ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

„დღეები რბიან და…“ შემოდგომის ფოთლები ზამთრის ქარს მიაქვს

ფუნჯები დავრეცხე ეს-ესაა…
რა უნდა ქნას ამ უმძიმეს რეალობაში კაცმა, თუ არა „გაემგზავროს მადრიდს“, ნუ, ჩემს შემთხვევაში, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, „ზილიკოში“.
ჩვენს ჯგუფში ერთი 63 წლის კაცია. რამდენიმე წელიაო დავიწყე ხატვა. ხატავს რაღაცა კუბისტურ-სიურეალისტურ სტილში. ჰოდა, მეც თუ ისევ მომინდა ხატვა და დამიბრუნდა ამ პროცესის სურვილის მაგია თუ ინტიმი, ამ მეცადინეობებს ღვთის წყალობად ჩავთვლი.
ფერწერა პირონების სულის პროექციაოო, ბატონმა გია ხუციშვილმა. მე კი, „გარე თვალით“, ასე ვთქვათ, ვიტყოდი: მხატვრობა, კანონიკაზე მეტად, ინტერპრეტაცია ყოფილა. ცხრა კაცი ვიყავით და არცერთმა არ დახატა მსგავს სტილში ნატურმორტი. ანუ ყველას ნახატზე (ჯერ არ დასრულებულა, ცხადია) ისაა, რაც თითოეულმა დაინახა. თუმცა არსი ერთი და იგივეა – ყოფაზე ამაღლება მის მიღმა ხედვით, წვდომით. ფიროსმანის ჟირაფს უფრო მოკლე ყელი რომ ჰქონდეს და იდელური პროპორციები, მსოფლიოს არ ეყოლებოდა ნიკალა!
…დაჯექით და ხატეთო, რომ მითხრეს, ძალიან დავიბენი, რადგან ზეთის საღებავთან პირველი იყო ჩემი შეხება. თან სამი ფერი მქონდა, ე.წ. „ბელილა“(ფერებს რატომღაც რუსული სახელებით იცნობს ქართველი სამხატვრო საზოგადოებრიობა), შავი და ოხრა, გამიკვირდა; ბატონმა გიამ, აი, ზუსტად ისე, ახალშობილს წყალში რომ აგდებენ, რომ მან ცურვის ინსტინქტი განივითაროს, – ადექი შენც და მაგ სამი ფერის შეზავებით შექმენიო ფერები. ცოტა კი დავიძაბე, მაგრამ ბოლოსკენ ჯორჯო მორანდის ნატურმორტსაც კი შეადარა ჩემი დაწყებული ნახატი, ამიტომ ეს მხატვარიც გავიცანი…
დაბოლოს, თუნდაც იმ სამხატვრო კანონიკას სკრუპულოზურად იცავდე ძველი ეპოქის მხატვრებივით, შენეული იმპროვიზაცია თუნდაც სამყაროს აღქმაში, შეცნობაში, შეგქმნის მხოლოდ თვითმყოფად მხატვრად. ისე, რასაც დავაკვირდი, ნაწერისა არ იყოს, ნახატი შემქმნელის ხასიათსაც ასახავს, აპრიორი!
„როლში შევედი“ და წინსაფარიც ვიყიდე. ხვალ სინათლის ათინათის „დასმის“ ოსტატობას „შევეჭიდები“. წვალება უნდა, პრაქტიკა, მაგრამ ზეთი აკვარელი არაა, თუ ფერი არ მოგწონს, სხვას დაადებ ზემოდან, თან ისე, რომ არავინ გეტყვის:
„მალჲარი ხარ, ბიჭო?!“

  • >     >    >

დღეს ჩავატარე ლექციები ონლაინ; შემდეგ, შებინდებულზე, წავედი მარკეტში პროდუქტებზე; შემდეგ დავიწყე ყვითელი ყვავილოვანი კომბოსტოს ცხობილას გაკეთება, რომელიც ეს-ესაა შევდგი ჰაერღუმელში. მერე ჩამოვჯექი და მომინდა, ამაღლებულზე მესაუბრა, რა ვიცი…
მოდი, ვთქვათ ენის პოტენციალზე და „ინდივიდუალიზმზეც“. ავიღოთ ინგლისური და ქართული ენები და ურთულესი და უბანალურესი ცნება „სიკვდილი“. რას ამბობენ ეს ენები წუთისოფლის „ფინალზე“?
„გარდაიცვალაო“, იტყვის ქართველი და როგორც უცხოელ სტუდენტებსაც ავუხსენი, ეს არ ნიშნავს დასრულებას. ესაა ტრანსფორმაცია, გადადინება ერთი მდგომარეობიდან, სამყაროდან, სუბსტანციიდან მეორეში: მატერიალურიდან – სულიერში; ფიზიკურიდან – მეტაფიზიკურში, ტრანსცენდენტურში; ასე რომ, ჩვენი ენა „აზროვნებს“ რელიგიურადაც, ფილოსოფიურადაც და „განახმევს“ ამსოფლიურ ჩარჩოებს, გაგახედებს ზესთასოფლისკენ….
ახლა ინგლისური ავიღოთ. კი, თითქოს, მარტივად ითქვა: She was died; მაგრამ ეს მხოლოდ „მოკვდას“ არ ნიშნავს მისთვის, ვინც იცის ინგლისურის გრამატიკა. ესაა ვნებითი გვარი (Passive Voice), რაც გულისხმობს, რომ ადამიანის ნებაზე აღმატებულია სხვა „ნება“, რომელმაც მისი სიკვდილი „გადაწყვიტა“, ანუ ადამიანი პასიურია ამ შემთხვევაში, სხვისი „განაჩენია“ მისი სიკვდილი, რომელსაც იგი ემორჩილება…და თუ ენა ამ უზენაეს ნებას აღიარებს, ის სამყაროს ხედვის ქრისტიანული კონცეფციის ნაწილია, ცხადია. მოკლედ, ინგლისური აზროვნებს ისევე რელიგიურად, როგორც ქართული! ისიც აღიარებს სამყაროს შემოქმედს; ვერ ვიტყვით, რომ აქ ბედისწერაა „სიკვდილის გამომწვევი“, რადგან ინგლისელს უფრო „ლაითი“ დამოკიდებულება აქვს თუნდაც საბედისწერო შემთხვევითობისადმი (რომელიც შემდეგ „ჯაჭვად“ ქმნის განგებას, ანუ, ისევ და ისევ, უზენაეს ნებასო, რუსთველმა), ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს „ვეფხისტყაოსანს“. ისე გეტყვიან „Good luck“-ო, რომ, აშკარად, იღბლის სიმსუბუქეა და არა ბარათაშვილსეული „მერანზე ამხედრება“!
მოკლედ, ვიტყოდი, რომ ორივე ენა „ჭკვიანია და მოაზროვნე“.
ეს სენტიმენტალური „ტირადაც“ ჩავთვალოთ, როგორც კიდევ ერთხელ „სიყვარულის ახსნა“ ქართული თუ ევროპული, ქრისტიანული, ცივილიზაციებისადმი…

  • >     >    >     >

არ დამეძინა. სხეული კია მოთენთილი, მაგრამ ტვინი აქტიურად მუშაობს, ამიტომ გავავარჯიშებ, როგორც მღვიძარებას შეეფერება, რა ვიცი…
ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში არის მასად ქცევის საშიშროება. გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“; როგორ ემართება ეს სრულიად კეთილშობილ, ინტელექტუალურ ადამიანს და როგორ ეწირება ამ ცხოვრებისეულ „ჩავარდნას“. ამ საკითხზე ფიქრისას ასევე სულ მახსენდება ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩემი მოსწავლეობისა, „სუფთა დაფა“. იქაა ცნობილი სააზროვნო, შემოქმედებითი „სქემა“ – ჭეშმარიტება მიმალულია ადამიანურ სიმართლეებში და სანამ ის გამჟღანდება, მანამდე ადამიანები ძალიან უსამართლოდ იქცევიან, ასე „თვალახვეულნი“. ანუ არ იცის გონმა და ვერც გული ხვდება ვერაფერს, ამიტომ ასე შეიძლება ვინმე გაიწიროს. ასე ემართება იმ ფილმის პერსონაჟს, გოგონას, რომელსაც კლასი განუდგება; არადა, ის ცამდე მართალია და მათზე, ყველაზე, ბევრად ამაღლებული. უყიჟინებენ, ქოქოლას აყრიან ჯგუფურად, თითქმის ყველა ჩართულია ამ ძალადობაში, გარდა ერთისა. არ ვიცი, ეს კადრი შემთხვევითია თუ გენიალური, თუ ორივე ერთად. ამ ახორხოცებული, უშნოდ თითგაშვერილი ბავშვების მიღმა, უკანა მერხზე ზის ბიჭი, რომელიც სრულიად ამოვადნილია ამ დემონური კონტექსტიდან და თითქოს, „უფლის დაფაზეა“ – გარინდებული, სევდიანი, დიდივით ფიქრიანი. ვგიჟდები ამ მომენტზე და ამ ბავშვზე! ის არ გახდა მასა! მან ეს შეძლო! არ ვიცი, რანაირად, იქნებ ინტუიციურადაც?!
ცხოვრებაშიც გავიხსენებდი. უნივერსიტეტში პირველად რომ მივედი, ერთი ნაცნობი ინგლისურის სპეციალისტი მეუბნება: იცით, ეს რამხელა გამოწვევაა თქვენთვის? ვიცი-მეთქი და ამიტომაცაა აზარტული …
ჰოდა, შევდივარ, ახლა, პირველად, სრულიად უცნობ სტუდენტებთან, მე-3 დონეა, თან ეს დასაწყისში, სანამ ალღოს ავუღებდი ყველაფერს. მანამდე, სანამ ეს ბავშვები ძალიან მალე ჩემი მეგობრები გახდებიან, სარა – „ჩემი მარჯვენა ხელი“, აბი – ისეთი მცოდნე ქართული ზმნისა, რომ თემის ნიშნების ამოცნობასაც „შეეჭიდება“; სანამ ძალიან შემიყვარებენ…იყო რაღაცა უხერხული მომენტი, როცა გათვალიერებენ, ათვალწუნებითაც, გიმოწმებენ ყველაფერს და ვდგავარ მეც უცხო მათთვის და ისინი – ჩემთვის. ამ დაძაბულ მომენტში დავინახე ალი. თავისებური გარეგნობის მუსლიმი ბიჭი, ლიბანიდან იყო, თუ სწორად მახსოვს. იჯდა რაღაცა არაამქვეყნიურად ჭკვიანი და ნაღვლიანი, რაც მთავარია, სრულიად ჩემიანი.
ეს იმ მომენტში, თორემ ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, მხიარული, იუმორით სავსე, თავმოყვარეც ძალიან. ვეხუმრებოდი ხოლმე; პრეზენტაციაზე არ უნდოდა მოსვლა, ჰალსტუხს ვერ იტანდა და მე ვაბრაზებდი, წითელი ჰალსტუხი უნდა გიყიდო და გაიკეთო-მეთქი. იცოდა, რომ იუმორი იყო, მაგრამ მაინც ბრაზდებოდა. ვიცი, რომ ის მაგარი კაცი და ექიმი დადგება…მენატრება ალი, უცნაური, ღირსეული ბიჭი, უცხო მენტალობით, უცხო ქვეყნიდან!
P.S. დავაბოლოებ იმით, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება საკუთარი აზრის შენარჩუნება მგონია მაშინაც კი, როცა არის პიროვნების გავლენა თუ გარემოს, საზოგადოებრივი აზრის, მასის ზეწოლის საფრთხე. საკუთარ თავში ადამიანის შენარჩუნება კი ჩვენი ცხოვრებისეული კრედოა. სულ ამას უნდა ვაკეთებდეთ, მითუმეტეს, საქართველოში…ეს მარტივი არაა და უამრავ რთულ რაღაცას მოიაზრებს. თუნდაც იმას, რომ მატერიალურისადმი „ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინო“, რაც პიროვნული კრახია…სულიერზე აქცენტირება სწორედ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ის ნიველირებულია, ძალაცაა და მიზანიც, რომლებიც ყოველთვის სინათლესთან, გამარჯვებასთან, ღმერთთან მიმყვანია!…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“