სოციალური მედიის ეპოქაში, აღმოჩნდა რომ წერა, ყველას გვჭირდება – ნებისმიერ ადამიანს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და რა პროფესიასაც არ უნდა ვემსახურებოდეთ – ჟურნალისტს ხომ თავისთავად, მაგრამ ფსიქოლოგსაც, დიეტოლოგსაც, ნუტრიციოლოგსაც, სპორტსმენსაც და ბავშვთა ექიმსაც, ყველას განურჩევლად სჭირდება კარგი წერით უნარები, ვისაც სათქმელის სრულყოფილი რეპრეზენტირება სურს.
ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გავრცელებასთან ერთად სოციალურ მედიაში მკვეთრად მოიმატა ისეთი ტექსტების რაოდენობამ, რომელსაც, ზედაპირული დაკვირვებითაც კი, ხელოვნური ინტელექტის კვალი ატყვია. დიეტოლოგები, ფსიქოლოგები, ინფლუენსერების ტექსტები მოკლე დროში სრულიად ტრანსფორმირდა – ის რაც შეიძლება ითქვას ორი-სამი წინადადებით, უზარმაზარ ტექსტებად იქცა, სადაც ყველა ელემენტი სრულყოფილად არის “ჩაშლილი” და დაკონკრეტებული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
როგორ მოქმედებენ ადამიანები სოციალურ მედიაში? უკვე ვხედავთ, რომ ადამიანები არამარტო საკუთარი განცდებზე დაწერილ ტექსტებს აგენერირებენ ჩატბოტების მიერ, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ტექსტებით ერთვებიან ცოცხალ დისკუსიებში, კამათობენ პოლიტიკაზე, ეკონიმიკაზე, ერთმანეთს უზიარებენ მშრალ, ფაქტობრივ ინფორმაციებს – იმ ყველაფერს, რასაც საკუთარი ენით, საკუთარი ხასიათით, ტემპერამენტითა და ხედვით უნდა მოგვითხრობდნენ.
თანამედროვე წერითი მეტყველება გაჯერებულია ხელოვნური სინტაქსით, მეორდება კლიშეები, ზოგადი ფრაზები. მაგ. ყველა “აშენებს საკუთარ მომავალს”, ყველაფერი არის “უნიკალური”, “შთამაგონებელი”, ყველას აქვს “საკუთარი გზა” და ა.შ. ტექსტები რომელთაც ვხედავთ, ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს, რადგან ჩვენს მაგივრად ხელოვნური ინტელექტი ფიქრობს და წერს…
წერა არ არის იოლი საქმიანობა. ვისაც წერითი სამუშაო აქვს, დამეთანხმება, რამდენად შრომატევადია ეს პროცესი. წერის დროს სიტყვებს მოშინაურება და სწორ გზაზე გასვლა სჭირდება – რაც ავტორისგან დიდ შრომას, მოთმინებას და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.
წერის პროცესი საშინლად დამღლელიცაა – იღლები, როდესაც საჭირო სიტყვები ჰორიზონტზე არ ჩანს, არასაჭირო სიტყვები კი ფეხებში გედებიან, ისე ტლანქად მოძრაობენ, როგორც ახალი ფეხადგმული ბავშვი, რომელიც გინდა მაღაზიაში გაიყოლო და სანამ მაღაზიამდე მიაღწევ – ბავშვი ყველგან ჩერდება, გეჯიუტება, სურს ყველა კენჭი გამოიკვლიოს, ყველაფერს შეეხოს – ვისაც ასეთ პატარასთან ერთად გისეირნიათ, კარგად მიხვდებით, რატომ ვამსგავსებ წერის პროცესს ბავშვთან ერთად სიარულს.
როგორ ვიქცევით ასეთ დროს? – ვცდილობთ ვიპოვოთ უფრო მოქნილი გზა სიარულისთვის, ვცდილობთ გავხდეთ უფრო მეტად შემოქმედებითები, რომ პატარას თითო ნაბიჯი გადავადგმევინოთ, შევახედოთ ისეთ რამეებს, რასაც თვითონ ვერ ამჩნევს, ვიფანტაზიოროთ, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ – ტექსტთან მუშაობაც სწორედ ორი წლის ბავშვთან ერთად სიარულს გავს, რომელსაც თავისი მარშრუტი და მოქმედების გენერალური გეგმა აქვს თავში, თუმცა ეს მარშრუტი ჩვენი სასურველი გზით უნდა წარვმართოთ.
რა ნიშნები ახასიათებს AI-ის ენას?
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დაშლილია მარტივ მამრავლებად, შინაარსობრივად უაღრესად გამარტივებული, ფაქტობრივად “დაღეჭილი”- კითხვისას მაინც გაქვს განცდა, რომ კითხულობ ტექსტს, რომელიც არ სუნთქავს. აქ არ ჩანს ადამიანური ემოცია, არც ადამიანური ინტონაცია, წინადადებები და აბზაცები ძალიან ლოგიკური, სრულყოფილი და დალაგებულია, რაც ნაკლებად ახასიათებს ადამიანის სპონტანურ წერას.
როგორ ვწეროთ ჩვენით?
როგორ ვიპოვოთ საჭირო სიტყვები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?
როგორ დავწეროთ ტექსტი ისე, რომ ჩანდეს ავთენტურობა, ავტორი, მისი პიროვნება, ინდივიდუალიზმი, შემოქმედებითი მახასიათებელი ?
წერა ისწავლება ყოველდღიურად, როდესაც იწყებ დაკვირვებას – შენს ფიქრებზე, ემოციებზე, განცდებზე, შიშებზე, მღელვარებებზე, გარემოზე, ადამიანებზე, ბუნებაზე. ამასთან ერთად პოულობ საჭირო და სწორ სიტყვებს, რომ გამოხატო ყველაფერი, რაც დაინახე, განიცადე და აღიქვი.
თუ მაინც გადაწყვიტე – წერო, კარგად დააკვირდი სამყაროს, ბევრი იკითხე, განსაკუთრებით ხარისხიანი ლიტერატურა, ჩაინიშნე და დაიმახსოვრე ისეთი სიტყვები, ფრაზები ან მეტაფორები, რომელიც მოგეწონა და შემდეგ სცადეთ ეს სიტყვები შეათავსო საკუთარ სათქმელთან, ან გამოიგონო სრულიად ახალი შენს გამოცდილებაზე დაყრდნობით. ფოკუსირდი დეტალებზე, შეისწავლე ისინი, აამეტყველე ობიექტები, იყავი მკაცრი რედაქტორი საკუთარი ტექსტების, ეცადე მშრალი ტექსტი გადააქციო ცოცხალ, ადამიანურ ტექსტად, რომელიც ადამიანური ისტორიითაც იქნება გამდიდრებული.
დასასრულს – ხმამაღლა წაიკითხე შენს მიერ დაწერილი ტექსტი – ყური მაშინვე იჭერს იმ ადგილებს, სადაც სინტაქსი რთულდება, თხრობის რიტმი ირღვევა ან სუნთქვა ჭირს. დარწმუნებული ვარ, შენი ნაწერი უფრო მოგეწონება…
.


