პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
30 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

მედიაწიგნიერება ხელოვნების გაკვეთილზე

 

ვიზუალური წიგნიერება და ილიას სტენსილი

 „მასმედია როგორც ერთიანი სისტემა მოსახლეობისთვის გარკვეული სიმბოლოებისა და გზავნილების მიწოდებას ემსახურება. მისი ფუნქცია ხალხის გამოცოცხლება, გართობა და ინფორმირებაა“.

ნოამ ჩომსკი, ედვარდ ს. ჰერმანი. „თანხმობის წარმოება – მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა“

 

მედიაწიგნიერება და მისი სწავლების მნიშვნელობა

მსოფლიო ბესტსელერი, ნოამ ჩომსკისა და ედვარდ სემუელ ჰერმანის წიგნი „თანხმობის წარმოება – მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა“, მეოცე საუკუნის მედიაგამოცდილებაზე დაყრდნობით არის შექმნილი. წიგნში აღწერილი რეალური შემთხვევები მედიაგზავნილების მნიშვნელობას, ფუნქციასა და საზოგადოებაზე ზეგავლენას შეეხება. გასულ საუკუნეში სიტყვა „მედია“ რადიოს, ტელევიზიასა და პრესას აერთიანებდა, თანამედროვე სამყაროში კი მედიის ცნება გაცილებით ფართოა. ის, გარდა ტრადიციული მედიასაშულებებისა, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, რეკლამებს, ფოტოებს, ფილმებსა და წიგნებსაც კი მოიცავს. მედიაპროდუქტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც ინფორმაციის მასობრივი გავრცელების მიზნით არის შექმნილი. ბოლო ასწლეულში მომხდარმა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა საინფორმაციო საშუალებების შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ახალი ამბების სწრაფად გავრცელებამ საზოგადოება კონკრეტული ფაქტებისა თუ მოვლენების შესახებ მეტად ინფორმირებული გახადა, თუმცა გამოიკვეთა პრობლემაც, რომელიც დიდი რაოდენობის ინფორმაციის აღქმას, მიღებასა და ანალიზს გულისხმობს, ამიტომ 21-ე საუკუნის ადამიანისთვის მედიაწიგნიერების კომპეტენციის ფლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.

მედიაწიგნიერება განიმარტება როგორც ინფორმაციის მიმართ დამოკიდებულების, უნარებისა და ცოდნის ერთობლიობა (ინგოროყვა, 2023, გვ. 10). მედიაწიგნიერება ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის მიღება, გააზრება და კრიტიკული ანალიზი თანამედროვე ციფრული ეპოქის ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია (მედიაწიგნიერების თეორიული და აკადემიური მიდგომები, 2024). მედიაწიგნიერების კომპეტენცია მოიცავს თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე წვდომას, ინფორმირებულობას, მედიაშეტყობინების აღქმასა და ანალიზს (დეკოდირებას), მედიაპროდუქტის შეფასებასა და რეფლექსიას, მედიაგზავნილის შექმნასა და მედიასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობას (ინგოროყვა, 2023, გვ. 10).

მედიაწიგნიერება უკვე არაერთი ევროპული ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია. ის ისწავლება დამოუკიდებლად ან რომელიმე საგანშია ინტეგრირებული („რატომ უნდა ვასწავლოთ მედიაწიგნიერება სკოლებში“, 2024). საგნობრივ შინაარსში მედიაწიგნიერების ინტეგრირებისთვის საჭიროა, განისაზღვროს კონკრეტული თემები, რომელთა გაკვეთილზე განხილვა მედიაწიგნიერების მეთოდების გამოყენებით მოხდება. მედიაწიგნიერების კომპეტენციის დაუფლებით მოსწავლე შეძლებს მედიაშეტყობინებების დეკოდირებას, მოვლენების კრიტიკულად გააზრებას, გაანალიზებას, ყალბი და ნამდვილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევას, გავრცელებული ინფორმაციის წყაროების სანდოობის შემოწმებას, ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ნავიგაციას და სანდო მედიაპროდუქტის შექმნას, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების მქონე, პასუხისმგებლობიანი და სოციალურად აქტიური მოქალაქის აღზრდას.

 

ხელოვნების გაკვეთილი და ვიზუალური წიგნიერების კომპეტენცია

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მედიაწიგნიერება არჩევითი საგანია, თუმცა სწორად შერჩეული მიდგომითა და მკაფიოდ განსაზღვრული გაკვეთილის მიზნით მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის საგნებითაც არის შესაძლებელი. ასე, მაგალითად: იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილზე მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარები განუვითარდეთ, საჭიროა ვიზუალური მასალის როგორც მედიაგზავნილის აღქმა და განხილვა.

ვიზუალური წიგნიერება მედიაწიგნიერების შემადგენელი ნაწილია (ინგოროყვა, 2023, გვ. 37). ვიზუალური წიგნიერება გამოსახულების საშუალებით შეტყობინების გადაცემას გულისხმობს. ამგვარი მედიაგზავნილი შეიძლება იყოს სურათი, ილუსტრაცია, პოსტერი, ფოტო, ფილმი, ვიდეოთამაშები, ქუჩის აბრა, მურალი, ბილბორდი, აფიშა და სხვ. ვიზუალური შეტყობინების დეკოდირებისას (ანალიზისას) მნიშვნელობას იძენს ფერი, ფორმა, ზომა, სიმბოლოები, დეტალები, განათება, რაკურსი, ხედვის წერტილი და ა.შ. გამოსახულების ანალიზისთვის საჭირო უნარებს კი მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილზე იძენენ, ამიტომ ადვილია ვიზუალური წიგნიერების ინტეგრირება ხელოვნების საგნობრივ შინაარსთან.

ხელოვნების მასწავლებლებისთვის მედიაშეტყობინების დეკოდირება ნამუშევრის ანალიზის საპირწონეა. იმისთვის, რომ ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარები განუვითარდეთ, თავდაპირველად საჭიროა, შეირჩეს ხელოვნების ნიმუში, რომელიც განხილულ იქნება როგორც მედიაგზავნილი. ხელოვნების ნიმუში, რომელიც ვიზუალური წიგნიერების კონტექსტში მოექცევა, უკვე განსაზღვრავს გაკვეთილის თემას. ამასთანავე, მედიაწიგნიერების კუთხით ხელოვნების ნიმუშის განხილვა სულაც არ ნიშნავს, რომ მას მხატვრული ღირებულება ეკარგება. საქმე ის არის, რომ გამოსახულების მედიაშეტყობინებად აღქმისას ხელოვნების ნიმუში მედიაწიგნიერების განხილვის საგანიც ხდება, ხელოვნებისა და ვიზუალური წიგნიერების ინტეგრირება კი შესაძლოა უკავშირდებოდეს ნამუშევრის შექმნის ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ ან კულტურულ კონტექსტს. ორივე საგნისთვის გამოსახულების კონტექსტის გააზრება დეკოდირების (ანალიზის) საწყისი ეტაპია.

ხელოვნების გაკვეთილზე, სავსებით შესაძლებელია, ინტეგრაცია ქუჩის ხელოვნების მაგალითზე შედგეს, გაკვეთილის თემა კი შეიძლება ასე განისაზღვროს: „ქუჩის ხელოვნება როგორც მედიაგზავნილი“. მაგრამ სანამ street art-ს მედიაწიგნიერების კონტექსტში განვიხილავთ, საჭიროა მისი ისტორიის გახსენებაც.

გრაფიტი ხელოვნების ფორმაა, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში ამერიკაში ჩამოყალიბდა, მაშინ, როდესაც ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესისა და ფილადელფიის შენობების კედლებზე, ხიდებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში თვალში საცემი გამოსახულებები და წარწერები გაჩნდა (The Art Story, უთარიღოდ). კონტრასტული, ინტენსიური ფერის საღებავებით შესრულებული ნამუშევრები სხვადასხვა შინაარსისა იყო და გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. გრაფიტის შემდეგ პოპულარობა სტენსილმა მოიპოვა. სტენსილი მუყაოს ან ლითონის შაბლონია, რომლის მეშვეობითაც გამოსახულება კედელზე გადააქვთ (Encyclopaedia Britannica, უთარიღოდ). მურალი კი განზოგადებული ტერმინია და, ჩვეულებრივ, საჯარო სივრცეში კედელზე შესრულებულ მხატვრობას გულისხმობს (Tate, უთარიღოდ). დღეს ქუჩის ხელოვნებას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ მურალს, ვიდეოპროექციას, სტენსილს, გრაფიტის, სტიკერებს აერთიანებს (Tate, უთარიღოდ).

ქუჩის ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოშიც განვითარდა. ჩვენს ქვეყანაში დღეს street art-ს ხელოვანთა არაერთი ჯგუფი და დამოუკიდებელი არტისტი ქმნის. ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი მურალის, გრაფიტისა და სტენსილის ნიმუშები შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. შენობის კედელზე წარმოდგენილი დიდი ზომის გამოსახულება ყოველი გამვლელისთვის მედიაგზავნილია. მედიაგზავნილებს შორის გამორჩეულია ილია ჭავჭავაძის, მარო მაყაშვილის, ნონა გაფრინდაშვილის, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების პორტრეტები, ლურჯი სუფრისა და ქართული ვაზის გამოსახულება.

ახალგაზრდა ხელოვანის გიორგი გაგოშიძის (Gagosha) მიერ შექმნილი სტენსილი ილია ჭავჭავაძის გამოსახულებით 2023 წლის 14 დეკემბრის ისტორიულ მოვლენას ეძღვნება. ამ დღეს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიტატის სტატუსი მიიღო. სტენსილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის კედელზეა შესრულებული. გიორგი გაგოშიძის ნამუშევრის მედიაგზავნილად განხილვა სავსებით შესაძლებელია. იმისთვის, რომ ხელოვნების გაკვეთილზე საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სტენსილის მედიაწიგნიერების რაკურსით აღქმა შეძლონ, საჭიროა ვიზუალური წიგნიერების დეკოდირებისთვის შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემა. დეკოდირებისთვის ანუ გამოსახულების ანალიზისთვის მასწავლებელს შეუძლია, შემდეგი კითხვები დასვას: რას ხედავთ? რა მოვლენის შესახებ შეიძლება იყოს სტენსილი? რატომ გგონიათ ასე? როგორია თქვენი შთაბეჭდილება? დამატებითი კითხვა ხომ არ გაგიჩნდათ? როგორ ფიქრობთ, რა არის სტენსილის როგორც მედიაგზავნილის მთავარი სათქმელი? (ინგოროყვა, 2023, გვ. 38). მასწავლებელს შეუძლია, კითხვები დაფაზე ჩამოწეროს და მოსწავლეებს წყვილებში მუშაობა დაავალოს. დეკოდირების პროცესში მოსწავლეებს ძალიან დაეხმარებათ ხელოვნების გაკვეთილებზე არაერთხელ შესრულებული ნამუშევრის ანალიზის სავარჯიშო. სტენსილი/მედიაგზავნილი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას, საქართველოს ევროპის ნაწილად ყოფნას, გამოხატავს. ნამუშევრის კომპოზიცია ასეთია: ხანში შესული, ჯოხზე დაყრდნობილი ილია კიბეზე ადის, ხელში საქართველოს დროშასავით მოხატული ვარსკვლავი უჭირავს და ღიმილიანი სახითა და მზერით ევროკავშირის დროშისკენ მიემართება. ევროკავშირის დროშაზე ადგილია დატოვებული ერთი ვარსკვლავისთვის – საქართველოსთვის.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები წყვილებში მუშაობას დაასრულებენ, შეიძლება, კლასში მცირე დისკუსია გაიმართოს. მნიშვნელოვანია, დისკუსიის დროს ყველა მოსწავლეს მიეცეს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. მოსწავლეების მოსმენისას მასწავლებელი დაინახავს, რა გაიგეს ბავშვებმა გაკვეთილიდან და რა დონეზე ფლობენ ვიზუალური წიგნიერებისთვის საჭირო უნარებს. მსჯელობის შემდეგ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დრო დგება. მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეები ჯგუფებად დაყოს და მათთვის სასურველი მედიაგზავნილის შექმნა დაავალოს. დავალების პირობა ასეთია: „შექმენით ნებისმიერი ხერხითა და მასალით სასურველი მედიაგზავნილის ესკიზი“. გაკვეთილის დასრულებამდე ყველა ჯგუფმა კლასს უნდა წარუდგინოს თავისი ნამუშევარი და მის შესახებ ისაუბროს.

გაკვეთილის ბოლოს, სასურველია, მასწავლებელმა გასცეს უკუკავშირი სენდვიჩის მეთოდის გამოყენებით. თუ გაკვეთილი ხელოვნებისა და მედიაწიგნიერების ინტეგრაციის პირველი მცდელობაა, ხარვეზები დასაშვებია, მაგრამ მნიშვნელოვანია მასწავლებლის თვითრეფლექსია.

შემოთავაზებული გაკვეთილი თანხვდება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კრიტიკული აზროვნებისა და ციფრული მოქალაქეობის უნარების მქონე პიროვნების აღზრდას. (საქართველოს პარლამენტი, 2024).

 

დამატებითი ინფორმაცია ქუჩის ხელოვნებისა და მედიაწიგნიერების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ბმულებზე:

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ილია ჭავავაძის სტენსილის შესახებ

https://www.youtube.com/watch?v=KM8ftPY3-jU&t=184s

  1. თბილისის მურალფესტი

https://www.tbilisimuralfest.com/templates/Artists.html

  1. მედიაწიგნიერების რაობა

https://www.youtube.com/watch?v=sLc0q–f4qs

  1. მედიაწიგნიერება ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის

https://www.youtube.com/watch?v=nzl4EJW9Iso&t=1s

  1. მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის

https://www.youtube.com/watch?v=MxXSUp9VvcU

 

გამოყენებული წყაროები:

  1. The Art Story (უთარიღოდ). ქუჩის ხელოვნება

https://www.theartstory.org/movement/street-art/

  1. Tate (უთარიღოდ). გრაფიტის ხელოვნება

https://www.tate.org.uk/art/art-terms/g/graffiti-art

  1. Encyclopaedia Britannica (უთარიღოდ). სტენსილი

https://www.britannica.com/art/stenciling

  1. Tate (უთარიღოდ). მურალი

https://www.tate.org.uk/art/art-terms/m/mural

  1. ნ. ჩომსკი, ე. ს. ჰერმანი. თანხმობის წარმოება – მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა. 2020
  2. ნ. ინგოროყვა. მედიაწიგნიერების გაკვეთილები. 2023

https://mediatsigniereba.ge/teachers/sakhelmdzghvanelo-mediatsignierebis-gakvetilebi

  1. მედიაწიგნიერების თეორიული და აკადემიური მიდგომები. მედიაწიგნიერება, 2024

https://mediatsigniereba.ge/teachers/mediatsignierebis-teoriuli-da-akademiuri-midgomebi

  1. რატომ უნდა ვასწავლოთ მედიაწიგნიერება სკოლებში? მედიაწიგნიერება, 2024

https://mediatsigniereba.ge/teachers/ratom-unda-vastsavlot-mediatsigniereba-skolebshi

  1. 9. „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2024 წლის 12 ივნისი

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6193624?publication=0

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

დამალული მათემატიკა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“