ახლა ზეცაში ვარ. სიხარულით კი არა ან სიკვდილის გამო – ეს ბოლო ისედაც მეეჭვება მე ცის საგზურს მაძლევდეს..
ცაში და ისე – გზაზე. სადაც გრძელი გზაა, იქ ბოლო წლებია ინტერნეტიცაა და სადაც ინტერნეტია, იქ გგონია, რომ ცალი ფეხი მიწაზე გაქვს. ეგრე მოეწყო ახალი ცხოვრება.
ჰოდა, კიდევ – ცა ფიქრისთვისაა გაჩენილი. ფიქრი კიდევ წლების წინ აბრუნებს ჩემისთანა კაცს.
კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის.
და მერე თეთრი ზოლი, როგორც გადაშლილი ზეცის სანიშნე.
ახლაც შეიძლება ვინმე ბიჭი წევს და ცას უყურებს. სადმე ჩინეთში ან პაკისტანში. ხმა ისმის და ვერაფერს ხედავს. არადა, ჩვენი ხმაა, მფრინავ რკინის ფრინველში გამოკეტილი ადამიანების. როგორც მაშინ იყო ვიღაცის ხმა. და აწიც იქნება.
კი. ადამიანზე საინტერესო არაფერი მოუგონია მამაზეციერს.
////
ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: ,,აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან” და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ.
მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი – წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ”.
ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.
ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ – მარცხიანი. მაგრამ უცნაურად გაუტეხელი.
////
ხანდახან და უფრო ხშირად მესმის წუხილი, რომ ორი საქართველოა. მესმის წუხილი და წუხილის მიზეზიც მესმის, მაგრამ უმრავლესი მოწუხარის – ნაკლებად.
რადგან ვიცნობ მათ ნაწილს და ვიცი – ყველა.
ჰოდა, საქართველო არსებობს ერთი, ოღონდ მრავალგვარი. იმაზე უფრო მრავალგვარი, ვიდრე რომელიმე სასტუმროს საკონფერენციო დარბაზის დაკეტილი ფანჯრიდან მოსჩანს. ეგ ფანჯარა რომ არ გაიღო, ბევრი რამის მიზეზი ესეც არის.
ეს და კიდევ მტრის მოგონილი და შემოცურებული ფრაზა: ,,რა დროს ეგაა?” – ამ ოცდაათ წელს აუცილებელ რეფრენად რომ გადააფარებინა სასარგებლო იდიოტების დაუმცხრალ ქოროს.


