ჩვენ გლობალური მიგრაციების ეპოქაში ვცხოვრობთ, ყოველდღიურად, უამრავი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას ბედი სამშობლოსგან შორს ეძიოს, ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიღებული არაა, ომი, შიმშილი, ეკოლოგიური კატასტროფები , პოლიტიკური პერიპეტიები დევნიან ადამიანებს საკუთარი სახლებიდან.
მიგრაციული პროცესების კვლევა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ადამიანთა ყოფის ცვლილებას სოციალური თუ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მეცნიერებები სწავლობენ. რასაკვირველია, ლინგვისტური კვლევების გარეშე ადამიანთა ცხოვრებაზე დაკვირვება შეუძლებელია, ამიტომ მიგრაციის ენასთან დაკავშირებული კვლევები სულ უფრო და უფრო ახალ მასშტაბს იძენს.
მიგრაცია, როგორც ინდივიდისა თუ საზოგადოების ცვლილების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, თანამედროვე მულტიდისციპლინური ჰუმანიტარული კვლევების ინტერესის უმთავრესი ობიექტია. მისი, როგორც სოციალური ფენომენის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური რაკურსის წარმმართველის, ფსიქოსოციალური გავლენის ობიექტის, ენობრივი ცვლილებების მიზეზის კვლევა სწორედ ინტერდისციპლინურ კონტექსტში ხდება. ხოლო ამ ინტერდისციპლინური ხედვის უმთავრესი წერტილი სწორედ ენაა, როგორც ყველაზე მატერიალური, ხელშესახები მასალა დაკვირვებისა და დასკვნების გამოტანისათვის.
ადამიანი თუ საზოგადოება არის მისი ენა, ამ თეზის უამრავი ვერსია შეიძლება შეგვხვდეს ფილოსოგიურ, ლინგვისტურ, სოციალურ თუ სხვა დარგის სამეცნიერო სივრცეში. მიგრაციის პროცესში ადამიანს ახალ სივრცეში მიაქვს თავისი ყოფა, ენა, კონტექსტი თუ გამოცდილება და ახალ გამოცდილებად აქცევს მას.
ეს გამოცდილება, უპირველეს ყოვლისა, ახალ ენობრივ მოცემულობად ითარგმნება, სწორედ ენა ინახავს და გამოხატავს ცვლილებებსა და სიახლეებს, სირთულეებსა და აღქმევს, თვითგამიჯვნისა და ახალ კულტურულ თუ ენობრივ გარემოსთან შერწყმას.
ენა, როგორც ყოფიერების სახლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მიგრაციის პროცესში, როდესაც ხშირად, ის მართლაც ერთადერთი სახლი თუ თავშესაფარია მიგრანტთათვის. ეს ლოკოკინისეული მოდელი, როგორც ახალ სივრცეში ძველი სივრცის წაღება-კოპირება, ყოფიერების სახლთან ერთად გადაადგილება, ცვლილებებისადმი მედეგობა, ინტეგრაციისათვის მზაობა და ამავე დროს, თვითშენარჩუნება სწორედ ენობრივი კონცეპტების სახით გამოიხატება. ენა, როგორც ბედი და როგორც მისამართი – ასეთ კონცეპტუალურ გააზრებას იძენს ენა მიგრაციის პროცესში.
ენა იქცევა ოჯახური კომუნიკაციის საშუალებად, აქტიურდება მიკროთემი, რომელიც სხვადასხვა საკვირაო სკოლის, ინტერესებისა თუ რელიგიური მსახურების გარშემოა გაერთიანებული. რასაკვირველია, გაერთიანების მიზეზი სხვადასხვაა -განათლების საკითხები, რელიგია თუ ეთნოკულტურა, მაგრამ მთავარი გამაერთიანებელი სწორედ ენაა – თუ გადავხედავთ ქართული ემიგრაციის ისტორიასა თუ აწმყოს, ასეთი ენობრივი ცენტრები მრავლადაა და ემიგრაციის პროცესის ცვლილებასთან ერთად სულ სხვადასხვა სივრცეში იქმნება.
მიგრაციისაც მრავალფეროვანი ენობრივი პროცესები მიმდინარეობს, ენობრივი კონტაქტების პროცესი სესხებითა და კოდების გადართვით გრძელდება, წარმოიქმნება ერთგვარი საშინაო და საგარეო ენები, იქმნება დიასპორული ენობრივი ინვარიანტები, რომლებიც საბაზო ენისგან განსხვავდება, ხოლო ახალი, დამხვედრი ენისგან შეიძლება შეიქმნას ერთგვარი პიჯინი ენა, ენის გამარტივებული ვერსია, რომელიც ამარტივებს კომუნიკაციას. ჩნდება შერეული სლენგი ან, ქართულის შემთხვევაში, გამარტივებული გრამატიკული კონსტრუქციები.
გამოიყოფა მიგრანტთა მეტყველების რამდენიმე ძირითადი აზრობრივი დიქოტომია, რომელიც ენის მიგრაციის თუ მიგრანტთა მეტყველების ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენს, ესაა, ძველი და ახალი საცხოვრებელი სივრცის ასახვა-მონიშვნა, პიროვნების ასახვა წინარე საზოგადოებისა თუ დამხვედრი საზოგადოების წინაშე, და ცხოვრების, როგორც დროითი მეტაფორის გააზრება და ძველი და ახალი ყოფის დაპირისპირება-დიქოტომია.
მიგრაციის პროცესში განსაკუთრებით აქტუალურია ახალი თაობების ენა, ენის შენარჩუნების პროცესი. ასეთ დროს დიდ მნიშვნელობას იძენს საგანმანათლებლო აქტივობები, საბიბლიოთეკო აქტივობები თუ ლიტერატურული კონტაქტები. თანამედროვე, ციფრულ სამყაროში ახალ სივრცეში ძველი ენობრივი სივრცის „წაღება“ ბევრად მარტივია, ტექნოლოგიები ენის სამსახურში – თანამედროვე ემიგრაციის კიდევ ერთი დამატებითი ნიშანია.


