ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

ოცნებიდან რეალობამდე –  გზა, რომელიც მომავალს ქმნის

ანანო გაფრინდაშვილი და ლიზი კახეთელიძე

ყოველ კლასში გვხვდება მოსწავლე, რომელიც არა მხოლოდ ცოდნით, არამედ მიზანდასახულობითა და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა. ყოფილი მოსწავლე რომ არ არსებობს, ხომ იცით? ამიტომ მინდა გიამბოთ ჩემს ორ მოსწავლეზე – ანანოზე და ლიზიზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლობენ.

მათი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას – შევხედოთ განათლების სისტემებს მათივე თვალით, არა თეორიიდან, არამედ რეალური ცხოვრებიდან. რა მსგავსებები და განსხვავებები არსებობს ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სისტემებს შორის? რა უპირატესობები აქვთ უცხოურ სკოლებსა და უნივერსიტეტებს?

ეს არის სისტემა, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გვასწავლის თანამშრომლობას, ემპათიას და და გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ მუდმივად ცვალებად სამყაროში. მათი გამოცდილება შეიძლება გახდეს სტიმული ჩვენთვის:  ვიფიქროთ, რა გვაკლია და როგორ შეიძლება შევცვალოთ სწავლა ისე, რომ გზა გახდეს არა მხოლოდ რთული, არამედ საინტერესო და თავისუფალი.

წარმატების პირველი ნაბიჯი

ანანო ხომ გახსოვთ? მეოთხე კლასში გეოგრაფობა რომ უნდოდა? მისი ცნობისმოყვარეობა და კითხვები ყოველთვის მაფიქრებინებდა, როგორ შეიძლება ერთი პატარა საკითხი გადაიქცეს დიდ აღმოჩენად. დღეს ანანო გერმანიაში სწავლობს ეკონომიკას და აგრძელებს იმ გზას, რომელიც ბავშვობიდანვე აირჩია: ცოდნის ძიება, განვითარება და საკუთარი ადგილის პოვნა სამყაროში.

ანანო

უკვე სამი წელია, რაც გერმანიაში ვსწავლობ. ეს პერიოდი სავსე იყო სიახლეებითა და ცვლილებებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი გზა პირდაპირ უნივერსიტეტში არ გაგრძელებულა. ერთი წელი Studienkolleg-ში გავატარე – ეს მოსამზადებელი კურსია  კოლეჯში იმ უცხოელებისთვის, ვისი სკოლის ატესტატიც გერმანიაში ბაკალავრიატში ჩასარიცხად საკმარისი არ არის.

გარშემომყოფები მამშვიდებდნენ: „არაუშავს, მარტო ერთი წელი დაგეკარგებაო“. მაგრამ უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, გავიაზრე, რომ ეს წელი არა დაკარგული, არამედ უდიდესი შენაძენი იყო. მადლიერი ვარ, რადგან ეკონომიკის პირველ ლექციაზე უკვე ვიგებდი იმ ცნებებს, რომლებიც სკოლაში გავლილი არ მქონდა, მაგრამ Studienkolleg-მა მასწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბნეული ვიჯდებოდი და მოცემული მასალის გასაგებად ჯერ მომიწევდა ისეთი ცნებების სწავლა და გაგება, რომლებზეც მე სკოლაში ყურიც არ მქონდა მოკრული, ხოლო ლოგიკურია გერმანელ პირველკურსელებს უკვე გავლილი ჰქონდათ.

რა განასხვავებს ქართულ და გერმანულ განათლების სისტემებს?

გერმანული სისტემა სტრუქტურითაც განსხვავებულია. დაწყებითი სკოლის (პირველი-მეოთხე, ზოგჯერ მეექვსე კლასამდე) შემდეგ მოსწავლები რეკომენდაციას იღებენ, თუ სად სჯობს მათთვის სწავლის გაგრძელება: Hauptschule, Realschule თუ Gymnasium. გიმნაზია ყველაზე მაღალი დონისაა და მხოლოდ მისი დამთავრება იძლევა უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას. არსებობს პროფესიული გიმნაზიებიც, მაგალითად ეკონომიკის მიმართულებით, სადაც საგნები უკვე პრაქტიკულადაა ორიენტირებული (ბუღალტერია, ეკონომიკის შესავალი).

ის მოსწავლეები, რომლებიც სხვა სახის სკოლას ამთავრებენ, თუმცა სურთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, გიმნაზიაში გადადიან და დამატებითი ერთი ან ორი წლის შემდეგ ამთავრებენ ე.წ. აბიტურს, რომლითაც შემდგომ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას.

თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის გარდა, ძალიან დიდი შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიული კოლეჯების სახით, სადაც შეუძლიათ რაიმე კონკრეტული პროფესია შეისწავლონ და იღებენ თეორიასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც, სადაც ჩვეულებრივად მუშაობენ და ხელფასიც ერიცხებათ. ასეთ კოლეჯებში შეუძლიათ შეისწავლონ მაგალითად ექთნობა, ბუღალტერია, მექანიკოსობა და კიდევ სხვა ძალიან ბევრი სახის პროფესია, რომელიც მე საქართველოში გაგონილიც კი არ მქონია. პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ სურვილისამებრ ასევე ეხსნებათ უნივერსიტეტის კარი.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ვთვლი, რომ მეოთხე კლასი ცოტა ადრეა მოსწავლის შესაძლებლობების შესაფასებლად და გადასაწყვეტად, თუ რომელი სკოლა შეესაბამება, მაინც ვთვლი, რომ გერმანიის განათლების სისტემა იმის მაგალითია, რომ საწადელს მხოლოდ ერთი გზით არა, სხვა ბევრნაირი გზით შეგიძლია მიაღწიო: იქ, სადაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება.

ჩემს გამოცდილებას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ვასხენო ის ფაქტი, რომ მე კერძო სკოლა დავამთავრე, რამაც ჩემი აზრით რაღაც სახის პრივილეგიები მომცა, რაც ბევრ საჯარო სკოლის მოსწავლეს საქართველოში არ აქვს.

თუნდაც ის, რომ მეექვსე კლასამდე გვქონდა საგნები, როგორიცაა ჭადრაკი, ქართული და ინტერნაციონალური ცეკვები, ჩხირკედელაობა, გვქონდა საკმაოდ სერიოზული თეატრალური დადგმები ქართულად, გერმანულად და ინგლისურად, გვქონდა საქველმოქმედო ღონისძიებები, ასევე საჭადრაკო ჩემპიონატები და სხვა მრავალი.

ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა ჩვენი სახით ნამდვილად შეჰმატა ქვეყანას კრეატიული ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ კონკურენტუნარიანობა, რომლებმაც თავისი ასაკისთვის იცოდნენ სოციალურად ჩართულობის მნიშვნელობა.

თუმცა ეს იყო მეშვიდე კლასამდე. რა მოხდა მეშვიდე კლასში?

მაგრამ მეშვიდე კლასიდან დატვირთვა იმდენად გაიზარდა (7-8 გაკვეთილი დღეში), რომ დამატებით აქტივობებს ადგილი აღარ დარჩა. თუმცა მასწავლებლები მაწვდიდნენ ინფორმაციას პროექტებზე – გაეროს მოდელირება, დებატები, კონკურსები.

გერმანელ მეგობრებს საღამოობით მეცადინეობა არ უწევთ. სპორტი გერმანიაში არის გაკვეთილი და მასში იწერება ნიშანი, ყველამ უნდა იცოდეს ცურვა, სხვადასხვა სპორტის სახეობა, ველოსიპედის ტარება და აშ. ფიზიკურ ჯანმრთელობას გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა, მაშინ როცა მე და ჩემი კლასელები დილის ცხრიდან შუადღის სამ საათამდე უმოძრაოდ ვისხედით კლასში, გაკვეთილებს შორის ხუთ-ხუთ წუთიანი დასვენებებით.

საბუნებისმეტყველო საგნებში ასევე გაცილებით პრაქტიკული დავალებები და ექსპერიმენტები აქვთ, მხოლოდ პარაგრაფების სწავლითა და ფორმულების დაზეპირებით არ შემოიფარგლებიან, რაც ცხადია მოსწავლეებში უფრო დიდ ცნობისმოყვარეობას აღვიძებს.

სკოლაში აქვთ მოსწავლეთა საბჭოები და სხვადასხვა სახის მოსწავლეთა-ინციატივები, რომლებიც აქტიურები არიან მაგალითად ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ან ეკოლოგიის მიმართულებით.

ასევე მეათე კლასში მათ აქვთ სავალდებულო ერთ ან ორ კვირიანი პრაქტიკა იმ სფეროში, რომელშიც სურთ ნახონ, თუ როგორია სამუშაო გარემო, გრაფიკი, როგორ გამოიყურება ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლების საქმიანობა და ასე იძენენ პირველ რეალურ შთაბეჭდილებებს, რაც შემდგომ უფრო ეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

უფროს კლასებში აქვთ არჩევითი საგნები, რაც ყველაზე მეტად მსურდა და დამაკლდა ქართულ სკოლაში.

ბოლო ორ დამამთავრებელ წელს მათ აქვთ უფლება აირჩიონ ხუთი ან ექვსი საგანი, რომელთა ნიშნებიც მათი სკოლის ატესტატში ე.წ. Abiturzeugnis-ში შევა. არჩევა ხდება ძირითადად ინტერესებისა და მომავალი პროფესიის შესაბამისად.

ეს საგნები შეიძლება იყოს სტანდარტული, როგორიცაა მათემატიკა, გერმანელი, ისტორია, გეოგრაფია ან საქართველოსთვის არასტანდარტული, როგორიცაა პროგრამირება, ინფორმატიკა, ეკონომიკა, რელიგია და დიახ, ასევე სპორტიც.

ჩემმა სკოლამ განსაკუთრებით დაწყებით კლასებში ხელოვნების ბევრი დარგი გამაცნო და შემაყვარა, რამაც ჩემს კრეატიულობას ნამდვილად მისცა გასაქანი, მასწავლა ასევე სოციალური ჩართულობის მნიშვნელობა. ასევე კრიტიკული აზროვნებაც გამომიმუშავა, თუმცა ვთვლი, რომ ამაზე უფრო მეტი სამუშაო აქვთ ქართულ სკოლებს. ისეთი საგნების, როგორიცაა თუნდაც ისტორია და მოქალაქეობა, უკეთესად წარმართვა შეიძლება, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გაავარჯიშონ კრიტიკული აზროვნება და დებატების კულტურა ისწავლონ.

ასევე ყოველდღიური დავალებების შესრულებით და გამოკითხვით მოსწავლეები თვითდისციპლინას ვერ გამოიმუშავებენ, რაზეც მაგალითად გერმანული უმაღლესი განათლების სისტემა არის აგებული, დავალებები უნდა იყოს გრძელვადიანი, სადაც მოსწავლე თავად ისწავლის დროის ორგანიზებას.

გერმანელ თანაკურსელებში კი ძალიან ვაფასებ თუ როგორ გამოხატავენ საკუთარ შეხედულებებს, თუ როგორი თავისუფლები არიან მათივე არჩევანის პროცესში. მათ  აქვთ ძალიან განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი, ამას მალევე ამჩნევ, როცა მათთან სხვადასხვა თემაზე საუბრობ. სწორ კითხვებს სვამენ თუნდაც ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაც მათთვის უცხოა.

ხანდახან დავფიქრებულვარ, თუ საიდან მოდის ეს თავისუფლება და ამაზე ჯერჯერობით ერთ პასუხს მივაგენი: მათ აქვთ სახელმწიფო, რომელიც სტაბილურობასა და სამართლიანობას ჰპირდებათ.

მათთვის ფაკულტეტის შეცვლა წლის დაკარგვას არ ნიშნავს, მათთვის უნივერსიტეტში არ სწავლა კარიერისა და შემოსავლის დასასრული არ არის. მათთვის ეს ყველაფერი თვითშემეცნების პროცესია.

მათ თვალებში ასევე ხშირად ვამჩნევ ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალს და ვთვლი, რომ ეს არის, რაც განგვასხვავებს მათგან. გერმანული განათლების სისტემა არის მორგებული იმაზე, რომ გაგიღვივოს ცნობისმოყვარეობა და ამით გაპოვნინოს საკუთარი თავი.

მოკლედ, ამ ორი განათლების სისტემაზე საათობით შეგვიძლია ვისხდეთ და ვიმსჯელოთ, თუმცა ფაქტია ის, რომ რაც მე ჩემი კერძო სკოლის პრივილეგია მეგონა (და არამარტო!), გერმანული საჯარო სკოლის სტანდარტია.

ოცნება, რომელიც რეალობად იქცა

ლიზი იმ იშვიათ ადამიანებს შორისაა, ვისაც მასწავლებელი წლების განმავლობაში არ ივიწყებს არა ხმაურითა და რთული ხასიათით, არამედ თავისი ბუნებრივი ინტერესითა და შემოქმედებითი მიდგომით. ლიზის აქვს ფიქრის თავისუფლება და დამოუკიდებელი ხედვა. ახლაც, როცა ლიზი ლიეტუვაში აგრძელებს სწავლას, ხშირად მახსენდება მისი თავისუფალი აზროვნება და ის კითხვები, რომლებიც მაძლევდა შესაძლებლობას საკითხები სხვაგვარად დამენახა.

ლიზი

ყოველთვის მომწონდა სამეცნიერო მიმართულებები, განსაკუთრებით კი ბიოტექნოლოგია, რადგან ის აერთიანებს ბიოლოგიას და ინჟინერიას, იყენებს ცოცხალ ორგანიზმებს სასურველი პროდუქტის მისაღებად. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სრულიად უცხო ქვეყანაში სწორედ ამ დარგის გამო გადავწყვიტე. წასვლამდე მუდამ შფოთვები მქონდა. შიშის მთავარი მიზეზი სტუდენტებში უფრო მეტად მარტოობის შეგრძნებაა, თუმცა ჩემთვის განათლების დონე იყო. სანამ გამოცდები, პრეზენტაციები თუ ტესტირებები არ დაიწყებოდა მანამდე გამუდმებით ვფიქრობდი, რომ საქართველოში იმდენად დიდი გამოცდილება არ მექნებოდა მიღებული, როგორც ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სტუდენტს ან თუნდაც ლიეტუველებს საკუთარ ქვეყნებში.

გამოცდების პერიოდში ხშირად მევალებოდა სხვადასხვა პრობლემის ანალიზი და შემდეგ დასკვნის პრეზენტაციის სახით წარდგენა. ამ მხრივ უფრო მეტი გამოცდილება მე მქონდა მიღებული, ვიდრე ბევრ საერთაშორისო სტუდენტს, ვინაიდან სკოლაში ხშირად მიწევდა კომპლექსური დავალებების შესრულება, რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხების დამუშავება და საბოლოო პროდუქტის წარდგენა მასწავლებლის, კლასელების წინაშე. სკოლაში არ მესმოდა ამ ტიპის სამუშაოების მნიშვნელობა, თუმცა ახლა უკვე როგორც სტუდენტი ვიაზრებ როგორ გავიზარდე დავალებების შესრულებით: შევისწავლე მრავალი პროგრამა, რომლებიც მაძლევს საშუალებას საკუთარი კვლევები, დასკვნები საინტერესო გზით გავუზიარო კოლეგებს.  პრობლემის ანალიზისას, კრიტიკული მსჯელობა, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე გახდა.

ინდუსტრიული ბიოტექნოლოგია მოიცავს ტექნიკურ საგნებს როგორებიცაა: ქიმია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და პროგრამირება. სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში არ ისწავლება  უმაღლესი მათემატიკა და პროგრამირება, რაც ჩემთვის თავიდან დიდი წინაღობა აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა ჩემს კოლეგასთვის მოცემული მასალა უფრო გამეორება იყო, ვიდრე ახლის შესწავლა. ხშირად მიწევს ლაბორატორიაშიც მუშაობაც, თავიდან იქ შესვლა და ექსპერიმენტის დამოუკიდებლად ჩატარება უცნაური იყო, ამ მხრივაც ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა, მასწავლებლის ინიციატივით მქონდა ნანახი რამდენიმე ცდა.

ლიეტუვის უნივერსიტეტების მთავარი მიზანია სტუდენტი უკვე დასაქმებული იყოს მეოთხე წლიდან. პირველივე დღიდან გვაცნობენ მათ პარტნიორ, კომპანიებს, სტარტაპებს, მეოთხე წელს კი საბაკალავრო ნაშრომის გარდა, სტუდენტს ევალება მინიმუმ ნახევარ სემესტრიანი სტაჟირება ჰქონდეს გავლილი. გარდა ამისა, სასწავლო სისტემაში, სტუდენტს შეუძლია ნახოს რამდენიმე თვიანი ან თუნდაც ერთ წლიანი ვაკანსია, გამოციდლებისა და ანაზღაურების მიღებისთვის. მკაცრი კონტროლია GPA-ზეც, 100%-იანი დაფინანსების შენარჩუნება მხოლოდ კარგი წლიური შეფასებებითაა შესაძლებელი (მინიმუმ 7/10). აკადემიური სტრესის შემცირებისთვის კი უნივერსიტეტი ასაქმებს სტუდენტებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ კოლეგებს ეხმარებიან გამოცდების მომზადებაში. გარდა დახმარებისა, ბიბლიოთეკაში მოწყობილია სპეციალური სივრცე ჯგუფური შეკრებებისთვის, სტუდენტს ეძლევა საშუალება შეიქმნას მასზე მორგებული სივრცე. საქართველოსგან განსხვავებით, აქ მაქვს საშუალება საკუთარი იდეები სტარტაპად ვაქციო, მრავალი ლაბორატორიული ოთახი კი მეხმარება სხვადასხვა რთული თეორიის გააზრებაში. ჩემს ირგვლივ არსებული სოციუმით ვიაზრებ როგორი დიდი სხვაობაა მენტალიტეტშიც. აქ ჩაბარების მთავარი მიზეზი სოციუმის მიერ მიღებული სტანდარტები არაა. ყველა სწავლობს იმას რაც სურს და არა იმას რაც დედას, მამას ან რომელიმე ნათესავს მოსწონს. ასევე სტუდენტები პირველივე კურსიდან ცდილობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვიონ, რაშიც უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი 16 საერთო საცხოვრებელიც უწყობთ ხელს, ადმინისტრაცია თავიდანვე აცნობს სტუდენტებს წესებს, რომელთა დარღცვევის შემთხვევაში სტუდენტი ყველაზე მინიმალურ შემთხვევაში ჯარიმდება, მიღებულია თვეში ერთხელ ბინის სისუფთავის შემოწმებაც.

ასეთია სტუდენტური ცხოვრება.

ანანოსა და ლიზის ისტორია გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: წარმატება არ არის მხოლოდ ნიჭი ან ცოდნა – ის არის ინტერესისა და შრომის შედეგი. როცა გვინდა გავიზარდოთ, უნდა გვქონდეს გამბედაობა ვიკითხოთ, ვეძიოთ და არ დავკმაყოფილდეთ ზედაპირული პასუხებით. თითოეული მოსწავლე, რომელიც ასე ფიქრობს, არა მხოლოდ საკუთარ მომავალს ქმნის, არამედ სხვებსაც შთააგონებს. ორივე მათგანი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი წარმატება იწყება ინტერესით, თავისუფალი აზროვნებითა და იმ სურვილით, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“