ჩვენ მარადცვალებად, მარადიული ადამიანური დინებებით დასერილ დედამიწაზე ვცხოვრობთ, თანამედროვე სამყარო – მიგრაციების სამყაროა.
ყოველდღიურად ვიგებთ ეკოლოგიური თუ პოლიტიკური კატასტროფების, გადასახლებისა თუ თავის გადარჩენის, გაქცევისა თუ სამშვიდობოს გაღწევის ამბებს.
ემიგრაცია ყოველდღიური რეალობაა, ემიგრაციის პროცესში ბავშვებს უწევთ ახალი გარემოს, ენისა და კულტურის ადაპტაცია, რა თქმა უნდა, საბავშვო ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს — ის ბავშვებს ეხმარება იპოვონ მხარდაჭერა, და ასევე გაიზარდონ თანაგრძნობასა და მრავალფეროვნების აღქმაში.
ჩვენ ინტერნეტში ნამღერი იავნანებით გაზრდილი და გამზრდელი თაობა ვართ, ჩვენი შემდეგი თაობა კიდევ უფრო მეტად გრძნობს ამ ტკივილს, ყოველდღიურად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეკონომიკური სიდუხჭირის თუ სხვადასხვა პრობლემების გამო ბედის ძიებას საზღვარგარეთ ცდილობს.
როგორ არის ეს ამბები მოთხრობილი თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურაში, ქართული პროზის შედევრების – „ჰელადოსისა“ და „შელოცვა რადიოთი“ მკითხველებს რას გვთავაზობს თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა? რამდენიმე წიგნს ჩამოგითვლით და სცადეთ, წააკითხოთ მოსწავლეებს. ნებისმიერი დარდის გადატანა უფრო მარტივია, როცა წიგნებში შენნაირების ამბავს კითხულობ, როდესაც ხვდები, რომ მარტო არ ხარ. ლიტერატურა ხომ საერთოდ დარდების გაზიარებისთვის არსებობს?
ელენე მოზარდი გოგონაა, რომლის დედაც ემიგრანტია. ერთ დღეს გამზრდელი ბებიაც ავად ხდება და ელენე იძულებულია ორ, თითქმის უცნობ ადამიანს, მეზობლად მცხოვრებ წყვილს -ქეთოს და კოტეს შეაფაროს თავი. სწორედ ამ წუთიდან იწყება თანაგრძნობის, სიყვარულის, გაზიარების ჯადოსნური ამბავი. ქეთო და კოტე, კეთილი და მზრუნველი მეზობლები, ელენესთვის დროებით უსაფრთხო სივრცედ იქცევიან. მათი სახლი, ყოველდღიური რუტინა და ყურადღება ბავშვს საშუალებას აძლევს, ნელ-ნელა გაუმკლავდეს ტრავმას. ტექსტში ემიგრაცია არ არის აღწერილი როგორც თავგადასავალი ან წარმატების გზა — ის ნაჩვენებია ბავშვის თვალით, როგორც გაურკვევლობა, მონატრება და მუდმივი შიში მშობლის დაკარგვისა.წიგნი აჩვენებს, რომ ემიგრაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ წასულ ადამიანზე, არამედ იმ ბავშვებზე, რომლებიც „უკან რჩებიან“.
„დედა რომ წავიდა, თავიდან იშვიათად გვაწვდენდა ხმას. მერე სამსახური იშოვა და ყოველ მესამე დღეს, დათქმულ დროს, ინტერნეტით გვიკავშირდებოდა. მხიარულად გვექაქანებოდა, ვიღლები, მაგრამ ვუძლებო. ყველაფერს წვრილ -წვრილად გვეკითხებოდა, მამე ჩამოვალო, — წარამარა გვიმეორებდაჯერ ფულის გამოგზავნა დაიწყო ჩვენი ყოველდღიური ხარჯებისთვის, მერე ამანათებიც მოაყოლა. ლამაზი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საუკეთესო ლეპტოპი და მობილური ჩემთვის. განა მინდოდა? სულაც არ მჭირდებოდა. არ მინდოდა, დედა! იქნებ დარწმუნებული იყო, რომ მინდოდა? ძალიან კი ვიწონებდი თავს უახლესი ტელეფონით და მოდური ტყავის კედებით, მაგრამ უმაგისოდაც მშვენივრად ვიქნებოდი. თუ დედა გამოჩენას დააგვიანებდა, გული გვისკდებოდა, იმიტომ, რომ ვიცოდით, არალეგალი იყო და ქუჩაში შემხვედრ ყველა პოლიციელს ემალებოდა“.
დაბრუნდება თუ არა დედა? თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, არ მოგიყვებით, ეს შესანიშნავი წიგნი ჯერ თავად უნდა წაიკითხოთ, მერე მოსწავლეებს წააკითხოთ. ალბათ საქართველოში არ არსებობს მასწავლებელი, ემიგრანტი მშობლების შვილი მოსწავლე რომ არ ჰყავდეს, რომელიც მარადიული, ყოველდღიური მონატრებითა და მშობლებთან შეხვედრის იმედით ცხოვრობს, თვალები კი ყველაზე მხიარულ წუთებშიც ცოტათი სევდიანი აქვს.
არ ვიცი, რამდენად სწორია საკუთარ წიგნზე საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებსა და კვლევებზე ვყვებით, წიგნზეც რომ გიამბოთ, რა უჭირს?
„დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ რამდენიმე წლის წინ დავწერე, მთავარი იდეა სიტყვების ძალასა და ენის, როგორც ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლე სუბსტანციის აღქმა იყო, თუმცა, ვერც თანამედროვე სამყაროს პრობლემებისთვის გვერდის ავლა გამომივიდოდა.
ერთ-ერთი ხაზი ამ წიგნში პერსონაჟის ემიგრანტი მშობლებია, მამას, შესანიშნავ მეცნიერს საოცნებო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის მისაღებად უწევს ოჯახის დატოვება, დედას კი სიდუხჭირე აიძულებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდეს.
ბიჭი სულ ელოდება მშობლებს, მერე კი მათ საძებრად წასვლას, გაპარვას გადაწყვეტს.
მეც ემიგრანტების ოჯახიდან ვარ…სტუდენტობისას, სანამ საქართველოში რამდენიმე იაფიანი ავიაკომპანია შემოვიდოდა, ავტობუსით მივდიოდი ჩემებთან- საბერძნეთში.
ეს ყველაზე მტკივნეული და მძაფრი გამოცდილება იყო, რამდენიმედღიანი მგზავრობა და თანამგზავრები- ტკივილიანი ბედის ადამიანები…
არ ვიცი, თქვენ გინახავთ თუ არა, როგორ ცდილობენ საზღვრის გადალახვას არალეგალი, უსაბუთო ქალები, რომელთაც ოჯახების შიმშილისგან გადარჩენის მისია იტვირთეს.
საბარგულში დამალული ქალები, ყველა გაჩერებასა და საზღვართან რომ სუნთქვას იკრავდნენ, რამდენიმე საათს გაუნძრევლად ისხდნენ უჰაერო, კუბოსავით სივრცეში, ზოგჯერ კი მთელი დღე-ღამე ასე გაუნძრევლად ყოფნა უწევდათ… ეს მოგონება არასდროს მტოვებს. ჩემს წიგნში ასე მგზავრობას პერსონაჟი ბიჭი ცდილობს, მინდოდა, კიდევ უფრო მძაფრად მეჩვენებინა ემიგრაციის სირთულე:
„ძაღლების ყეფამ გამოაღვიძა. რა ტკბილი სიზმარი იყო. სუნთქვა შეიკავა და გარედან შემოსულ ხმებს ყური დაუგდო, ძაღლები ყეფდნენ, მესაზღვრეები სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ, უფრო კი, ყვიროდნენ. მგზავრები ლაპარაკობდნენ, სასწრაფოს, პოლიციის მანქანების ხმაა.
ბიჭი კანკალმა აიტანა, ახლა რომ იპოვონ, მერე რა მოხდება. კიდევ უფრო შეიკრა სუნთქვა, რა მოხდება, რომ საერთოდ გაქრეს. თვალები დახუჭა და თვლა დაიწყო, თუ ლუწი იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, თუ კენტი – იპოვიან.
ერთი ორი სამი ოთხი ხუთ ექვსი შვილი…. ოცდაცხრა… ორმოცდაათი… სამოცდარვა….ოთხმოცდაცხრამეტი…ასოთხი
ავტობუსი დაიძრა.
ვიღაცამ გარედან ჩუმად უთხრა:
-ეს ერთი, გადავრჩით.
ბიჭმა შვებით ამოისუნთქა.
კიდევ ერთი და მერე ღამით ავტობუსიდან ჩამოვლენ, მდინარეზე ტივით გადავლენ, სხვა ქვეყანაში მატარებელს მოძებნის, მატარებელს კიდევ სხვა ქვეყანაში გაჰყვება, იქ ბორანს მოძებნის, ბორნის მერე კიდევ ავტობუსი, ავტობუსის მერე ისევ მატარებელი, მერე მამას იპოვის, ერთად წამოვლენ დედასთან და ყველას შინ დააბრუნებს, სამერცხლულებიან უძველეს სახლში, სადაც კედლებიდან ჯერ კიდევ ისმის ქალაქის ხმა, უძველესი კედლების ჩურჩული.“
რა თქმა უნდა, როგორ გრძელდება ეს ამბავი და როგორი დასასრული აქვს წიგნს, არ მოგიყვებით, ძალიანაც მინდა, რომ ჩემი წიგნი წაიკითხოთ!
ამ ტექსტის წერისას ჩემი მეგობრის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამუნას ძველი პოსტი გამახსენდა, უფრო სწორად, მისი მოსწავლის ნახატი, სადაც გაცისკროვნებულ, ნათელ ფონზე ულამაზესი ქალია დახატული, ნახატს წარწერაც აქვს:
„ეს ჩემი ოცნება,
ციდან მოდის საოცრება…”
წუხელ დავხატეო. – უთქვამს მასწავლებლისთვის მოზარდს, მასწავლებლის კითხვაზე კი უპასუხია – დედაჩემიაო.




