ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ევა, იანვარა და იასამანი

თონესავით ჩავარდნილ სოფელს ხრიოკ გორაზე მდგარი, დახავსებული საყდარი დასცქეროდა.

იანვრის დილას მღვდელი საყდრიდან სოფლის მფარველ,  თეთრცხენოსანი წმინდანის ხატს გამოაბრძანებდა და ხალხს სოფლის შუაგულში ჩამომავალ პატარა მდინარისაკენ ისეთივე გულდაჯერებით გაუძღვებოდა, როგორც მოსე მიუძღვოდა ებრაელებს უდაბნოში. ზამთრის სუსხიან დილას, თავდაღმართში, ხორხოშელა თოვლს მიკვალავდნენ მღვდელი და მრევლი. იყო მათ თვალებში რაღაც საზეიმო და ამაღელვებელი. მღვდელი სოფელივით მოხუცი იყო და ღმერთივით ეშლებოდა თმა-წვერი. ახალგაზრდები ხელს აშველებდნენ, თოვლში პირქვე რომ არ ჩამხობილიყო.

მდინარეში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ნაჯახით ყინულს ამოამტვრევდნენ, ანაფორააკალთავებული მღვდელი მოწიწებით უშვებდა ხატს მდინარეში, თითქოს ცივი წყლის გამო ებოდიშებაო. როცა წმინდანს ფეხები დაუსველდებოდა, წყალი ნაკურთხი იყო უკვე, რაც ყველაზე მთავარია, რიტუალის დროს ყველა უმძრახი უნდა ყოფილიყო. მღვდელი მკაცრად იცავდა წესებს, სჯეროდა, თუ ვინმე ენას დაასველებდა, წყალი არ დაწმინდავდებოდა.

ჯერ კაცები დგებოდნენ გრძელ მწკრივში, ხატს ემთხვეოდნენ, შემდეგ მღვდელი მათ დაწმინდავებულ წყალს აპკურებდა. პკურების შემდეგ კაცები წყალს სახეზე ისხამდნენ, კარგად რომ ჩამოებანათ ცოდვის ჭუჭყი; შემდეგ ქალების რიგიც დადგებოდა. მათ ჭურჭელიც მოჰქონდათ, წყალი რომ წაეღოთ სახლში. მწნილს, ყველის წათხს ამზადებნენ და ქალიშვილებსაც ამ წყლით ბანდნენ თმას. სჯეროდათ, რომ ეს წყალი არა მარტო თმების ბზინვარებას, არამედ ბედნიერებასაც მოუტანდა მათ შვილებს. დასჩურჩულებდნენ, რომ ბანვისას ნატვრა ჩაეთქვათ გულში. ამ დროს ყრუ-მუნჯი მნათე ზარს დარეკავდა, იმის მანიშნებლად, რომ წყალი დაწმინდავდა და ხალხსაც  ის ცოდვა მიეტევა, რაც დღესასწაულამდე ჰქონდა ჩადენილი. ბოლოს უკვე საქონელსაც უშვებდნენ მდინარესთან, დასარწყულებლად.

მრევლთან ახლოს არ მიდიოდა და შორიახლოს ტრიალებდა ერთი გოგონა, რომელიც ყველაზე კეთილი და ყველაზე ცოდვილი იყო ამ სოფელში.

 

შემდეგ ისევ მოდიოდნენ _ ამ დღისთვის გამომცხვარი ქადებით, ნაზუქებითა და ხილის არყით ხელში. თოვლიდან საქონლის გაყინულ ნეხვს გადაჰყრიდნენ, მოტკეპნიდნენ და სუფრას შლიდნენ.

თამადა სოფლისთავი იყო _ ბრგე და დოღრიალა, ძალმოსილი და სასტიკი. მისი ეშინოდათ  და შურდათ, თუმცა, საუბედუროდ, არავინ იყო იქ ისეთი, სოფლის თავის ადგილას თვითონაც სასტიკი რომ არ ყოფილიყო.

ჩხუბიც ატყდებოდა… რასაც წმინდანი პატიობდათ, იმას ერთმანეთს ვერ პატიობდნენ. ახლა ზამთარი იყო _ მუდამდღე ერთი და იმავე საქმით: საქონლის დარწყულებით, თივის ჩაყრითა და ნეხვის ხვეტით ჩლუნგდებოდნენ… ჩხუბი აცოცხლებდათ. დაღლილები და ნაცემები სისხლიან პირისახეს ნაკურთხ მდინარეშივე იბანდნენ.

ვალმოხდილი მღვდელიც უკან, საყდარში ააბრძანებდა ხატს. ის კარგი ღვთისმსახური იყო, სიბერეს მასში ყველა ვნება გამოეშრიტა, მღვდლური წესების მორჩილების გარდა. ხალხსაც სჯეროდა, რომ მღვდლის არდაჯერებით ცხელ ნაკვერჩხლებს დაიყრიდნენ თავზე, თუმცა ავი ბუნება სულ მუდამ სძლევდათ ხოლმე. მღვდელი კი ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანისთვის არაადამიანობაა ადამიანური.

ამასთან ერთად, ყველაფერი ცუდი სწორედ იმ დღეს ხდებოდა ამ სოფელში, ეს მათ ხლეჩდა და ერთმანეთს აშორებდა, ამის გამო ყველა უბედური იყო, თუმცა ამასაც ვერ ხვდებოდნენ.

 

მასწავლებელი

 

ჩემი სკოლა გორაზე იდგა, ბოროტ ქარს ფარღაღალა აივანზე ცივი ფიფქები შემოჰქონდა. კლასებში ისევე ციოდა, როგორც მიტოვებულ სახლებში.

თავი მომწონდა _ შორი მხრიდან მოსული, პატივისცემით ვსარგებლობდი. ახლა კი ვხვდები, არაფერია ისეთი საშიში, როგორც ხიბლში ჩავარდნილი მღვდელი და მასწავლებელი.

მივხვდი, ეს ხალხი მარტო იმას იძულებდა, ვინც აგრძნობინებდა, რომ მათზე უკეთესი იყო. ეს საგულდაგულოდ გავითავისე და, რაც არ უნდა დამენახა, ენას არ ვასველებდი მათზე.

ევაცა და ევლიაც ჩემი მოსწავლეები იყვნენ _ ყველაზე სუსტები. ევლიას _ ძალიან გამხდარსა და შავგვრემან ბიჭს, ჩვევად ჰქონდა, ყოველ წუთს თავისი ხელები დაესუნა. მას ევას უყვარდა, ევას კი… ვგრძნობდი, მე ვუყვარდი. გვიან მივხვდი, რომ მე  ერთადერთი ვიყავი, ვინც მას თბილად ექცეოდა. არ დაგიმალავთ, მეც მაღელვებდა ოფლის მოტკბო სუნი, მას რომ ასდიოდა. რომ არა ხალხი…

ყოველთვის ვთხოვდი გაკვეთილის მოყოლას, თუმცა, ვიცოდი, ევას არც ამჯერად ეცოდინებოდა. ვთხოვდი და ევას ყავისფერი თვალები უფრო ჩაუმუქდებოდა ხოლმე. მრგვალსახიანს, ლოყასა და ტუჩზე ჰქონდა ხალი.

მე, სკოლის მასწავლებელი იანვარა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იჯდა ხოლმე გარინდებული ევა თეთრი იასამნის ბუჩქის ქვეშ, რომელიც მაინდამაინც ყველაზე მახინჯ ადგილას, სოფლის ნაგავსაყრელზე ამოსულიყო.

მე მაშინაც ვერაფერს მივხვდი, როცა დავინახე, თუ როგორ ხტებოდა ევა საყდრის გალავნიდან მიწაზე. ავიდოდა _ გადმოხტებოდა, ავიდოდა _ გადმოხტებოდა.

ვკითხე, თუ რატომ იქცეოდა ასე. ის კი ატირდა და მიპასუხა, რომ ორსულადაა და არც კი იცის ვისგან _ სოფლის თავისგან, მენახირისგან თუ დიდი ბიჭებისგან; რომ უნდოდა, რამე მერჩია მისთვის. მე კი ვერაფერი ვუპასუხე… საერთოდაც, არ მინდოდა, ხალხს ერთად მარტონი დავენახეთ და სწრაფადვე გავშორდი.

ევა კი დახავსებული საყდრის მაღალი გალავნიდან მეორე დღესაც ხტებოდა მიწაზე…

 

 

სოფლისთავი

 

სძულდა ის სახლი, სადაც გაიზარდა. დედამისი წავიდა, მთვრალი მამამისი კი აივნიდან გადმოდგებოდა და ფსამდა ხოლმე. ბიჭი თავმოყვარე იყო და რცხვენოდა თავისი მეზობლებისა, კარის გაღებაც არ უნდოდა მამამისისთვის, როცა ის მთვრალი მოდიოდა. ბიჭი სთხოვდა მას, აღარ დაელია, მამა კი ამბობდა, რომ არაფერს აშავებდა ჭიქა ღვინის მეგობრებთნ დალევით, ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა ცუდს.

არც მამას მოსწონდა შვილი, ერჩივნა მასავით მსმელი და მოჩხუბარი ყოფილიყო და არა წიგნის ჭია. საბაბს ეძებდა დაესაჯა, გაქცეული ცოლის ბოღმაც გადმოენთხია მასზე და ერთხელაც, როცა დაინახა, როგორ ეხუტებოდა საჯდომზე მეზობლის ბიჭს, სასტიკად სცემა სახრით. დაალილავა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მუხლებში უვარდებოდა და ეფიცებოდა, რომ ამას არასოდეს აღარ იზამდა. კაცს სირცხვილის შეეშინდა. რას იტყოდა ხალხი, როცა გაიგებდა, მას ასეთი შვილი ჰყავდა?!  გამეტებით სცემდა სახრით და ეუბნებოდა, რომ დედამისივით წათრეულიყო.

შვილს სახრეზე მეტად სტკენდა მამის იმედგაცრუება. უნდოდა, ისეთი გამხდარიყო, როგორიც მამამისს სურდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ. არავინ ჰყავდა, ვინც ეტყოდა, რომ ამქვეყნად თავისთავადობაა კარგი.

ბიჭი წასასვლელად ემზადებოდა, როცა სახლთან მისულს მამამისს კიბესთან ჩაეძინა და გაიყინა. სითბოში შეტანილ გამხვალ მკვდარს სველ ფეხებზე ეხუტებოდა ბიჭი და ტიროდა. ავი იყო თუ კარგი, სხვა მამა არ ჰყავდა, მას არ მიუტოვებია დედამისისგან განსხვავებით, იმის მიუხედავადაც კი, რომ მამას საერთოდ არ მოსწონდა შვილი, თანაც, როცა ადამიანები კვდებიან, მისი ნასროლი ქვები გვავიწყდება ხოლმე. ახლა დედამისს ამტყუნებდა წასვლის გამო.

ბიჭმა დასაფლავებისას დაიფიცა, რომ ისეთი იქნებოდა, როგორიც მამამისს უნდოდა, რომ ყოფილიყო.

ვერც მამის სიკვდილის შემდეგ წავიდა. მისი ძმა ჭკუიდან შეცდა, როცა, გარეთ გამოსულმა, წინკარში გაყინულ მამას წამოჰკრა ფეხი. შეეშინდა და გაბავშვდა. ახლა მისი საქმიანობა ძაღლების დაპურება და მათთვის ტკიპების გამოცლა იყო. უმცროსმა ძმამ ვერ დატოვა უფროსი. არადა, ვინც წასვლას გადაიფიქრებს, ყოველთვის უბედურდება ხოლმე.

ხშირად წამოარტყამდა გაგიჟებულ ძმას, რადგან კარგად იცოდა ერთი ძველი ხალხური სიბრძნე, რომ გიჟი აუცილებლად უნდა შეაშინო, რომ ეს მისთვისაა კარგი, თუმცა კი ძალიან უყვარდა ძმა, უყურებდა და გულმუცელი ეწვოდა მისი საცოდაობით, როცა ის ქალის დანახვისას ხელს შარვლის უბეში ჩაიყოფდა და სახალხოდ ჩუკენობდა ხოლმე, როცა სოფლის ყველა ძაღლს აცლიდა ტკიპებს, როცა, ვინც გაუღიმებდა, ყველა მეგობარი ეგონა და ამის გამო ბოსტანს უბარავდა და ბოსელს უხვეტდა მათ. ვეღარც ესარჩლებოდა, როცა ამასხარავებდნენ. მათ დასანახავად იცინოდა, სახლში კი სცემდა, სცემდა და ტიროდა. ძმას არა, თავის თავს დასტიროდა, რომ ცხოვრებამ ჯერ ლოთი მამა არ აკმარა და გიჟი ძმაც აჰკიდა სათრევად.

არადა, სატირალი ის იყო, მამამისივით ცემით რომ ცდილობდა ძმის შეცვლას და ისეთად გახდომას, როგორიც თვითონ უნდოდა რომ ყოფილიყო.

ვერ ხვდებოდა, რომ ვერასოდეს ვერავის შეცვლი, მითუმეტეს ცემით. მამამისი ღვინის გარეშე ვერ ძლებდა, ძმა კი _ ტკიპების გარეშე და უნდა შეგუებოდა ამას.

მისი მშველელი წიგნები იყო და სწავლა. იცოდა, რომ განათლება სუფთად ცხოვრების საშუალებას მისცემდა. სხვა გლეხებივით მიწასა და ნეხვში არ ექნებოდა ხელი ამოვლებული. კითხულობდა და კითხულობდა, სულაც იმიტომ, რომ უკეთესი ადამიანი გამხდარიყო.

ერთხელაც მთელ ქვეყანაში ხმა გავარდა, რომ საპყრობილეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ. მომავალი სოფლისთავი იმდროინდელი ხელისუფლების დაუცხრომელ მოწინააღმდეგედ იქცა. ახალმა მთავრობამაც ამაგი დაუფასა _ ერთგული რევოლუციონერი სოფლისთავად დანიშნა.

წარმოსადეგსა და დათვივით ძლიერს, შვენოდა სახელო და სახელი. ბევრსაც აკეთებდა თავისი სოფლისთვის. როცა მოკვდებოდა და ღმერთი ჰკითხავდა, რატომ აკეთებდი ამდენს შენი სოფლისთვისო, უპასუხებდა _ მძულდა და იმიტომო. სძულდა თავისი ხალხი, მათი შიშით, ის ვერ იყო, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

ცოლიც მოიყვანა _ ევლიას დედა. მოსწონდა ეს ქალი. ის მორჩილი იყო, რასაც ყველაზე მეტად აფასებდა ქალში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო _ ცოლიც ჰყავდა, ოჯახში ბავშვიც იზრდებოდა, მტკიცედ იცავდა მამისადმი მიცემულ ფიცსაც, თუმცა ერთხელაც ვერ მოითმინა, დედიშობილა მიენდო კაცის ალერსს. კაცი უცხოელი იყო, შორიდან მოსული და ამიტომაც გაბედა.

ცოლმა დაინახა. საღამოს უთხრა, რომ ცოდვას ჩადიოდა და მისნაირები სოფლის მფარველ წმინდანს არ მოსწონდა.

კაცმა პირველად მაშინ სცემა ცოლი და, ტირილამდე მისული, სასოწარკვეთილი განრისხებით  დაჰყვიროდა მას, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, განსაკუთრებით მღდვლისთვის, თორემ მოკლავდა.

ერთი რამ კარგად ესწავლებინა მისთვის ცხოვრებას, რომ სხვისი საიდუმლო საკუთარზე მძიმე სატარებელია.

ამის შემდეგ ხშირად სცემდა ცოლს, ლუკმას აყვედრიდა, ეუბნებოდა, რომ შვილი გაუზარდა და ამის გამო მას ენა უნდა დაემოკლებინა, რომ სიმსუქნით ისე დაუშნოვდა, არც ერთ კაცს არ მიუვიდოდა მასზე გული. არც ცოლი იყო პირნათელი ქმართან, ამ კაცს მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, რომ შვილი გამოეკვება.

 

ევლია

 

„იქნებ ცოტა ნაკლები ჭამო!“ _ ეუბნებოდა ევლია დედას, როცა შეამჩნევდა, თუ როგორ ცოტავდებოდა კედელზე, ლურსმნით ჩამოკიდებულ ცელოფანში პური. მას მამინაცვლის გაბრაზების ეშინოდა. ის ევლიას დედას ეტყოდა, რომ კუჭი არაფრით არ უძღება. ევლიამ იცოდა, რომ დედამისი ამ მდგომარეობაში მის გამო ჩაავრდა, კაცს იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ შვილი მშიერი არ ჰყოლოდა. ამ დროს კი ბიჭს სულ ის ახსენდებოდა, თუ როგორ ამოუსვამდა ხოლმე მამინაცვალი საჯდომზე ხელს. ვერ ამბობდა ვერაფერს, ვერც დედას ვერ იცავდა. გაუბედაობით გაბრაზებული, ბაღში გარბოდა და ბარს გამეტებით ურტყამდა ბელტს, თითქოს ბელტი მამინაცვალი ყოფილიყო და გულს უოხებდა იმის წარმოდგენა, თუ როგორ გადაუხსნიდა ბარი მას სახეს და როგორ გაასხამდა სისხლი. მალ-მალე ხელებზე იფურთხებდა და ისრესდა. მარტო იმიტომ არა, ბარის ტარზე ხელი არ გასცურებოდა, უნდოდა, მკვდრის სუნი მოშორებოდა ხელიდან.

ის და დედამისი, სანამ გათხოვდებოდა, მოხუც ნათესავთან ცხოვრობდნენ. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ მოხუცს სკლეროზი დაემართებოდა. ის ბოლო ხმაზე ყვიროდა და ოთახიდან ოთახში დარბოდა.

ჯვარს ეცვნენ ორივე _ დედაცა და შვილიც. ევლია მოხუცის სიკვდილს ნატრობდა, რომ დაესვენათ.

ზამთრის ერთ ღამეს ევლიას საწოლში გამოეღვიძა და დაინახა, როგორ ჩაედო დედამისს მოხუცის თავი კალთაში და როგორ უჭერდა ნიკაპზე ხელებს. ალბათ, დაიღალა მოხუცის ყვირილით, თავი ვერ დაიჭირა და დაახრჩო, _ ფიქრმა შეაშინა ევლია. საწოლში მოკუნტულმა მთვარის ანარეკლზე დაინახა, როგორ აკიაფდა დედის ხელებში ოქროს კბილი.

„ამაწევინე!“ _ დაუძახა დედამისმა დაღლილი ხმით, როცა მიხვდა, რომ შვილმა ყველაფერი დაინახა. ბიჭმა მკვდარს დახეთქილ ფეხისგულებზე მოჰკიდა ხელი და უცბად გველნაკბენივით გაუშვა. ღამის სიჩუმეში, ნაქარი ხილივით, მძიმედ დაეცა მკვდარი. ქალს ცივ იატაკზე ფეხშიშველა სიარულისგან დახეთქოდა ქუსლები.

„დონდლო!“ _ შეჰყვირა დედამისმა და გამეტებით სტკიცა. ბიჭს შეეშინდა ისევ არ დამარტყასო და მკვდარს ახლა ჯოხივით წვრილ კანჭებზე წაავლო ხელი. მკვდარი ცივ სარდაფში ჩაიტანეს და ზედ საბნები დააფარეს. ყინვიანი თებერვალი იყო, მიცვალებული არ ასუნდებოდა, ესენიც თვის ბოლოს შეიცხადებდნენ, რომ მოხუცი მოკვდა და მის შემწეობასაც აიღებდნენ.

მაშინ დედამისზე არ გაბრაზებულა, არც იმის გამო, მოხუცს ოქროს კბილი რომ ამოაგლიჯა, არც იმის გამო, მისი ნივთები შავ ცელოფანში რომ ჩაყარა და ხევში მოისროლა. მაშინ კი გაბრაზდა, სოფლისთავი დედამისთან ღამე რომ მოვიდა და გარეთ გამოაგდეს.

ბიჭი მიწას დაჰყურებდა და მეზობლების გულიანი სიცილის ხმა ესმოდა. ეს ის ხალხი იყო,  რომელიც ხედავდა, რომ სოფლისთავი ცოლს სცემდა. სოფლისთავის მომდურება არ უნოდათ. სოფლისთავს შეეძლო, მათთვის მთავრობის შემწეობა დაენიშნა და წლითი წლამდე მაძღარი ექნებოდათ კუჭი.

წინა ღამით, როცა ბოსელში ნაკელის გამოსატანად შევიდა, დაინახა, თუ როგორ ჩახვეოდა მამინაცვალი ევას, როგორ ლოშნიდა და როგორი ზათქითა და ზმუილით ეცემოდა ზემოდან  პირქვე მწოლიარეს. მამინაცვალმა დაინახა გერი, მაგრამ არც შემცბარა, როგორც მაშინ შეცბებოდა ხოლმე, როცა ბიჭი დედასთან ჩახვეულს წაასწრებდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორ უყვარდა ბიჭს ეს თივაში პირქვე მოკრუსუნე გოგო.

პირუჩუმრად წამოვიდა ევლია ხმაურიანი ბოსლიდან, ღუმელთან მჯდარ დედასთან მივიდა და უთხრა:

„აქედან წავიდეთ!“

დედას მსუქანი ხელები აუკანკალდა.

„აქ პური გვაქვს!“ _ იყო პასუხი.

 

ევა

 

ის ბუნებისა და მუნჯი ბიძის ანაბარა იზრდებოდა. მშიერ მუცელს ჩასტიროდა ბიძა-დისწული.  დღესასწაულზე თუ გაუმართლებდათ, როცა მომლოცველები სურვილს ჩაუთქვამდნენ შავ მამალს და საყდრის ეზოში ააფრენდნენ ხოლმე. მუნჯი და ევა ერთად დასდევდნენ მამალს დასაჭერად.

ევაზე ძალა პირველად წყალკურთხევას იხმარა ბიძამისმა. როცა უკვე მოზრდილი გეჯაში  ჩასვა და წმინდა წყლით აბანავა. მეორე დღეს მოუტკბილდა, თითქოს არაფერი მომხდარა, ანიშნა მწნილი წმინდა წყალში ჩაედო. ევა კი ტირილით კეპავდა კომბოსტოს და მკვდარ დედამისს სწყევლიდა მისი სატანჯველად გაჩენისთვის. ვერავის ეტყოდა. ჯერ ერთი, რცხვენოდა, მეორეც _ ბიძამისს მაინც არავინ გაამტყუნებდა იმ სოფელში.

როცა ევა საყდარზე დაჭერილ მამალს ასუფთავებდა, ბურტყლი ყოველთვის ბიძამისის მკერდზე ამოსულ ბალანს ახსენებდა, როცა ის ზედ იხუტებდა და აიძულებდა, მკერდი დაეკოცნა,  ამიტომ ზიზღიან ლუკმას მუჭით იბრუნებდა მუცელში, ბიძამისს რომე არ შეემჩნია. თუ შეამჩნევდა, სცემდა ამ უმადურობის გამო.

ერთხელაც, როცა მუნჯმა დღასასწაულზე ტაძრის სამრეკლოს დამპალი თოკი გამოუცვალა, საყდრის ეზოში ახალგაზრდებმა მიიპატიჟეს საქეიფოდ. გულიანად იცინოდნენ, თუ როგორ ცდილობდა მუნჯი ზმუილით ლაპარაკს. იმ დღეს მთვრალმა მარტომ მოინდომა მამლის დაჭერა და საფლავში ჩავარდნილი დაილეწა.

ევა უვლიდა საწოლში მწოლიარე ბიძას, გულში კი ფიქრობდა, მისთვის წყალი მიეტანა თუ საწამლავი, საჭმელად ჭრელი გველი ხომ არ შეეწვა. გული ერეოდა, როცა ხედავდა, თუ როგორი მავედრებელი თვალებით უყურებდა ის. ევა კი წავიდა იმ ღამით სოფლისთავის ბოსელში. ეს იყო მისი შურისძიება, თანაც სოფლისთავი მას მფარველობას ჰპირდებოდა.

სოფლისთავი ევას ისევე ხმარობდა, როგორადაც იმ სოფელში ვირებს ხმარობდნენ ხოლმე. უკნიდან უხეშად უბიძგებდა და სტკენდა, მარტო იმიტომ, რომ ევას სოფლისთავის დედასავით თვალებზე ეტყობოდა ამბოხისა და გაქცევის სურვილი.

მუნჯი სწორედ იმ ღამით მოკვდა. მის გასაპატიოსნებლად მოსულმა მღვდელმა ევას უთხრა, რომ ყველაფერი ცუდი ჩვენს განსაწმენდელად ხდება, რომ წყალკურთხევას მივიდეს და ცოდვები ჩამოიბანოს.

ევა კი სხვასთანაც მიდიოდა დასაწოლად, თითქოსდა წმინდანის ჯიბრზე ირჩევდა ყველაზე ბინძურებს იმ სოფელში.

სად იყო წმინდანი მაშინ, როცა ევა გაჩნდა? საერთოდაც, სად იყო წმინდანი, როცა ბიძის შერჩენილ თესლს იწმენდდა ბარძაყებიდან?

მღვდელს რომ მოსმენა შესძლებოდა, ხომ შესჩივლებდა ევა, რომ ორსულადაა და არც იცის ვისგან _ სოფლისთავისგან, სოფლის მენახირისგან, რომელიც ყველს ჩუქნიდა ხოლმე, თუ უბრალოდ სკოლის მოსწავლე დიდი ბიჭებისგან, რომლებიც მორიგეობოთ ხმარობდნენ მას.

რა ბედი ეწოდა მის შვილს? როგორ გაზრდიდა?

თვითონაც ხომ ასე გაჩნდა? დედამისი მწველავი იყო. მენახირე უყვარდა. მინდორში შემცივნული, ევას დედას ბოსელში ხარბად უკოცნიდა ხოლმე თბილ მკერდს და რა წამსაც ევას დედას მუცელი გამოებერა, გაქრა. ევა გაჩნდა და დედამისიც დამთავრდა. იზრდებოდა უშვილძირო მუნჯ ბიძასთან. ხალხიც სულ იმას ასმენდა, რომ ცოდვის ნაყოფი და ნაბიჭვარი იყო.

თვითონაც ხომ სანახევროდ მშიერი იყო, ვინ მიაწოდებდა საჭმელს გოგოს, რომელმაც „ლაჯი აიღო“ და ყველასთან დაწვა. იცოდა, ბავშვს თუ გააჩენდა, უფრო გაუძაღლდებოდა ცხოვრება.

გადაწყვიტა მუცელი მოეშალა.

გაგებული ჰქონდა, რომ სიმაღლიდან გადმოხტომით ბავშვის მოკვლა შეიძლებოდა. საყდრის გალავანზე ავიდა და, როცა უნდა გადმომხტარიყო, ხმა მოესმა.

„ნუ დგახარ მანდ!! ეშმაკი ხელს გკრავს და გადმოვარდები!~ _ ხმა სოფლისგან მოძულებული მკითხავისა იყო, რომელიც ძველ სასაფლაოებზე სამკურნალო ბალახებს აგროვებდა. ის არ უყვარდათ იმ სოფელში, თუმცა სჭირდებოდათ. მშიშარა და ზიზღიანი არ იყო, დამარხვის წინ მკვდრების გაწმენდა შეეძლო სველი ნაჭრით და კიდევ ყბის აკვრა, ღმერთთან სუფთები რომ მისულიყვნენ.

ევას გაუკვირდა, თუ რა უნდოდა საყდარში ეშმაკს, მაგრამ ვერ ჰკითხა. ისევ იმ ქალის ხმა მოესმა.

„ლოდი აწიე! ლოდი!“

როცა მოხუცი მკითხავი თვალს მიეფარა, ევა უშველებელ ლოდს დაეჯაჯგურა და, ჭინთვით, სუსტ მკერდამდე აითრია. როცა ქვა დაუვარდა, მოლოდინით დააცქერდა თავის უბესა და მუცელს. ბავშვი აღარ მოძრაობდა.

ბავშვი მეთოთხმეტე კვირას, ყინვიან იანვარს გაჩნდა, იმ მდინარის სათავესთან, სადაც წყალს აკურთხებდნენ ხოლმე.

მკვდარ ტიტველ ბეღურას ჰგავდა, ნიგვზისოდენა თავით, კანქვეშ მოლურჯოდ მოუჩანდა პაწაწინა ორგანოები და გამჭვირვალე თხელი თითები სახეზე  ჰქონდა აფარებული, დარტყმისგან  თავს რომ იცავენ ხოლმე, ისე.

უბეზე სისხლმიყინული თეთრი ევა გულაღმა იწვა თოვლზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცას ნაჯახი ჩაერტყა მისთვის გულ-მუცელში. ძალის მოკრეფას ცდილობდა, რომ ამდგარიყო და შვილი დაემარხა. აქ მისი სოფლელები ნაგავს ყრიდნენ და აქ ობოლი იასამანი იდგა.

`იანვარა… იანვარა…~ _ ჩემს სახელს დასჩურჩულებდა ევა ბავშვს.

ზმუილით გადაბრუნდა პირქვე, მწოლიარემ თეთრი იასამნის ქვეშ გაქვავებული თოვლ-მიწა ფრჩხილებით ამოჩიჩქნა და გაყინული იანვარა ჩააასვენა. როცა საფლავის ბორცვი ხელისგულებით მოტკეპნა და ზედ ლოდი მიაჩოჩა, მაწანწალა ძაღლებს რომ არ ამოეთხარათ, ზარის რეკვა ჩაესმა. ხანგრძლივად რეკავდა, ეს რეკვა ზეიმის მაუწყებელი იყო სოფელში და ხალხს ამცნობდა, რომ წყალი დაწმინდავდა.

ევას კი ზარის რეკვისას სულ სხვა ხმა ესმოდა:

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

ადგა, არ გაუფშვნეტია ხელები, მოზეიმე ხალხისკენ წავიდა, მდინარეს ჩაუყვა, სისხლის გემო ჰქონდა პირში, აღარაფერი უნდოდა, შურისძიების გარდა.

ევას ევლია არ დაუნახავს, რომელიც ამ ყველაფერს დიდ წნორს ამოფარებული უყურებდა.

 

მე ამ დროს ნისლიან მდინარესთან ვიდექი. მეც ვიპკურე ნაკურთხი წყალი და დავინახე, როგორ ჩადგა ევა, ხატზე სამთხვევად, რიგში, სხვა ქალებთან ერთად. ქალები აიმრიზნენ, კაცებმა  შეათვალერეს.

გამიკვირდა, ის იქ არასოდეს მინახავს, მღვდელს კი გაუაღდგომდა სახე, როცა უძღები შვილი დაინახა. ხატი მოუმზადა, რომ მთხვეოდა, თუმცა საერთოდ არ ჰქონდა ევას მომნანიებლის მორჩილი სახე.

სულ რამდენიმე წამით ჯერ სახეში დააშტერდა წმინდანს, შემდეგ კი ამოიძახა: „შენ მაინც ვერაფერს ხედავ!“ _ და ხატს მიწიანი ფრჩხილები უტყვ თვალებში ჩაარჭო.

 

სამარისებურ სიჩუმეში ჭახანის ხმა გაისმა. სოფლისთავი პირქვე ჩამხობილიყო წმინდა მდინარეში. იქვე ეგდო სისხლიანი ქვა და იქვე, ნისლში იდგა ევლიაც.

 

 

შეფასების რუბრიკა

I ნაწილი — ცოდნის ტესტი (10 ქულა)

კრიტერიუმი აღწერა მაქს. ქულა
ფაქტობრივი სიზუსტე სწორი პასუხები კითხვებზე (ტერმინები, მოვლენები, პერიოდები). თითო კითხვაზე 2 ქულა. 10 ქულა

შეფასების წესი: თითო ზუსტად პასუხი — 2 ქულა. ნაწილობრივ სწორი — 1 ქულა. არასწორი ან გამოტოვებული — 0 ქულა.

II ნაწილი — შემოქმედებითი დავალება (10 ქულა)

ვარიანტი A — „მე ვარ დმანისის ადამიანი“ / ვარიანტი B — „ინტერვიუ ქვის ხანის ადამიანთან“

კრიტერიუმი აღწერა ქულა
     
     
     
შინაარსი და ფაქტობრივი სიზუსტე სწორად გადმოცემულია ქვის ხანის ცხოვრების ელემენტები (ცეცხლი, საცხოვრებელი, საქმიანობა, ბუნება). 0–5 ქულა
კრეატიულობა და წარმოსახვა ტექსტი საინტერესოა და მოსწავლის აზროვნებითაა დაწერილი. 0–3 ქულა
ენა და სისუფთავე წერა გასაგებია, სუფთად და ლოგიკურადაა ჩამოყალიბებული. 0–2 ქულა

საერთო შეფასება: ცოდნის ტესტი — 10 ქულა, შემოქმედებითი დავალება — 10 ქულა. ჯამი — 20 ქულა.

ქულების გარდაქმნა შეფასებად:

ქულა შეფასება
   
   
   
   
   
18–20 შესანიშნავად (A)
15–17 ძალიან კარგად (B)
12–14 კარგად (C)
9–11 დამაკმაყოფილებლად (D)
0–8 გაუმჯობესება სჭირდება (E)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“