ჭაკი ცხენი დანდობილად მისდევდა ბიჭს, ხანდახან თუ დააღირებდა კისერს და წასწვდებოდა მზისგან ჩამწვარ ყვითელ ბალახს. ბალახი მწარე იყო, ბოლში მოყოლილივით. მიწას, რომლის ნახეთქებში კაცის მუჭი ჩაეტეოდა, ჯერ ისევ შერჩენოდა ღამის სისველე. ეს იქამდე, სანამ აგვისტოს მზე დააჭერდა და მიწასაც ამოუვიდოდა მისგანვე შეჭმული ადამიანის ჭირი და ბოღმა. ეს ოხშივარი კი ყველაფერს, მთქნარებისა და უიმედობის ბურუსში გახვევდა: კოღოებს, მკვდარ ბალახს, მიტოვებულ სალოცავსაც, რომლის კარს დღეობებზე თუ გააღებდნენ.
„თევზი“ უკანმოუხედავად ქაჩავდა აღვირს, არც უყურებდა ცხენს. ჩქარობდა, მალე მოდღევდებოდა და რაც შეიძლებოდა, შორს უნდა გასცლოდა სოფელს, რომ
ტურებს მკვდარი ცხენისგან არაფერი დაეტოვებინათ, ძვლებიც კი გვიან ენახა ხალხს. ბებიამისს ცხელი დღეების გამო სუნი რომ არ დას
დებოდა, დამარხვის წინა დღეს გაუკეთეს ბალზამი. ბალზამს მათივე სოფლის სასწრაფო დახმარების ექიმი უკეთებდა. მან, რომელმაც წინა კვირას დაუგდო წნევა ქალს, ახლა ოთხში იღებდა. დაბალი, სასმლისგან შეწითლებული კაცი როცა საქმეს მორჩა, ბიჭს დაუძახა და შავი ცელოფანი მისცა, რომელშიც ბებიამისის შიგნეული იყო. უთხრა, რომ დაემარხა. ბიჭმა ცელოფანი მაყვლითა და დიყით სავსე ხევისკენ წაიღო. ხევი ისეთი პატარა იყო, ზაფხულში კოჭებს თუ დაგისველებდათ. გაზაფხული რომ სიცივეს გატეხდა და წყალს მოათბობდა, უბნის ხნიერი
ქალები მატყლს რეცხდნენ ხოლმე შიგ. ბიჭი გაკერპებული სცემდა მიწასა და ფესვებს ბარს, ამოაღრმავა, ძაღლებს რომ არ მოეთხარათ, ჩააგდო ორმოში პარკი და მიწა მიაფარა. დამარხვის დღეს, სანამ ინათებდა, ბიჭი მოხუცის თავლაში შევიდა და მისი ცხენი გამოიყვანა. ის ამ ცხენით ათრევდა ხმელ ხეებს ტყიდან, სანამ ზამთარი მუცლად მოიქცეოდა და თოვლს ჩამოჰყრიდა. არ გასჭირვებია,
ცხენს უდიერ პატრონზე მეტად უყვარდა ბიჭი, რადგან მას არასოდეს ეზარებოდა, გრძელ კისერზე მოჰფერებოდა.
მოუსავლიან და მშიერ ზაფხულს იჩხუბეს, კაცი სათიბის საზღვარს სათავისოდ სწევდა ხოლმე. ის ისეთი ბოროტი იყო, აღდგომა დილას რომ გათქმევინებდა მასზე,
რით ვერ ჩაძაღლდაო, ბიჭი კი მზისგან გახუხული, თევზივით ნერვიული და ხმელი თივასავით ფიცხი. მართალი იყო და არაფერი დაუთმო მოხუცს, ჯობდა კი დაეთმო და გასცლოდა. მოხუცმა ბიჭს რომ ვერაფერი მოდრიკა,
ღობის გადაღმიდან მიაძახა, ბებიაშენს ვხმარობდიო. ბიჭმა შეაფურთხა…
ერთი რამ იცოდა: პაპამისს დალევა უყვარდა, ბებიამისიც ამის გამო მოსტიროდა და ეჭიდავებოდა უქომაგოდ წუთისოფელს. ლამაზი ქალი კი იყო, თეთრსახიანი
და კოპლებიანი ჩითის კაბაში გამოწყობილი დადიოდა ხოლმე. კაცსაც უშედეგოდ ედგა თვალი ლოთი მეზობლის ცოლზე, ხელსაც წადილის ასასრულებლად ახმარებდა.
მაგრამ უშედეგოდ სდიოდა ნერწყვი და ყლაპავდა. ბიჭმა კი წამოძახება დაიჯერა, ლოგინად ჩავარდნილი ბებიამისის სანახავად არ მიდიოდა. მოხუცი ქალიშვილთან იწვა სახლში და ბიჭის ფოტოსკენ იშვერდა ხელს, საერთოდაც ასეა, თუ გინდა ვინმე დაგეკარგოს, მას უნდა დაელოდო. არადა ლოგინადაც იმის გამო ჩავარდა, რომ საავადმყოფოდან გამოსულმა ბიჭს საწვიმარი მიუტანა მინდორში.
როცა მივიდა, ატირდა და ყველაფერი მოუყვა, ქალის ფეხებთან ჩამომჯდარმა. ლოგინში ჩახვეწილი ბებიამისი კი მავედრებელი თვალებით უხსნიდა ბიჭს, რომ იმ ბოროტი კაცის ნათქვამი გულზე არ უნდა მოეხვედრებინა. მოუყვა ჩლიფინით, თუ როგორ ასმენდნენ, როგორ აგონებდნენ იმ კაცს, სანამ ბოროტი გახდებოდა, რომ ის
ბიძამისს ძალიან ჰგავდა. ზოგი ეუბნებოდა, რომ ის სხვენში ბიძამისის გაკეთებული იყო. უხსნიდა, რომ ის კაცი გააბოროტეს, რომ ერთხელაც ადგა და სახლს ცეცხლი
მოუკიდა, რათა შიგ ამოეწვა ყველა, ბიძაცა და დედაც, კოჭლი მეველე მამაცა და კოჭლი ბიძაშვილიც. ბებიამისი ეუბნებოდა რომ, ასეთი ადამიანი უნდა შეჰბრალებოდა, გული უნდა დასწვოდა მასზე და არ უნდა გაბრაზებულიყო…
ქალი მაშინ კი ატირდა, როცა პატიება სთხოვა, რომ ლეკვებს ხევში წნორის ხეზე უკიდებდა და უხრჩობდა. მე ამას იმიტომ ვაკეთებდი, შენი ლუკმა რომ არ ეჭამათ და შენ არ გეშიმშილაო…
ქალს, ხელ-ფეხთან ერთად, ენაც ჰქონდა სანახევროდ წართმეული. სიცხეების დადგომისთანავე ჩაქრა…
ბიჭი კი, როცა ჭინჭრის ფესვებს გაკერპებული სცემდა ბარს და გვერდით შიგნეულით სავსე შავი ცელოფანი ეგდო, ძალიან ნანობდა, რომ იმ კაცის წამონაძახი დაიჯერა და ამაზე ბებიამისთან სიტყვა დაასველა. რომ ვერ მიხვდა, ბოროტი კაცის ენა ყველაფრის მთქმელია და უნდა შეძლო, მისი ნათქვამი მღვრიე წყალს გაატანო.
მალე დღესასწაული მოვიდოდა. საყდრის ყრუ-მუნჯი ყარაულის გასამრჯელო, სანთლის სამაგიეროდ დატოვებული ხურდა და, თუ გაუმართლებდა, ბატკანი იყო. გულდაგულ ამოკაფა საყდრის კარში ამოზრდილი ასკილი, ჩიტების სკინტლი გადაწმინდა ქვის სასანთლეებიდან და გარეთ ზარს დამპალ თოკს
უცვლიდა, როცა ბიჭი დაინახა ცხენთან ერთად. იცნო, ბიჭსაც ისეთივე მოხრილი სიარული სჩვეოდა, როგორც მამამისს.
„თევზს“ საერთოდ არ გაუხედავს საყდრისკენ, საერთოდაც არ ფიქრობდა ღმერთზე, რომელიც ჯვარზე გააკრეს და ცად ამაღლდა, იმათზე ფიქრობდა, მუდამდღე
რომ უწევდათ ჯვარზე გაკვრა, მაგრამ ცად ვერ მაღლდე
ბოდნენ.
როცა „თევზი“ კლდის პირას მივიდა, მზეს უკვე ნამი აეკრიფა გადამწვარი მინდვრიდან. კლდის ძირში ლოდები და ასკილი ჩანდა. ცხენს ზურგზე დაგდებული შავი ცელოფანი შემოაცალა და კისერზე ჩამოაცვა, კლდის ქიმ
თან მიიყვანა და უკნიდან ჯოხი გამეტებით გადაჰკრა…
…………………………………………………………………………………….
წლების შემდეგაც ხედავდა სიზმარს, თითქოს ბებიამისს ბრაზისგან ჩაშავებოდა სახე. ხელში თავისივე შიგნეულით სავსე, შავი ცელოფნის პარკი ეჭირა და ხევში
მიდიოდა, მტკიცედ მიაბიჯებდა და თელავდა ჭინჭრებს. და თითქოს ნაოფლი, ჭაკი ცხენის სუნი ჰქონდა მიწას…
ბიჭი არ იყო ბედნიერი.


