გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტო (UNESCO) წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ბედნიერება აქციონ განათლების სისტემის მთავარ მიზნად და ხელი შეუწყონ ბედნიერების ინტეგრირებას არა მხოლოდ სკოლის დონეზე, არამედ ეროვნულ საგანმანათლებლო პოლიტიკაში.
2024 წელს UNESCO -მ ბედნიერი სკოლის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სწავლა წარმოდგენილია, როგორც სოციალურ-ემოციური პროცესი. მოცულობით დოკუმენტში სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები უსაფრთხო, პატივისცემით და სიხარულით სავსე გარემოში მეტად შთაგონებულად, მოტივირებულად გრძნობენ თავს და სწავლა-სწავლებაში უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამიტომ განათლების სისტემის ავტორებმა სწავლის პროცესის და შედეგების გაუმჯობესების ძირითადი ბერკეტები სწორედ სკოლის ბედნიერ, სიხარულით სავსე გარემოში და მოქმედი პირების პოზიტიურ მიდგომებში უნდა ეძიონ.
მასწავლებლის ღიმილის დანახვა
მოსწავლეთა სიცილის მოსმენა
მეგობრის ჩახუტების შეგრძნება
სუფთა ჰაერის სურნელი
ნოყიერი სკოლის კერძის დაგემოვნება
UNESCO-ს ანგარიშის მიხედვით ჩამოთვლილ ხუთ გრძნობას შეუძლია სკოლაში ბედნიერების სტიმულირება.
გამოქვეყნებულ ანგარიშს ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები აქვს. კვლევების მიხედვით, დადებითი ემოციები აუმჯობესებს მოტივაციას, ყურადღებას და მეხსიერებას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს სჭირდებათ დადებითი ემოციების განცდა, კარგი ურთიერთობები, შინაარსიან აქტივობებში მონაწილეობა, წარმატების და კომპეტენტურობის განცდა, რათა თავი ბედნიერად იგრძნონ. ბედნიერების გრძნობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინდივიდებს შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოებაში, რაც აუმჯობესებს დასახული ამოცანების შესრულების ხარისხს. ნეირომეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანები უკეთ ასრულებენ იმ დავალებებს, რომელთა მიმართაც დადებითი გრძნობები და დამოკიდებულებები აქვთ.
ბედნიერებასა და სწავლას შორის კავშირის გასაძლიერებლად ერთიანი მიდგომის გამოყენება UNESCO-მ გაუმართლებლად მიიჩნია და ფართო, ზოგადი ხასიათის სარეკომენდაციო ჩარჩო შექმნა, რათა ის მოქნილი და ადვილად ადაპტირებადი იყოს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემებთან.
იუნესკოს „ბედნიერი სკოლების“ სამუშაო ჩარჩო 4 სვეტისგან შედგება: ადამიანები, პროცესი, ადგილი და პრინციპები. ასევე, შემოთავაზებულია 9 კრიტერიუმი, რომელიც ჰოლისტურ მოდელს ეფუძნება და ბედნიერების საგანმანათლებლო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის არის გამიზნული.
კრიტერიუმი 1. მხარდამჭერი და თანამშრომლობითი ურთიერთობები სკოლაში
- სასკოლო საზოგადოების წევრებს (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, დამხმარე პერსონალსა და ადმინისტრაციას) შორის მხარდამჭერი და მზრუნველი ურთიერთობების განვითარება
- მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული პატივისცემით აღსავსე და რეგულარული კომუნიკაცია
- თანამშრომლობა გუნდური მუშაობის, თანასწორგანმანათლებლობისა და დემოკრატიული სკოლის მართვის ფორმით.
კრიტერიუმი 2. ფიზიკური და სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა
- სასკოლო საზოგადოების წევრების უსაფრთხოების, აღიარებისა და სასკოლო მიკუთვნებულობის განცდა
- სკოლაში ძალადობისა და ჩაგვრის გარეშე ურთიერთობები
- ჯანმრთელობაზე ფოკუსირება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკონსულტაციო მხარდაჭერა
- მასწავლებლის სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, პროფესიული ავტონომია და დაფასება
კრიტერიუმი 3. პოზიტიური დამოკიდებულებები
- სისტემური აზროვნება
- სწავლისა და სწავლებისადმი თავდაჯერებულობა და მოტივაცია
- მასწავლებლის პროფესიული განვითარება, უნარები და კვალიფიკაცია
კრიტერიუმი 4. დაბალანსებული სასწავლო გეგმა
- მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელათა გონივრული დატვირთვა
- საგნებობრივი კომპეტენციებისადმი თანაბარი მოპყრობა
- ადგილობრივ და გლობალურ სამყაროსთან შესაბამისი სასწავლო შინაარსი
- თამაშის, დიალოგის, დასვენების, კლასგარეშე აქტივობებისა და სკოლის ღონისძიებების შესაძლებლობები
კრიტერიუმი 5. მხიარული და მიმზიდველი პედაგოგიკა
- აქტიური და პრაქტიკული სწავლების სტრატეგიები
- ცნობისმოყვარეობაზე, კვლევასა და შემოქმედებითობაზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილება
- სწავლების მორგება მოსწავლის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე
- სწავლებისა და სწავლის მიდგომების არჩევის თავისუფლება
კრიტერიუმი 6: ჰოლისტური და მოქნილი შეფასებები
- პიროვნების სრულ კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება
- თვითშეფასების შესაძლებლობები
- კონსტრუქციული უკუკავშირი, პოზიტიური განმტკიცება და წარმატების აღნიშვნა
კრიტერიუმი 7: უსაფრთხო და ჯანსაღი ინფრასტრუქტურა და ობიექტები
- უსაფრთხო და ეკოლოგიურად ჯანსაღი ფიზიკური პირობები, მათ შორის შენობები, განათება, ტემპერატურა, ხმაური, ვენტილაცია და ავეჯი
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი
- დაცული სანიტარია და კვების ობიექტები
- მწვანე ღია სივრცეები თამაშისა და სწავლისთვის
კრიტერიუმი 8: ფუნქციური და ინკლუზიური სივრცითი დიზაინი
- სასწავლო სივრცეების მრავალფუნქციური მოწყობა
- საჭირო დეკორაციები და რესურსები
- უსაფრთხო, ინტერაქტიული, ციფრული და შერეული სასწავლო გარემო
კრიტერიუმი 9: საზოგადოებრივი ცენტრის დატვირთვა
- სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ჩართულობის სოციალური ცენტრის გამოყენება
ბედნიერი სკოლის სამი მთავარი პრინციპია
- ნდობა – ერთმანეთის მიმართ ნდობა და ანგარიშვალდებულება
- ინკლუზიურობა – განსხვავებულის პატივისცემა, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის აღიარება და მიღება
- ავტონომიურობის გაძლიერება – თავისუფალი არჩევანის და მოქმედების წახალისება
UNESCO-ს მიერ შემოთავაზებული ჩარჩოს მიხედვით ზოგადი განათლების სისტემის გარდაქმა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, მათ შორის, იაპონიამ, პორტუგალიამ, ვიეტნამმა და სხვებმა. როგორც 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, თითოეულმა ქვეყანამ ბედნიერი სკოლის კონცეფციის დანერგვა სრულიად განსხვავებული საწყისიდან დაიწყო. თითოეული ქვეყნისთვის განმსაზღვრელი თავიანთი კონტექსტის გააზრება იყო. ამ შემთხვევებით UNESCO ადასტურებს, რომ ჩარჩო მრავალმხრივი, მოქნილი და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენებისთვის შესაბამისია.
წყარო: UNESCO’s global Happy Schools Initiative, 2024
- https://www.unesco.org/en/education-policies/happy-schools
- https://unesdoc.unesco.org/in/documentViewer.xhtml?v=2.1.196&id=p::usmarcdef_0000389119&file=/in/rest/annotationSVC/DownloadWatermarkedAttachment/attach_import_155a21be-2a3e-4424-8e8c-2412f8e5d26c%3F_%3D389119eng.pdf&updateUrl=updateUrl2254&ark=/ark:/48223/pf0000389119/PDF/389119eng.pdf.multi&fullScreen=true&locale=en#230_24_E_happy%20school_final.indd%3A.117667%3A3583


