სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026
3 ნოემბერი, სამშაბათი, 2026

როცა დავალებას ჩატბოტი წერს- მასწავლებლის მისია

სტატია მომზადებულია დოქტორ მედ ხარბახის სახელმძღვანელოსა და რობერტ ენისის კრიტიკული აზროვნების ჩარჩოს მიხედვით

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც მოსწავლის მიერ წარმოდგენილ ესეს ან დავალებას ვკითხულობთ და ვხედავთ, რომ ტექსტი გამართულია, წინადადებები – აკადემიური, აბზაცები კი – ლოგიკურად დალაგებული. თუმცა, როდესაც მოსწავლეს დეტალების დაზუსტებას ვთხოვთ (მაგალითად: „როგორ მიხვედი მეორე აბზაცში მოყვანილ დასკვნამდე?“), მოსწავლე დუმს, რადგან ამ დეტალების  შესახებ მას ცოდნა არ აქვს დ შესაბამისად არც პასუხი.

როგორი უნდა იყოს ჩვენი, პედაგოგების, პირველი რეაქცია?

ხშირად მიფიქრია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვის საჭიროებაზე.  თუმცა, ფილოსოფიის დოქტორის, მედ ხარბახის (Dr. Med Kharbach, 2026) სახელმძღვანელომ – „კრიტიკული აზროვნების აქტივობები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ (Critical Thinking Activities for the Age of AI) – ჩემი დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეცვალა.

სახელმძღვანელოს მთავარი გზავნილი ასეთია: „მთავარია არა ის, იყენებს თუ არა მოსწავლე ხელოვნურ ინტელექტს, არამედ ის, თუ როგორ იყენებს მას“. პედაგოგის ამოცანაა არა AI-ის აკრძალვა, არამედ სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ ტექნოლოგიასთან ინტერაქცია კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების სივრცედ იქცეს. 

ბოლო პერიოდში ჩატარებული აკადემიური კვლევები AI-ის გავლენაზე საგანგაშო ტენდენციებს გამოკვეთს. მეცნიერები რამდენიმე ძირითად რისკზე მიუთითებენ: 

  • მოსწავლეები სააზროვნო ძალისხმევას ავტომატურად გადაანაწილებენ ტექნოლოგიაზე, რაც აქვეითებს ანალიტიკურ უნარებს.
  • მოსწავლეები ნაკლებად აკვირდებიან და აკონტროლებენ საკუთარ აზროვნებასა და სწავლის პროცესს.
  • ჩატბოტის პასუხის უპირობო ნდობა და მზა ტექსტების კოპირება კრიტიკული შეფასების გარეშე.
  • ტვინის გამოსახულების (fMRI) კვლევებმა აჩვენა, რომ AI-ის დახმარებით წერისას ტვინის კოგნიტური აქტივობა გაცილებით დაბალია, ვიდრე დამოუკიდებელი მუშაობისას.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებმა, რომლებიც დავალებას მხოლოდ AI-ის დახმარებით ასრულებდნენ, გაცილებით ცუდად დაიმახსოვრეს მასალა, ვიდრე მათ, ვინც დამოუკიდებლად იმუშავა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მათემატიკაში, სადაც ჩატბოტის უმართავმა გამოყენებამ სწავლის შედეგებს ზიანი მიაყენა.

ამავდროულად, დოქტორი ხარბახი მოგვიწოდებს, ამ მიგნებებს ზედმეტი დრამატიზმის გარეშე შევხედოთ. კვლევების უმეტესობა ჯერჯერობით მცირე სამიზნე ჯგუფებს მოიცავს და გრძელვადიან შედეგებს დამატებითი დაკვირვება სჭირდება. თუმცა, ლოდინი არ ნიშნავს უმოქმედობას – მიმართულება ნათელია და მოქმედების დრო ახლაა.

იმისათვის, რომ AI-თან მუშაობა კოგნიტურ სავარჯიშოდ ვაქციოთ, მედ ხარბახის სახელმძღვანელო ეყრდნობა კრიტიკული აზროვნების აღიარებული მკვლევრის, რობერტ ენისის (Robert Ennis, 2015) ჩარჩოს. ენისის მიხედვით, კრიტიკული აზროვნება არის გააზრებული, რეფლექსიური აზროვნება, რომელიც მიმართულია იმის გადაწყვეტისკენ, თუ რისი ვირწმუნოთ ან რა გავაკეთოთ.

ხარბახის მოდელში ენისის ჩარჩო ადაპტირებულია AI-ის ეპოქისთვის და მოიცავს 6 საკვანძო კომპეტენციას:

კომპეტენცია (ენისი) შინაარსი და მნიშვნელობა AI-ის კონტექსტში
 არგუმენტების ანალიზი

 

ტექსტში მთავარი დებულებების, დასაბუთებებისა და ლოგიკური ჯაჭვის გამოყოფა; AI-ის მიერ მოყვანილი არგუმენტების სიმტკიცისა და სიღრმის შეფასება.
წყაროს სანდოობის შეფასება

 

ინფორმაციის წარმომავლობის, ფაქტების, ციტატებისა და სტატისტიკის გადამოწმება; AI-ის ჰალუცინაციებისა და გამოგონილი წყაროების გამოვლენა.
ორაზროვნებასთან გამკლავება

 

მრავალმნიშვნელოვანი ცნებების, ბუნდოვანი ფორმულირებებისა და ზედაპირულად ლამაზი, მაგრამ შინაარსით ცარიელი პასუხების გაანალიზება.
დაშვებების შეფასება

 

იმ დაფარული ვარაუდებისა და წინამძღვრების გამოვლენა, რომელთაც ჩატბოტი თავისთავად ცხადად მიიჩნევს პასუხის გენერირებისას.
ლოგიკური ცდომილებების ამოცნობა

 

მსჯელობაში არსებული ხარვეზების, ილუზიური ლოგიკის, შაბლონურობისა და არათანმიმდევრულობის აღმოჩენა.
დამაზუსტებელი  შეკითხვების დასმა

 

ჩატბოტის პასუხის სიღრმისეული სტრეს-ტესტირება დაზუსტებითი, სოკრატული შეკითხვებითა და კონტრარგუმენტების მოთხოვნით.

პრაქტიკული სავარჯიშოები საკლასო ოთახისთვის

ხარბახის სახელმძღვანელოში მოცემულია 13 პრაქტიკული აქტივობა (თითოეული 10-დან 25 წუთამდე გრძელდება). ქვემოთ წარმოდგენილია ქართული საკლასო რეალობისთვის ადაპტირებული სავარჯიშოები, სადაც მკაფიოდ არის გამოკვეთილი ენისის ჩარჩოს შესაბამისი კომპეტენციები:

ქართული ენა და ლიტერატურა: შეცდომების ძიება და ტექსტის შედარება

აქტივობა 1: „ჰალუცინაციების დეტექტივი“. ჩატბოტს ვთხოვთ „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე ანალიზს. მიღებულ ტექსტში მასწავლებელი წინასწარ ჩაამატებს რამდენიმე შეცდომას: არარსებულ ციტატას, პერსონაჟთა არასწორ ურთიერთმიმართებას და გამოგონილ მკვლევარს. მოსწავლეები ჯგუფებში ადარებენ ტექსტს ორიგინალს და პოულობენ ხარვეზებს. ბოლოს ვმსჯელობთ, რატომ ჟღერდა გამოგონილი ციტატა ასე დამაჯერებლად.

 ენისის კომპეტენცია:  წყაროს სანდოობის შეფასება, ლოგიკური ცდომილებების ამოცნობა.

აქტივობა 2: „ადამიანი AI-ის წინააღმდეგ (Blind Comparison)“. ერთსა და იმავე თემაზე (მაგ.: „მეგობრობა ვაჟა-ფშაველას პოემებში“) მოსწავლეებს ვაძლევთ ორ უსათაურო ტექსტს – ერთს მოსწავლის დაწერილს, მეორეს AI-ის გენერირებულს. მოსწავლეებმა უნდა იპოვონ ავტორი და დაასაბუთონ პოზიცია.

 ენისის კომპეტენცია: – არგუმენტების ანალიზი, ორაზროვნებასთან გამკლავება.

ისტორია: „არ მივიღოთ პირველი პასუხი“ დებატების მეთოდი

აქტივობა 3: „Push-Back / სოკრატული დიალოგი“. ჩატბოტს ვეკითხებით: „რატომ იყო დიდგორის ბრძოლა გადამწყვეტი საქართველოს ისტორიისთვის?“. პირველ პასუხს არ ვჯერდებით და ვსვამთ დაზუსტებით კითხვებს: „რას ეფუძნება ეს მტკიცება?“, „რას თვლი თავისთავად ცხადად?“, „რას იტყოდა ისტორიკოსი, რომელიც ამას არ დაეთანხმება?“. მოსწავლეები ინიშნავენ, როგორ იცვლება პასუხი ყოველ ეტაპზე.

 ენისის კომპეტენცია: – დაზუსტებითი კითხვების დასმა, დაშვებების შეფასება, არგუმენტების ანალიზი.

აქტივობა 2: „AI დებატები“. ჩატბოტს ვთხოვთ სადავო ისტორიულ საკითხზე ორ ესეს: ერთს პოზიციის მხარდასაჭერად, მეორეს – საწინააღმდეგოდ. მოსწავლეები ამუშავებენ ორივე არგუმენტაციას და აღმოაჩენენ, რომ AI ორივე მხარეს ერთნაირი შაბლონური დამაჯერებლობით იცავს.

 ენისის კომპეტენცია:  არგუმენტების ანალიზი, ორაზროვნებასთან გამკლავება, ლოგიკური ცდომილებების ამოცნობა.

მათემატიკა: შეცდომა, რომელიც სწორად გამოიყურება

კვლევები აჩვენებს, რომ მათემატიკაში AI-ის უმართავმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სწავლის პროცესს. ამიტომ მოსწავლეებს ვაძლევთ ჩატბოტის მიერ „ამოხსნილ“ განტოლებას, სადაც ჩანერგილია ტიპური შეცდომა (მაგ.: 2(x − 3) = x + 5-ის ამოხსნისას ფრჩხილების არასწორი გახსნა 2x − 3 = x + 5). მოსწავლეებმა უნდა იპოვონ შეცდომა, ამოხსნან სწორად და ჩასვან რიცხვი განტოლებაში. ეს აჩვენებს, რომ ვიზუალურად „ლამაზი“ ამოხსნა შეიძლება მცდარი იყოს.

  ენისის კომპეტენცია: – ლოგიკური ცდომილებების ამოცნობა, არგუმენტების (მსჯელობის) ანალიზი.

ბიოლოგია: „გამრუდებული სარკის“ ეფექტი

ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიურ პროცესებს ხშირად გასაგებად და დამაჯერებლად ხსნის, თუმცა პასუხი შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს, ზედმეტ გამარტივებებს ან მნიშვნელოვან გამოტოვებებს. ბიოლოგიის გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთავაზობთ, ჩატბოტს სთხოვონ ფოტოსინთეზის პროცესის ახსნა IX კლასის მოსწავლისთვის გასაგებ ენაზე. შემდეგ ისინი მიღებულ ინფორმაციას ადარებენ ბიოლოგიის სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის მიერ შერჩეულ სანდო წყაროს და აანალიზებენ: რა არის ზუსტი, რა არის ზედმეტად გამარტივებული, რომელი მნიშვნელოვანი დეტალია გამოტოვებული და რომელი მტკიცება საჭიროებს გადამოწმებას. მოსწავლეები საკუთარ დასკვნებს კონკრეტული მტკიცებულებებით ასაბუთებენ და საჭიროების შემთხვევაში ჩატბოტს დამატებით კითხვებს უსვამენ.

აქტივობის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაფიქრდნენ: რატომ არის ინფორმაციის გადამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც საკითხს პირველად ვეცნობით და ჯერ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა მისი სიზუსტის შესაფასებლად?

ენისის კრიტიკული აზროვნების ჩარჩოს კომპეტენციები: წყაროს სანდოობის შეფასება, დაშვებების შეფასება, ორაზროვნებასთან გამკლავება და ლოგიკური ცდომილებების ამოცნობა.

ნებისმიერ საგანში: „გამჟღავნება“

მოსწავლეებს ვაწვდით ტექსტს და ვეუბნებით, რომ ეს თანაკლასელის ნაშრომია. ისინი აფასებენ მას კრიტიკული კრიტერიუმებით (სიზუსტე, ლოგიკა, წყაროები, მიკერძოებულობა). შეფასების შემდეგ ვაცხადებთ, რომ ტექსტი AI-ის დაწერილია. ეს აქტივობა ააშკარავებს ჩვენს წინასწარ განწყობებს: ადამიანები უფრო კეთილგანწყობილნი ვართ ტექსტის მიმართ, როცა ვიცით, ვინ  დაწერა.

  ენისის კომპეტენცია: – ენისის ჩარჩოს 6-ვე კომპეტენციის ერთობლივი გამოყენება.

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი- რეფლექსია

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებს დავაწერინოთ მოკლე რეფლექსიური ჩანაწერი (Reflective Memo) 5–7 წინადადებით:

  1. რა შეამჩნიეს AI-ის პასუხში?
  2. რომელი მათი პირველადი ვარაუდი შეიცვალა?
  3. რამ გააკვირვა ისინი?
  4. როგორ შეცვლიდნენ პრომპტს, იგივე დავალება ხელახლა რომ მიეცეთ?

დოქტორი ხარბახი აღნიშნავს, რომ უშუალოდ აქტივობა მხოლოდ კარს აღებს, ხოლო კრიტიკული აზროვნება სწორედ რეფლექსიაში ყალიბდება. რეფლექსიის გარეშე მივიღებთ უბრალოდ საინტერესო გაკვეთილს; რეფლექსიით კი – აზროვნების მდგრად ჩვევას.

  1. დასკვნა: AI როგორც აზროვნების მხარდაჭერა

მედ ხარბახის სახელმძღვანელოს ფინალური დასკვნა ნათელია:

ტექნოლოგია თავისთავად პრობლემა არ არის. პრობლემა არის ის მავნე ჩვევა, რომელსაც მოსწავლეები მის მიმართ ავითარებენ – „მოვითხოვე → მივიღე → დავიჯერე → გავაგრძელე“.

ჩვენი, პედაგოგების მთავარი ამოცანაა ამ ავტომატურ ციკლში პატარა პაუზის შეტანა, რათა მოსწავლემ შეძლოს გაჩერება, დაეჭვება, გადამოწმება და საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის ჩამოყალიბება.

ხელოვნური ინტელექტი არ არის დაბრკოლება – სწორად დაგეგმილი პედაგოგიური მიდგომით ის ხდება მოსწავლის კრიტიკული აზროვნების საუკეთესო მხარდამჭერი.

  1. გამოყენებული ლიტერატურა:
  2. Ennis, R. H. (2015). Critical thinking: A streamlined conception. In M. Davies & R. Barnett (Eds.), The Palgrave handbook of critical thinking in higher education (pp. 31-47). Palgrave Macmillan.
  3. Kharbach, M. (2026). Critical Thinking Activities for the Age of AI: Hands-On Exercises for Faculty and Students. Educatorstechnology.com.
  4. Kosmyna, N., et al. (2025). Your brain on ChatGPT: Accumulation of cognitive debt when using an AI assistant for essay writing tasks. MIT Media Lab.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“