ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

რა სურთ თინეიჯერებს?

ჩემი ერთი შვილი უკვე თინეიჯერია, მეორე ჯერ არა, მაგრამ როგორც უფროსი ამბობს, ის დაბადებიდან “გარდატეხის ასაკშია”, ანუ წინააღმდეგობაშია ჩართული, მძაფრად იღებს ყველანაირ კრიტიკას და არც თუ იშვიათად ფიქრობს, რომ მისი ცუდად ესმით.

 

მოზარდებს შინაც და გარეთაც ფრთხილი ინტერესით ვაკვირდები და ვცდილობ მათგან გავიგო რა სახის მხარდაჭერას საჭიროებენ უფროსებისგან, მშობლებისა და მასწავლებლებისგან, უფროსი მეგობრებისა და სხვა ახლობლებისგან, ეს დელიკატური პერიოდი უფრო მშვიდად რომ გადააგორონ.

 

მათთან არაერთი საუბრის სესიის შემდეგ ჩვენი საუბრების შინაარსი მაქსიმალურად დავწერე და ეს სია გავაკეთე რჩევების და მოთხოვნების, რომლებიც უფროსებთან აქვთ. მგონია სასარგებლოა თვალის გადასავლებად, მით უმეტეს მათთან ურთიერთობისას პრაქტიკაში დასანერგად.

 

მოგვეცით უსაფრთხო სივრცე

 

სამყარო ისედაც მუდმივად გვაფასებს და გვამართლებს. ნუ გახდებით კიდევ ერთი ადგილი, სადაც კეკლუცობა, ახსნა ან საკუთარი თავის გადამალვა გვჭირდება.

 

იყავით ჩვენი ემოციური საყრდები

 

ჩვენი ემოციები ქაოტურია, მიუხედავად ამისა, ისევ თქვენზე ვართ დამოკიდებული და დაგვეხმარეთ ემოციების მართვაში – გაგვიზიარეთ თქვენი სიმშვიდე

 

ნუ მიიღებთ ჩვენს ქცევას პირად შეურაცხყოფად

 

ჩვენი განწყობები არასტაბილურია, ჩვენი ტვინი იცვლება. რეაქციები მძაფრია, მაგრამ უნდა გაგვიძლოთ, სანამ სიმშვიდე დაუბრუნდება ჩვენს ცხოვრებას.

 

პატივი ეცით ჩვენს პირად სივრცეს

 

ჩვენ ახლა ვსწავლობთ დამოუკიდებლობას. გვჭირდება სივრცე სუნთქვისთვის, კვლევისთვის და შეცდომების დასაშვებად –  გამადიდებელი შუშებით ყურების, განსჯისა და კონტროლის გარეშე.

 

ნუ გვაკრიტიკებთ

 

ამ ეტაპზე ჩვენ თვითონ გვიჭირს საკუთარი თავის მიღება და კრიტიკა ამ პროცესს კიდევ უფრო გვირთულებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი შენიშვნებით მოტივაციას აგვიმაღლებთ, მარამ არა.

 

დასჯა კონტრპროდუქტიულია

 

ეს არაფერს გვასწავლის – მხოლოდ იმას გვაგრძნობინებს, რომ არ მოგწონვართ, უსაფრთხოდ არ ვართ და ჩვენი არ გესმით. თუ დასჯა ნორმაა, მაშინ იძულებული ვართ გულახდილობის ნაცვლად ტყუილების თქმა დავიწყოთ და დახმარება სადმე სხვაგან ვეძებოთ.

 

მოგვეცით მეტი ძილის შესაძლებლობა

 

ზარმაცები არ ვართ – ჰორმონები გვირევენ ძილის ციკლს და არც თუ იშვიათად, სხვა ქცევასაც. დილას გაღვიძება ზოგჯერ იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ამის წარმოდგენა ზრდასრულებს შეგიძლიათ.

 

ჩვენს გვერდით იყავით

 

სამყარო ჩვენთვის გამოუცნობი, საშიში და ზოგჯერ მტრულია – გვჭირდება იმის ცოდნა, რომ ამ ქარტეხილებში ჩვენს მხარეს იქნებით, რაც არ უნდა მოხდეს

 

მოგვისმინეთ, სანამ გვასწავლით

 

ზოგჯერ არა რჩევა, არამედ ადამიანი გვჭირდება, რომელიც ბოლომდე მოგვისმენს და არ შეგვაწყვეტინებს.

 

სერიოზულად მიიღეთ ჩვენი გრძნობები

 

რაც შეიძლება თქვენთვის “უსაფუძვლო დრამად” ან “არასერიოზულ წვრილმანად” ჩანდეს, ჩვენთვის რეალობაა, ზოგჯერ მტკივნეულიც.

 

ნუ შეგვადარებთ სხვებს

 

ჩვენ არ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ვიღაცაზე უკეთესები ვართ. გვჭირდება იმის შეგრძნება, რომ საკმარისები ვართ. ჩვენც ვიცით ვინ არის ჩვენს ირგვლივ ყველაზე ყოჩაღი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე თავაზიანი – ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გამოწვევები არ აქვთ.

 

აგვიხსენით “რატომ”

 

როცა წესებს ადგენთ, გვითხარით მიზეზი. ბრმა კონტროლი გვძაბავს და გვაშორებს, ახსნა გვაგრძნობინებს, რომ ჩვენზე ზრუნავთ.

 

მოგვეცით შეცდომების დაშვების უფლება

 

ვინ გაზრდილა შეცდომების გარეშე? ზედმეტი კონტროლი შიშს გვასწავლის და არა პასუხისმგებლობას.

 

 

გვესაუბრეთ პატივისცემით

 

ზოგჯერ ტონი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. დამცირება გვკეტავს, პატივისცემა გვამხნევებს.

 

შეცდომების აღიარება სასურველია

 

როცა ზრდასრულები ბოდიშს იხდიან, ეს ჩვენთვის მაგალითია იმის, რომ შეცდომების აღიარება სირცხვილი და სისუსტე კი არა, პასუხისმგებლობის მანიშნებელი სიყოჩაღე. ჩვენ იდეალური ზრდასრულები არ გვჭიდება, სწორი მაგალითები კი.

 

ნუ გეჩქარებათ ჩვენი გაზრდა

 

შეიძლება უკვე დიდები გგონივართ, მაგრამ ჯერ ისევ გზაში ვართ. დროა საჭირო რომ ბავშვებიდან ნამდვილ დიდებად ვიქცეთ. ამ დროის აუჩქარებლად გატარება მარტო ჩვენთვის კი არა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“