ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში – ძველი სცენარის ახალი სიცოცხლე

ჩემთვის ძალიან ძვირფასი სცენარი ან იდეა, ან ღონისძიება – რაც გინდათ, ის დავარქვათ, უნდა გაგიზიაროთ. სცენარი დავწერე 13 წლის წინ, როდესაც სკოლაში პირველად შევდგი ფეხი და პირველი კლასის ინა მასწავლებელი გავხდი. მაშინ ძალიან შემოქმედებითად ვუდგებოდი სწავლებას (სამწუხაროდ, წლებმა და ვალდებულებებმა ეს შემოქმედებითობა ცოტა დააბლაგვა. ამიტომ ღრმად მწამს, რომ მასწავლებელი ჩიტივით და ქარივით თავისუფალი უნდა იყოს, ის მხოლოდ ბავშვებზე უნდა ფიქრობდეს. აი, შოთამ რომ გვითხრა, მიჯნურებს მოცალეობა სჭირდებათო, მასწავლებლებსაც სჭირდებათ ძალიან ბევრი დრო – ფიქრისთვის, იდეებისთვის. რადგან კარგი იდეა მხოლოდ ფიქრსა და თავისუფალ დროს მოაქვს).

იმხანად მოცული და აღფრთოვანებული ვიყავი მეტერლინკის „ლურჯი ფრინველით“ და გადავწყვიტე რომ ჩემს არაჩვეულებრივ, გამორჩეულ ბავშვებთან ეს იდეა გადმომეტანა რაღაცნაირად.

იმხანად არსებული ძალიან მწირი ტექნიკური რესურსითა და გამოცდილებით ფილმის გადაღება გადავწყვიტე (რამხელა ამბიციაა!!! თუმცა რაც უფრო ახალგაზრდა ხარ და რაც ნაკლებად გაწევს გამოცდილების ტვირთი, მით უფრო მარტივად იღებ ასეთ რისკიან გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, ძალიან კარგიცაა, რადგან მჯერა, რომ ბედი მხოლოდ გაბედულებს სწყალობთ (პალაციო „საოცრება“).

გადავწყვიტე ამ წერილში ბავშვების სახელებიც არ შემეცვალა, რადგან, ახლა უკვე სტუდენტები, თუკი ამ სტატიას ნახავენ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ბავშვობის არაჩვეულებრივ წლებს; იმ დღეებს, როდესაც ნაბიჯებს ახალ ცხოვრებაში დგამდნენ. კიდევ ერთხელ გაიხსენონ, რომ ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად სიკეთე და თანაგრძნობაა. დანარჩენი ყველაფერი ამ ორის გაგრძელება ან წინაპირობაა.

 

ჩვენი სცენარი ასე იწყება:

ბავშვებს აცვიათ ლურჯები ან ყვითელი, უკეთიათ ლურჯი ან ყვითელი ლენტები. რასაც კი დავხატავთ, ყველაფერი იქნება ლურჯი.

სცენა 1 – შესავალი

– დიდი Handmade theatre. (მუყაოს ყუთისგან დავამზადე და ფარდებად ბებიაჩემის ძველი ნაჭრები გამოვიყენე) გარეთ ეზო, მზე – ბევრი მზე. არანაირი კლასი.

 

ნიაკო

დღეს ჩვენ წარმოგიდენთ და გაჩვენებთ, იმ საიდუმლოებით მოცულ სამყაროს, სადაც ლურჯი ფრინველი ბინადრობს.

 

ნინია

როგორც გახსოვთ ლურჯი ფრინველი არ აღმოჩნდა ღამის სამყაროში, არც ომის სამყაროში.

 

ნატალი

და არც მოგონებებში, არც საიქიოში, არც ძილში, არც სიზმარში.

 

ანანო

ლურჯი ფრინველი სულ სხვაგან ბინადრობს.

სულ სხვაგან.

 

ვატო

იქნებ არც იცით, ან არც გინახავთ. უფრო სწორედ ვერ ხვდებით. არ უკვირდებით.

 

ანდრია

ან გულგრილები ხართ, ან არ გცალიათ, ვერ ამჩნევთ, შეიძლება არც კი გაინტერესებთ.

 

ზუკა

ჰოდა, იცოდეთ

ლურჯი ფრინველი – სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში დაფრინავს.

 

ტასო

სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში შლის ფრთებს.

 

სალომე

იქ ბედნიერებაა, ყველას უხარია.

იქ უზარმაზარი მზეა – ანათებს და ანათებს.

აცხუნებს და აცხუნებს.

 

გიო

ჰო, სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში.

 

ოთო

გსმენიათ, გაგიგიათ რამე სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროზე?

 

კატია

ჩვენ მოგიყვებით, ჩვენ დაგანახებთ, ჩვენ შეგაცნობინებთ ამ უზარმაზარ, ლურჯ სამყაროს.

 

სოფიო

ფილმში ნახავთ ლურჯი ფრინველის საცხოვრებელ სამყაროს, მის თექვსმეტ განზომილებას. ლურჯი ფრინველის თექვსმეტ ფრთას.

 

(დიდ ფორმატზე დახატულია ლურჯი თექვსმეტ ფრთიანი ლურჯი ფრინველი, თითოეულ ფრთაზე წარწერითა და ნახატით. რომელი ბავშვის „ფრთის“ ჯერიც დგება ის აფორმებს და ხატავს ამ ფრთას).

 

ლიზიკო

ლურჯი ფრინველის თითოეული ფრთის შესახებ თითო ბავშვი მოგვითხრობს და წარმოგვიდგენს. ჩვენ გამოგზაურებთ სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში!

 

თეკლა

მაშ, ასე წარმოდგენა, უკაცრავად, ფილმი იწყება! ფილმი სადაც უამრავი მზე, ყვავილი და ბედნიერებაა. და სულ დამავიწყდა სადაც სიკეთეა, თანაგრძნობაა. კიდევ ფრინველი, თანაც ლურჯი, თანაც თექვსმეტფრთიანი.

 

როცა მოხუცს ეხმარები – სალომე

 

მათხოვარს რომ ეხმარები – ლიზიკო

 

ცხოველებს რომ იცავ, აპურებ. – ოთო

 

ბუნებას რომ იცავ, გესმის ბუნების – ვატო

 

საკუთარ მეგობარს რომ თანაუგრძნობ – გიო

 

მშობლები, რომ ძალიან გიყვარს და საჩუქარს უკეთებ – ზუკა

 

 

მეგობარს რომ უკეთებ სიურპრიზს და რომ გინდა, გაახარო – ანდრია

 

სუსტს, რომ ეხმარები, გზაზე რომ გადაგყავს – კატია

 

მასწავლებელს რომ ეხმარები – ნიაკო

 

შინაური ცხოველები, რომ გიყვარს, შენი ფისო რომ გყავს, უვლი, უფრთხილდები – მარია

 

წიგნები, რომ გიყვარს, მეგობრებისთვის რომ წერ მოთხრობას და უკითხავ მათ – ანანო.

 

სამშობლო რომ გიყვარს და მზად ხარ დაიცვა – ნინია

 

შენი დაიკო, ძმა რომ გიყვარს, საჩუქარს რომ შენი ხელით უმზადებ და ახარებ -ტასო

 

ხეებს რომ რგავ – სოფიო

 

ხეებს რომ უვლი – ნატალია

 

სიყვარული რომ შეგიძლია, შეგიძლია ყველა გიყვარდეს. ამას გამოხატავდე, არ გრცხვენოდეს – თეკლა

 

ლურჯი ფრინველი, უზარმაზარ პლაკატზე და მისი მოხატვა, მოლამაზება, გაფორმება. ფერადი ფურცლებით და სტიკერებით.

 

მოხუცს, რომ ეხმარები

ს ა ლ ო მ ე

 

სიკეთე ნამდვილი საოცრებაა. დარწმუნებული ვარ კეთილი ადამიანები მზესავით ანათებენ. აი, აქ გულიდან, შიგნიდან ანათებენ (ხელს გულზე იდებს).

მე სალომე მქვია. სალომე – ძველ ებრაულად „მშვიდობას“ ნიშნავს, მშვიდობა კი სიკეთის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სიკეთეა, როდესაც მოხუცებულ, უმწეო ადამიანს ეხმარები. ამას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ ასე უნდა იყოს, ან ვინმემ დაგავალა, არა! ეს შენ გინდა, ეს შენ მოგწონს, ეს შენ გინდა იყო კეთილი.

ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, მოალერსებით, მიხმარებით, მზრუნველობით –

მათი სიცოცხლე გახდება უფრო გრძელი, ხალისიანი და, რაც მთავარია, ბედნიერი!

 

კადრი: ერთი ბავშვი ჩაცმულია მოხუცებულივით. მოდის, ძლივს, ნელ-ნელა. კალათი მოაქვს, კალათში ვაშლებია. უცებ წაიბორძიკებს, წაიქცევა და ვაშლები გაეფანტება.

სალომე მიირბენს, ანუგეშებს, წყალს მიუტანს, ვაშლების აკრეფაში დაეხმარება, წამოაყენებს და გაუშვებს, თან ლურჯ ფრინველს გაატანს, ჩამოკიდებს ყელზე.

 

 

მათხოვარს რომ ეხმარები.

ლ ი ზ ა

მე ლიზი ვარ. სიკეთე ძალიან საინტერესოდ საკეთებელი საქმეა. მე ახლა მოგიყვებით ჩემს დაწერილ მოთხრობას (ლიზას ამ თემაზე მოთხრობა აქვს მოგონილი და აქ ამ მოთხრობას ჰყვება).

 

 

 

სცენა: მათხოვარი ბავშვი ზის. მოწყენილია. ლიზიკო – მიდის და წიგნს ჩუქნის. გვერდით უჯდება, ათვალიერებენ, უკითხავს. ერთად იცინიან თამაშობენ.

 

 

 

 

ცხოველებს, რომ იცავ აპურებ.

ო თ ო

ოთო ვარ. ყველაზე, ყველზე მეტად ცხოველები მიყვარს და მეცოდებიან – როდესაც შიათ, სწყურიათ, სევდიანი თვალებით გიყურებენ და ჩვენ ადამიანებს შველას გვთხოვენ. მე ძაღლი მყავს ჩემს ძაღლს ტობი ჰქვია, ულამაზესია. მე და ტობი თითქმის ძმებივითა ვართ, ერთად გავიზარდეთ და მაგიტომ.

ერთხელ სკოლაში, ჩემი სკოლის ფანჯარასთან ერთი პატარა ძაღლი მოვიდა, ისეთი სველი და ჭუჭყიანი იყო, გული დამეწვა. მშიერიც ჩანდა, მიყურებდა წყლიანი, დიდი თვალებით. გაკვეთილი დაიწყო. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა, რომ მომეძებნა და დამეპურებინა, მოვფერებოდი. დასვენებაზე გავიქეცი, მთელი სკოლა მოვიარე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ჰოდა, მგონია, რომ სიკეთეა, როდესაც უპატრონო, საწყალი ცხოველები გეცოდება, თანაგრძნობაა – მათი მოფერება, დაპურება.

 

 

კადრი: ოთო სკოლის ეზოში მტრედებს პურის მარცვლებს უყრის.

 

 

ბუნების რომ გესმის, რომ იცავ.

ვ ა ტ ო

 

მე ვატო ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ბუნება უნდა უყვარდეს და ბუნების ესმოდეს. რა არის ბუნება? ირგვლივ მიმოიხედეთ ყველაფერი ბუნებაა, მცენარეები, მწერები, ცხოველები, ლამაზი ყვავილები, მთები, ვულკანებიც კი. მეც ბუნების ნაწილი ვარ, შენც ბუნების ნაწილი ხარ. ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და „ბუნება“ გვქვია. აბა, როგორ შეიძლება ბუნება არ გიყვარდეს, მისი არ გესმოდეს – ეს ხომ დიდი სისულელე იქნებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი არ გიყვარდეს.

ამიტომ უნდა დაიცვა, მოუფრთხილდე – ბუნების დაცვით შენ თავსაც იცავ, საყვარელ ადამიანებს, შენს მომავალს. ჩვენს შვილებს ვიცავთ. ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს?

უზარმაზარი სიკეთეა, როდესაც ბუნება გიყვარს და იცავ.

არ მოჭრა ხე! არ მოკლა არცერთი ცხოველი! არ გაჭყლიტო არცერთი მწერი, თუნდაც ისეთი პატარა როგორიც ჭიანჭველაა! არ გათელო ბალახი! არ გაანადგურო ყვავილები! არავითარ შემთხვევაში არ დაუნგრიო ბუდე დედა ჩიტს!

არ დაარღვიო ბუნების კანონზომიერება, ეს შენზეც, ჩემზეც, მასზეც აისახება!

 

 

კადრი: ვინმე ბავშვი, რომ გლეჯს ბალახს ან ფოთოლს, ან ყვავილს, ვატო აჩერებს და უხსნის, რომ არ შეიძლება. ეს ბავშვი, რომ მიდის, ჩამოტეხილ ტოტს ასწორებს და ლენტს ახვევს.

 

საკუთარ მეგობარს რომ თანაუგრძნობ.

გ ი ო

მე გიო ვარ, ყველაზე ონავარი და კეთილი ბიჭი. ვფიქრობ, რომ მეგობრობა ყველაზე დიდი სიკეთეა დედამიწაზე. კოსმოსშიც ალბათ. მეგობრობას შავი ხვრელის გაქრობაც კი შეუძლია ისეთი მაგარი რამეა.

დინოზავრებიც მეგობრობდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. უჰ, რამხელა სიკეთეა მეგობრობა.

აი, ამხელა (ხელით ხაზავს).

აუცილებელია, მეგობარი გყავდეს, როდესაც მოიწყენ, დარდიანი იქნები, რომ თანაგიგრძნოს, განუგეშოს, დაგამშვიდოს. ერთად რომ ძალიან მაგრად გაერთოთ და ითამაშოთ.

როდესაც ჩემს მეგობარს სევდიანს ვხედავ, მეც სევდიანი ვხდები, ისე ვიწყენ, რომ ირგვლივ წვიმა მოდის. მეგობრობა უუუუზარმაზარი სიკეთეა!

 

 

კადრი: ნატალი მოწყენილია, ზის თავის აქვს ჩარგული. გიო მიდის და ანუგეშებს, მხარზე ხელს ადებს. ამშვიდებს. მერე ერთად იწყებენ თამაშს.

 

 

მშობლები, რომ ძალიან გიყვარს და საჩუქარს უკეთებ.

ზ უ კ ა

მე ზუკა ვარ, სახელი ზურაბი თურმე ძველად წითლად მოელვარე ძვირფას ქვას ლალს ნიშნავდა. აი ასეთი და ამაზე მეტადაც ძვირფასი ვარ მე ჩემი მშობლებისთვის და ისინი ჩემთვისაც უძვირფასესი არიან. ყოველთვის მინდა, გავახარო და ბედნიერება მივანიჭო მათ.

მგონია, რომ ძალიანაც დიდი სიკეთეა, როდესაც მშობლები გიყვარს, მათ სიხარულზე და ბედნიერებაზე ზრუნავ. სულ ფიქრობ, რით გაახარო, ან როდესაც მოწყენილები არიან, როგორ ანუგეშო. მგონია, რომ ძალიან ძნელი უნდა იყოს როცა მშობელი ხარ და შვილი გყავს. არაა, ახლა რომ ვფიქრობ, რა ძნელი იქნება მამობა, ვერც კი წარმოვიდგენ.

ერთი ამბავი მახსენდება, დედამ საკუთარი გულიც კი როგორ დათმო გაჭირვებაში მყოფი შვილისთვის.

ერთი რჩევა უნდა მოგცეთ იმათ, ვინც ახლა მიყურებთ და მისმენთ: გაუფრთხილდით თქვენს მშობლებს, დამიჯერეთ, ამაზე დიდ სიკეთეს ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ!

და დედებო, მამებო შვილებსაც გაუფრთხილდით, რადგან შვილებზე დიდი განძი არც დედამიწაზე, არც კოსმოსში, არც მარსზე და არც მთვარეზე არ არსებობს!

მიყვარხარ დე, მიყვარხარ მა.

 

 

კადრი; საჩუქარს უმზადებს დედას და მამიკოს. (მაღაზიაში წავყვები და რამეს ვაყიდინებ) ან შოკოლადს ან ყავას დედიკოსთვის და მამიკოსთვის კალამს, ბლოკნოტს ან რამეს. ან თავად დავამზადებინებ. ვნახოთ.

 

ანდრია

მეგობარს, რომ სიურპრიზს უკეთებ.

 

მე ანდრია ვარ. ჩემი სახელი ბერძნულად მამაცს, ვაჟკაცს ნიშნავს და ვამართლებ კიდეც ამ ჩემს სახელს. ნამდვილი ანდრია ვარ. გიომ მეგობრობაზე და მეგობრის თანაგრძნობაზე ისაუბრა, მეც დავამატებ ჩემს აზრს.

მეგობრობა რომ ნამდვილი სიკეთეა, ნამდვილი სასწაული ამაში ალბათ დამეთანხმებით.

რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, თუ მასწავლებელმა წაგვიკითხა, აღარ მახსოვს: ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც იცის შენი გულის სიმღერა და აგყვება სიმღერაში როცა შენ ტექსტი გავიწყდება.

დიდი სიკეთეა, როდესაც მეგობრის გვერდით მხოლოდ მაშინ კი არა ხარ, ის რომ მოწყენილია, ან თანაგრძნობა სჭირდება. არამედ როდესაც სულ ფიქრობ მასზე, სულ ფიქრობ, როგორ გაახარო, როგორ ასიამოვნო.

მე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრებისთვის სიურპრიზების გაკეთება, როდესაც მათ უხარიათ მეც მიხარია, თითქოს მათი სიხარული ჩემზე გადმოდის, ამით ბედნიერი მეც ვხდები. ნახეთ ამ სიკეთეს შეუძლია შენც გაგაბედნიეროს და მეგობარიც, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო ამ ცხოვრებაში?

ჰო, დიდი, ძალიან დიდი სიკეთეა მეგობრობა.

 

კადრი: ქვებისგან ამზადებს მეგობრის სახელს და გვარს, ან რაიმე სუვენირს. ღებავს ქვებს და აწერს ანბანს.

 

კატია

სუსტს, ავადმყოფს რომ ეხმარები.

 

ყველა ადამიანი ძლიერი არ არის, ზოგიერთი სუსტია, ან ავად არის და ამის გამო ექმნება ცხოვრებაში პრობლემები. ჩემი აზრით, ჩვენ ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანები მათ უნდა დავეხმაროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა და, რა თქმა უნდა, სიკეთეც არის.

მე კატია ვარ, იგივე ქეთევანი – ქეთევანი უფრო მომწონს თითქოს.

ყველაზე მეტად არ მიყვარს, როდესაც სუსტს ჩაგრავენ, სარგებლობენ იმით, რომ მასზე ძლიერი არიან. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა და გამოვექომაგო დაჩაგრულს. ხოლო მას კი, ვინც სუსტის სუსტობით სარგებლობს ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება, და რომ ცოდოა, ის ხომ სუსტია. მოკლედ არ არის კარგი საქციელი.

ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიკეთეა, როდესაც ადამიანს, რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს, ან ფეხი სტკივა და ვერ გზაზე ვერ გადადის, ან ხელი სტკივა და საჭმელს ვერ სჭამს – ეხმარები, ისე რომ მან თავი უხერხულად არ იგრძნოს, ბუნებრივად გაუწიო დახმარება, ეს არის ნამდვილი სიკეთე!

 

კადრი: ეზოში ვხაზავთ ცარცით ქუჩას, მასზე გადადის სუსტი, ჯოხზე დაყრდნობილი ბავშვი. კატია მიდის და ეხმარება გზის გადაკვეთაში, მზრუნველობით მხარზე ადებს ხელს. ან კლასობანას ვერ თამაშობს ბავშვი და კატია, ეხმარება ხელს კიდებს და ერთად ხტუნაობენ.

 

ნიაკო

მასწავლებელს და კლასელებს რომ ეხმარები.

 

მე ნია ვარ, ნია თურმე ბერძნულად ახალს ნიშნავს და ძალიანაც მომწონს. ჩვენ ვართ ახალი თაობა, ახალი იდეებით, ახალი ხედვით, და ახალი სულით.

ჩვენ ახალ თაობას მოგვწონს სიკეთე, სიკეთის კეთება.

ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს სიკეთე, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი სიყვარული სწორედაც რომ სიკეთეა.

სიკეთეა, შენი მასწავლებელი რომ გიყვარს და ცდილობ დაეხმარო, დაეხმარო კლასის მოწესრიგებაში, წიგნების გადარჩევაში.

სიკეთეა კლასელები რომ გიყვარს, მათზე გული შეგტკივა და ეხმარები დავალებების ჩანიშვნაში, დავალებების გაკეთებებში, მათ გვერდზე რომ ხარ ყოველთვის. თუ კონფლიქტი აქვთ, რომ ცდილობ მოაგვარო და შეარიგო.

მე სალომეს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ სიკეთე მშვიდობის გარეშე არ არსებობს, ამიტომ არ მიყვარს, როცა ჩემი კლასელები კინკლაობენ, არ მინდა სიკეთე დაიკარგოს.

სიკეთეა როცა უბრალოდ ეხმარები.

 

კადრი: როგორ ეხმარებიან ბიბლიოთეკარს ბიბლიოთეკაში წიგნების დალაგებაში, ბავშვებს მოწესრიგებაში, ოთოს წიგნის გადაშლაში.

 

 

მარია

შენი შინაური ცხოველი რომ გიყვარს ძალიან, ძალიან.

 

მე მარია ვარ. მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, სიკეთე ყოველთვის უფრო ლამაზი და ნათელია, ვიდრე ეს აუტანელი ბოროტება.

ვფიქრობ, რომ სიკეთე ამ სამყაროში (ალბათ ყველა სამყაროშიც, რაც კი არსებობს, მარსზეც, მთვარეზეც) ადვილი საპოვნელი და მისაგნებია.

ყოველ ჩვენგანი საკუთარ სიკეთეებს აღმოვაჩენთ ხოლმე.

მე ჩემი რამდენიმე სიკეთე მაქვს, ახლა ყველაზე ვერ გესაუბრებით, მთელი ფილმი არ ეყოფა).

სიკეთე, რომელზეც მე მინდა, გესაუბროთ ჩემი უუუსაყვარლესი, პატარა, შავი, მოუსვენარი და ცელქი კნუტი ….. – ია.

მე ძალიან, ძალიან, მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, ის ისეთი პატარა და უსუსურია, ისე სჭირდება სითბო. ვცდილობ, რომ ხშირად ვიყო მის გვერდით, მოვეფერო, ჩავეხუტო, ერთად ვითამაშოთ. ერთად ვისეირნოთ. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

ახლა მე დავუმზადებ მას საჩუქარს, დარწმუნებული ვარ, უზომოდ გაიხარებს.

აი, ეს არის ნამდვილი სიკეთე!

 

კადრი: თავის კატას უკეთებს საჩუქარს, ყელსაბამს, ძაფით წნავს და თვლებით ქარგავს. თუ მოიყვანს და მოარგებს მთლად უკეთესი.

 

 

ანანო – წიგნები, რომ გიყვარს, მეგობრებისთვის რომ წერ და უკითხავ.

 

მე ანანო ვარ, მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც ძალიან, ძალიან მიყვარს და მათთვის დიდ სიკეთეს გავაკეთებდი.

სულ ვფიქრობ ხოლმე, რით გავახარო და რა ვაჩუქო ჩემს მეგობრებს, რაიმე ისეთი რომელიც ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური იქნებოდა. ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივად არ ჩუქნიან ხოლმე. ჰოდა, ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, მათთვის მოთხრობა დამეწერა.

მგონია, რომ როდესაც მეგობარი ხარ და მეგობარი გყავს, იმაზეც უნდა იზრუნო შენმა მეგობარმა წიგნები იკითხოს, ისწავლოს, ამაშიც უნდა დაეხმარო, რაიმე წიგნს რომ წაიკითხავ და მოგეწონება, ეს წიგნის უნდა ურჩიო და მეგობარსაც წააკითხო.

ჩემი მოთხრობა ენძელაზე და იაზეა, იამ ფოთოლი მოიტეხა, ძალიან, ძალიან ეტკინა და იტირა. ამ დროს ენძელა გამოჩნდა, შეეცოდა მეგობარი, დაეხმარა, თანაუგრძნო, თავის ქოხში წაიყვანა, უმკურნალა. რა თქმა უნდა, ია კარგად გახდა.

აი ეს არის მეგობრობა, ეს არის სიკეთე.

დარწმუნებული ვარ, ჩემი მოთხრობა ჩემს მეგობრებს მოეწონებათ.

ისიც სიკეთეა, მეგობრებისთვის რომ წერ.

დიდი სიკეთეა.

 

 

კადრი: ანანო – უკითხავს მოთხრობას ბავშვებს.

 

ნინია – სამშობლო რომ გიყვარს და მზად ხარ დაიცვა.

 

ნინია ვარ. რაც ცოტა გავიზარდე და გავიგე, რომ საქართველოში ვცხოვრობ, მას შემდეგ სულ საქართველოზე ვფიქრობ. სკოლაში გავიგე, რომ თურმე მტერს ჩვენი ულამაზესი ნაწილი აფხაზეთი წაურთმევია, უამრავი ქართველი დაღუპულა მტერთან ბრძოლაში. ისიც გავიგე, რომ ეს მტერი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო რუსეთი ყოფილა. მასწავლებელმა „კოლოფი“ წაგვიკითხა, სადაც რუსი გოგონა გვიყვება, თავის თავგადასავალს. აფხაზეთში ქართველების ყოფილ სახლში დაუწყია ცხოვრება და ის კოლოფი იპოვა, მის თანატოლ ქართველ გოგოს რომ დარჩა, როდესაც საკუთარი სახლიდან გამოაგდეს. თურმე ეს გოგო აქ თავის ნივთებს: წითელ ბაფთებს, ბეჭედს, ლამაზ კენჭებს და ნიჟარებს ინახავდა. ეს რუსის გოგო ბოლოს მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მიხვდა იმ ქალის სიტყვებსაც, ერთხელ რომ მიაძახა: სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააშენებო! ომის გამო იმ გოგომ თავისი სახლი დატოვა, ოჯახის წევრებთან ერთად ისე გაუგდიათ, რომ ნივთების წაღებაც კი ვერ მოუსწრია.

ეს ამბავი, რომ მოვისმინე ბევრი ვიტირე. გული მეტკინა და გადავწყვიტე, როდესაც გავიზრდები მე ჩემს ქვეყანას აუცილებლად დავიცავ და იქნებ მე და ჩემმა თაობამ აფხაზეთის დაბრუნებაც კი შევძლოთ. ჩვენ ხომ ახალი თაობა ვართ, თან სიკეთის გაკეთება და თანაგრძნობა შეგვიძლია, აბა ამაზე დიდი სიკეთე რაღა უნდა იყოს?

 

 

კადრი: საქართველოს რუკაზე აჩვენებს რაღაცებს, საუბრობს, ხსნის. მერე კოლოფს ათვალიერებს.

 

 

ტასო

შენი დაიკო რომ გიყვარს და საჩუქარს შენი ხელით უმზადებ და ახარებ.

 

მე ტასო ვარ, ანასტასია – ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი და მესაიდუმლე ჩემი და ელენეა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს და როგორ გვიყვარს ერთმანეთი. სულ ვცდილობ, რომ არ ვაწყენინო და პირიქით ვასიამოვნო, გავახარო.

ჩემი და ჩემთან „მწვანე ბაღში“ დადის. გაკვეთილებზე ხანდახან ვერ ვითმენ ხოლმე, ისე მინდა ვნახო, რომ ვიცი, აქ არის, ჩემგან სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე, გული ვერ მიჩერდება – მისი მოფერება და ნახვა მინდება.

რამდენჯერმე მასწავლებელმა გამიყვანა ბაღში და ელენე ვნახე. ისე გაუხარდა, ვერც კი წარმოიდგენთ.

ვფიქრობ, რომ დიდი სიკეთეა, როდესაც ასეთი და გყავს, ასე გიყვარს და ასე უყვარხარ. სულ რომ ცდილობთ ერთმანეთის გახარებას.

ახლა გადავწყვიტე, ჩემი ხელით დავუმზადო რაიმე საჩუქარი და მივუტანო, სიურპრიზი გავუკეთო. აბა ვნახოთ, როგორ გაუხარდება.

ტასო ხატავს, მერე ამზადებს საჩუქარს.

 

კადრი: მივდივართ ელენესთან (დაიკოსთან) მიგვაქვს, ეხუტებიან და აძლევს საჩუქარს.

 

 

სოფიო

ხეებს რომ რგავს და მომავლისთვის ზრუნავ.

 

ალბათ გეცოდინებათ, რომ „სოფიო“ სიბრძნეს ნიშნავს. მე სოფიო მქვია და დარწმუნებული ვარ ძალიანაც შემეფერება ეს სახელი.

მე ვარ სოფიო და მე ხეები მიყვარს. ვფიქრობ, რომ იმაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, როგორიც ხეების მოჭრაა. ასეთ შემთხვევას რომ ვხედავ ხოლმე, ისე ვბრაზობ, ისე ვბრაზობ, რომ მინდა იმხელა ხმაზე ვიყვირო, ყველა ხის მჭრელმა ყურებზე ხელები აიფაროს, და იმაზე დაფიქრდნენ, ღირს კი ხის მოჭრა. იქნებ სჯობს ადამიანებმა თავი დავანებოთ ხეების ჭრას და რაიმე სხვა უფრო სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ისეთი როგორიც თუნდაც ხეების დარგვა იქნებოდა.

შეიძლება არ იცით, მაგრამ მინდა, მაინც შეგახსენოთ, რომ ხეები ისეთივე ცოცხალი არსებები არიან, როგორც ჩვენ ვართ. მათ ისევე სტკივათ, ისევე განიცდიან, როგორც ჩვენ. თან ხეები ამხელა სიკეთეს გვიკეთებენ, ბოლო-ბოლო ჟანგბადს გვაძლევენ, ჩვენ კი ისეთი უნამუსოები ვართ, სამაგიეროს სიკვდილით ვუხდით.

ჩვენ ახალი თაობა ვართ, ჩვენ ასეთი მკაცრები და უხეშები არ ვიქნებით ხეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მომავლისთვის აუცილებლად ვიზრუნებთ. და იმაზე დიდი სიკეთე რაღა უნდა იყოს, ხეს რომ დარგავ.

 

კადრი: რგავს ხეს.

 

ნატალი

ხეებს რომ უვლის.

მე ნატალი მქვია და ძალიან პრინციპულად ვეთანხმები სოფიოს. თუმცა მიმაჩნია, რომ მხოლოდ ხეების დარგვა არ კმარა, მათ როგორც სხვა ყველა ცოცხალ ორგანიზმს მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ, რომ გაიზარდონ, გამაგრდნენ. თავდაპირველად ისინი ხომ ისეთი პატარები და სუსტები არიან, ერთი ქარის წამოქროლაც საკმარისია, რომ გადატყდნენ; ერთი მზის დაჭერაც საკმარისია, რომ გახმეს. ბავშვმა ფეხი რომ წამოკრას შეიძლება გადატყდეს კიდეც.

მე ჩემს თავს ბუნების, უფრო კონკრეტულად ხეების დამცველად მივიჩნევ. ჩემს მწვანე სკოლაში სულ ყურადღებით ვარ, რომ ვინმემ არ გადატეხოს ხეები, არ დაუზიანოს ტოტები. თუ შევატყვე რომ მიწა გამოუშრა, მაშინვე ვრწყავ, ვუვლი, მიწას ვუფუებ.

ვიცი, რომ ხეები ადამიანებს სჭირდებათ, რომ იცოცხლონ, ისუნთქონ. თუმცა ხეებსაც ვჭირდებით ადამიანები.

ჩემი აზრით, უზარმაზარი, უუუზარმაზარი სიკეთეა, ხეებს რომ უვლი, რომ რწყავ.

 

 

კადრი: რწყავს ხეს.

 

 

თეკლა

სიყვარული, რომ შეგიძლია

 

მე თეკლა ვარ. ჩემთვის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები კეთილები იყვნენ, ბოროტება არ არსებობდეს. სიკეთე კი ვფიქრობ, რომ სიყვარულის გარეშე ნამდვილად არ არსებობს. სიყვარულია მთავარი რამ ამ ცხოვრებაში. აი, რომ გიყვარს დედა, მამა, ძამიკო, ბებია, ბაბუა. რომ გიყვარს მეზობლები, ნათესავები, კლასელები, მეგობრები, მასწავლებლები, შენი სკოლელები. გიყვარს ცხოველები, მცენარეები, ყველაფერი რაც კი ცოცხალია, რაც კი სუნთქავს და არსებობს ამ ჩვენს დედამიწაზე, სხვა პლანეტაზეც – უცხო პლანეტელების სიყვარულიც ხომ შეიძლება? რომ გინდა, ყველა ბედნიერი იყოს, ყველას უხაროდეს. არავინ იყოს მოწყენილი. მე სულ ვცდილობ, რომ ადამიანებს სიხარული მივანიჭო, გავაღიმო, გავაცინო. ან ვუმღერო რომ საკუთარი სევდა დაავიწყდეთ: აი ასე: აქ იმღერებს ცოტას.

მე ვარ თეკლა. დიდი სიკეთეა სიყვარული, რომ შეგიძლია. სიკეთე ხომ სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია.

ადამიანებო გიყვარდეთ, უბრალოდ გიყვარდეთ!

 

კადრი: ჩამოივლის დერეფანში და ვინც შეხვდება ყველას პატარა გულებს ურიგებს, ზოგს ეხუტება.

 

პარალელურად ვგეგმავთ ვიზიტს მოხუცებულების თავშესაფარში, ან უპატრონო ცხოველების თავშესაფარში – მიგვაქვს ნივთები, ვეხუტებით და ვეფერებით. ამ ყველაფრის კადრებს ვიღებთ.

 

სადაც მივდივართ, ყველგან, ყველა სიტუაციაში ვტოვებთ ლურჯი ფრინველს (ან ბუშტზე დახატულს, ან ფურცელზე, ან გამოჭრილს.

კადრებს ისევ ბავშვების სიტყვები ცვლის:

 

  1. მიხვდით?
  2. სად ცხოვრობს ლურჯი ფრინველი? ხომ ნახეთ?
  3. მოინახულეთ მისი სამყაროს თექვსმეტი ფრთა.
  4. თექვსმეტი განზომილება.
  5. იყავით კეთილი.
  6. თანაუგრძენთ ერთმანეთს.
  7. ხშირად მოინახულეთ ლურჯი ფრინველი.
  8. სიკეთის და თანაგრძნობის სამყარო.
  9. თანაგრძნობის და სიკეთის სამყარო.
  10. ხომ არ დაგღალეთ? (აქ სიცილი)
  11. მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ.
  12. გჯეროდეთ ლურჯი ფრინველის.
  13. ის არსებობს! მართლა არსებობს!
  14. სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში.
  15. თექვსმეტი ფრთა.
  16. ლურჯი ფრინველის თექვსმეტი განზომილება.

 

ყველა: ეს ჩვენ ვართ! ჩვენ ვართ! ჩვენ ვართ! თან ხელებს იქნევენ ფრთებივით.

 

ბოლოს ყველა ერთად ან თექვსმეტ ლურჯ ფრანს უშვებს, ან ლურჯ ბუშტს.

 

თურმე როგორი ნოსტალგიური და სევდიანია მასწავლებლისთვის, უამრავი წლის შემდეგ პირველ პირველ კლასთან რომ დაბრუნდება და გაახსენდება ის მოელვარე თვალები, რომლებიც მისთვის უამრავი იდეის საბადოა, ახლაც კი. რადგან პირველი, ყოველთვის პირველია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

რა სურთ თინეიჯერებს?

პერსონაჟის გული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“