უცხოური ენის სწავლა-სწავლების პროცესი და მიზნები ყოველთვის თანხვდება საზოგადოების განვითარების ტემპს, ცხოვრების რიტმსა და ტექნოლოგიურ პროგრესს. იმ მეთოდებისა და რესურსების უმრავლესობა, რომლებიც წარმატებით გამოიყენებოდა საუკუნის დასაწყისში ან 20-25 წლის წინ, დღეს უკვე მოძველებულად მიიჩნევა. ტექნოლოგიურმა ეპოქამ საგრძნობლად შეცვალა საგანმანათლებლო გარემო, განსაკუთრებით კი უცხოური ენების სწავლების პროცესი.
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში სათავე დაუდო სწავლების ახალ ფორმატს. დისტანციურმა, მოგვიანებით კი ჰიბრიდულმა მოდელმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა. გამოცდილებაზე დაყრდნობით დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სწავლების ჰიბრიდული მოდელი ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ და ეფექტიან მიდგომად ჩამოყალიბდა, რადგან იგი მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს უცხოური ენის სწავლების პროცესში უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ერთ-ერთ პოპულარულ რესურსზე – პოდკასტზე, მის საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე.
პოდკასტის იდეამ განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გამოიწვია, რაც სკოლაში „სკოლის რადიოს“ შექმნის იდეა გაგვიჩნდა. თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების გათვალისწინებით, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, რამდენად შეესაბამებოდა ტრადიციული რადიოს ფორმატი დღევანდელი მოსწავლეების ინტერესებსა და ციფრულ გარემოს. დავიწყეთ უფრო თანამედროვე, ინტერაქციული და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ფორმატის ძიება, რომელიც სასარგებლოც იქნებოდა, საინტერესოც და საგნის მიზნების შესაბამისიც. ყურადღება პოდკასტზე შევაჩერეთ.
დღეს სიტყვა „პოდკასტი“ უკვე ყოველდღიური ლექსიკის ნაწილია. ინტერნეტსივრცეში მას ხშირად ვხვდებით, თუმცა მისი მნიშვნელობა და საგანმანათლებლო პოტენციალი ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული.
ტერმინი „პოდკასტი“ მომდინარეობს სიტყვებისგან „iPod“ და „broadcast“. პოდკასტინგი (baladodiffusion) წარმოადგენს ინტერნეტის საშუალებით იმ აუდიო- და ვიდეოფაილების გავრცელების მეთოდს, რომელთა გამოწერა შესაძლებელია ინფორმაციის მარტივად გავრცელებადი და განახლებადი (RSS – Really Simple Syndication) არხების მეშვეობით. პოდკასტების მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და სივრცეში კომპიუტერის, მობილური ტელეფონის, პლანშეტისა თუ MP3 ფლეიერის საშუალებით.
პედაგოგიკურ პრაქტიკაში პოდკასტები შეიძლება რამდენიმე ძირითად ტიპად დავყოთ:
. ავთენტური პოდკასტები
ეს არის ენის მატარებლების მიერ შექმნილი მასალა, რომელიც რეალურ კომუნიკაციურ გარემოში გამოიყენება. ავთენტური პოდკასტები ეხმარება მოსწავლეებს ბუნებრივი მეტყველების, აქცენტების, ინტონაციების გაგებაში, კულტურულ კონტექსტთან დაახლოებაში.
. მასწავლებლის პოდკასტები
ეს არის მასწავლებლის მიერ საგანგებოდ სასწავლო მიზნებისთვის შექმნილი ჩანაწერები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს:
- გაკვეთილების შეჯამებას;
- ინსტრუქციებს;
- ინტერვიუებს;
- თემატურ განხილვებს;
- გრამატიკული ან ლექსიკური მასალის განმარტებას.
. მოსწავლეების პოდკასტები
განსაკუთრებით საინტერესო და ეფექტიან ფორმატს წარმოადგენს მოსწავლეების მიერ შექმნილი პოდკასტები. მოსწავლეებს შეუძლიათ:
- მოამზადონ მონოლოგები;
- ჩაწერონ დიალოგები;
- განახორციელონ როლური თამაშები;
- წაიკითხონ ტექსტები ფონეტიკური ვარჯიშისთვის;
- გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები;
- მოამზადონ პრეზენტაციები;
- ჩაწერონ ინტერვიუები სკოლის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
პოდკასტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ფარგლებში, არამედ როგორც შემაჯამებელი დავალება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, რეალურ კონტექსტში გამოიყენონ ენობრივი ცოდნა.
პოდკასტების გამოყენებას თავისი უპირატესობები აქვს. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ავთენტური ენობრივი გარემოს შექმნაა. მოსწავლეები ისმენენ რეალურ მეტყველებას, ბუნებრივ ინტონაციას, სხვადასხვა აქცენტსა და ყოველდღიურ ლექსიკას, რაც მათ რეალური კომუნიკაციური სიტუაციებისთვის ამზადებს.
მოსმენის უნარის განვითარება
უცხოური ენის სწავლებისას მოსმენის უნარი ერთ-ერთ რთულ კომპეტენციად მიიჩნევა. პოდკასტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს:
- მრავალჯერ მოუსმინონ მასალას;
- ცვალონ მოსმენის სიჩქარე;
- ეტაპობრივად განივითარონ გაგების უნარი.
რეგულარული მოსმენა აუმჯობესებს როგორც ზოგადი შინაარსის, ისე დეტალების აღქმის უნარს. რეცეფციული (მოსმენის) უნარის განვითარებასთან ერთად, ამ ტიპის რესურსი ხელს უწყობს მეტყველებისა და წარმოთქმის გაუმჯობესებას.
პოდკასტების მოსმენისას მოსწავლეები იმეორებენ ფრაზებს, ინტონაციასა და გამოთქმას. განსაკუთრებით ეფექტიანია მოსწავლეების მიერ პოდკასტების შექმნა, რადგან ეს პროცესი აერთიანებს:
- წერით უნარს;
- ზეპირ მეტყველებას;
- შემოქმედებითობას;
- თანამშრომლობით სწავლებას.
ენობრივი უნარების განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მასალა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და მოქნილი. პოდკასტებს ეს უპირატესობაც აქვს: მათი მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოში – შინ, ტრანსპორტში, სეირნობისას… ეს ქმნის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას და ზრდის სამიზნე ენასთან კონტაქტის ხანგრძლივობას.
ამასთანავე, ტრადიციული სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, პოდკასტები ხშირად ეხება თანამედროვე და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებს: მუსიკას, მოგზაურობას, კულტურას, ტექნოლოგიებს, სოციალურ მედიას, ყოველდღიურ ცხოვრებას. შედეგად იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, მაღლდება მოტივაცია. მოტივაცია კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლა-სწავლების პროცესში.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოდკასტები ხშირად დადებით გავლენას ახდენს მორცხვ და შფოთვის მქონე მოსწავლეებზე. მათ შეუძლიათ, ინდივიდუალურად იმუშაონ მასალასთან, რამდენჯერმე ჩაწერონ საკუთარი ხმა და ეტაპობრივად გაიძლიერონ თავდაჯერება.
მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, პოდკასტების გამოყენებას თან ახლავს განსაზღვრული სირთულეებიც. აუცილებლად მივიჩნიეთ, ამ სირთულეებზეც გვესაუბრა.
აუცილებელია, მასწავლებელმა სწორად შეარჩიოს პოდკასტი მოსწავლის ენობრივი დონისა და სასწავლო მიზნების მიხედვით. ზედმეტად რთულმა ან შეუსაბამო მასალამ შესაძლოა მოსწავლის დემოტივირება გამოიწვიოს.
გასათვალისწინებელია პოდკასტის ხანგრძლივობის მნიშვნელობა. სასწავლო მიზნებისთვის რეკომენდებულია მოკლე, 5-10-წუთიანი ჩანაწერები, რათა მოსწავლემ ყურადღების კონცენტრაცია შეინარჩუნოს.
პოდკასტს, ვიდეომასალისგან განსხვავებით, არ ახლავს ვიზუალური კონტექსტი, ჟესტები და მიმიკა, რაც ზოგჯერ მოსმენილის გაგებას ართულებს, ამიტომ სასურველია ტრანსკრიპტებისა და დამატებითი ვიზუალური მასალის გამოყენება (მაპროვოცირებელი, მოსმენამდელი სავარჯიშოები).
არსებობს რისკი, მოსწავლე პოდკასტს ფონურად უსმენდეს და აქტიურად არ ამუშავებდეს ინფორმაციას, რაც სწავლების ეფექტიანობას ამცირებს.
გარდა სასწავლო შინაარსისა, არსებობს ტექნიკური გამოწვევებიც. მაგალითად, ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური რესურსი ან ციფრული უნარები, რაც პოდკასტებთან მუშაობას ართულებს.
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის
პოდკასტების ეფექტიანად გამოყენებისთვის სასურველია:
- შეირჩეს მოსწავლეთა დონის შესაბამისი მასალა;
- გამოყენებულ იქნეს ტრანსკრიპტები და სუბტიტრები;
- დაიგეგმოს მოსმენისწინა და მოსმენის შემდგომი აქტივობები;
- თემები დაუკავშირდეს მოსწავლეთა ინტერესებს;
- პოდკასტები ინტეგრირდეს სხვა აქტივობებთან;
- მოსწავლეებმა თავად შექმნან პოდკასტები;
- პოდკასტი გამოყენებულ იქნეს როგორც შემაჯამებელი ან პროექტული დავალება.
პოდკასტის გამოყენება შესაძლებელია, როგორც თემის სწავლების, ისე ნასწავლი თემის შეჯამების დროსაც. მაგალითად, თემის სწავლების ეტაპზე მასწავლებელს შეუძლია, დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად შერჩეული მოსასმენი მასალა, ხოლო შეჯამების ეტაპზე -შემაჯამებელ დავლებად განიხილოს თემატურად მომზადებული (ჩაწერილი) პოდკასტი.
პოდკასტური დავალებების მაგალითები ფრანგული ენის სწავლებისთვის
დავალების მიცემისას აუცილებელია, მასწავლებელმა მოსწავლეებს განუსაზღვროს პოსდკასტის ხანგრძლივობა. მონოლოგის შემთხვევაში ის არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ხოლო როლური თამაშისას ხანგრძლივობის გაზრდა შეიძლება თემის შესაბამისად.
A1 დონეზე შეიძლება მივცეთ თემა „Je me présente“ – „გაგაცნობთ ჩემს თავს“. დავალების ფარგლებში მოსწავლემ უნდა ჩაწეროს 1-2-წუთიანი მონოლოგი საკუთარი თავის შესახებ: სახელი, ასაკი, ოჯახი, ჰობი, საყვარელი საქმიანობა (მონოლოგის შინაარსიც შეიძლება მასწავლებელმა განსაზღვროს კლასის საჭიროების მიხედვით).
A1 დონეზე ასევე შეიძლება დამუშავდეს თემა „Mon école“ – „ჩემი სკოლა“. მოსწავლემ უნდა ჩაწეროს 1-2-წუთიანი აუდიომასალა და აღწეროს საკუთარი სკოლა ან კლასი.
დავალებების მიცემა, ბუნებრივია, შეიძლება A2 დონეზეც. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა მოიფიქროს თემის შესაბამისი დავალებები. მაგალითად, „Mon métier du futur“ – „ჩემი მომავალი პროფესია“. მოსწავლემ უნდა ჩაწეროს 2-წუთიანი აუდიო და ისაუბროს მომავალ პროფესიასა და გეგმებზე.
პოდკასტი უცხოური ენის სწავლების მნიშვნელოვანი და მრავალფუნქციური თანამედროვე ინსტრუმენტია. ის ხელს უწყობს მოსმენის, მეტყველების, წარმოთქმისა და კულტურული ცნობიერების განვითარებას, ამაღლებს მოტივაციას და ავითარებს დამოუკიდებლად სწავლის უნარს. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწორად დაგეგმილი და მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში პოდკასტები შეიძლება იქცეს არა მხოლოდ დამატებით რესურსად, არამედ ეფექტიან საგანმანათლებლო მეთოდადაც, რომელიც სავსებით პასუხობს თანამედროვე მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს.
გამოყენებული რესურსი:
- Maoui, M. (2023). Titre complet du travail de recherche [Mémoire de recherche, Université Mohamed Lamine Debaghine Sétif 2]. URL


