სასწავლო პროცესში მინი ლექცია კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას, როგორც ახალი მასალის მიწოდების ერთ-ერთი ფორმა. გაკვეთილის ამ მონაკვეთში პედაგოგები ხშირად ვაწყდებით მოსწავლეთა ყურადღების დეფიციტსა და კონცენტრაციის სირთულეებს.
- მომისმინეთ იქნებ რამე საინტერესოს ვამბობ?!
- არ გაინტერესებთ რას ვყვები?
ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რასაც ხშირად გაიგონებთ საკლასო ოთახებში. ამ დროს მოსწავლეების ბრალი სულაც არ არის ის, რომ დიდი ხნით ვერ ახერხებენ კონცენტრაციას და სმენის რეჟიმში ყოფნას. ეს პრობლემა ნაკლებად უკავშირდება მოსწავლეთა დისციპლინას და უფრო მეტად განპირობებულია ადამიანის ბუნებრივი ფსიქოლოგიური რეაქციით. კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფორმაციის მიღების დაწყებიდან 2-3 წუთში ინტერესი და ყურადღება კლებას იწყებს.
აქვე შემოდის კიდევ ერთი აქტორი სწავლის ტიპები. საკლასო ოთახში შეიძლება გვყავდეს მოსწავლეები რომლებიც სწავლობენ მოსმენით, შეხებით (ტაქტილური), მოძრაობითა (კინესთეტიკური) და ვიზუალური ხატებით. პირობითად 20 მოსწავლისგან შემდგარ კლასში შეიძლება მოსმენით სტატისტიკურად მხოლოდ 4-5 მოსწავლე სწავლობდეს.
საუნივერსიტეტო დონეზე პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ლექციები ხშირად ერთ აკადემიურ საათს გრძელდება, რაც მოდუნებას, აქტიური მოსმენის პროცესის შენელებასა და საბოლოო ჯამში ინტერესის თანდათანობით დაკარგვას იწვევს.
აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით, მინი ლექციების მოდიფიკაცია და მათი ადაპტაცია სწავლის სხვადასხვა ტიპის მქონე მოსწავლეებზე პედაგოგების პრიორიტეტი უნდა იყოს.
2024 წელს, ესტონეთში ტალინის უნივერსიტეტის ლიდერობისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში, გავეცანით მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა/სტუდენტების ჩართულობის გაზრდას და მიწოდებული მასალის გააზრებას. სტატიაში წარმოდგენილია ქართულ რეალობაზე მორგებული ექვსი მეთოდი:
- კითხვები კონცენტრაციისთვის
მასწავლებელი/ლექტორი აჩვენებს ხუთ შეკითხვას თეთრ დაფაზე/ეკრანზე/კედელზე – ლექციის დაწყებამდე ან ვიდეოს ჩვენებამდე – რომლებზეც სტუდენტებმა უნდა შეძლონ პასუხის გაცემა ლექციის დასრულების შემდეგ. შესაძლებელია მოსწავლეებმა პასუხები განიხილონ მცირე ჯგუფებში და შემდეგ გაუზიარონ მთლიან აუდიტორიას.
მინი ლექცია თემაზე „განახლებადი ენერგია“
კითხვები, რომლებიც შეიძლება დაისვას ლექციის დასაწყისში:
- განახლებადი ენერგიის რომელი წყაროების ათვისება ხდება საქართველოში?
- რატომ არის კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი არაგანახლებადი ენერგიის წყაროებიდან განახლებადზე გადასვლა?
- რატომ უწყობს ხელს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილებას და განახლებადის – არა?
- რატომ მიიჩნევა ბიოენერგია განახლებადი ენერგიის წყაროდ და როგორ შეიძლება მისგან ენერგიის მიღება სოფლის პირობებში?
- რა ფაქტორები უწყობს ხელს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?
- განზრახ შეცდომების დაშვების მეთოდი
მინი ლექციის დროს მასწავლებელმა განზრახ უნდა დაუშვას რამდენიმე შეცდომა. გაკვეთილის/ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები/სტუდენტები ჯგუფდებიან და ცდილობენ აღმოაჩინონ დაშვებული შეცდომები და შეავსონ სწორი ინფორმაციით.
- აქტიური მოსმენისა და რეკონსტრუქციის მეთოდი
გაკვეთილის ახსნის/მინი ლექციის დაწყებამდე მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ მომდევნო 3-5 წუთის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. მინი ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები:
- პირველ ეტაპზე: ინდივიდუალურად აფიქსირებენ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას;
- მეორე ეტაპზე: წყვილებში მუშაობენ და ავრცელებენ თავიანთ ჩანაწერებს;
- მესამე ეტაპზე: ორი წყვილი აერთიანებს რესურსებს და ქმნის კომპლექსურ პროდუქტს;
- დასკვნით ეტაპზე: ერთი ან ორი ჯგუფი წარმოადგენს რეზიუმეს, სხვა ჯგუფები უზრუნველყოფენ უკუკავშირს, ხოლო პედაგოგი ავსებს გამოტოვებულ ინფორმაციას ან ასწორებს კონცეპტუალურ შეცდომებს.
- ცარიელი ადგილების მეთოდი
5-10 წუთიანი ლექციის შემდეგ, პედაგოგი წარმოადგენს (ან პროექტებს) ლექციის შეჯამებას, რომელშიც გამოტოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რაც აღნიშნულია ცარიელი ადგილებით. ჯგუფები თანამშრომლობით ავსებენ გამოტოვებულ ინფორმაციას.
- მრავალსაფეხურიანი ინტერვიუების მეთოდი
სტუდენტები მუშაობენ წყვილებში, რათა შეაჯამონ მოკლე ლექცია ან წინასწარ წაკითხული ტექსტი:
- პირველ ფაზაში „A” სტუდენტი საუბრობს ერთი წუთის განმავლობაში, ხოლო „B” აქტიურად უსმენს;
- მეორე ფაზაში როლები იცვლება;
- შემდეგ წყვილები აერთიანებენ ინფორმაციას სხვა წყვილებთან.
ეს პროცესი უზრუნველყოფს ინფორმაციის პროგრესულ დახვეწას და განსხვავებული ინტერპრეტაციების ინტეგრაციას.
- ღია და დახურული შეკითხვების დიდაქტიკური მეთოდი
პედაგოგი წარმოადგენს ორ შეკითხვას – ერთ ღია და ერთ დახურული ტიპის. მოსწავლეები ანალიზს უკეთებენ თითოეული შეკითხვის სარგებელსა და მიზნობრიობას. შემდეგ, ვიდეოს ან ლექციის პროცესში, სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა ჩამოაყალიბონ ხუთი ღია შეკითხვა წარმოდგენილ მასალასთან დაკავშირებით. ეს მეთოდი ავითარებს კითხვების გენერირების უნარს და კრიტიკული დაკვირვების კომპეტენციას.
ზემოთ განხილული მეთოდები ცხადყოფს, რომ მინი ლექციის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსზე, არამედ მისი მიწოდების ფორმაზე. ტრადიციული, პასიური სმენის რეჟიმიდან აქტიურ, ჩართულობაზე გადასვლა საშუალებას იძლევა, დაიძლიოს ყურადღების გაფანტვის ბუნებრივი ბარიერი. როდესაც მოსწავლეს წინასწარ აქვს განსაზღვრული კონკრეტული ამოცანა — იქნება ეს შეცდომის პოვნა, კითხვების მომზადება თუ როლური გააზრება — მისი ტივნი ინფორმაციის მოსმენის დროს უფრო კონცენტრირებულია და სიღრმისეულად ამუშავებს მიწოდებულ მასალას.
მსგავსი მიდგომების დანერგვა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული მასალის უკეთ ათვისებას, არამედ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს, რაც თანამედროვე განათლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.


