ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს ჩემი 29 მეშვიდეკლასელი მოსწავლისთვის ბალიშები შევკერე. წიგნების მიხედვით მოხატულ ბალიშებზე მოგიყევით სტატიაში სახელად „წიგნებისა და ბალიშების შესახებ“. ექვსი თვე დასჭირდა ერთი კლასის ყველა მოსწავლისთვის წიგნის შერჩევას, წაკითხვას, ბალიშის მოხატვას, ციტატის შერჩევასა, ბალიშისპირზე დაწერას, ვიდეოს ჩაწერას. ამჯერად მხოლოდ ბალიშისპირებს ვამზადებდი, რადგან იმდენად დიდ ადგილს იკავებს ერთად თავმოყრილი 29 ბალიში, რომ სახლში სამოძრაო ადგილი აღარ რჩებოდა.
ხვალ ვაპირებ ბავშვებისთვის ბალიშების სკოლაში მიტანას და გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, როგორ და რატომ ვარჩევდი ციტატებს წიგნებიდან. ბალიშების შეკერვამდე სათითაოდ ამოვწერე, ამოვბეჭდავ, მაფინებში ჩავარჭობ და იმ ბავშვის სახელსაც მივაწერ, ვისთვისაც გამიზნული მაქვს წიგნი, შემდეგ კი ციტატისა და წიგნის სათაურის მიხედვით თავად მოძებნიან კუთვნილ წიგნებს.
ბალიშებეზე ილუსტრაციასთან ერთად ერთი ციტატის წარწერის მიზანია:
- ინტერესის აღძვრა;
- მთავარი გზავნილის გაზიარება;
- ვიზუალური გამოსახულებისთვის საზრისის მიცემა;
მეცხრეკლასისთვის გადაცემულმა ბალიშებმა და წიგნებმა იმაზე ნაკლები შედეგი გამოიღო, ვიდრე ველოდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველა არ წაიკითხავდა წიგნს, თუმცა, 26 ბავშვიდან მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ წაიკითხა ჩემი შერჩეული წიგნი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვები წიგნებს ახლა უფრო ნაკლებად კითხულობენ, ვიდრე – რამდენიმე წლის წინ. ინტერნეტ-სივრცე მთლიანად ისრუტავს მათ დროს, ნებელობას, ენერგიას. სოციალურ ქსელებში პარალელური რეალობა აქვთ, სადაც გამუდმებით ლათინური შრიფტით სწერენ ერთმანეთს. ეს ერთგვარი მოდაა, რომლის გავლენას თავს ვერ აღწევენ. დღის უმეტეს ნაწილს წერილობით კომუნიკაციას ლათინური შრიფტით რომ ამყარებენ, ქართულ ანბანს გაუუცხოვდნენ და ეს კითხვის პროცესზეც მოქმედებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვცდილობ, გამოსავლის პოვნას.
ერთადერთ ნუგეშად ის დამრჩა, რომ ჩემს ნაჩუქარ ბალიშებს ყოველდღე უყურებენ და ზედ დაწერილ ციტატასაც ხომ კითხულობენ. აი, როგორია ჩემი ჩანაფიქრი – ეს ციტატები თავის საქმეს ადრე თუ გვიან აუცილებლად იზამენ. ჯერ არ ვიცი, როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკვალოდ არ ჩაივლის მოზარდების სახლებში დაბინავებული ციტატები.
ციტატის შერჩევაც გამოსამუშავებელი უნარია. ფიქრს, გააზრებას, გონებრივ ძალისხმევას საჭიროებს. თავად სიტყვის „ციტატა“ დამახსოვრებაც უჭირთ რატომღაც. შემაჯამებელ სამუშაოებში ხშირად მქვს მითითებული, რომ საკუთარი აზრის დასასაბუთებლად ტექსტიდან ამოიწერონ ციტატა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით მეკითხებიან, რას ნიშნავს ციტატა. ალბათ, თქვენც ხართ დაკვირვებული, გარკვეული დრო რომ სჭირდება სიტყვის ცნებების დამახსოვრებას.
ბალიშებზე დაწერილი ციტატების შესახებ გაკვეთილების დაგეგმვას ვაპირებ, მაგალითად, 1. ბალიშების გადაცემამდე ვთხოვ, რვეულში გადაწერონ კუთვნილი ციტატა და წერილობითი კომენტარში გამოხატონ, რის შესახებ იქნება წიგნი, როგორი მოლოდინი აქვთ ან რას ფიქრობენ ციტატით გაჟღერებული სათქმელის შესახებ;
- წაკითხვის შემდეგ თავადაც შეარჩიონ ერთი ციტატა, რომელსაც ბალიშისპირზე დაწერდნენ. უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ შეარჩიეს.
- საშინაო დავალების რვეულის ყდაზე დაწერონ საკუთარი ნებით შერჩეული ციტატები.
ჩემ მიერ შერჩეული ციტატების მთავარი გზავნილები ამგვარია:
გოგოებს უზარმაზარი ძალა აქვთ; მრავალბინიან კორპუსში ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს; უშეცდომო არავინ არის; ცხოვრების ადამიანების ბავშვის ირგვლივ ყოფნა უზომო სიხარულია; ზრდასრულები უდარდელები აღარ არიან; დედის მოფერება, გამხნევება, მისი ნათქვამი სიტყვა „შემოგევლე“ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია; გამოსავლის პოვნა ზოგი ბიჭის მნიშვნელოვანი უნარია; ნდობას მოპოვება სჭირდება; ომი სამყაროს ყველაზე დიდი უსწერიგობაა; სამყარო ერთიანია; ყოველგვარ საქციელს სათანადო პასუხი მოსდევს; ხეებზე დაკვირვება მშვენიერებაა; გუნდის კარგი მმართველი მეგობრობას აფასებს; უახლოესი მეგობრის ყოლა ბედნიერებაა, თუნდაც ის გოლიათი იყოს; სხვსი შვილისთვის მოქსოვილი შალის ჯემპრი ზრუნვის ამაღელვებელი ფორმაა; წამოსროლილ სიტყვებს უკან ვეღარ ჩაიბრუნებ; განსაკუთრებულობა კარგია; დედის მეგობრებთან ერთად ნამღერი სიმღერები არასდროს გავიწყდება; ხელნაწერებში ადამიანის გული ფეთქავს… ბოლოს კი შემოვიტოვე ციტატა, რომელმაც განსაკუთრებულად ამაღელვა.
ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“ პირველად 13 წლის წინ წავიკითხე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი. მალევე სოფელ უწერის სკოლაში აღმოვჩნდი და ჩვენს პირველ ლიტერატურულ კაფეს მიოს ცხენის სახელი „მირამისი“ დავარქვით.
13 წლის შემდეგ წაკითხულ წიგნში ამოვიკითხე: „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილის ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.
ამ დროის მანძილზე რაჭველ მოსწავლეებთან ერთად 19 ლიტერატურული კაფე „მირამისი“ გავმართე. მიოს მიმართვა მირამისისადმი სიმბოლურად ასახავდა ჩვენს ლიტერატურულ მოგზაურობას, რომელმაც დილის ნათების ხიდზე გაგვიყვანა და ეს მართლაც არასდროს დაგვავიწყდება.
გიზიარებთ ბალიშებისთვის შერჩეულ ციტატებს, რომლებიც ხვალ თავის პატრონებს იპოვნიან და მჯერა, რომ 29 ოჯახში გაბნეულ ციტატებს ბევრი ადამიანის თვალი წაიკითხავს:
- „ – მაინც უნდა მოვძებნოთ! ის მთა კი, რომელმაც მიწისქვეშეთში ჩასასვლელი ამოქოლა… ის მთა… უნდა გადავდგათ! – ფეხზე წამოიჭრა ზილხა.“
„პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“, ნატო დავითაშვილი
- „ – მამა, მოდი, ვილაპარაკოთ. როგორ ფიქრობ, დღეს კორპუსში ყველა ბედნიერია?
-ალბათ, არა, – მიუგო მამამ, – ეს კორპუსი ხომ მთელი სამყაროა, სამყაროში კი ზოგს ულხინს და ზოგსაც უჭირს“.
„ავრორა Z კორპუსიდან“, ანე-კატარინე ვესტლი
- „ზოგჯერ ყველანი ვცდებით. ხომ ასეა?“
„თევზი, სახელად ალეგრია“, ბეატრის ხიმენეს დე ორი
- „ყველანი აქ იყვნენ…ჩემი ცხოვრების ადამიანები“.
„სული-ჩიტი“, თამარ გეგეშიძე
- „-…ზრდასრული ადამიანები ძალიან მხიარულები არასოდეს არიან ძალიან მხიარულები, არც მიამიტები და უდარდელები. ხოლო ფრენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც უდარდელი, მიამიტი და უზომოდ მხიარულია“.
„პიტერ პენი“, ჯეიმს მეთიუ ბარი
- „-მიყვარხარ და შენით ვამაყობ, – თქვა დედამ, წამოდგა და გამეცალა“.
„სამი წითელი თევზი“, რაკელ პულიდო
- „ბიჭს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი, ყოველთვის მოენახა გამოსავალი“.
„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, თეა თოფურია
- „-რამდენიმე კვირის წინ ვიპოვე გასაღები, მაგრამ შენთვის თქმა ვერ გავბედე, იმიტომ რომ მეშინოდა, ვაითუ სანდო არ იყოს-მეთქი… ნამდვილად სანდო“.
„საიდუმლო ბაღი“, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი
- „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილიდ ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.
„მიო, ჩემო მიო“, ატსრიდ ლინდგრენი
- „ტისტუ მიხვდა, რომ ომი ყველაზე დიდი და საზიზღარი უწესრიგობაა, რაც შეიძლება ქვეყნად მოხდეს, რადგან ომში ყველა კარგავს მისთვის უძვირფასესს“.
„მწვანეთითება ტისტუ“, მორის დრიუონი
- “ხეები, ქვები, ჩიტები, ცხოველები თუ ვარსკვლავები – ყველანი ერთნი ვართ და ყველას ერთი და იგივე ხვედრი მოგველის“.
„მერი პოპინსი“, პამელა ტრევერსი
- „მამაჩემი ამბობს, რასაც გასცემ, იმას მიიღებო. „ქვითარი ყოველთვის გამოჩნდება“ – მისი ფრაზაა. თუ კარგად მოიქცევი, კარგი რამ გადაგხდება, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი ცუდად იქნები. არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თვითონ ასე სჯერა. ჩემთვის უთქვამს“.
„იშმაელი არ დამიძახოთ!“, მაიკლ ჯერარდ ბაუერი
- „- თვალები დახუჭე, – უთხრა ტუვამ და უამბო, როგორ იღვიძებდნენ ხეები გლიმერდალში“.
„ტუვა გლიმერდალიდან“, მარია ფარი
- „ყველაზე მეტად ანა მასწავლებლის მოყოლილი ზღაპრები უყვარდა“.
„მეკობრეთა სკოლა“, აგუსტინ ფერნანდეს პასი
- „და, აი, აკა კებნეკაისე ისევ ცაში აიჭრა – ისევ წინ გაუძღვა თავის გუნდს. დიახ, წინამძღოლმა ნამდვილად იცოდა მეგობრობის ფასი“.
„ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების თავგადასავალი“, სელმა ლაგერლოფი
- „-ჰე, ჰანს, – მიმართა დედამ, როცა ბიჭი კართან შეყოყმანდა, – ფეხს რაღას ითრევ, შემოგევლე?“
„ვერცხლის ციგურები“, მერი დოჯი
- „-კეთილი გოლიათია, თქვენო უდიდებულესობავ, ოდნავადაც არ გახლავთ საშიში.
- მოხარული ვარ, თუკი ასეა, – კვლავ ღიმილით თქვა დედოფალმა.
- ჩემი უახლოესი მეგობარია, თქვენო უდიდებულესობავ“.
„დიკეგო“, როალდ დალი
- „ჰარიმ ქაღალდი შემოახია და ხელით ნაქსოვი, ზურმუხტისფერი, სქელი შალის ჯემპრი და შინაური ტკბილეული ამოიღო“.
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, ჯოან როულინგი
- „მაშინვე უნდება, წამოსროლილი სიტყვები უკანვე წაიღოს, პირში ჩაიტენოს და გადაყლაპოს, მაგრამ ნათქვამი ნათქვამია“.
„ულისი“, ინგუნ თონი
- „კაქტუსა ჯერ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ იცოდა, რომ ცოდნა მნიშვნელოვანი ძალაა“.
„კაქტუსა აფრიკაში“, სოფია ბარშოვა
- „-არაფერს მიაქციო ყურადღება: არც შეცდომებს, არც სტილს, არც შენს ბატიფეხურ ნაწერს… საერთოდ არაფერზე ინერვიულო…მხოლოდ ის დაწერე, რაც ნამდვილად გულში გაქვს, კარგი?“
„35 კილო იმედი“, ანა გავალდა
- „გაჭირვებაც ბევრი ვნახე, მაგრამ ერთი აზრი მუდამ მამხნევებდა: ამიერიდან მარტო აღარ ვიყავი, გვერდით მეგობრები მყავდნენ. ისინი მძიმე წუთებში მხარში ამომიდგნენ და დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, უკეთეს მომავალს შევქმნიდით ყველა იმ დიდი თუ პატარა მაწანწალასთვის, ვისაც ბავშვობიდანვე არ ღირსებია ოჯახური სითბო, ალერსი და სიხარული“.
„პატარა მაწანწალა“, ჯეიმს გრინვუდი
- „-ჩვენ ყველანი ჩვენებურად განსაკუთრებულები ვართ, -ამბობს მისის ბრუკი, განსაკუთრებულობა კარგია“.
„ჯაფარა“, ქეთრინ ერსკინი
- „როცა ერთხელ გაუჩენ ადამიანს რწმენას, მერე ყველაფერი ადვილია“.
„მელორი ტაუერსი“, ენიდ ბლაიტონი
- „ის ცდილობს, სულ უმნიშვნელო რამითაც გაიხაროს“.
„პოლიანა“, ელინორ პორტერი
- „-სკოლაში წასვლა შემეძლება?
-არა მხოლოდ სკოლაში, ტიტო. შეგიძლია უნივერსიტეტშიც ჩააბარო.
ტიტო გაოცდა: ეგ რა არის?
-ადგილი, სადაც სწავლობენ გემების აშენებას, სიცოცხლის გადარჩენას და სადაც მსოფლიო რუკებს ხაზავენ“.
„ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო“, მატილდა ვუდსი
- „მერე ხმამაღლა წამოიწყებენ ხოლმე რაღაც სიმღერას: “We all live in a yellow submarine” ან “killing me softly with this song” ანდა ხალხურ სიმღერას „ქვეყნად არ არის ასეთი მხარეს“ შემოსძახებდნენ“.
„ქარიყლაპიას ზაფხული“, იუტა რიხტერი
- „მთელი ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის განმავლობაში არაერთხელ გამკვირვებია, როგორ ახერხებდა სხვების დამშვიდებასა და რაღაცაში დარწმუნებას ყოველგვარი ღრმააზროვანი და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე“.
„მამა მუმუნის მემუარები“, ტუვე იანსონი
- „მგონი, ყველაზე კარგი ის განცდაა, როცა ჯერ გგონია, მარტოდმარტო ვარ და შველას ვერავის ვთხოვო და მერე იგებ, რომ თურმე უამრავი ადამიანი გპატრონობს ისე, რომ შენ არც კი იცი“.
„წერილი ოქროსფერი მარკით“, ონჯალი რაუფი
- „აქ იყო მისი სული და სხეული. იმ ხელნაწერებში მწერლის გული ფეთქავდა“.
„კაფკა და მოგზაური თოჯინა“, ჯორდი სიერა ფაბრა


