ვფიქრობ, იმ ადამიანთა უმრავლესობა, ვინც ბავშვის აღზრდით არის დაკავებული, დამეთანხმება, რომ პრობლემათა შორის, რომლებიც დღეს ბავშვთან დაკავშირებით გვხვდება, განსაკუთრებით ქცევითი პრობლემები ჭარბობს და სწორედ ეს პრობლემები საოცარი სიმძაფრით აღიქმება აღმზრდელთა მიერ.
ქცევითი პრობლემები, ქცევის დარღვევა ბავშვის განვითარებაში მრავალი სირთულის მიზეზი შეიძლება გახდეს. ისინი მნიშვნელოვნად აფერხებენ საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას, ხდებიან გარშემომყოფთა მხრიდან გაუგებრობის, მიუღებლობის წყარო და გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენენ ბავშვის ჯანმრთელობაზე. ასეთი პატარები მუდმივი კონფლიქტების, მრავალრიცხოვანი საყვედურებისა და კრიტიკის გარემოში ცხოვრობენ. ისინი უსასრულოდ ისმენენ მოთხოვნებს, მოიქცნენ „კარგად“, „სწორად“. არცთუ იშვიათად მათ მიმართ გამოიყენება მორალური და ფიზიკური დასჯა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ვერ უზრუნველყოფს ქცევის გაუმჯობესებას, არამედ კიდევ უფრო აუარესებს მას და საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების ფორმირების პროცესის არასწორი მიმართულებით წარმართვა. ამიტომ, სრულიად სამართლიანად აღმზრდელთა, როგორც მშობელთა, ისე პედაგოგების მხრიდან ხშირად ისმის კითხვა „როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა“. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამაზე ზრუნვა საკმაოდ ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ.
ერთი წლის ბავშვი უკვე იწყებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, ეს მას უხსნის გარემომცველი სამყაროს შემეცნების ახალ შესაძლებლობებს. ბავშვის ცნობისმოყვარეობას საზღვრები არა აქვს და ის უზომოდ აქტიური ხდება – შეუძლია დამოუკიდებლად „ჩართოს“ ქურა, შტეფსელში წვრილი საგნები ჩაჭედოს. მშობლებს ბუნებრივია უწევთ შეზღუდონ ეს „კვლევითი საქმიანობა“ იმისათვის, რომ უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება. პატარა იწყებს, თავის ცხოვრებაში პირველად, „შეიძლება“ და „არ შეიძლება“-ს ათვისებას. ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ამ „არას“ რაოდენობას და მშობელთა ემოციურ განწყობას პატარას მიმართ. თუ აკრძალვები ძალიან ბევრია, უფროსი ლაპარაკობს გაღიზიანებული ტონით, ბავშვის გამოხატული საპროტესტო რეაქციების მართვა საკმაოდ რთული ხდება. როდესაც ბავშვი თანდათან სხვა ადამიანების მეტყველების გაგებას იწყებს და სწავლობს პირველი სიტყვებით საკუთარი მდგომარეობის გამოხატვას, მისი ქცევის რეგულაცია მეტყველების საშუალებით ხდება შესაძლებელი. თუმცა, ამ დროს პატარა მისი ათვისების მხოლოდ საწყის სტადიაზე იმყოფება. სიტყვიერი მარაგი ჯერ კიდევ არ აძლევს მას საშუალებას, რომ უფროსის ამა თუ იმ მითითების განხილვა დაიწყოს, სრულფასოვნად, გარშემომყოფთათვის გასაგებად გამოხატოს თანხმობა ან პროტესტი. ამიტომ, თავისი პასუხები უფროსის გამონათქვამებზე პატარამ შეიძლება გამოხატოს სპეციფიკური ქცევით – როცა ის ვერ ახერხებს საჭირო სიტყვების პოვნას საკუთარი აზრის გამოსახატად, მან შეიძლება დაიწყოს ჭირვეულობა, იყვიროს, გაწვეს იატაკზე, უარი თქვას ჭამაზე, გასეირნებაზე, მოიღუშოს, აგრესია გამოავლინოს.
საკუთარი თავის, საკუთარი ქცევის მართვა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია. ამ პერიოდში ბავშვები გამოირჩევიან აღქმულ სიტუაციაზე მკაცრი დამოკიდებულებით, ქცევის სიტუაციურობით და ვერ აკონტროლებენ შინაგან იმპულსებს. ბავშვი მოქმედებს არა საკუთარი ნებით, არამედ გარე ფაქტორებისა და გარემოებების ზემოქმედებით. სწორედ ამიტომ და არა ბოროტების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ესმის უფროსების მეტყველება, ყოველთვის არ აკეთებს იმას, რასაც სთხოვენ. მეტყველება უცებ არ ხდება ბავშვისთვის ქცევის რეგულატორი. ხშირად უფროსები, ბავშვში საკუთარი ქცევის მართვის უნარის სწრაფად განვითარების მიზნით, მიმართავენ ქცევის რეგულირების ნაკლებეფექტიან ხერხებს – ატარებენ ჭკუისდამრიგებლურ საუბრებს და ამით ხშირად არასრულფასოვნების გრძნობას უნერგავენ ბავშვს; აძლევენ მრავალრიცხოვან ინსტრუქციებს და ამით მის დამოუკიდებლობას ზღუდავენ, აყენებენ კუთხეში, უყვირიან ან უბრალოდ ფიზიკურად სჯიან. ხშირად ბავშვი ისჯება ქცევის უმნიშვნელო დარღვევებისთვისაც კი. ასეთი სასჯელების მიზანია უფროსების ბრძანებების უსიტყვო მორჩილება, მათი მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა. ბრძანებებითა და სასჯელებით შეიძლება მორჩილების მიღწევა, მაგრამ შეუძლებელია ამ გზით ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა. უფრო მეტიც, ძალიან მალე შეიძლება გამოვლინდეს ასეთი მიდგომის უარყოფითი შედეგები. როდესაც ბავშვს არცხვენენ, უყვირიან, ზარალდება მისი თავმოყვარეობა. ბავშვს ეუბნებიან, რომ ის თავად არის ცუდი და არა მისი მოქმედებები, მისი ქცევა. და, თუ ის ამას ჭეშმარიტებად მიიღებს, მაშინ აღარ ექნება უკეთესად მოქცევის მცდელობაც კი. გარდა ამისა, ბავშვი ჩათვლის, რომ სხვა ადამიანებთან უთანხმოების შემთხვევაში მას შეუძლია გამოიყენოს ფიზიკური ძალა. ბავშვის აზროვნება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული იმისათვის, რომ განჭვრიტოს საკუთარი ქცევის შედეგები. მას იშვიათად აქვს განზრახვა მოიქცეს ცუდად, უბრალოდ პატარას სჭირდება დახმარება, რომ ისწავლოს საკუთარი ქცევის მართვა.
რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ქცევის მართვა:
- თუ გვსურს, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მალე ისწავლოს ჩვენი მითითებების შესრულება და საკუთარი ქცევის მართვა, შევეცადოთ დავნერგოთ მარტივი წესები მის ყოველდღიურ რუტინაში. ეს დაეხმარება პატარას ამა თუ იმ სიტუაციაში უკეთ ორიენტირებაში, შემატებს მას თავდაჯერებულობას, თავიდან აგვაცილებს უსასრულო ნოტაციების კითხვას. იმისათვის, რომ წესები უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს, საჭირო იქნება ცალკეული პირობების გათვალისწინება – წესი უნდა იყოს კონკრეტული, ჩამოყალიბებული მკაფიოდ და ნათლად; სასურველია თითოეული წესი რამდენჯერმე გავიმეოროთ; წესი არა მხოლოდ წარმოთქმული, არამედ დახატულიც უნდა იყოს; წესის განმეორებისას შევეცადოთ, რომ ის მეგობრულ რჩევად ჟღერდეს და არა ბრძანებად ან მითითებად; წესი პოზიტიურად უნდა იყოს ფორმულირებული – უკეთესი იქნება ვუთხრათ ბავშვს „მშვიდად ილაპარაკე“ ვიდრე „არ იყვირო“; დავუსაბუთოთ ბავშვს წესის გამოყენების აუცილებლობა; თავად ჩვენ, უფროსებმა მკაცრად დავიცვათ ჩვენ მიერ დადგენილი წესები. ამასთან ერთად, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტი არ მოითხოვს მკაცრი წესების დადგენას, შემოღებას. მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი უსაფრთხოება და სხვა ადამიანების უფლებების პატივისცემაა;
- მოვერიდოთ ბავშვთან კონფლიქტებს. რა თქმა უნდა, თუ პატარა ცუდად იქცევა, საჭირო იქნება გარკვეული ზომების მიღება. თუმცა, უფროსებს შეგვიძლია ბევრი კონფლიქტის აღმოცენების წინასწარ განჭვრეტა და მათი თავიდან აცილება. მყიფე, ადვილად მსხვრევადი და საშიში ნივთების ბავშვისათვის მიუწვდომელ ადგილას შენახვით აღარ იქნება იმის აუცილებლობა, რომ ბავშვს მუდმივად შევახსენოთ მოერიდოს ნივთებს – „არ შეეხო ამას“, „დადე თავის ადგილას“ და ა.შ. უფროსებმა უნდა ვაღიაროთ, გავაცნობიეროთ, რომ ხანდახან თავად ვქმნით კონფლიქტურ სიტუაციებს. ეს შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, კამათს საკვებთან დაკავშირებით. თუ ბავშვი საკმარისად გაიზარდა იმისათვის, რომ ჰქონდეს საკუთარი სურვილები, მასზე ზეწოლა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენ შორის წინააღმდეგობას. საუკეთესო გამოსავალია შევაქოთ ბავშვი, როდესაც ის კარგად იკვებება და არ გავბრაზდეთ, თუ რაიმე საკვებზე უარს ამბობს;
- განვიხილოთ ბავშვთან ერთად მისი ცუდი საქციელი, მაგალითად, ვუთხრათ: „შენ გაქვს ჩვევა გააბნიო შენი ნივთები მთელს ოთახში, მე კი უნდა გადავაბიჯო თითოეულ ნივთს, რომ ფეხი არ დავადგა და არ დავაზიანო. როგორ მოვიქცეთ? იქნებ შენ თავად დამეხმარო იმის გადაწყვეტაში როგორ მოვიქცე, თუ არ დაალაგებ შენს ნივთებს“. შევეცადოთ მომავალში ყოველთვის დავიცვათ ეს შეთანხმება;
- გამოვიყენოთ ტაიმ-აუტი. ის პოზიტიური დისციპლინის კლასიკური ხერხია. მისი გამოყენება იმდენჯერ შეიძლება, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება. ტაიმ-აუტი შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის არასასურველი მოქმედების შეზღუდვისათვის ემოციური ტრავმის მიყენების გარეშე. როგორც ბავშვს, ასევე მშობელს ტაიმ-აუტი დამშვიდებისა და კონფლიქტის თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ, ამ დროს ჩვენ არ უნდა გავუშვათ ბავშვი უბრალოდ მის ოთახში, სადაც უამრავი სათამაშო და ბევრი საინტერესო ნივთია, რომლითაც შეიძლება მან ითამაშოს დასჯის დროს. გამოვყოთ სკამი ან წყნარი კუთხე „ტაიმ-აუტისთვის“, სადაც ბავშვი გაატარებს დროს, როცა ცუდად მოიქცევა. მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს კავშირი საკუთარ ქცევასა და ტაიმ-აუტს შორის. დაფიქრებისათვის პატარას 3 წუთი ეძლევა. შესვენების შემდეგ ის უბრუნდება თამაშს. არ იქნება გამართლებული ამ დროს კვლავ საყვედურების თქმა და ინციდენტის შეხსენება ბავშვისთვის;
- შევეცადოთ გამოვრიცხოთ ემოციები, როდესაც ბავშვს წესრიგისკენ მოვუწოდებთ, ნუ წავუკითხავთ ნოტაციებს და ნუ ვიკამათებთ მასთან. გავაკეთოთ ის, რასაც საჭიროდ ვთვლით. შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში მას ავუკრძალოთ იმის გაკეთება, რაც სურდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ ქმედებას თავისი შედეგი აქვს. თუ ის ყვირის და ცუდად იქცევა, ჩვენ უნდა გავახანგრძლივოთ დასჯის დრო. როდესაც დასჯის დრო ამოიწურება, არ დაგვავიწყდეს ვკითხოთ ბავშვს, გაიგო თუ არა რატომ დაისაჯა;
- გამოვიყენოთ ბარათი ვარსკვლავებით ან ფერადი ქაღალდებისაგან დავამზადოთ ყვავილი, რომლის ფურცლებზეც გარკვეული დროის განმავლობაში გავაკეთებთ ჩანაწერებს ბავშვის კარგი საქციელის შესახებ. როდესაც მოგროვდება ჩანაწერების საკმარისი რაოდენობა, ბავშვმა შეიძლება მიიღოს დამატებითი წახალისება, ჯილდო, მაგ. გასეირნება ან სადმე მოგზაურობა. ეს ქცევის მართვის კარგი მეთოდია;
- შევაქოთ ბავშვი. შექება მისთვის ჩვენი მოლოდინების გადაცემაა. კარგია, თუ ბავშვს ეცოდინება კონკრეტულად რისთვის შეაქეს. უკეთესია ვუთხრათ: „მომწონს, რომ სათამაშო შენს თანატოლს გაუზიარე“, ვიდრე გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი ნაკლებად გასაგებად: „შენ კარგი ბიჭი ხარ“. შექება ბავშვში საკუთარი ძალების რწმენას, თავდაჯერებულობას ავითარებს. თავდაჯერებული, საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბავშვი უფრო ადვილად იტანს შენიშვნებს, კრიტიკას. მას ესმის, ხვდება, რომ საქმე მის ქცევას ეხება და არა პირადად მას;
- ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევა და მაგალითი ვუჩვენოთ ბავშვს. ბავშვები ძალიან დაკვირვებულები არიან და უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების ქცევას აკოპირებენ. თუ მშობელი ყვირის, ბავშვიც ასე იქცევა. ის იყენებს სიტყვებს, რომლებიც ესმის მშობლებისგან, ჰბაძავს მათი ქცევის მანერებს. ბავშვი თვლის, რომ ყველაფერი, რასაც მისი მშობლები აკეთებენ, კარგია;
- გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი ქცევის მართვის უნარი ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში ყალიბდება. ეს პერიოდი კი, უპირველეს ყოვლისა თამაშის ასაკია, ნებისმიერი ქცევის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს თამაში. საკუთარი ქცევის მართვის მექანიზმი – წესებისადმი მორჩილება, წესების დაცვის უნარი ყალიბდება სწორედ თამაშის დროს, შემდეგ კი მოქმედების, ქცევის სხვა ფორმებშიც ვლინდება. ნებისმიერი თამაში გულისხმობს გარკვეული გამოცდილების მიღებას, რაც ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია. თამაში შესაძლებლობას აძლევს ბავშვს, სრულად განავითაროს თავისი ინტელექტუალური, ემოციური და ფიზიკური შესაძლებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად ვითამაშებთ ბავშვთან. ერთად თამაში გააძლიერებს ნდობით განმსჭვალულ ურთიერთობებს, საშუალებას მოგვცემს ძალდატანებისა და თავსმოხვევის გარეშე, ბუნებრივად განვავითაროთ ბავშვში გარკვეული თვისებები, დაგვეხმარება დამატებითი დატვირთვისა და სტრესის გარეშე ჩავრთოთ პატარა სასწავლო პროცესში.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები ითვისებენ, იღებენ ჩვენს ზოგად განწყობა-დამოკიდებულებებს, შეხედულებებს ცხოვრებაზე, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება, პირველ რიგში, საკუთარი თავიდან დავიწყოთ. თუ გვსურს, რომ ჩვენი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, ვისწავლოთ თავად ვიყოთ ბედნიერი. თუ გვსურს, რომ ბავშვები სიყვარულის გარემოცვაში გვყავდეს, ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული. თუ გვსურს, რომ ბავშვთან ნდობით განმსჭვალული დამოკიდებულება შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ვისწავლოთ საკუთარი თავის და ცხოვრების ნდობა. გვიყვარდეს ბავშვი, ვიყოთ სამართლიანი მის მიმართ, ვენდოთ, პატივი ვცეთ მის პიროვნებას, ხშირად შევაქოთ ის და ისიც იმავეთი გვიპასუხებს.


