მითოსის მსოფლხედვაა ბრძენის (სოფოსის), როგორც სამაგალითო ადამიანის, ცხოვრების მასწავლებლის, სახე. ბერძნულ კულტურაში თალესმა, ერთ-ერთმა პირველმა საპატიო შვიდ ბრძენთაგან (თალესი, პიტაკოსი, ბიასი, სოლონი, კლეობულოსი, პერიანდროსი, ხილონი. სხვა ჩამონათვალიც იყო ბრძენთა, მაგრამ თალესის ადგილი ხელუხლებელი იყო), მოინდომა დასაბუთებული სახე მიეცა საკუთარი სიბრძნისთვის, გონებრივი სამსჯავროს წინაშე შეემოწმებინა მსოფლმხედველობრივი პრობლემები. ეს მიზანი გახდა ფილოსოფიის დასაბამიც.
თალესი (624-547) – ექსამიას შვილი, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ბერძნულ კოლონიათა მთავარი ქალაქის – მილეტის – მკვიდრი იყო. ეს ქალაქი საბერძნეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე მდებარეობდა და კარგ საშუალებას იძლეოდა უცხო კულტურათა გაცნობისა და ათვისებისა. თალესზე ზუსტი ცნობები პლატონსა და არსიტოტელესაც არ ჰქონდათ, მაგრამ, გადმოცემით, თალესმა სრულიად აითვისა აღმოსავლური სიბრძნე და დააფუძნა კიდეც ახალ ნიადაგზე. როგორც ჩანს, თალესმა პირველმა მიაქცია ყურადღება ადამიანის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც, გამოცდილების გაზიარებით, შეიძლება იმგვარი ცოდნის დადგენა, რომელსაც საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ასე იქცა კოსმოგონია კოსმოლოგიად, ხოლო ემპირიული მეცნიერებანი (მაგ., გეომეტრია ეგვიპტეში) – თეორიულად. ამიტომ იყო, რომ შთამომავლობა მას პირველ მათემატიკოსად, ფიზიკოსად, ასტრონომად თვლის. თალესმა იწინასწარმეტყველა 585 წ. 26 მაისს მზის სრული დაბნელება, წრეში სამკუთხედი ჩაწერა, თავად ეგვიპტელებს გაუზომა პირამიდების სიმაღლე (დაელოდა, როცა ადამიანის ჩრდილი მისი სიმაღლისა გახდა და პირამიდების ჩრდილი გაზომა). მასვე უჩვენებია დამაჯერებლად თანამემამულეებისთვის, რომ თეორიული დასაბუთებისკენ ფილოსოფოსთა მისწრაფება სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკულ ასპექტში ისინი „მოიკოჭლებენ“. მას გაუთვალისწინებია ზეთისხილის დიდი მოსავალი, წინასწარ შეუსყიდია ზეთის სახდელები და ძალზე გამდიდრებულა. გარდა ამისა, სასარგებლო რჩევებიც ხშირად მიუცია თანემემამულეებისთვის და სწორედ მისმა დიდმა პოლიტიკურმა ალღომ გადაარჩინა მილეტი განადგურებას, არ ჩაერია რა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში.
თალესმა დააგვირგვინა დასაბუთებისკენ სწრაფვა, რამაც ცოდნის კერძო დარგები მეცნიერებად აქცია, ანუ ის შეეცადა პირველსაწყისის, არხეს, დასაბუთებას. ამ უკანასკნელს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე: რატომ უნდა ჩავთვალოთ არხედ ანუ პირველსაწყისად რაიმე ვითარება და არა რომელიმე სხვა? მითოსი კითხვის ამგვარად დასმას გამორიცხავდა, ანდა სავსებით დააკმაყოფილებელ პასუხად მიიჩნევდა, რომ ეს ასეა განსაზღვრულ-გადმოცემული, რადგან ამ დონეზე ადამიანის კრიტიკული გონება ბურუსით იფარებოდა, განიარაღებული იყო. ამიტომ თალესი შეიძლება აზროვნების რევოლუციონერად მივიჩნიოთ და ეს გულისხმობდა დასაბუთების პრინციპის აქტივიზაციას, გონების უფლების შეუზღუდველობის მტკიცება-აღიარებას.
ძველბერნულად „არხე“ ნიშნავს დასაწისს, წყაროს, მიზეზს, ელემენტს და ამავე დროს, ბელადობას, ბატონობას (მაგ., ჰომეროსთან). სწორედ ამგვარი პირველსაწისი იყო მილეტელი ფილოსოფოსების ძიების საგანი ანუ წყარო ყოველივესი, რომელიც საკუთარ ბუნებას უმორჩილებდა არსებულს, ბატონობდა მათზე. ამგვარ საწყისს მითოსში ეძებდნენ, ეგვიპტური იქნებოდა ის თუ ბერძნული. ერთიდან მრავლის ახსნა ადამიანის ცნობიერების ჩვეული, თანამყოფი მისწრაფებაა. სწორედ ამას უწოდა არისტოტელემ ფილოსოფოსობა, რადგან მისი შედეგი მსოფლმხედველობის „დაბადებაა“, ხოლო თალესს, რომელიც მსოფლმხედველობის დასაბუთებას ცდილობდა – ახალი სახის ფლოსოფიის დამწყები. არისტოტელე „მეტაფიზიკის“ პირველი წიგნის მესამე თავში ამბობს, რომ თალესი საწყისად წყალს თვლიდა. იგი აცხადებდა, რომ დედამიწა წყალზეა მოტივტივე. არისტოტელეს თანახმად, თალესი ალბათ იმიტომ მივიდა ამ აზრამდე, რომ ყველა არსების საკვები წყალს შეიცავს; რომ სითბოც სინესტიდანაა და მისით ცოცხლობს. უფრო ზუსტი ცნობები არისტოტელეს არ აქვს, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება, რომ თალესი გარკვეულ არგუმენტებს ემყარებოდა და არა თქმულებებს. თუმცა არისტოტელე საეჭვოდ მიიჩნევს იმ აზრს, რომ ეს შეხედულება იმდენად ძირძველია, რომ მითში ღმერთები წყალს იფიცებდნენ. ზოგი მკვლევარი კი ფიქრობს, რომ წყლის პირველადობა თალესმა ეგვიპტური მითოსიდან აიღო, რაც არცაა გამორიცული, მაგრამ თუ ბერძენ მოაზროვნესთან რაიმე ბერძნული ტრადიციითვე აიხსნება (ამ შემთხვევაში, მითოსით), ძირითადი წყარო სხვაგან აღარ უნდა ვეძებოთ.
წყლის პირვესაწყისობა ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული არსებული წყლის სახეცვლილებაა, მისგან წარმოიშობა და მას უბრუნდება. ამდენად, მოძრაობა წყლისთვის, როგორც მატერიალური პირველსაწყისისა და ასევე ყოველი არსებულისთვის – მნიშვნელოვანია. თვითმოძრაობა კი ძველი ბერძნებისთვის წარმოუდგენელი იყო სულის გარეშე. ამგვარად, თუ ყოველივე მოძრაობს და ეს მამოძრავებელი კი მის გარეთ იმყოფება, გამოდის, ყველაფერი გასულიერებულია, ცოცხალია. ყოველი თვითმოძრავი ცოცხალია და პირიქით. შეხედულება, რომ ყოველი აქტივობის წყარო სულია, ჰ ი ლ ო ძ ო ი ზ მ ა დ იწოდება („ჰილე“ – მატერია, „ძოონ“ – ცოცხალი). არისტოტელე თავის ნაშრომში „სულისათვის“ გვამცნობს, რომ თალესი არაორგანულ საგნებსაც მიაწერდა სულს, რადგან მათშიც ხედავდა აქტოვობას – მაგ.; მაგნიტსა თუ გიშერში. იქნებ თალესმა მითოსის ღმერთებიც მატერიის შინაგან მამოძრავებელ ძალად გაიაზრა, ამიტომაც ამბობდა, რომ „ყველაფერი სავსეა ღვთაებებით“. პირველი ფილოსოფოსი მითოსს დაუპირიპირდა არა ტრანსცენდენტულის უარყოფით (მითოსის ღმერთებიც სამყაროში ცხოვრობდნენ), არამედ მან ღმერთები გრძნობად სხეულებში „ჩაასახლა“. ამით ეს ბუნების ამხსნელი კვლევა ბუნებისვე შინაგანი ძალებისკენ წარმართა. ღვთაებრივისა და ბუნებრივის ამგვარ გაერთიანებას შემდგომში ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ტოლანდი (1670-1722) „პანთეიზმს“ (ბერძნულად „პან“ ნიშნავს ყოველივეს, მთელს, ხოლო „თეოს“ – ღმერთს) უწოდებს.
თალესის სიახლის შედეგად პროგრესირდა ფილსოფია და მეცნიერება, ხოლო მემკვიდრეებმა მისი მეთოდი განავითარეს, ანუ მის მოძღვრებასაც კრიტიკას უქვემდებარებდნენ.
თალესმა პირველმა თქვა, რომ სულნი უკვდავნი არიან. ასევე, ზოგიერთის გადმოცემით, მზის მობრუნების გზებიც მან აღმოაჩინა პირველად და თქვა, რომ მზის სიდიდე უდრის 1/720 მაწილს იმ წრისა, რომელსაც მზე გადის; რომ სწორედ ასეთი მიმართებითაა მთავრის სიდიდე მის მიერ გავლილ წრესთან. თალესია პირველი, ვინც თქვა, რომ ოცდამეათე დღე არის თვის უკანასკნელი დღე და ასევე პირველმა დაიწყო მსჯელობა ბუნებაზე.
თალესი, როგორც ჰერაკლიდე (პონტოელი) გადმოგვცემს, განმარტოებულად ცხოვრობდა.
ზოგნი იმასაც ამბობდნენ, რომ იგი ცოლიანი იყო და ჰყავდა ვაჟი კიბისთე. სხვათა გადმოცემით კი, უცოლო იყო და დისშვილის იშვილა. ხოლო როცა მას შეეკითხებოდნენ, რატომ არ ჰყავს შვილები, არ შობს მათ, უპასუხებდა: „ბავშვების სიყვარულის გამოო“. ასევე გადმოცემით, თურმე როცა მას დედა დაქორწინების აუცილებლობას არწმუნებდა, იგი ამბობდა: „ჯერ ადრეაო“; შემდეგ კი, როცა ხანს გადასცდა, დედის დაჟინებულ თხოვნას მიუგებდა: „უკვე გვიანააო“.
მან წლის დროები აღმოაჩინა და წელიწადი 365 დღედ დაყო.
„ასეთია შვიდ ბრძენთაგან თალესი, ბრძენი ასტრონომი.“ – ასე აქებს მას ტიმონი „სილებში“.
ასევე ამბობენ, რომ თალესს დაუწერია 200 ლექსამდე და რომ ცოდნით ის პირველია ყველა ასტრონომთა შორის.
თალესსვე მიაწერენ შემდეგ წარმონათქვამს: „ყველა არსებულთა შორის უხუცესია ღმერთი, რადგან ის არაა დაბადებული“ ან „უმშვენიერესია ქვეყანა, რადგან ის ღვთის ნაწარმოებია“; „უდიდესია სივრცე, რადგან ის ყოველივეს შეცავს“; „უსწრაფესია გონება, რადგან ის ყველაფერს წვდება“; „უძლიერესია აუცილებლობა, რადგან ის ყოველივეზე ბატონობს“; „უბრძენესია დრო, რადგან ის ყოველივეს აღმოაჩენს“; „სიკვდილი არაფრით განსხვავდება სიცოცხლისგან“ და ა.შ.
როცა ჰკითხეს, დღე უფრო ადრე წარმოიშვა თუ ღამეო, მან უპასუხა: „ღამე ერთი დღით ადრე“. ხოლო კითხვაზე, დაემალება თუ არა ღმერთებს უსამრთლობის ჩამდენი კაცი, მისი პასუხი ყოფილა: „ღმერთებს განმზრახველიც კი ვერ დაემალება“. კითხვაზე „რა არის ძნელი?“ მან უპასუხა „საკუთარი თავის შეცნობა“; „და რა არის ადვილი?“ – „რჩვევა-დარიგება მისცე სხვას“; „რა არის ყველაზე სასიამოვნო?“ – „გექნეს წარმატება“; „რა არის ღვთაება?“ – „ის, რასაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული“; „რისი ნახვა იქნება საოცარი?“ – „მოხუცი ტირანისა“; „როგორ აიტანს კაცი უბედურებას ადვილად?“ – „როცა იგი მიხვდება, რომ მის მტრებს უარესი სჭირთ“; „როგორ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება საუკეთესოდ და სამართლიანად?“ – „ჩვენვე არ ჩავიდნოთ ის, რასაც სხვას ვუძრახავთ“; „ვინაა ბედნიერი?“ – „ვისი სხეულიც საღია, სული – მდიდარი, ბუნება კი კარგადაა აღზრდილი“. თალესის შეგონებით, უნდა გვახსოვდეს, გვიყვარდეს მეგობრები, ახლოსმყოფნიც და შორსმყოფნიც. კაცი მშვენიერია არა გარეგნული სილამაზით, არამედ ზნით, ჩვეულებებით. „ნუ გამდიდრდები ცუდი საშუალებით და ნუ შეიცვლი ჭორების გამო დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც მოგენდო“; „როგორი სამსახურიც მშობლებს გაუწიე, ზუსტად ისეთივეს ელოდე საკუთარი შვილებისგან“.
თალესი გარდაცვლილა 78 წლისა (ან, როგორც სოკრატე ამბობს, 50 წლისა).


