ალბათ დამეთანხმებით, ყველა მასწავლებელს გვქონია ის მომენტი, როცა თემის მნიშვნელოვნება ვერ მიგვიტანია მოსწავლემდე, ვერ „დაგვიჭერინებია“. სწორედ ასეთ დროს ერთი კარგად მოყოლილი, მამოტივირებელი ამბავი შეიძლება გახდეს ის გასაღები, რომელიც ყურადღებას, ინტერესსა და ფიქრს ერთდროულად გააღვიძებს. მითები და ლეგენდები სწორედ ასეთი რესურსია — უნივერსალური, მოქნილი და ასაკთან ადვილად მისასადაგებელი.
ეს ამბები მაშინ შეიქმნა, როცა ადამიანს სამყაროს ახსნა მეცნიერებით არ შეეძლო. პასუხებს ჩვენი წინაპრები წარმოსახვითა და გადმოცემებით ეძებდნენ და ასე გაჩნდა ისტორიები ღმერთებზე, გმირებსა და ზებუნებრივ ძალებზე. თუმცა ამ ტექსტების ღერძი ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაა — არჩევანი, შიში, ძალაუფლება, პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მიუხედავად დროის სიშორისა, მითები დღესაც ბუნებრივად „ლაპარაკობენ“ მოსწავლესთან.
ლიტერატურის გაკვეთილზე მითები და ლეგენდები განსაკუთრებით მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა. ისინი შეიძლება იქცეს პირველ ტექსტად, რომლითაც მოსწავლე ეცნობა თხრობას, სიუჟეტს, პერსონაჟსა და კონფლიქტს. მითში პერსონაჟები თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი, რაც მოსწავლეს უადვილებს ტექსტის გააზრებას და ანალიზისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამ პროცესში მოსწავლე თანდათან სწავლობს დაკვირვებით კითხვას, მთავარი და მეორეხარისხოვანი დეტალების გარჩევას და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლექსიკური თვალსაზრისით ამ ტიპის ტექსტები ნამდვილი საბადოა — უამრავი ფრაზეოლოგიზმი (პროკრუსტეს სარეცელი, განხეთქილების ვაშლი, ავგიას თავლა თუ სხვა) სწორედ მითოლოგიიდან იღებს დასაბამს.
ბერძნული მითები, როგორიცაა ამბები ჰერაკლეზე ან ზევსზე, პერსონაჟის განვითარების შესანიშნავი მაგალითებია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით ეფექტურია ჰერაკლეს გმირობების გაცნობა, რადგან სიუჟეტი მოქმედებაზეა აგებული და მარტივი დასაჯერებელია. მაგალითად, როცა პატარა მოსწავლეებთან ვმუშაობთ ტექსტზე, სადაც მთავარი თემაა გააზრებული არჩევანი ან პასუხისმგებლობა, ჰერაკლეს ამბავი ბუნებრივად ეხმარება გააცნობიერონ, რომ გმირობა ყოველთვის ხმაურიანი ან მარტივი არ არის — ხშირად ის შრომასა და მოთმინებაში ვლინდება. უფრო მაღალ კლასებში ჰერაკლეს თორმეტი გმირობა შეიძლება იქცეს დისკუსიის საფუძვლად: იყო თუ არა მისი ქმედებები სწორი, როგორი პასუხისმგებლობა აკისრია და რა ფასი აქვს გმირობას.
ქართული მითოლოგია, მაგალითად ამირანის მითი, ხელს უწყობს ღირებულებებზე ფიქრს. თავისუფლების, წინააღმდეგობისა და პასუხისმგებლობის თემებზე მსჯელობა მოსწავლეს ეხმარება, დაფიქრდეს მორალურ დილემებზე და ტექსტი საკუთარ გამოცდილებას დაუკავშიროს. უფროსკლასელებთან ამირანის პრომეთესთან შედარება საშუალებას აძლევს, დაინახონ საერთო თემები სხვადასხვა კულტურაში, რაც ავითარებს შედარებითი ანალიზისა და კულტურათა შორის კავშირის უნარს.
როცა მოსწავლეებთან ვმუშაობთ ტექსტზე, სადაც მთავარი თემაა თავისუფლებისთვის ბრძოლა და მისი ფასი, ვფიქრობ, ძალიან ეფექტური და საინტერესო იქნება ამირანის მითის გამოყენება. ამირანი ღმერთებს უპირისპირდება, წესრიგს არღვევს და ადამიანებისთვის ცოდნის მოტანას ცდილობს. საბოლოოდ ის ისჯება, მაგრამ მისი ამბავი კითხვას ტოვებს: ღირდა თუ არა ეს ბრძოლა იმ ფასად, რომელიც გადაიხადა?
ამ მითს კარგად შეიძლება დავუკავშიროთ ისეთი ლიტერატურული ტექსტები, სადაც პერსონაჟი არჩევანის წინაშე დგას და თავისუფლებისთვის მსხვერპლს იღებს. მაგალითად, როცა მოსწავლეები კითხულობენ ნაწარმოებს, სადაც გმირი უსამართლო გარემოს ეწინააღმდეგება, ამირანის მითის გახსენება ეხმარება მათ გააზრებაში, რომ პერსონაჟის მარცხი ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს. პირიქით — ხშირად სწორედ ეს მარცხი აჩენს ტექსტის მთავარ სათქმელსა და ღირებულებას.
გაკვეთილზე შეიძლება დაისვას ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური კითხვა:
„ამირანი რომ არ აჯანყებულიყო, იქნებოდა ეს უფრო სწორი არჩევანი?“
ამ კითხვიდან მოსწავლეები ბუნებრივად გადადიან ტექსტის ანალიზზე და იწყებენ მსჯელობას გმირის ქცევაზე, მოტივებსა და შედეგებზე…
ლეგენდებზე მუშაობა განსაკუთრებით ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. როცა მოსწავლე ლეგენდის გაგრძელებას წერს, მის თანამედროვე ვერსიას ქმნის ან ზეპირად ჰყვება, მას უვითარდება ფანტაზია, თხრობისა და ენობრივი თვითგამოხატვის უნარი. ამავე დროს, ზეპირსიტყვიერებასა და წერილობით ტექსტს შორის კავშირის გააზრება ხელს უწყობს ტექსტის ფორმის მნიშვნელობის დანახვას.
მითები და ლეგენდები არანაკლებ ეფექტურად მუშაობს სხვა საგნებშიც. ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილზე ისინი მოსწავლეს სივრცესა და დროსთან აკავშირებს, უყალიბებს კვლევით ინტერესსა და ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარს. სხვადასხვა კულტურის მითების გაცნობა ხელს უწყობს ტოლერანტობის, კულტურული ცნობიერებისა და განსხვავებულის მიღების უნარის განვითარებას.
მითებისა და ლეგენდების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია იმიტომ, რომ ისინი არ გვკარნახობენ პასუხებს — კითხვებს აჩენენ. ამ კითხვებზე ფიქრისას მოზარდი სწავლობს დამოუკიდებლად აზროვნებას, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას და ივითარებენ პასუხისმგებლობას.
მითები და ლეგენდები მასწავლებლისთვის მხოლოდ დამატებითი ტექსტი კი არაა, არამედ ინსტრუმენტია, რომელიც გაკვეთილს სიცოცხლეს სძენს და მოსწავლეში არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უნარებსა და ღირებულებებს ავითარებს — ისეთებს, რომლებიც საკლასო ოთახს გასცდება და სამომავლოდაც გამოადგება. მათ შორის არის დაკვირვებით კითხვა, ტექსტის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარები, ღირებულებებზე დაფიქრება და კულტურული ცნობიერების განვითარება.


