თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მოითხოვს ისეთი სწავლების მოდელებს, რომლებიც არ შემოიფარგლება ფაქტობრივი ცოდნის გადაცემით, არამედ უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის გამოყენებას რეალურ კონტექსტებში. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ცოდნის ტრანსფერი – უნარი, რომლითაც მოსწავლე ახერხებს თეორიული ინფორმაციის გადატანას პრაქტიკულ რეალობაში (სოციალური და სამოქალაქო). განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს უნარი გამოვლინდება ინტერგირებული სწავლებისას, როდესაც კონკრეტული თემის ფარგლებში მიმდინარეობს მოსწავლეთა ტრანსფერული უნარების განვითარება.
ისეთ საკითხებზე აქცენტირება, როგორიცაა ბუნებრივი ლანდშაფტები (რელიეფი, კლიმატი, ჰიდროგრაფია, ბუნებრივი რესურსები) წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის საგნობრივ შინაარსს და კომპეტენციებს და ქმნის ინტერდისციპლინარული სწავლების მყარ საფუძველს.
ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლებისას ცოდნის ტრანსფერი გულისხმობს:
- მიღებული ცოდნის გამოყენებას ახალ სიტუაციაში;
- მიზეზ–შედეგობრივი კავშირების გააზრებას და
- პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
თავად მიდგომა – ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლება (Landscape-based learning) – ეყრდნობა მოსაზრებას, რომ სივრცე და გარემო შეიძლება განვიხილოთ როგორც „ცოცხალი ტექსტი“, რომლის წაკითხვაც მოსწავლეს ეხმარება ისტორიული პროცესების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებაში.
ამგვარი მიდგომით ბუნებრივი ლანდშაფტები შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტორიული მოვლენების განმაპირობებელ ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა დასახლების, მეურნეობისა და პოლიტიკის ფორმებს და, ამავდროულად, პირდაპირ კავშირშია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთანაც (კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების მართვა).
ზოგადად ისტორიის სწავლებისას ბუნებრივი გარემო ხშირად განიხილება როგორც ისტორიული მოვლენების განმაპირობებელი ფაქტორი, ამ მოვლენათა კონტექსტი, თუმცა მისი გააზრება, ცოდნის ტრანსფერის თვალსაზრისით, აძლიერებს სწავლების ეფექტიანობას.
განვიხილოთ მაგალითები:
- ძველი ეგვიპტის შესწავლისას მოსწავლეს ისე მივაწოდოთ საკითხი, რომ შეძლოს დაინახოს:
- ნილოსის ხეობა არ იყო ეგვიპტის ცივილიზაციის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ის შეუძლია შეიძლება განვიხილოთ როგორც წყლის რესურსებზე დაფუძნებული სოციალური ორგანიზაციის მოდელიც;
- მესოპოტამიის მდინარეთა აუზმა, ბუნებრივი პირობებისა და სახელმწიფო მმართველობის ურთიერთკავშირის შედეგად, ძველი შუამდინარეთის ცივილიზაციას დაუდო სათავე;
- საბერძნეთის მთიანმა რელიეფმა პოლისურ სისტემას ჩაუყარა საფუძველი.
- და ა.შ.
როგორ მივიყვანოთ მოსავლე ამ აღმოჩნენებამდე? პრაქტიკული თვალსზრისით, მოხერხებულია სიმულაციური და როლური თამაშები:
დავალება 1 – საბაზო გაკვეთილზე, ისტორიული ნარატიული მასალის შესწავლისას, მოსწავლეები აანალიზებენ გეოგრაფიულ რუკას და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე:
- რა გავლენა მოახდინა ბუნებრივმა გარემომ კონკრეტული ისტორიული მოვლენის, მაგალითად, ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნასა და გაერთიანებაზე? შუმერული ქალაქების ჩამოყალიებება/განვითარებაზე? ბერძნული პოლისების ჩამოყალიბებაზე და ა.შ.
- წარმოიდგინე, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ჩაგაბარეს (ლაგაში, ბაბილონი, ათენი..), უნდა მიიღო გადაწყვეტილება შენი ქალაქის წყლით და სხვა რესურსებით მომარაგებაზე. შეაფასე ბუნებრივი გარემოს როლი შენი ქალაქის მომავალ განვითარებაში.
სიმულაცია და როლური თამაში ეხმარება მოსწავლეს გააცნობიეროს, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი რეალურად მოქმედი ფაქტორია, ის არა მხოლოდ უბრალოდ სივრცეა, არამედ ის ადგილია, სადაც ისტორია ვითარდება. ამავდროულად ისინი ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასაც.
დავალება 2. ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, გეოგრაფიული აღმოჩენების განხილვის დროს, სასურველია მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთი დავალება, რომელიც მოქალაქეობის საგნობრივ კომპეტენციებსაც მოიცავს, მაგალითად:
თემა: „გეოგრაფიული აღმოჩენები და მსოფლიო განვითარების ტრანსფორმაცია“.
დავალება: მოამზადეთ ინფოგრაფიკა ან პრეზენტაცია თემაზე:
„გეოგრაფიული აღმოჩენები – გლობალური სამყაროს დასაწყისი“. ამისათვის შეისწავლეთ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (XV–XVI სს.) და იმუშავეთ შემდეგ კითხვებზე:
- როგორ შეცვალა აღმოჩენებმა მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა?
- რა გავლენა იქონია კოლონიზაციამ თანამედროვე სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე?
- როგორ უკავშირდება ეს პროცესები თანამედროვე გლობალიზაციას?
დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ ტრანსფერულ ცოდნას: ისტორიულ მოვლენებს და გოეგრაფიულ ცოდნას დააკავშირებენ თანამედროვე პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებთან; ამავე დროს გეოგრაფიულ ცოდნას გამოიყენებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.
მსგავს შემთხვევებში თეორიიდან პრაქტიკაში გადასვლა ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლე გარემოს აღიქვამს როგორც აქტიურ საგანმანათლებლო რესურსს და არა მხოლოდ ინფორმაციად მოცემულ ფაქტს.
იმისათვის, რომ საგაკვეთილო საქმიანობა კიდევ უფრო სახალისო და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული იყოს, შესაძლებელია სწავლებაში ციფრული და AI ინსტრუმენტების გამოყენება და უფრო მეტი დაინტერესების გამოწვევა მოსწავლეებში. ამ მიზნით სასურველია NotebookLM-ის მსგავსი AI პლატფორმების გამოყენება, რადგან ის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს:
- იმუშაონ წყაროზე დაფუძნებულ ტექსტებზე;
- დააკავშირონ ისტორიული და თანამედროვე კონტექსტები;
- გააკეთონ დასკვნები არა მზა პასუხების, არამედ ანალიზის საფუძველზე.
რატომ არის NotebookLM შესაფერისი დავალებებისთვის?
NotebookLM მუშაობს „წყაროზე დაფუძნებული AI“-ის პრინციპით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში, რადგან:
- მოსწავლე არ იღებს „ჰაერიდან მოტანილ“ პასუხს;
- AI მუშაობს მხოლოდ იმ მასალაზე, რასაც მოსწავლე ატვირთავს;
- ძლიერად ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ცოდნის ტრანსფერს.
პრაქტიკული ნაბიჯები NotebookLM -ით მუშაობის დროს:
- მოსწავლე ატვირთავს:
- სახელმძღვანელოს ამონარიდს;
- ტექსტს ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის, საბერძნეთის და სხვ. შესახებ (სახელმძღვანელოს ტექსტს, ასევე შეუძლია ფოტომასალის გამოყენებაც);
- „სთხოვს“ NotebookLM-ს
- დააჯგუფოს ინფორმაცია მიზეზ–შედეგობრივი კავშირების მიხედვით;
- ტექსტიდან ამოკრიფოს ფაქტები, რომლებიც აჩვენებს კლიმატის გავლენას;
- იპოვოს პარალელები გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და თანამედროვე გლობალიზაციას შორის;
- როგორ აისახება აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობის უფლებებზე?
- და ა.შ.
AI პასუხობს მოსწავლეს მხოლოდ იმ წყაროებზე დაყრდნობით, რაც შესთავაზა მოსწავლემ. შედეგად, მიღებულ პასუხს მოსწავლე აანალიზებს და აკეთებს დასკვბებს ანუ რეალურად ახდენს თეორიული ცოდნის გადატანას პრაქტიაკში.
ინსტრუქცია NotebookLM-ში მუშაობისათვის:
- NotebookLM შესვლა Google ანგარიშით https://notebooklm.google/
- დააჭირეთ ღილაკს “Create new notebook”
- წყაროების დამატება: NotebookLM მუშაობს მხოლოდ იმ მასალაზე, რომელსაც მოსწავლე დაამატებს (მაგალითად, სახელმძღვანელოს ტექსტი (PDF / DOC), მასწავლებლის მიერ მიწოდებული ტექსტი, სამეცნიერო კვლევები (კოპირება–ჩასმით) და ა.შ.
- მთავარი პრინციპი NotebookLM -ში მუშაობისას არის: „თუ წყარო არ არის, პასუხიც არ იქნება-იფიქრე ტექსტზე დაყრდნობით“;
- მოსწავლეები კითხვებს წერენ ჩატში, მაგალითად:
- რა იყო ამ ტექსტის მთავარი იდეა?
- რომელი ფაქტორები უკავშირდება ბუნებრივ გარემოს?
- რომელი ინფორმაცია აღწერს ბუნებრივ გარემოს?
- როგორ იმოქმედა კლიმატმა ისტორიული პროცესის განვითარებაზე?“
- როგორია ლანდშაფტის მნიშვნელობა ისტორიულ პროცესებში?
- და ა.შ.
ფაქტები მიზეზ–შედეგობრივი კავშირებით:
- რომელი ცვლილებები გამოიწვია გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა?
- იპოვეთ პარალელები წარსულ მოვლენებსა და თანამედროვე გლობალიზაციას შორის;
- როგორ აისახება ეს პროცესები დღევანდელ პოლიტიკაზე?
- და სხვ.
მოსწავლეები NotebookLM -ის პასუხებს აანალიზებენ და აკეთებენ კომენტარებს, დასკვნებს. ფაქტობრივად NotebookLM გამოიყენება როგორც ანალიზის, გააზრებისა და ცოდნის ტრანსფერის მხარდამჭერი ინსტრუმენტი.
ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლებისას, რომელიც ხელს უწყობს ტრანსფერული უნარების აქტივაციას, AI-ის გამოყენება მოტივაციას და ხალისს სძენს მოსწავლის საქმიანობას, ავითარებს კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამყარებს ინტერდისციპლინარულ კავშირებს და ხელს უწყობს ისტორიის, გეოგრაფიის საგნობრივი ცოდნის გაზრდას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებას. მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ „რა მოხდა“, არამედ რატომ მოხდა და როგორ შეიძლება მსგავსი პროცესები განვითარდეს მომავალში.
- რამდენად მიზანშეწონილია ტრანსფერზე ორიენტირებისას https://notebooklm.google/ გამოყენება?
როდესაც მასწავლებელი მსგავსი კონკრეტული მიზნით იყენებს AI-ის, ამ შემთხვევაში ის არ ანაცვლებს აზროვნებას, არამედ აძლიერებს კიდეც ცოდნის ტრანსფერს.
შეფასების სავარაუდო რუბრიკა ბუნებრივ ლანდშაფტებსა და ცოდნის ტრანსფერზე ორიენტირებული გაკვეთილების დროს AI -ის გამოყენებით :
8-9-10: ზუსტად და სიღრმისეულად იყენებს ისტორიულ და გეოგრაფიულ ცოდნას; ტერმინები სწორად გამოყენებულია; იყენებს არგუმენტებს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს; ავლენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, წარმატებით აკავშირებს ისტორიულ/გეოგრაფიულ ცოდნას რეალურ / თანამედროვე კონტექსტთან, წარმატებით იყენებს AI ინსტრუმენტებს.
5-6-7: ძირითადად სწორად გადმოსცემს შინაარსს, თუმცა დავალება მეტწილად აღწერითი ხასიათისაა და ანალიზი ზედაპირულია/ ან – ნაწილობრივი; არგუმენტებიც სუსტია, დასაბუთებაც არასკამარისი და შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს; სამოქალაქო ასპექტი წარმოდგენილია, თუმცა არ არის სიღრმისეულად დანახული; ტრანსფერული კავშირებიც სუსტია.
ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის სწავლებისას ბუნებრივი ლანდშაფტების ინტეგრირება AI -ის ჩართულობით ტრანსფერული ცოდნის აქტივაციის ეფექტური გზაა და ხელს უწყობს აკადემიური მიღწევების გაზრდას, მოტივაციას და პიროვნულ ზრდას.


