დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებისას განსაკუთრებით ვცდილობ, რომ უკუკავშირი არ იყოს მხოლოდ მასწავლებლის მხრიდან განხორციელებული შეფასება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ თავად შეძლოს საკუთარი პასუხის გადამოწმება, შეცდომის აღმოჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რესურსი – „მათემატიკური სახლები“, რომელიც გამოვიყენე მიმატება-გამოკლებაზე მუშაობისას.
რესურსის იდეა
რესურსი შევქმენი მარტივი, ხელნაკეთი ვიზუალური მასალებით. „სახლებზე“ განვათავსე არითმეტიკული ტოლობები (მიმატება და გამოკლება), ხოლო ცალკე მოვამზადე ბარათები, რომელთა ერთ მხარეს ეწერა ტოლობა, მეორე მხარეს კი – პასუხი. ბარათების ნაწილს განზრახ ჰქონდა მცდარი პასუხი, რათა მოსწავლეებს დასჭირვებოდათ არა მხოლოდ გამოთვლა, არამედ სწორი – არასწორის გააზრება.
აქტივობის განხორციელების ეტაპები
I ეტაპი – დავალების გააზრება
აქტივობის დაწყებისას მოსწავლეებს ავუხსენი თამაშის წესები და მიზანი. მათთვის თავიდანვე განვაცხადე, რომ შეცდომა ამ პროცესში დასაშვები და სასურველიც კი იყო, რადგან სწორედ შეცდომის აღმოჩენით ხდება სწავლა. ამან ბავშვები თავისუფალი და თავდაჯერებული გახადა.
II ეტაპი – მაგალითის ამოხსნა
მოსწავლეები იღებდნენ ბარათს, კითხულობდნენ მაგალითს და დამოუკიდებლად ასრულებდნენ გამოთვლას. ამ ეტაპზე ჩემი ჩარევა მინიმალური იყო – ვაკვირდებოდი პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ვუსვამდი კითხვებს.
III ეტაპი – პასუხის გადამოწმება (უკუკავშირი)
ამ ეტაპზე იწყებოდა აქტივობის მთავარი ნაწილი. მოსწავლეები ამოწმებდნენ ბარათის უკანა მხარეს მოცემულ პასუხს და ადარებდნენ საკუთარ შედეგს.
თუ პასუხი ემთხვეოდა – ბავშვი თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ სწორია;
თუ არ ემთხვეოდა – აფიქსირებდა, რომ მცდარია.
აქ უკუკავშირი მოდიოდა არა ჩემგან, არამედ თავად რესურსიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
IV ეტაპი – გადაწყვეტილების მიღება
სწორი ამოხსნა მოსწავლეს შესაბამის „სახლში“ უნდა განეთავსებინა, ხოლო მცდარი ტოლობა – სპეციალურად გამოყოფილ „შავ ყუთში“.
ამ მოქმედებით ბავშვი არა მხოლოდ პასუხს ამოწმებდა, არამედ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
V ეტაპი – განმარტება და რეფლექსია
აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვდი აეხსნათ, რატომ ჩათვალეს კონკრეტული ამოხსნა
სწორად ან არასწორად. ამ დროს ხშირად ისმოდა ფრაზები:
„თავიდან სხვანაირად ვიფიქრე, მაგრამ გადავამოწმე…“
„ვნახე, რომ პასუხი არ ემთხვეოდა…“
ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებისთვის.
უკუკავშირის მნიშვნელობა
ამ რესურსის გამოყენებისას უკუკავშირი ხდებოდა:
-
დაუყოვნებლივი – მოსწავლე მაშინვე ხედავდა შედეგს;
-
არაშემფასებლური – არ იყო „სწორი/არასწორი“ მასწავლებლისგან;
-
განმავითარებელი – შეცდომა აღიქმებოდა როგორც სწავლის ნაწილი.
მოსწავლეები აღარ ელოდნენ ჩემს დადასტურებას – ისინი თავად ამოწმებდნენ საკუთარ პასუხებს და სწავლობდნენ პასუხისმგებლობას.
აქტივობის შედეგად:
-
გაიზარდა მოსწავლეთა დამოუკიდებლობა;
-
შემცირდა შეცდომის შიში;
-
გაძლიერდა თვითკონტროლისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
-
მათემატიკური დავალებები იქცა თამაშად და არა სტრესად.
„მათემატიკური სახლები“ ჩემთვის იქცა რესურსად, რომელმაც ნათლად დამანახვა, რამდენად ეფექტიანია სწავლის პროცესი მაშინ, როდესაც უკუკავშირი ჩაშენებულია თავად აქტივობაში. ასეთი მიდგომა არა მხოლოდ მათემატიკურ ცოდნას აძლიერებს, არამედ მოსწავლეებს ასწავლის ფიქრს, გადამოწმებას და შეცდომასთან მუშაობას – უნარებს, რომლებიც სწავლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია.




