ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

დითირამბი ლიტერატურას

(ჩარლზ დიკენსის „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“)

ჩემთვის, ლიტერატორისთვის, აუღელვებლად პასუხის გაცემა კითხვაზე „რა არის ლიტერატურა“ ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, რომ მისი „მაგიის“ ტყვეობაში სრულიად ადრეული ბავშვობიდან ვარ მოქცეული.

სიტყვა, ვიცით, რომ ლათინურია (ლიტერა – ასო, ლიტერატურა – ასოებით დაწერილი); თუმცა ანბანით დაწერილ ტექსტებს შორის ლიტერატურის გამორჩევის საუკეთესო პრინციპი ალბათ ისევ დიდებული გურამ დოჩანაშვილისეული „ხელზე ბურძგლია“ („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“). აქ ყველაზე დიდებული ისაა, რომ მკითხველიც მოიზარება, როგორც სათანადოდ აღმქმელ/შემფასებელი. იმის თქმა მინდა, რომ კარგი ლიტერატურა არა მასაზე, როგორც ამბობდნენ ყალბად „მონუმენტურ საბჭოეთში“, არამედ, სწორედაც რომ, ელიტარულ, განათლებულ, გემოვნებიან მკითხველზეა გათვლილი. თუნდაც ჯეიმს ჯოისის „ულისეს“, „ვეფხისტყაოსანს“ ან თუნდაც ფოლკნერის ბენჯამინის „ცნობიერების ნაკადს“ მხოლოდ სათანადოდ მომზადებული ადამიანი თუ ჩასწვდება და გაიგებს…

თავად ტერმინი, როგორც მხატვრული მწერლობის აღმნიშვნელი, XVIII საუკუნიდანაა დამკვიდრებული. მანამდე კი უძველესი ეპოქების სიტყვიერი შემოქმედების ძეგლებს („გილგამეშიანი“, „ილიადა“, „ოდისეა“) პოეზიად მოიხსენიებდნენ (ბერძნულად პოესიის, სიტყვიდან პოისო – ვქმნი, ვთხზავ). ეს პოეტური ქმნილებები წარმოითქმებოდა, უმეტესწილად კი, სიმღერით სრულდებოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ჰომეროსს აედს  – მგალობელს. ეს ისევ ჩამოჰგავდა ხელოვნების სინთეზურობა/სინკრეტულობას, როგორც ადრეულ, პრეისტორიულ ეპოქებში და დროთა განმავლობაში, როცა ტექსტების ჩაწერა დაიწყო, კაცობირობამ ლიტერატურას სათანადო, საპატიო ადგილი მიუჩინა ცივილიზაციის, კულტურის, ისტორიაში.

მწერლობის ადრეულ ნიმუშებში გადაწნეხილი იყო მითოლოგიური, რელიგიური, ზნეობრივი და ყოფითი ასპექტები, შრეები, თუმცა გამოიკვეთა მხატვრული მწერლობაც – სიტყვის ხელოვნება, რომლის სპეციფიკას მხატვრული სახეებით აზროვნება, სამყაროს სახისმეტყველებითი აღქმა წარმოადგენდა. ლიტერატურა საუკეთესო ამსახავ/შემნახავია ამაღლებულისა, იდეალურ/ღირებლებრივისა, საკაცობრიო დიადი მისწრაფებებისა, ადამიანთა გრძნობა-განცდა-ტკივილ-სიხარულისა. ის არის „მოდელი“ ცხოვრებისა, რომელსაც ესა თუ ის მწერალი გვთავაზობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, მათი ზოგადობა ისაა, რომ ისინი ქმნის სხვა, ამაღლებულ სინამდვილეს, რომელში გადანაცვლებაც ჩვენს სულს მეტად რაფინირებულს ხდის, ზრდის, ხვეწს არისტოტელესეული „კათარსისით“…

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ასეთი საამაყო ლიტერატურა გვაქვს. ლიტერატურის შექმნამდეც უმდიდრესი ზეპირსიტყვიერების „მარგალიტების“ პატრონები ვართ, ჩვენი მითოსური წარმოდგენები კი (თუნდაც ამირანის მითი) მსოფლიოსაა მოდებული, მოდი, ლიტერატურის ძალისა და მადლის წარმოსაჩენად ჩემს ძვირფას ინგლისურ ლიტერატურას მივმართავ, რომლის სიყვარულმაც გამიხსნა გზა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებამდე. მაგალითისთვის ავიღებ ჩარლზ დიკენსის, ვიქტორიანული ეპოქისა და ყველა დროის ყველაზე პოპულარული მწერალთაგანის, ერთ-ერთ მოთხრობა-შედევრს „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“.

დიკენსი მწერალთა იმ დიდი იშვიათობას განეკუთვნება, მთელ ეპოქას რომ მოიაზრებენ და „დაატარებენ“; ისინი „უკანასკნელი მოჰიკანები“ არიან, რადგან კაცობრიობის სულისკვეთებაში ისე გაერია „რკინა“, რომ იმ ამამაღლებელი რომანტიზმისგან თითქმის აღარაფერი დარჩა, ამიტომ მისი ერთგულები სულის საგანგებოდ გამორჩეულ „კუნჭულებში“ ვინახავთ ამ განწყობებსა თუ იდეალებს, რომ მთელი ცხოვრება გამოვიზოგოთ და წუთისოფლის „მავნე ქარებმა“ სული ისე არ „დაგვიშაშროს“, რომ ღირებული და ფსევდო ერთმანეთისგან ვეღარ გავარჩიოთ. მოკლედ, ასეთი ლიტერატურა არის ორიენტირი არა მარტო მწერლობისა, არამედ ჩვენი ცხოვრებისაც და როცა ძალიან გადავიღლებით, მას უნდა მივაშუროთ, რომ აღვიდგონოთ ის დაკარგული წესრიგი, შელახული ზნეობა, შერყეული თავმოყვარეობა, ცხოვრების აგდებული სიხისტე რომ „თავზე დაგვაბერტყავს ხოლმე“ ყალბად მოჭრილი მონეტებივით.

თავადაც მძიმეცხოვრებაგამოვლილ ჩარლზ დიკენსს ჰქონდა ის, მოდით, „იობისა“ ვუწოდოთ, სიბრძნე, რომ მიუხედავად ძნელბედობებისა, არ ეღალატა იმისთვის, რაც ასე მასულდგმულებელია ჩვენი მაღალი ადამიანობისთვის, სიყვარული იქნება ეს, სხვისი თანადგომა თუ სულაც თავგანწირვა, ყველაზე დიდი რამ, რაც შეუძლია კაცს ამსოფლად გაკეთოს მეორე ადამიანისა თუ იდესითვის…

დავიწყე ამ დიდებული მწერლის კითხვა და მაშინვე აღმოვჩნდი ჩემი „ბავშვობის სულის სახლში“, რომელშიც საოცარი ჰარმონია სუფევს, ყველა წარმოდგენა თუ საგანი თავის ადგილზეა. ეს რაფინირებულობა თავმოყრილია მთავარი გმირის, კაპიტან ჯორგანის, ფენომენალური მეხსიერებისა და მაღალი ინტელექტის მქონე ამერიკელი მეზღვაურის, გემების მფლობელის, სამართლიანი და ძლიერი ადამიანის სახეში და ეს არაფრით არაა გამაღიზიანებელი, რომ თქვას კაცმა – ეს არაა რეალიტური გმირიო. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი, რაც ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ინტერესის შენარჩუნებისთვსი გვჭირდება, სწორედ ეს ნდობაა მწერლისადმი! დასაწყისიდანვე „შემოგანათებს“ ძველი, კლასიკური ინგლისური პროზის სიმწყობრე და დელიკატური კულტურა მეტყველებისა თუ აზროვნებისა. ეს ზემოაღნიშნული „წესრიგი“ კი დიდი პროზის „საფუძველთა საფუძველია“.

ამბავი, თითქოსდა, დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა: ესაა მძაფრი, თუმცა ეტაპობრივად და საოცარი სიმშვიდით მოწოდებული, ამბავი ძმების, ალფრედ და ჰიუ რეიბრუკებისა. „სახელსა და ღირსებას ისე უფრთხილდებოდა, თითქოს საქვეყნოდ ცნობილი, დიდი ადამიანი ყოფილიყო“(15), ნათქვამია დიდად არაფრით გამორჩეულ პერონაჟზე, გარდაცვლილ მამა რეიბრუკზე, წვრილ ვაჭარზე და ხვდები, რომ იმ ეპოქოს „სიომ დაუბერა“, რომლისთვისაც პატიოსნება სიცოცხლის ტოლფასი ფასეულობის ცნებაა.

რა განსხვავებაა ვიქტორიანულ ეპოქის მსოფლმხედველობასა და დღევანდელს შორის? განა, მაშინ არ იცდნენ, რომ ბოროტებას დიდი ძალა ჰქონდა ? იცოდნენ, ცხადია, რადგან ამ მხრივ („აბელ-კაენობისა“) ადამიანი არ იცვლება. უბრალოდ, მათ იცოდნენ ასევე, რომ სიკეთეს უფრო დიდი ძალა აქვს და ნიცშესავით სულიერ სისუსტედ არ თვლიდნენ მას. მათ იცდნენ, რომ არის ნება ამ ზენაარი სიკეთისა, რომლის ძალით უნდა დალაგდეს ყველაფერი საბოლოო პერსპექტივაში („ბოროტსა სძლია კეთილმან…“). ეს იყო მათი სულიერი „გაუბზარაობის“ წინაპირობა; – „ზოჯერ უაზრო ქმედებასაც აქვს აზრი, რადგან მან შეიძლება ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე დაყენოს კაცი“ – ეს იყო მათი ჯერ კიდევ დროისგან შეუბღალავი რწმენა!

ეს არის ამბავი ხუთი გირვანქა სტერლინგისა, რომელსაც ნათელს მოჰფენს უკაცრიელი კუნძულზე ნაპოვნი, ბოთლში ჩატოვებული წერილი; ესაა ფული, რომელიც მამა რეიბრუკმა შვილებს დაუტოვა, როცა გარდაცვალებამდე ყველა ვალი გაისტუმრა. მან არ იცოდა, რომ ეს იყო მოპარული ფული, რომელიც მას ვალის ასანაზღურებლად დაუტოვეს. სწორედ ის ულახავს ღირსებას მთავარ გმირებს, რომ ფულის პატიოსანი გზით ნაშოვნი არაა, ამიტომ ცდილობენ მოვლენებისა თუ ადამიანებისათვის „თავისი საკადრისი ადგილის მიჩენას“. აპირებენ, გაშიფრონ წყლით გადღაბნილი წერილი და მოცხებული ჩირქიც ჩამოირეცხონ.

რა არის სამართალი და როგორია ის? უზენაესი „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, რუსთველური გაგებით, ჩვენთვის მიუწვდომელია. მოდი, მაშინ ადამიანურ, ზოგად სამართლიანობაზე ვთქვათ, რომელიც პიროვნული პატიოსნებისა და ობიექტივიზმის განცდის ჯამს, ნაკრებს უდრის. თორემ , საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სუბიექტურად, „ყველა მართალია“. სწორედ ეს დარღვევა სუბიექტურობის, ეგოიზმის ჩარჩოებისა, ადის ზემოთ, „მიუკანკუნებს კარს“ ღვთაბრივ სამართალს. სწორედ ასეთი „თქმა მართლისა სამართლისა“ აღსრულდება მოთხრობაში, ფინალში…

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბავშვური ფანტაზიის გულუბრყვილობითაა ყველა და ყველაფერი ზღაპრულად ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან, ეს ლიტერატურა არ ტოვებს ცრუ გამონაგონის შთაბეჭდილებას და საუკეთესო სახელმძღვანელოა წუთისოფლისეული დიდაქტიკისთვის. ამ უბრალოებაშია ზღაპრის სიბრძნეც…

ბოლოც ზღაპრულია – თუ მოთხრობაში ყველაფერი უზენაეს წესრიგს ემორჩილება, განა, შეიძლება, რომ ფინალი უარყოფითი იყოს?!

ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ – აი, ეს არისო ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება, ბრძანა დიდმა ჩარლზ დიკენსმა. ესაა ამ მოთხრობის იდეაც. „ცხოვრებაში იშვიათად შევხვედრივარ ასეთ ბოროტებას. უფლება არ მქონდა, განზე ვმდგარიყავი და არ მებრძოლა მის წინაღმეგ“(59); – ამას ამბობს კაპიტანი ჯორგანი, რაინდული სულით, ბოლო წარმომადგენელი რომანტიკოსების „ცივილიზაციისა“, რომელმაც შემდგომ ადგილი დაუთმო უშნო პრაგმატიზმს, კონცეფციას – „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ – ესაა „პირველი აგურები“ იმ დიდი გაუცხოებისა და გულგრილობისა, რომელმაც დაბადა ადამიანისადმი, ღვთისა თუ სამყაროსადმი, ცხოვრებისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ.

აი, რატომ მივტირი მე, პირადად, მსგავს ფასეულობებსა და ლიტერატურას, რომელიც მათი მტვირთველია. ამიტომ ვმშვიდდებით და ვივსებით „იქ“ გადანაცვლებით, სადაც ისევ ფასობს სულიერი სისპეტაკე და ბოროტება ჯერ „თვალშეუდგამი ძალა“ არ გამხდარა, რომელიც „აღმართს ხნავს“.

გეპატიჟებით ნაღდი ლიტერატურის მადლიან, ჩვენს საუკუნეში მიტოვების პერსპექტივის მქონე „უკაცრიელ კუნძულზე“, თუნდაც ჩარლზ დიკენსი რომ გვთავაზობს, რომლის მადლმა უნდა გვაჩვენოს საუკეთსო გზა წუთისოფლის ძნელბედობების არიდებისა და თავშესაფრადაც ექცეს მათ, ვინც ამის ღირსია….

 

 

 

ციტატები წიგნიდან – ჩარლზ დიკენსი „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“, გამომცემლობა „პალიტრა“, თბილისი, 2022

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“