პარასკევი, ოქტომბერი 30, 2026
30 ოქტომბერი, პარასკევი, 2026

თამაშის როლი წინასაანბანო პერიოდში.  ენობრივი და სამეტყველო უნარების განვითარებისთვის

პირველ კლასში გადასვლა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპია. ამ გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასწავლო გარემოს ორგანიზებისას გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის ასაკობრივი და განვითარების თავისებურებები. პირველკლასელისთვის სწავლა ჯერ კიდევ მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ გამოცდილებასთან, მოქმედებასთან, ემოციასთან, მოძრაობასა და თამაშთან. შესაბამისად, სკოლაში შესვლა არ უნდა ნიშნავდეს თამაშის როგორც ბავშვის განვითარების ბუნებრივი ფორმის ჩანაცვლებას ფორმალური სასწავლო საქმიანობით. პირიქით, სასწავლო პროცესში თამაშის მიზანმიმართული ინტეგრირება შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან მექანიზმად, რომელიც ბავშვს სკოლასთან ადაპტაციასა და ახალი სასწავლო გამოცდილების გააზრებაში დაეხმარება.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასაანბანო პერიოდი. ის არ წარმოადგენს მხოლოდ ასოების სწავლამდე არსებულ მოსამზადებელ ეტაპს. წინასაანბანო პერიოდი ქმნის იმ ენობრივ, სამეტყველო, კოგნიტიურ, მოტორულ და სივრცით საფუძველს, რომელზეც შემდგომ კითხვისა და წერის უნარები დაშენდება. პირველ კლასში თამაში სასწავლო პროცესისგან განცალკევებულ აქტივობად კი არ უნდა განვიხილოთ, არამედ სწავლების ორგანიზების ერთ-ერთ ფორმად, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც მისი გამოყენება მკაფიო საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება.

 

წინასაანბანო პერიოდი – კითხვისა და წერის სწავლების საფუძველი

წინასაანბანო პერიოდის ამოცანაა მოსწავლის მომზადება იმ ენობრივი და კოგნიტიური ოპერაციებისთვის, რომლებიც შემდეგ კითხვისა და წერის პროცესში გახდება საჭირო.

ბავშვმა თანდათან უნდა გაიაზროს, რომ:

  • ზეპირი მეტყველება შედგება წინადადებებისგან;
  • წინადადება შედგება სიტყვებისგან;
  • სიტყვას აქვს ბგერითი სტრუქტურა;
  • სიტყვა შეიძლება დაიყოს მარცვლებად;
  • ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდება;
  • წარმოთქმულ ბგერას წერილობითი გამოხატულება აქვს;
  • ნაბეჭდ ტექსტს განსაზღვრული სტრუქტურა გააჩნია.

ყოველივე ამის გააზრება აადვილებს შემდგომ ანბანურ სწავლებას, ამიტომ წინასაანბანო პერიოდი არ უნდა განვიხილოთ „ლოდინის პერიოდად“ ასოების შესწავლამდე – ეს არის აქტიური განვითარების ეტაპი, რომლის დროსაც კითხვისა და წერისთვის აუცილებელი წინაპირობები ყალიბდება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებები:

  • ფონოლოგიური ცნობიერება და ფონემატური სმენა;
  • ზეპირმეტყველება და ლექსიკური მარაგი;
  • ტექსტის მოსმენა და გააზრება;
  • ნაბეჭდი ტექსტის სტრუქტურის გაცნობიერება;
  • სიტყვისა და წინადადების სტრუქტურის აღქმა;
  • სივრცითი ორიენტაცია;
  • წვრილი მოტორიკა და თვალისა და ხელის კოორდინაცია.

 

წინასაანბანო პერიოდის ძირითადი მეთოდიკური მიმართულებები

1. სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მოსმენა, ლექსიკური და შინაარსობრივი დამუშავება

ტექსტთან ბავშვის ურთიერთობა კითხვის დაწყებამდე გაცილებით ადრე იწყება. მასწავლებლის მიერ წაკითხული ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი თუ ასაკის შესაბამისი სხვა ტექსტი ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, მოუსმინოს გამართულ მეტყველებას, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი, დააკვირდეს მოვლენათა თანმიმდევრობას და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

ტექსტის დამუშავება, მიზანშეწონილია, რამდენიმე ეტაპად განხორციელდეს:

  • თავდაპირველად მნიშვნელოვანია ლექსიკური შემზადება და ვარაუდების გამოთქმა;
  • ილუსტრაციაზე, სათაურსა და ნაცნობ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსწავლეები მსჯელობენ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი;
  • შემდეგ ხდება ტექსტის მხატვრული, გამომსახველობითი კითხვა;
  • მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს შინაარსს, აზუსტებს უცნობ ლექსიკურ ერთეულებს, სვამს ღია შეკითხვებს და ეხმარება ბავშვებს მოვლენათა თანმიმდევრობის აღდგენაში.

მნიშვნელოვანია ტექსტის როლური გათამაშებაც. ამ შემთხვევაში ბავშვი ტექსტს მხოლოდ მსმენელის პოზიციიდან აღარ აღიქვამს და პერსონაჟის როლში ყოფნის გზით უფრო აქტიურად ერთვება შინაარსის გააზრებაში.

პრაქტიკული აქტივობა „ექო და ბგერათა დეტექტივი“

მიზანი: მოსმენილ სიტყვებზე ყურადღების გამახვილება და პირველი ბგერის ამოცნობა

მიმდინარეობა: მასწავლებელი ტექსტიდან არჩევს ახალ სიტყვას და გამოკვეთს მის პირველ ბგერას. მოსწავლეები იმეორებენ ბგერას, მერე კი კლასში ეძებენ საგნებს, რომელთა სახელები იმავე ბგერით იწყება.

 

  1. ნაბეჭდი ტექსტის აგებულებაზე მუშაობა

წინასაანბანო პერიოდში მოსწავლემ უნდა დაიწყოს ნაბეჭდი ტექსტის ვიზუალური ორგანიზების გაცნობიერება. თავდაპირველად ტექსტი ბავშვისთვის შესაძლოა ნიშნებისა და ხაზების ერთიან მთლიანობად აღიქმებოდეს. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე ეტაპობრივად აღმოაჩენს ტექსტის სტრუქტურულ ერთეულებს:

  • სათაურს;
  • აბზაცს;
  • სტრიქონს;
  • წინადადებას;
  • სიტყვას.

ამგვარი მუშაობა ხელს უწყობს ნაბეჭდი ტექსტის მიმართ ორიენტაციის ჩამოყალიბებას და ამცირებს ტექსტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.

პრაქტიკული აქტივობა „ტექსტის არქიტექტორები“

მიზანი: ნაბეჭდი ტექსტის ვიზუალური სტრუქტურის აღქმა

მიმდინარეობა: დიდი ფორმატის ტექსტზე მოსწავლეები ფერადი ჩარჩოებით გამოყოფენ სათაურს, აბზაცებსა და სტრიქონებს, მერე კი ცდილობენ ცალკეული სიტყვების იდენტიფიცირებას.

 

  1. წინადადების შედგენასა და გავრცობაზე მუშაობა

ზეპირმეტყველების განვითარება წინასაანბანო პერიოდის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების ცოდნა, არამედ მათი ერთმანეთთან დაკავშირება და აზრობრივად გამართული წინადადებების შექმნაც.

ამ პროცესში ეფექტურია წინადადების ეტაპობრივი გავრცობა. მაგალითად:

  • ძაღლი ყეფს.
  • ძაღლი ეზოში ყეფს.
  • ყავისფერი ძაღლი ეზოში ყეფს.

ამგვარი სავარჯიშო ბავშვს აჩვენებს, რომ წინადადებაში სიტყვების დამატება ინფორმაციასა და სიტყვების რაოდენობას ზრდის.

პრაქტიკული აქტივობა „სიტყვების მატარებელი“

მიზანი: წინადადების გავრცობა და სიტყვათა რაოდენობის დათვლა

მიმდინარეობა: მასწავლებელი იწყებს მოკლე წინადადებით და „მატარებელში“ ჩააყენებს იმდენ ბავშვს, რამდენი სიტყვაც არის წინადადებაში („ძაღლი ყეფს“ – 2 მოსწავლე). ყოველი ახალი სიტყვის დამატებისას („ყავისფერი ძაღლი ეზოში ხმამაღლა ყეფს“) „მატარებელს“ ახალი „ვაგონი“ ემატება. ბავშვები ითვლიან, რამდენი სიტყვისგან შედგება მიღებული წინადადება.

 

  1. სურათების აღწერა შეკითხვებით და დამოუკიდებლად

სიუჟეტური სურათი წარმოადგენს მნიშვნელოვან ვიზუალურ საყრდენს, რომელიც ბავშვს საკუთარი გამოცდილებისა და ლექსიკური რესურსის ამოქმედებაში ეხმარება. თავდაპირველად სასურველია, მასწავლებელმა გამოიყენოს დამხმარე კითხვები:

  • ვინ?
  • სად?
  • რას აკეთებს?
  • როგორი?
  • რატომ?
  • რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?

კითხვების რაოდენობა თანდათან მცირდება და მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აღწეროს სურათი. ასეთი ეტაპობრივი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლის დამოუკიდებელი მეტყველების განვითარებას.

პრაქტიკული აქტივობა „ფოტოგრაფი და მეხსიერების კამერა“

მიზანი: ვიზუალური მეხსიერების, ყურადღების, მეტყველებისა და ლექსიკის განვითარება

მიმდინარეობა: მოსწავლეები რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებიან სურათს, სურათის დამალვის შემდეგ კი იხსენებენ მასზე გამოსახულ ობიექტებს, მოქმედებებსა და დეტალებს.

 

  1. სიტყვის ბგერით ფორმაზე მუშაობა

წინასაანბანო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სიტყვის ბგერითი სტრუქტურის გაცნობიერება. ამ პროცესში აუცილებელია ბგერისა და ასოს ცნებების გამიჯვნა:

  • ბგერა არის ის, რასაც ვისმენთ და წარმოვთქვამთ;
  • ასო კი ის, რასაც ვხედავთ და ვწერთ.

საწყის ეტაპზე ეფექტურია მარცვლოვანი სტრუქტურის გაცნობიერება. ამისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტაშის დაკვრა: კე – დე – ლი. მომდევნო ეტაპზე შეიძლება უფრო რთული ფონოლოგიური სავარჯიშოების გამოყენება: პირველი და ბოლო ბგერის ამოცნობა, ბგერის შეცვლა, დამატება ან გამოკლება. მაგალითად: ქარი → ბარი. მოსწავლე ხედავს, რომ ერთი ბგერის ცვლილება სიტყვის ცვლილებას იწვევს.

 

პრაქტიკული აქტივობა „ტაშის რიტმი და ბგერათა ჯადოქარი“

მიზანი: სიტყვის დამარცვლა და ბგერითი ცვლილებების აღქმა

მიმდინარეობა: თავდაპირველად მოსწავლეები ტაშით მარცვლავენ საკუთარ სახელებსა და ნაცნობ სიტყვებს, მერე კი ბგერის ცვლილებით ახალი სიტყვების მიღებას ცდილობენ.

 

  1. დაწერილი მთელ-მთელი სიტყვების ამოცნობა

წინასაანბანო პერიოდში შეიძლება მოსწავლეთა ყურადღების გამახვილება ხშირად გამოყენებული მოკლე სიტყვების ვიზუალურ ხატზე. სიტყვის მთლიანობითი აღქმა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, დაინახოს წერილობითი ენა როგორც მნიშვნელობის მატარებელი სისტემა. საკლასო გარემოში შეიძლება მოსწავლეთა სახელების, საგნების დასახელებებისა და სხვა ნაცნობი სიტყვების გამოყენება.

პრაქტიკული აქტივობა „სიტყვების ფოტოალბომი“

მიზანი: სიტყვის ვიზუალური ხატის დამახსოვრება და ამოცნობა

მიმდინარეობა: მოსწავლეები აკვირდებიან სიტყვას, იმახსოვრებენ მის ვიზუალურ სახეს და შემდეგ ტექსტში ეძებენ იმავე სიტყვას.

 

  1. კონკრეტული მოქმედებისა და მეტყველების როგორც მოქმედების გაცნობიერება

წინასაანბანო პერიოდში მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს მოქმედების, მისი აღწერისა და სხვისი ნათქვამის ერთმანეთისგან გარჩევა. მაგალითად, ერთი მოსწავლე ასრულებს მოქმედებას, მეორე აღწერს მას, ხოლო მესამე გადმოსცემს მეორე მოსწავლის ნათქვამს. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ მოსმენას, მეხსიერებას, ყურადღებას და წინადადების სტრუქტურის გააზრების უნარსაც ავითარებს.

პრაქტიკული აქტივობა „სიტყვიერი ესტაფეტა“

მიზანი: მეტყველების როგორც მოქმედების გააზრება და ყურადღების კონცენტრაცია

მიმდინარეობა: ერთი მოსწავლე ასრულებს მოქმედებას, მეორე აღწერს, მესამე კი გადმოსცემს ნათქვამს.

მაგალითი:

  1. გიორგი: (ასწევს ხელს).
  2. ნინო: „გიორგიმ ხელი ასწია“.
  3. ლევანი: „ნინომ თქვა, გიორგიმ ხელი ასწიაო“.

წვრილი მოტორიკის განვითარება როგორც წინასაანბანო მომზადების კომპონენტი

წინასაანბანო პერიოდში განსაკუთრებული ადგილი უკავია წვრილი მოტორიკის განვითარებას. ბავშვის ხელის მოძრაობის სიზუსტე, თითების კოორდინირებული მოქმედება და თვალისა და ხელის შეთანხმებული მუშაობა მრავალ სასწავლო საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

სასურველია მრავალფეროვან აქტივობათა გამოყენება:

  • პლასტილინით ძერწვა;
  • მძივების ან მაკარონის ძაფზე აცმა;
  • პინცეტით მცირე საგნების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;
  • ქაღალდის დახევა და დაჭმუჭვნა;
  • მაკრატლით მარტივი ფიგურების გამოჭრა;
  • ლაბირინთის გავლა;
  • წერტილების შეერთება;
  • სამაგრებით მუშაობა;
  • ქვიშაზე ან ფქვილზე თითით ხატვა;
  • კონსტრუქტორის აწყობა.

ამ აქტივობების მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ბავშვი ბუნებრივ, საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში ივითარებს მოტორულ უნარს. მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვება და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

 

დიდი მოტორიკა და მოძრაობითი აქტივობები სასწავლო პროცესში

პირველკლასელის სასწავლო აქტივობა მერხთან ჯდომით არ უნდა შემოიფარგლოს. საგაკვეთილო პროცესში მოძრაობის ჩართვა შეიძლება იქცეს როგორც ფიზიკური გააქტიურების, ისე სასწავლო მიზნის მიღწევის საშუალებად.

მაგალითად, შეიძლება:

  • მარჯვნივ-მარცხნივ გადაადგილება;
  • ზემოთ-ქვემოთ მიმართულებების მოძრაობით ჩვენება;
  • ბგერის მოსმენისას ნაბიჯის წინ გადადგმა;
  • მარცვლების წარმოთქმისას ტაშის დაკვრა;
  • სიტყვების რაოდენობის შესაბამისად ხტომა;
  • იატაკზე დიდი ფორმების „გავლა“;
  • სივრცითი მიმართულებების მოძრაობით შესრულება.

წინასაანბანო პერიოდი პირველკლასელის სასკოლო გამოცდილების მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ დროს ყალიბდება ის ენობრივი, სამეტყველო, ფონოლოგიური, კოგნიტიური, მოტორული და სივრცითი უნარები, რომლებიც კითხვისა და წერის წარმატებით დაუფლებას უწყობს ხელს, ამიტომ ამ პერიოდის მიზანი მხოლოდ ასოების დამახსოვრება არ არის – მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მოსმენის, გაგების, საუბრის, დაკვირვებისა და აზროვნების განვითარება.

ამ პროცესში თამაში განსაკუთრებულ საგანმანათლებლო მნიშვნელობას იძენს. მასწავლებლის ამოცანაა, ბავშვის ბუნებრივი ინტერესი და თამაშის სურვილი სასწავლო რესურსად აქციოს. წინასაანბანო პერიოდი არ არის მხოლოდ „ასოებამდე გასავლელი გზა“ – ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ბავშვი თამაშითა და აღმოჩენით სწავლობს და საფუძველი ეყრება კითხვისა და წერისთვის საჭირო უნარებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მახარაძე, თ., სომხიშვილი, ვ., ბურძენიძე, ნ. (2026). ქართული ენა და ლიტერატურა, I კლასი, წინასაანბანო: მასწავლებლის წიგნი, პირველი ნაწილი (ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი: თ. ჯაყელი). თბილისი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

https://napacenter.org/fine-motor-activities/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

დამალული მათემატიკა

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“