკა ემოციას?
კლასი III-IV
გაკვეთილის მიზანი ·                     მოსწავლემ შეძლოს მუსიკის მოსმენისას ემოციური შინაარსის ამოცნობა;

·                     მუსიკის მოსმენის გზით გააანალიზოს ხასიათი;

·                     დააკავშიროს მოსმენილი მუსიკა საკუთარ გამოცდილებასთან;

·                     გამოხატოს მოსაზრება და შეძლოს საკუთარი აზრის არგუმენტირება;

·                     იმუშაოს ჯგუფში თანამშრომლობით;

·                     განავითაროს შემოქმედებითი ინტერპრეტაცია.

წინარე ცოდნა

 

მოსწავლეებს აქვთ წარმოდგენა დინამიკაზე, ტემპსა და რიტმზე (I-II კლასების გამოცდილება), აქვთ მუსიკის მოსმენის გამოცდილება.
მოსალოდნელი შედეგები

 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე:

·                     ასახელებს მუსიკით გამოწვეულ ემოციებს;

·                     ხსნის, რატომ აღიქვა მუსიკა კონკრეტული ხასიათით;

·                     ქმნის მცირე მუსიკალურ ან მოძრაობით კომპოზიციას.

I აქტივობა

 

მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „გქონიათ შემთხვევა, როცა მუსიკამ განწყობა შეგიცვალათ?“

მოსწავლეები ასახელებენ მოკლე მაგალითებს. მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ მუსიკას შეუძლია „საუბარი“.

II აქტივობა

 

მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებ ორ განსხვავებული ხასიათის მუსიკალურ ფრაგმენტს (ერთს – მშვიდს, მეორეს – ენერგიულს).

მოსწავლეები წერენ ან ხატავენ, რას გრძნობენ. შემდეგ იწყება დისკუსია: „რატომ მოგეჩვენათ მუსიკა სევდიანი ან მხიარული?“

ამას მოსდევს კითხვები:

·                     „რა დაინახეთ წარმოსახვაში?“

·                     „რომელი მუსიკა იყო უფრო მშვიდი და რატომ?“

III აქტივობა

 

მასწავლებელი განმარტავს:

·                     ტემპი, ხმამაღლა/ჩუმად დაკვრა, მელოდია იწვევს ემოციას.

·                     როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება იყოს მუსიკა სწრაფი? ნელი?

პასუხები:

·                     „როცა მიხარია“, „როცა მოწყენილი ვარ“.

IVაქტივობა

 

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად.

დავალება:

·                     აირჩიონ ერთ-ერთი მოსმენილი მუსიკა;

·                     ჩამოწერონ ტემპი, დინამიკა, განწყობა;

·                     დაასაბუთონ არჩევანი.

მასწავლებელი ეხმარება ღია კითხვებით.

V აქტივობა

 

ჯგუფები ქმნიან მცირე „მუსიკალურ ისტორიას“:

·                     მოძრაობით;

·                     რიტმული ხმებით;

·                     სიტყვიერი აღწერით.

შემდეგ კი წარადგენენ კლასის წინაშე.

VI აქტივობა

 

დისკუსია:

·                     „როგორ გვეხმარება მუსიკა ემოციის გაგებაში?“

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მოსაზრებებს.

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა

·                     არგუმენტაცია

·                     თანამშრომლობა

·                     მოსაზრების გამოხატვა

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

მოსწავლეები წერენ ერთ წინადადებას:

·                     დღეს გავიგე, რომ მუსიკა შეიძლება…

·                     ყველაზე საინტერესო მომენტი იყო…

·                     შემდეგ გაკვეთილზე მინდა…

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     რამდენად გააზრებული იყო მოსწავლეთა არჩევანი?

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ ემოციებს?

·                     რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური?

·                     როგორ იმუშავა ჯგუფურმა ფორმამ?

·                     დისკუსია ნაყოფიერი იყო?

·                     რა კუთხით სჭირდება ცოდნას გაღრმავება?

 

 

გაკვეთილის თემა „მუსიკის ინტერპრეტაცია და პირადი მნიშვნელობა“
კლასი V-VI
გაკვეთილის მიზანი

 

·                     მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ მუსიკის გაგება სუბიექტურია;

·                     შეძლოს საკუთარი ინტერპრეტაციის არგუმენტირება;

·                     განივითაროს კრიტიკული აზროვნება და თვითგამოხატვა.

წინარე ცოდნა ·                     მოსწავლეები იცნობენ მუსიკალურ ფორმას, დინამიკას, ინტერპრეტაციის ცნებას;

·                     აქვთ ემოციური მოსმენის გამოცდილება.

მოსალოდნელი შედეგები

 

მოსწავლე:

·                     ასაბუთებს საკუთარ ინტერპრეტაციას;

·                     პატივს სცემს სხვის მოსაზრებას;

·                     არგუმენტირებულად საუბრობს.

·                     აფასებს მუსიკას პირადი გამოცდილების საფუძველზე.

I აქტივობა მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     „შეიძლება თუ არა, ერთმა და იმავე მუსიკამ სხვადასხვა ადამიანში განსხვავებული ემოცია გამოიწვიოს?“

პასუხები:

·                     „კი“, „ყველას თავისებურად ესმის“.

II აქტივობა მოსწავლეები უსმენენ ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს.

დავალება:

·                     დაწერონ 3 სიტყვა, რომელიც მუსიკამ გაახსენათ.

III აქტივობა მასწავლებელი სვამს კითხვას:

·                     მუსიკის მოსმენისას რას გრძნობდით?

·                     რა სურათი წარმოგიდგათ თვალწინ?

პასუხები:

·                     „ბუნება“, „ბავშვობა“ ,„სევდა“.

IV აქტივობა საერთო განხილვა-დისკუსია:

·                     „რატომ არის განსხვავებული ჩვენი მოსაზრებები?“

მასწავლებელი ხაზს უსვამს გამოცდილების როლს.

V აქტივობა მოსწავლეები წერენ მოკლე ტექსტს:

·                     „ეს მუსიკა ჩემთვის ნიშნავს…“

მასწავლებლის დაკვირვება

 

·                     ჩართულობა დისკუსიაში

·                     არგუმენტაცია

·                     შემოქმედებითი დამოუკიდებლობა

·                     მსჯელობის სიღრმე

·                     სხვისი აზრის მოსმენა

·                     კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

მოსწავლეთა თვითშეფასება

 

წერილობითი პასუხი:

·                     რას ნიშნავს ჩემთვის ეს მუსიკა;

·                     როგორ გამოვხატე ეს.

მასწავლებლის რეფლექსია

 

·                     რამდენად თავისუფლად გამოხატავდნენ მოსწავლეები საკუთარ აზრს?

·                     იყო თუ არა დილემური აზროვნება? როგორ შეიცვალა მოსწავლეთა ხედვა გაკვეთილის ბოლოს?

·                     უსმენენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს სხვადასხვა კონტექსტში?

·                     იცავენ საკუთარ პოზიციას არგუმენტებით?

·                     როგორ იმუშავა კონსტრუქტივისტულმა მიდგომამ?

 

მუსიკალური განათლება ბუნებრივად ეხმიანება კონსტრუქტივისტულ პრინციპებს, რადგან:

  • მუსიკა ეფუძნება გრძნობით გამოცდილებას;
  • მოითხოვს აქტიურ მოსმენას, დაკვრას, სიმღერას, იმპროვიზაციას;
  • იძლევა ინდივიდუალური ინტერპრეტაციის საშუალებას;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას;
  • აერთიანებს ემოციას, აზროვნებას და ფიზიკურ მოძრაობას.

რა სარგებლობა მოაქვს კონსტრუქტივიზმს სამუსიკო განათლებაში?

  • მოსწავლე თავად აღმოაჩენს მუსიკალურ კანონზომიერებებს;
  • თეორია ებმის პრაქტიკას;
  • მუსიკალური ცნებები ყალიბდება გამოცდილების საფუძველზე;
  • იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა;
  • ვითარდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ვითარდება პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • სწავლა ხდება უფრო აქტუალური.

კონსტრუქტივიზმი მუსიკალურ განათლებაში ქმნის ღრმა, აზრობრივად და ემოციურად მდიდარ, ცოცხალ, კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს, სადაც მოსწავლე საკუთარი მოსმენის, განცდის, დაკვირვებისა და მსჯელობის გზით აგებს მუსიკალურ ცოდნას. ასეთ პირობებში მუსიკა აღიქმება არა საგნად, არამედ თვითგამოხატვის, აზროვნებისა და ღირებულებითი აღქმის სივრცედ. ასეთი სწავლება აყალიბებს დამოუკიდებელ, შემოქმედებით და მოაზროვნე პიროვნებას, რაც თანამედროვე განათლების უმთავრესი მიზანია.

ამრიგად, კონსტრუქტივიზმის დანერგვა მუსიკალურ განათლებაში ქმნის პირობებს ისეთი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, სადაც მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ იმასაც, როგორ ისწავლოს, როგორ მოუსმინოს საკუთარ თავსა და სხვებს, როგორ გამოხატოს აზრი და როგორ დაუკავშიროს მუსიკა რეალურ ცხოვრებას. ეს მიდგომა სავსებით შეესაბამება თანამედროვე განათლების მიზნებს და მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის მუსიკალური განათლების შემდგომი განვითარებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“