თანამედროვე სამყაროში განათლების მიზანი მხოლოდ ცოდნის გადაცემა აღარ არის. ტექნოლოგიური განვითარება, გლობალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური გამოწვევები და შრომის ბაზრის სწრაფი ცვლილებები ისეთი მოქალაქეების აღზრდას მოითხოვს, რომლებიც მზად იქნებიან და შეძლებენ ახალი რეალობის გააზრებას, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრას და საზოგადოების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას. სწავლების ამ მიდგომის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღება, არამედ მოსწავლის აზროვნების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის პოზიტიური ცვლილებაა. იგი ხელს უწყობს ადამიანის თვითშემეცნებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პასუხისმგებლობის აღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას. ტრანსფორმაციული სწავლების პროცესში მოსწავლე პასიური მსმენელი აღარ არის. იგი ხდება აქტიური მონაწილე, რომელიც დამოუკიდებლად იკვლევს საკითხებს, სვამს კითხვებს, აანალიზებს ინფორმაციას, თანამშრომლობს სხვებთან და მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში იყენებს.
ტრანსფორმაციული განათლების ძირითადი მახასიათებლებია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება; პრობლემასა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება; თანამშრომლობითი სწავლა; რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სასწავლო გამოცდილება; კრიტიკული თვითრეფლექსიისა და თვითშეფასების ხელშეწყობა; ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების ეფექტიანი გამოყენება; ინკლუზიურობა; ინტერდისციპლინურობა და უწყვეტი სწავლა.
სწავლების ამ მიდგომის განხორციელება შესაძლებელია სხვადასხვა თანამედროვე საგანმანათლებლო სტრატეგიის გამოყენებით. მათ შორისაა: პროექტებით სწავლება, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება, დისკუსიები და დებატები, შემთხვევების ანალიზი, როლური თამაშები და სიმულაციები, რეფლექსიური აქტივობები, ინტერდისციპლინური პროექტები.
მიუხედავად ტრანსფორმაციული განათლების მრავალმხრივი მნიშვნელობისა, მის დანერგვას გარკვეული სირთულეებიც ახლავს. მათ შორის აღსანიშნავია: ტრადიციული სწავლების მოდელების ინერცია; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროება; თანამედროვე სასწავლო რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა; შეფასების სისტემების გაუმჯობესების აუცილებლობა; საკლასო გარემოსა და სასწავლო დროის ეფექტიანი ორგანიზების საჭიროება. ამ გამოწვევების მიუხედავად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა სწორედ ტრანსფორმაციული სწავლების პრინციპებზე აგებს სასწავლო პროცესს.
გთავაზობთ ტრანსფორმაციული განათლების დანერგვისა და გამოყენების რეალურ და პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც შეიძლება სწავლებაში გამოვიყენოთ:
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება
მაგალითი: მოსწავლეები იკვლევენ თავიანთი ქალაქის ჰაერის დაბინძურების პრობლემას. ისინი:
- აგროვებენ მონაცემებს;
- ატარებენ მოსახლეობის გამოკითხვას;
- ხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს;
- ამზადებენ რეკომენდაციებს და საჯაროდ წარადგენენ მათ.
ტრანსფორმაციული შედეგი: მოსწავლეები მხოლოდ თეორიულ ინფორმაციას კი არ სწავლობენ, არამედ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და ხდებიან ცვლილებების ინიციატორები.
- საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება
მაგალითი: სკოლა იწყებს კამპანიას პლასტმასას შემცირების მიზნით. მოსწავლეები:
- სწავლობენ პრობლემის მიზეზებს;
- ქმნიან საინფორმაციო პოსტერებს;
- ამზადებენ ვიდეორგოლებს;
- ორგანიზებას უწევენ ნარჩენების დახარისხების სისტემას.
ტრანსფორმაციული შედეგი: სწავლება რეალურ ცხოვრებას უკავშირდება და მოსწავლეები თავად ქმნიან პოზიტიურ ცვლილებებს.
- სერვისული სწავლება
მაგალითი: მოსწავლეები მოხალისეობრივად მონაწილეობენ პარკის დასუფთავებაში, ხეების დარგვასა და გარემოს დაცვის ღონისძიებებში.
ტრანსფორმაციული შედეგი: უვითარდებათ სოციალური პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და სამოქალაქო აქტიურობა.
- კრიტიკული აზროვნების განვითარება
მაგალითი: გეოგრაფიის გაკვეთილზე განიხილება კითხვა – „უნდა აშენდეს თუ არა ახალი ჰესი?“ მოსწავლეები სწავლობენ:
- ეკონომიკურ სარგებელს;
- ეკოლოგიურ რისკებს;
- მოსახლეობის ინტერესებს;
- სხვადასხვა მხარის არგუმენტებს.
ტრანსფორმაციული შედეგი: ისინი სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას სხვადასხვა პერსპექტივის გათვალისწინებით.
- ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
მაგალითი: მოსწავლეები GIS-პროგრამებით ან Google Earth-ის გამოყენებით ქმნიან საკუთარი მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ რუკას.
ტრანსფორმაციული შედეგი: ვითარდება ციფრული წიგნიერება, კვლევითი უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ინტერდისციპლინური სწავლება
მაგალითი: თემა „კლიმატის ცვლილება“ ერთიანდება რამდენიმე საგანში:
გეოგრაფია – მიზეზები და შედეგები;
ბიოლოგია – გავლენა ეკოსისტემებზე;
მათემატიკა – სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
ქართული ენა – ესეისა და საინფორმაციო ტექსტის შექმნა.
ტრანსფორმაციული შედეგი: მოსწავლეები პრობლემას ხედავენ კომპლექსურად და სხვადასხვა სფეროს ცოდნას ერთმანეთთან აკავშირებენ.
- რეფლექსიური სწავლება
მაგალითი: ყოველი პროექტის ბოლოს მოსწავლეები წერენ:
- რა ვისწავლე?
- რა შეიცვალა ჩემს დამოკიდებულებაში?
- როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას მომავალში?
ტრანსფორმაციული შედეგი: ვითარდება თვითშეფასების, თვითრეფლექსიისა და უწყვეტი განვითარების უნარი.
- მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
მაგალითი: მასწავლებელი თავად აღარ აწვდის მზა ინფორმაციას. მოსწავლეები მოსწავლეები თავად გეგმავენ კვლევის თემას, ირჩევენ ინფორმაციის წყაროებს და წყვეტენ, როგორ წარადგენენ შედეგებს (პრეზენტაცია, პოდკასტი, ვიდეო, პოსტერი).
ტრანსფორმაციული შედეგი: მოსწავლეები ხდებიან საკუთარი სწავლების აქტიური მონაწილეები და არა მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები.
- გლობალური მოქალაქეობის განათლება
მაგალითი: მოსწავლეები თანამშრომლობენ სხვა ქვეყნის სკოლასთან ონლაინპროექტში და იკვლევენ წყლის რესურსების გამოყენებას საკუთარ რეგიონში.
ტრანსფორმაციული შედეგი: უვითარდებათ კულტურათაშორისი კომუნიკაცია, ტოლერანტობა და გლობალური პასუხისმგებლობის განცდა.
- მეწარმეობრივი და ინოვაციური პროექტები
მაგალითი: მოსწავლეები ქმნიან ეკოლოგიური პროდუქტის ან მომსახურების იდეას, ამზადებენ ბიზნესგეგმას და წარადგენენ ჟიურის წინაშე.
ტრანსფორმაციული შედეგი: ვითარდება შემოქმედებითი აზროვნება, ინოვაციურობა, პრობლემების გადაჭრისა და ლიდერობის უნარები.
ამრიგად, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმაციული განათლება ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და გლობალური გამოწვევების ეპოქაში თანამედროვე განათლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებას წარმოადგენს.
გამოყენებული ლიტერატურა
მანანა ბოჭორიშვილი, ტრანსფორმაციული სწავლების პრაქტიკული მეთოდები, https://mastsavlebeli.ge/?p=47692
Brookfield, S. D. (2017). Becoming a critically reflective teacher (2nd ed.). Jossey-Bass.
Cranton, P. (2016). Understanding and promoting transformative learning: A guide to theory and practice (3rd ed.). Stylus Publishing.
Freire, P. (2000). Pedagogy of the oppressed (30th anniversary ed.). Continuum. (Original work published 1970)
Mezirow, J. (2000). Learning as transformation: Critical perspectives on a theory in progress. Jossey-Bass.
Organisation for Economic Co-operation and Development. (2023). OECD Skills Outlook 2023: Skills for a resilient green and digital transition. OECD Publishing.
United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. (2021). Reimagining our futures together: A new social contract for education. UNESCO.
United Nations. (2015). Transforming our world: The 2030 Agenda for Sustainable Development. United Nations.
https://www.peace-ed-campaign.org/ka/tag/transformative-learning/


