რამდენიმე დღის წინ სკოლაში ჩემი ხელით შეკერილი და წიგნების მიხედვით მოხატული 25 ბალიში მივიტანე. ამ დღისთვის 7 თვე ვემზადებოდი. ბალიშები 24 მერვეკლასელისა და მათი დამრიგებლისთვის შევკერე. ჩანაფიქრს საიდუმლოდ ვინახავდი. ამ სტატიაში გიამბობთ იდეის დაბადების, დასახული მიზნისა და პროცესის შესახებ.
მეოთხე შვილის დაბადების გამო ერთი წელი დეკრეტულ შვებულებაში გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ხშირად ვფიქრობდი ჩემს მოსწავლეებზე, სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლებში რთულია თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობა, დრო კი ელვის უსწრაფესად მიქრის, ბავშვები იზრდებიან და მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა მასწავლებლებს მყისიერი ქმედებისკენ გვიბიძგებს. ამ ფიქრების კვალდაკვალ იდეა დამებადა, თითოეული მოსწავლისთვის შემეკერა ბალიში და წიგნების მიხედვით მომეხატა. უთვალავჯერ წარმოვიდგინე, როგორ გავახარებდი ბავშვებს, პირველი ბალიშის შეკერვისას კი გადავწყვიტე, წაკითხული წიგნების შესახებ ვიდეო ჩამეწერა და ჩემს Youtube-არხზე ამეტვირთა – ამგვარად შემექმნა საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც კოლეგებს, მშობლებს, ბავშვებს წიგნის წაკითხვის სურვილს აღუძრავდა.
ასე რომ, გადაიკვეთა რამდენიმე მიზანი: 1. თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო, რომ მასზე ვფიქრობ, ვზრუნავ; 2. საგანმანათლებლო, საჭირო და საინტერესო რესურსის შექმნა; 3. წიგნიერების პოპულარიზაცია, რადგან ბალიშს, რომელსაც მოსწავლისთვის შერჩეული წიგნის მიხედვით ვხატავ, საჩუქრად გადავცემ მოსწავლეს და მასთან ერთად შინ ვატან წიგნს, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უნდა წაიკითხოს, მერე კი ლიტერატურულ კაფეში წარადგინოს; 4. შვილებისა და მოსწავლეებისთვის იმის მაგალითის მიცემა, თუ როგორ შეიძლება თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარება, შემოქმედებითი უნარების გამოყენებით ყოველდღიურობის გახალისება, წიგნის კითხვის გადატანა სხვა სივრცეში; 5. ჩემთვის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ერთგვარი თვითთერაპიაა, ავი ფიქრების განსადევნი საშუალება.
ბალიშები
კერვისას გამახსენდა, რომ ჩემი მასწავლებლობის 11 წლის განმავლობაში ყველა სკოლის მოსწავლეებისთვის მქონდა შეკერილი ბალიშები. ყველაფერი კი 10 წლის წინ დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში პოეტისა და საბავშვო მწერლის ლელა ცუცქირიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ვნახე. ლელას თავისი ხელით შეკერილი ბალიში მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით მოეხატა. ამ ამბავმა შთაგონებით ამავსო. დავიწყე ბავშვებისთვის ბალიშების კერვა და წიგნების მიხედვით მოხატვა.
ბამბის ფერად ნაჭრებსა და სინტეპონს ლილოში ვყიდულობ, ნაჭრის წყალგამძლე საღებავებსა და ფლომასტერებს კი – საკანცელარიო მაღაზიებში.
თავდაპირველად ვჭრი ბალიშის პირებს, ვაუთოებ, ვკერავ, მერე ზედ საგანგებოდ შერჩეულ ილუსტრაციას ვახატავ, ვაწერ წიგნის სათაურს, ავტორის სახელსა და გვარს, ციტატას წიგნიდან, ვავსებ სინტეპონით და ბოლო გვირისტს ვავლებ.
საკითხავი ლიტერატურის შერჩევა
ამჟამად ოთხ კლასს ვასწავლი: მეექვსე, მეათე და მერვე კლასებს, სულ – 107 მოსწავლეს. თავდაპირველად მერვეკლასელებისთვის დავიწყე წიგნების კითხვა. საკითხავი ლიტერატურა მათ ასაკობრივ ინტერესებზე, გაწაფული კითხვისთვის მზაობასა და ჩემს პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიე.
ძალიან საინტერესო იყო ლიტერატურის შერჩევის პროცესი. წიგნები ჩემი სახლის ბიბლიოთეკიდან მოვაგროვე. ოცდახუთიდან მხოლოდ სამი არ მქონდა წაკითხული, დანარჩენი კი ხელახლა გულდასმით გადავიკითხე. საკითხავი ლიტერატურა მოიცავდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე და კლასიკოს, ქართველ და უცხოელ ავტორებს, ერთ ავტობიოგრაფიულ წიგნს და ერთ საინფორმაციო ხასიათის ტექსტს.
წიგნების სათაურები და ავტორები
- „მომო“, მიხაელ ენდე
- „ჩემი მეგობარი ლარსი“, იბენ აკერლი
- „ჩუმად უნდა იჯდე“, თამარ გეგეშიძე
- „კუდამელა ბოგის თავგადსავალი“, მარიამ ჯამდელიანი
- „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“, ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერა
- „მე, ქეთო და კოტე“, თეა ლომაძე
- „ნოემბრის მიწურულს“, ტუვე იანსონი
- „ჩემი გზა“, ემინემი
- „განძის კუნძული“, რობერტ ლუის სტივენსონი
- „ბიჭი, რომელიც ვარსკვლავებთან ცხოვრობდა“, ჯორდი სიერა ფაბრა
- „შეუჩერებლები“, იუვალ ნოა ჰარარი
- „სიყვარულით, ელლი“, კატო ჯავახიშვილი
- „ბალადა გატეხილ ცხვირზე“, არნე სვინგენი
- „უფლისწული და მათხოვარი“, მარკ ტვენი
- „ჰობიტი“, ჯ. რ. რ. ტოლკინი
- „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი“, დაიანა უინ ჯონსი
- „ნისლებში და ნისლებს მიღმა“, ნატო დავითაშვილი
- „გონების მიღმა“, შერონ დრეიპერი
- „ჩვენი საოცარი რეკორდი“, ჯენი პირსონი
- „ხიდი ტერაბითიაში“, ქეთრინ პატერსონი
- „ჯადოქრის ქუდი“, ტუვე იანსონი
- „ყაჩაღის ასული რონია“, ასტრიდ ლინდგრენი
- „ამბავი ლილე იროელისა“, ნატო დავითაშვილი
- „უჩინარი სახლი“, თეა თოფურია
- „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“, დიანა ანფიმიადი
ვიდეოჩანაწერები
Youtube-არხისთვის თითოეულ წიგნზე ვიდეოს ჩაწერა საინტერესო და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა. პირველი ვიდეო 17 ოქტომბერს ავტვირთე და მსმენელს გერმანელი მწერლის მიხაელ ენდეს რომანი „მომო“ (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა) გავაცანი. გადავწყვიტე, 110 წიგნის შესახებ ჩამეწერა ვიდეო – 107 მოსწავლისა და სამი დამრიგებლისთვის. ამჟამად 26 წიგნის შესახებ გადაღებული ვიდეო მაქვს გამოქვეყნებული.
თითოეული ვიდეოს გადაღებისას საგულდაგულოდ ვემზადები. პროცესი ასეთია: წიგნის წაკითხვა, დღიურში საუბრის თემის შესახებ მოკლე ჩანაწერების გაკეთება, დროის გამოძებნა და ვიდეოს ჩაწერა.
ატვირთული ვიდეოჩანაწერების შესახებ თითოეული მსმენელის გამოხმაურება ძალიან მახარებს. ამასობაში უკუკავშირი მივიღე ნაცნობი და უცნობი კოლეგებისგან, მშობლებისგან, მოსწავლეებისგან.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიდეოჩანაწერების ადრესატები ზრდასრული ადამიანები აღმოჩნდნენ, მათთვის ვსაუბრობ, მათ მივმართავ. ჩემი აზრით, საბავშვო ლიტერატურა მასწავლებლებისა და მშობლებისთვის მთავარი სამარჯვია და აღზრდის რთულ გზაზე უზარმაზარ დახმარებას გვიწევს, ამიტომ რაც უფრო მეტი მასწავლებელი წაიკითხავს საბავშვო ლიტერატურას, მით უფრო დადებითად აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო პროცესზე.
ბალიშები სკოლაში
და აი, შვიდი თვის შემდეგ, როგორც იქნა დადგა ბალიშების სკოლაში მიტანისა და ბავშვებისთვის საიდუმლოს გამხელის საოცნებო დღე. არცერთმა მერვეკლასელმა არ იცოდა ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. თავდაპირველად მინდოდა, ოთხივე კლასისთვის ერთდროულად მიმეტანა სკოლაში ბალიშები და ყველა ერთად გამეხარებინა, მაგრამ ზაფხულის არდადეგები კარს მოგვადგა, შინ კი ამდენ ბალიშს ვეღარ ვატევდი. წინასწარ სათითაოდ გავრეცხე და მეცხრე სართულის აივნის თოკებზე გამოვფინე მრავალფეროვანი ლიტერატურული გალერეა. ცაში მერცხლები დაფრინავდნენ, ქარი კი მოხატულ ბალიშებს აფრიალებდა.
ყუთში ერთ ბალიშთან ერთად მოვათავსე 25 წიგნი, საკლასო ოთახში შევიტანე და მოსწავლეებს ვთხოვე ვარაუდების გამოთქმა ყუთში დამალული 2 ნივთის შესახებ.
რა აღარ თქვეს: ჩირაღდანი, საშინაო დავალებების ძველი რვეულები, „ვეფხისტყაოსანი“, საკერავი მანქანა, ნაჭრები, „ბაში-აჩუკთან“ დაკავშირებული ნივთები…
დაფაზე დავწერე სიტყვა „სიხარული“ და ვთხოვე, თითოეულს ეთქვა ერთი რამ, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ახსენდებოდათ.
შემდეგ სიხარულის მნიშვნელობა განმარტეს.
საიდუმლოს გამხელის დრო რომ დადგა, კარზე კაკუნი გაისმა. გაღებულ კართან ვეებერთელა ატმისფერი ტომრები იდო. ასე შეიტყვეს ბავშვებმა სიურპრიზის შესახებ.
ბავშვებს სათითაოდ გადავეცი მოხატული ბალიში და წიგნი. შევთანხმდით, რომ ორ კვირაში შევიკრიბებოდით და ლიტერატურულ კაფეში წარადგენდნენ წაკითხულ წიგნს, წარდგენის ფორმად კი მოხატული ბალიში გვექნებოდა.
შინ რომ ვბრუნდებოდი, სკოლის კარში მერვეკლასელი გოგო-ბიჭები გადიოდნენ. ზოგს იღლიაში ამოეჩარა ბალიში, ზოგს თავზე შემოედო, ზოგს გულზე მიეხუტებინა, თითქოს ბალიშები გაცოცხლდნენ და დამოუკიდებლად მიემგზავრებოდნენ ახალი თავგადასავლებისკენ.
ახლა მეექვსე კლასისთვის დავიწყე საკითხავი ლიტერატურის შერჩევა და უკვე ორი ბალიში შევკერე.
სტატიას დავასრულებ ამერიკელი ფსიქოლოგისა და მოაზროვნის ერიხ ფრომის მოსაზრებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის ნაშრომში „სიყვარულის ხელოვნება“ ამოვიკითხე და, შეიძლება ითქვას, მასწავლებლობისას ჩემი მამოძრავებელი ძალა გახდა:
„ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური ნივთების, არამედ ადამიანურ ფასეულობათა გაცემაა. რას აძლევს ერთი ადამიანი მეორეს? აძლევს საკუთარ თავს, ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნია, საკუთარ სიცოცხლეს. აქ, არ არის აუცილებელი, იგულისხმებოდეს სიცოცხლის მსხვერპლად გაღება – არამედ მხოლოდ გაღება იმისა, რაც ცოცხალია ადამიანში. ის გასცემს საკუთარ ინტერესებს, გაგებას, ცოდნას, იუმორს, დარდს – ყველა გამოვლენასა და გამოხატულებას იმისა, რაც მასში ცოცხალია. ამგვარი ქმედებით სხვა ადამიანს ამდიდრებს, ზრდის მასში სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას ამ განცდის საკუთარ თავშივე გაზრდით. გასცემს უანგაროდ; გაღება თავისთავად მძაფრი სიხარულია. გაცემისას ადამიანს არ შეუძლია, გვერდი აუაროს სიახლის შეტანას სხვის ცხოვრებაში და შემდგომ, რასაც იგი წარმოშობს, მასზევე აირეკლება. […] ამრიგად, მეორე ადამიანსაც ეძლევა საშუალება, გასცეს და თავადაც გაიზიაროს ბედნიერება, გამოწვეული იმით, რაც მის ცხოვრებაში შემოვიდა. გაცემის ქმედებაში რაღაც იბადება და ორივე ადამიანი მადლიერია იმ სიახლისა, რომელიც მათთვის იშვა“. (ფრომი 2017, 36)
ეს კი ჩემი Youtube-არხია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოხატული ბალიშებით წარდგენილი წიგნების შესახებ ჩაწერილი ვიდეომასალა:
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ერიხ ფრომი, სიყვარულის ხელოვნება. მთარგმნელი – ეკატერინე შაქარაშვილი, რედაქტორი – ელენე სარალიძე. თბილისი, აზრი, 2017