სიმღერით სწავლების პოზიტიურ შედეგებზე არაერთი მკვლევარი და პრაქტიკოსი მასწავლებელი წერს როგორც ჩვენში, ასე — საზღვარგარეთ. კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის ზემოქმედებით სინქრონულად აქტიურდება ადამიანის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები, რაც ნაყოფიერი, ფოკუსირებული, მოტივაციით გაძლიერებული სწავლისათვის განაწყობს და შეამზადებს მას. ადრეულ ასაკში სიმღერებით სწავლება კი ეხმარება ბავშვს კონცენტრირებულად მოისმინოს, აღიქვას ბგერა და რიტმი, აითვისოს ენის გრამატიკული წესები, ამ გზით კი ჩამოუყალიბდეს ადრეული წიგნიერების უნარი.
სიმღერა, რომლის შესახებ მინდოდა მესაუბრა, აღმოჩნდა, რომ ბევრი კარგი პედაგოგისთვის გამომდგარი რესურსია, მის შესახებ უკვე დაუწერიათ კიდეც. ვიფიქრე, რაკი ბევრთან გამოიცადა, მით უფრო გამოდგება სარესურსოდ-მეთქი და მეტად მომინდა გაზიარება.
პაატა პაპავას სიმღერის შესახებ მოგახსენებთ. მისი სათაურია `მზე და ცა~, რომელიც სპეციალურად კითხვის სწავლებისა და სწავლისთვის შეიქმნა. თუმცა ეს ტექსტი, როგორც რესურსი, შესაძლოა, მშვენივრად გამოვიყენოთ არა მარტო კლასში, არამედ — სმენითი ან ვიზუალური, დასწავლის ან ვერბალური დარღვევების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობისთვისაც.
სიმღერაში გამოყენებულია მარტივი სიტყვები და ფრაზები, რომელთა აღქმა, შემადგენელ ნაწილებად დაშლა და ერთმანეთთან დაკავშირება პატარა მსმენელებს თუ მკითხველებს არ გაუძნელდებათ.
ტექსტი ასეთია:
მზე და ცა
ეს არის მზე,
ეს არის ცა,
ეს არის ხე,
ეს არის მთა.
ამოდის მზე,
წინ მოჩანს გზა,
მზე, როგორც — მზე,
გზა, როგორც — გზა.
იწყება დღე,
წინ მოჩანს გზა,
დღე, როგორც — დღე,
ცა, როგორც — ცა.
შენ გიყვარს მზე,
გემი და ზღვა,
მე მომწონს ტყე,
ნავი და ტბა.
ერთად ვართ ჩვენ,
ერთი გვაქვს ცა,
მზე, როგორც — მზე,
ცა, როგორც — ცა.
ჩვენ გვიყვარს მზე,
ცისფერი ცა,
ნათელი დღე,
ზღვისფერი ზღვა.
ერთად ვართ ჩვენ,
ერთი გვაქვს ცა,
მზე, როგორც — მზე,
ცა, როგორც — ცა.
აქვეა სიმღერის ვიზუალური გამოსახულებაც:
სურ.1.
ცხადია, შესაძლებელია მათი ბარათებად გამოყენებაც და არაერთგვაროვანი აქტივობის მოფიქრებაც.
მარტივი და სახალისოა სიმღერის მელოდია და რიტმიც. ბავშვები ჯერ სიამოვნებით უსმენენ სიმღერას, ყურადღებით აკვირდებიან კლიპში წარმოდგენილ ნახატებს, რომელთა მეშვეობით ბევრად იოლად აღიქვამენ მის ტექსტს, თავადაც სწრაფად ჰყვებიან და ენთუზიაზმით ერთვებიან სიმღერის დასამუშავებლად წარმართულ არაერთგვაროვან აქტივობებში.
სიმღერა `მზე და ცა~ წარმოდგენილია ორი ძირითადი ფორმატით: აუდიოვერსია, ვიდეოკლიპი (ანიმაცია), აუდიოვერსიის სრული ვარიანტი (ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით), კარაოკე (მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილი, ვოკალის გარეშე), ვიდეოკლიპი ვიდეოკლიპი (სუბტიტრების გარეშე) ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, კარაოკე (ვიდეოკლიპი სუბტიტრებით, ვოკალის გარეშე) კარაოკე (მხოლოდ სუბტიტრები).
ამგვარად, შესაძლებელია სიმღერის ამა თუ იმ ვერსიის გამოყენება სხვადასხვა სასწავლო მიზნის შესაბამისად. იგი იწვევს ემოციურ, კოგნიტურ, კინესთეტიკურ რეაქციებს და ამით იძლევა საშუალებას, რომ ერთი კონკრეტული რესურსის თანხლებით მოსწავლეები ჩავრთოთ აღქმის, მოსმენის, წარმოთქმის, მოძრაობის, ხატვის, თხზვის, წარმოსახვისა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებში.
სიმღერის გზამკვლევის მითითებისამებრ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი წინასწარ განეწყოს და მოემზადოს სიმღერის კლასში შესატანად. სიმღერა ორიენტირებულია დასაწყისი კლასების მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიზნების შესრულებისთვის. კერძოდ, მასში აღწერილი აქტივობებით ბავშვები მოისმენენ და დაეუფლებიან ასო-ბგერებს, შეძლებენ ხშირი და ნაცნობი სიტყვების იოლად აღქმას და მთლიანად ამოკითხვას, აითვისებენ წერის საწყის უნარებს, შეძლებენ ტექსტების თხზვასა და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობის შესრულებას. წარმოდგენილი რესურსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ შედეგებს.
სიმღერა გამოვიყენეთ როგორც ქართულ, ასე — აზერბაიჯანულენოვან ბავშვებთან მუშაობისთვის. აქვე გაგიზიარებთ აზერბაიჯანულენოვან ტექსტს, თარგმანზე კონსულტირებისთვის კი მადლობას მოვახსენებთ სპეციალურ მასწავლებელს, ნაიმა ხალილოვას. აქვეა აზერბაიჯანულენოვანი ტექსტიც:
Günəş və Göy
Bu günəşdir,
Bu səmadir,
Bu ağacdır,
Bu dağdır.
Günəş çıxır,
Qarşıda yol var,
Günəş, günəş kimi,
Yol, kimi yol.
Gün başlayır,
Karşıda yol görünür,
Gün kimi – gün,
Səma kimi səma.
Günəşi, gəmini
və dənizi sevirsən,
Mən meşəni, qayığı
və gölü xoslayiram.
Biz bir yerdəyik,
Bir səmamır var,
Günəş kimi – günəş,
Səma kimi səma.
Günəşi, mavi
Səmanı sevirik,
Aydın gün,
Dəniz rəngli dəniz.
Biz bir yerdəyik,
Bir səmamır var,
Günəş kimi – günəş,
Səma, kimi səma.
ასე რომ, გამოიყენეთ საგანმანათლებლო ვებგვერდზე — https://kargiskola.ge/index.php — განთავსებული ელექტრონული რესურსი[1], რომელსაც ახლავს მეთოდური გზამკვლევი, ლელას სტატიასაც[2] ყურადღებით ჩაუჯექით და დაგეგმეთ არაერთი მზიანი, ლაღი გაკვეთილი საყვარელი მოზარდებისთვის.
[1] https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php?fbclid=IwAR3qV5GOWGNNWP-eTvT_EzNbl8K4d2mR88uoqL5e2Jc7Kl7YpocEhEa4U0c
[2] https://mastsavlebeli.ge/?p=23294



