წიგნის სამყარო, რომელიც ადრეული ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების მეგზური იყო, ალექსანდრე ყაზბეგმა კიდევ უფრო შემაყვარა. რამდენჯერ სულმოუთქმელად წამიკითხავს მისი არაჩვეულებრივი „მამის მკვლელი“ თუ „ელგუჯა“. ეპიკურია მისი ყოველი მოთხრობა; მძაფრი სინაღდითა და გულის ყველაზე მტკივნეული კუნჭულებიდან წამოსული, სავსე სიცოცხლის სიყვარულითაც და ტანჯვითაც. ასეთი იყო მისი წუთისოფელიც. ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებები, მართლაც, თეატრალური დინამიკითაა და კი ამბობენ, რომ იგი კარგი მსახიობი არ იყო, მაგრამ ყველა მისი ნათამაშები როლი ალბათ გულწრფელობით სხვისას არ ჩამოუვარდებოდა. ზოგადადაც, სიცოცხლის დიდი ვნებით შეპყრობილი ადამიანი იყო. ასეთები კი ცუდად ამთავრებენ… საოცრად თავისუფალი, „არტახებს” შეუგუებელი სული ჰქონდა, ამიტომ არისტოკრატს მწყემსობა არანაირად უთაკილია. ამ ბობოქარმა განცდებმა სულიერ აშლილობამდე მიიყვანა. არცაა გასაკვირი, რადგან ყოველი მისი ნაწარმოები, თავისი სიმძაფრით, სულის ამოხდომასავითაა… კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ ყველაზე უკეთ რუსთა სიბნელე, სიველურე და მავნებლობა სწორედ მან გვაჩვენა ასე თვალშისაცემად, მთის საოცარი შინაგანი სისუფთავის მქონე ხალხის სულიერი მეტამორფოზის ფონზე.
ასე ერთბაშად ვთქვი სათქმელი ჩემს საყვარელ მწერალზე, ახლა კი შევეცდები, „გავშალო“ ეს ყოველივე…
„კეთილი მოქმედობა იკარგება ინტერესებში, როგორც ზვირთები წყალში“ – წერდა ალექსანდრე ყაზბეგი და თითქოს, საკუთარ ცხოვრებას წინასწარმეტყველებდაო. მისი საოცარი, ალალი, კეთილი გულისთქმა, ორიგინალური პიროვნება, სიცოცხლის კონცეფცია ცხოვრების ბანალურმა ინტერესმა შთანთქა. იგი იყო მწერალი, რომელმაც ყველაზე გაბედულად ამხილა „ერთმორწმუნე“ რუსეთი, საამისოდ ყველაზე სახიფათო დროებაში და ავი შედეგიც მიიღო. თუმცა ამაზე ქვემოთ… ეს მხილება მარტო რუსეთისა როდი იყო, რუსეთუმეებსაც, მედროვეებსაც, ყოფით ინტერესს შეწირულ მაღალ იდეალებსაც ეხებოდა: „საბრალო საქართველოვ, როდის იქნება, რომ შენი ბომონდი, რომელიც კინტოური ლაზღანდარობითა და თვალთმაქცობით, აფერისტობით, მუქთახორობით იქცევს თავს, შენს მდგომარეობაზე ზრუნვას დაიწყებს?“ – ყველაზე მართალი მთიელის გულია, რომლის ამოძახილია ეს სიტყვები…
არც ცოლი მყავს, არც შვილი, არც რამ განსაკუთრებული სიმდიდრე მაბადია და თუ კარგი ბელეტრისტის სახელით არ წავედი ამ ქვეყნიდან, საქართველოს დიდ გულშემატკივრად ხომ მაინც გამიხსენებსო შთამომავლობა. ესეც აუხდა! თუმცა დიდი ხნის შემდეგ. სიცოცხლეში განდეგილივით იყო და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოეგო გონს ქართველი საზოგადოებრიობა. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – წერდა აკაკი წერეთელი. ესეც, რაღაცა, ქართული ამბავია, აშკარად… სინანული ჰქონდა საზოგადოებას, რაზეც მიუთითებდა მწერლის საარქივო მასალებში მოხსენებული 54 გვირგვინი, რომლებიც სხვადასხვა კონფესიის, საზოგადოებრივი წრისა თუ წარმომადგენლის მიერ იყო მიტანილი მის გასვენებაში.
არადა, ტრაგიკულ დასასრულზე ვერავინ იფიქრებდა მისი დაბადებისას, სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში, ერთადერთი ვაჟისა, საგანგებოდ რომ გაანებივრებდნენ შემდგომ.
სამწერლო ნიშნები ადრეულ ასაკში შესტყობია, ჯერ კიდევ 12 წლისას დაუწერია ლექსი „ნანა“, რომელიც „ცისკრის“ ფურცლებზე დაიბეჭდა. მერე იყო მამის გარდაცვალება და ეს აღმოჩნდა ერთგვარი გარდამტეხი ზღვარი ძველ, იდილიურ ცხოვრებასა და ახალ „ქარტეხილებს“ შორის, როცა ალექსანდრემ მამის ქონების დიდი ნაწილი გასცა და მიწებიც გლეხებს დაურიგა. განა, ასე არ იქცეოდნენ პილიგრიმები, ქრისტეს გზას რომ შეუდგებოდნენ ხოლმე? ან სიბრძნეს გამოდევნებული, ცხოვრებისეული კავშირების მომრღვევი ძველი ფილოსოფოსები? ეს თავიდანვე მეტყველებდა ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნების არაორდინალურობაზე, ხოლო ასეთებს ემტერება წუთისოფელი. ამის იდეური თუ ლოგიკური განვითარება იყო, რომ რუსეთიდან ჩამოსულმა, სადაც უსახსრობის გამო სწავლა ვერ გაეგრძელებინა, თუმცა სასიყვარულო თავგადასავლების სიმცირეს არ უჩიოდა წარმოსადეგი გარეგნობის მქონე, თანამდებობრივ კარიერაზე უარი თქვა („გადავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი. გამეცნო ხალხი და განმეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს“), მოაგროვა ცხვარი, ზოგი თავისი, ზოგიც მიწებში გაცვლით შეკრებილი და გახდა მეცხვარე; კაცმა, რომელსაც უნიკალური განათლება და ენების ცოდნა ჰქონდა. მისი ბობოქარი სული ყოფის მოსაბეზრებელ აკრძალვებსა და სნობურ პირობითობებს ვერანაირად შეეგუებოდა, ხოლო საზოგადოება არ იღებდა მისნაირებს, ამიტომაც ამ საქციელით ალექსანდრე ყაზბეგმა განდეგილობა „მიუსაჯა“ საკუთარ თავს და ამ მდგომარეობაში მან 7 წელი გაატარა, რითაც უამრავი მასალა დააგროვა სამწერლობო, ლეგენდური თუ ნამდვილი ამბავი, რომლებმაც ასეთი ცოცხალი „სული შთაბერა“ მის განუმეორებელ და სრულიად თვითმყოფად შემოქმედებას. აი, მისეული შეფასებაც ამ პერიოდისა: „თუ ჩემს ნაწერებს კითხულობს ვინმე, თუ პოულობს იმაში რასმე გულის გასასთობს, თუ არ სწყინდება და ბოლომდე ჩადის, ყველა ამის მიზეზი ჩემი წარსულია, ჩემი მეცხვარეობა“.
ამის შემდეგ იყო თბილისში ღარიბული ცხოვრების სიმძიმე სიცოცხლის ბოლომდე. ბინა რომ არ ჰქონდა, ხან სად ცხოვრობდა, ხან – სად. ასე მიიყვანა აკაკიმ თეატრში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. არსებობს ბევრი საინტერესო მოგონება „მოხევეს“ სასცენო ცხოვრებიდან.
რუსეთის მეხოტბეების სიმცირე არც იმ დროში არ იყო, დაქირავებულმა კრიტიკოსებმა თვალში ამოიღეს, ცხადია, თავისუფალი, ეროვნული სულის დაუდგრომლობა ალექსანდრე ყაზბეგისა; თავს ესხმოდნენ, ავიწროებდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ. 1884 წელს გამოცემული „ელგუჯას“ მთელი ტირაჟი გაანადგურა ცენზურამ. „განდეგილი“, „სუსტი მსახიობი და მწერალი“, ასე მოიხსენიებდნენ თუ წარმოაჩენდნენ მაშინ ალექსანდრე ყაზბეგს. უსახსროდ დარჩენილი მწერალი კი ხან საგვარეულო სახარებას მიჰყიდდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ხანაც დედის შემორჩენილ ძვირფასეულობას. „საკვირველს ბედზედა ვარ გაჩენილი“, წერდა მწერალი, რომელმაც ერთ დროს ზიზღით უარი თქვა სამხედრო კარიერაზე, რაც ჩვენი თავად-აზნაურობის სნობურ და მდაბიურ აკვიატებად მოჩანს ახლა (რუსეთის წარმოებულ კავკასიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში მონაწილეობით დაგროვილი ჩინ-მედლები), საუკუნეთა გადასახედიდან. ამაშიც მართალია ჩვენი დიდი მთიელი! ანუ ერთ „პინაზეა“ მწერლობა, მეორეზე – მისთვის შეწირული ცხოვრება. თუმცა მე ამ მწერლურ-პიროვნულ სიბრძნეს არც სისუსტედ ვუთვლი, არც უიღბლობად. ეს მისივე არჩევანი იყო, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს!
მოუწყობელმა პირადმა ცხოვრებამ, ტვირთად ქცეულმა წუთისოფელმა მწერალს ჯანმრთელობა შეურყია და 42 წლისა, განვითარებადი დამბლით, თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც…
მისი ნაწარმოებებიდანაც და ბიოგრაფიიდანაც სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გვიმზერს. გავიხსენოთ ეს ადამიანიც და ჩვენივე თავიც, რომელსაც წამსვე გადმოედებოდა ხოლმე ეს დიდი განცდა, თუნდაც ერთი მოთხრობის მაგალითზე…
მისი „ელეონორას“ კითხვა რომ დავიწყე, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობებს მთის გრილ, უგემრიელეს წყაროსავით რომ ვეწაფებოდი ხოლმე. მდიდარი მებატონის, ვახტანგ ხელთუბნელის, ქალი, კაცების ოცნება, ძილისა და მოსვენების მოკლების მიზეზი, ელეონორა, „გაამაყებული თავის მშვენიერებით და გაამპარტავნებული მამის მდგომარეობით…“(3), ბუნებით არშიყია, თუმცა ამას არ აჩვენებს და მისი გასართობი, ტკბობის წინაპირობა სატრფოთა ტანჯვაა. იგი ელოდება იმ წუთს, რომ ისინი ტრფიალების ცეცხლში გახვიოს: „ამ წუთებში ელეონორა ემსგავსებოდა ძუ ვეფხვს, რომელიც თავის ტოტებ ქვეშ დამორჩილებულს მსხვერპლსა ჰგრძნობდა და მის უღონო, შემაძრწუნებელს თრთოლვას აღტაცებაში მოჰყვანდა“ (4). აზნაურ კრეჭიაშვილს ვინ ჩააგდებდა რამედ, დაბალსა და მოუხეშავს, უსიამოვნო პირისახისას, ორივე თვალით ელამს, დიდთავასა და გაბანჯგვლულ წვერ-ულვაშიანს, როცა ნაღები ვაჟკაცები ვერ აღწევდნენ გულისწადილს?! ისიც შეჰგუებოდა ბედს და ძაღლივით ერთგულებით გამოხატავდა თავის დიდ გრძნობას მებატონის ავზნიანი ქალისადმი. თუმცა ეს პერსონაჟი ნაწარმოების ბოლოს ყველაზე საინტერესო და მოსაწონი ხდება.
ასე ჩნდება ასლან გირეიც, „მთის არწივი“, კახეთის ამკლები ლეკი – „ყველანი ძრწოდნენ ასლან გირეისგან, რადგანაც მისმა გულმა სიბრალული არ იცოდა და დიდსა და პატარას, ვენახს თუ ყანას, სიბრაზით სწვამდა და ანადგურებდა“ (7). ეს არის თვალტანადი ვაჟკაცი, რომლისთვისაც „ჩხუბი მეჯლისია“. თუ ელეონორასთან შეხვედრამდე ასლან გირეისთვის „ქალი ზეცისგან მამაკაცის ჯილდოდ იყო დანიშნული, შეადგენდა კაცის საკუთრებას და ამ უკანასკნელს უფლება ეძლეოდა, სურვილისამებრ ჟინის სათამაშოდ გაეხადა“, ელეონორასთან შეხვედრისთანავე ტრფობის ალით შეპყრობილია, იმ გრძნობით, რომელიც ვერ წარმოედგინა, ქალის მისამართით ჰქონოდა. ასე იმორჩილებს ერთბაშად, თავს ახრევინებს და მედიდურობის მძებნელ მებატონეს „დაბორკილ მონად ხდის“ სიყვარული, – მთავარი „პერსონაჟი“ ალექსანდრე ყაზბეგის ნოველებისა! მასზე შეყვარებულია ელეონორაც…
ეს ადგილი ტროპის რაღაც ახალი სახეა, სრულიად უჩვეულო, მხოლოდ შედარებად ვერ ჩავთვლიდი: „კარგა ხანს იდგენენ ასე გაჩუმებულნი: ნაზი ქმნილება – მრისხანე ანგელოზად და მხნე და შეუპოვარი კაცი კი – დამორჩილებულს ნორჩ შტოსავით, რომელსაც მედგრად ამოვარდნილი გრიგალი უწყალოდ ჰხრიდა და ზნექავდა“ (16). აქ დაპირისპირებულ თვისებათა ურთიერთგადადინებაცაა და ის უზადო ფსიქოლოგიზმებიც, რომელთა დიდოსტატია ჩვენი საამაყო მწერალი;
„– მით უარესი შენთვის!“.
ესაა ელეონორას განაჩენი („ჯოჯოხეთს გაგრძნობინებ“… გაგახმობ, დაგაჭკნობ, დაგლევ და შენი მდგომარეობა მხოლოდ სიცილს მომგვრის“– 17), იქადნება ქალი.
– „მაშ სისხლი დაიღვრება!“– იმუქრება თავდავიწყებული ასლან გირეი.
დაიწყებ ალექსანდრე ყაზბეგის კითხვას და ვერ მოსწყდები!
ასლან გირეის ჩემს უფლად არ გავხდიო, არ ნებდება სიყვარულს ქალი, ამიტომ ვინც ლეკს შეერკინება და დაამარცხებს, მახინჯიც რომ იყოს, გავყვებიო…
დაბოლოს – კიდევ ერთხელ მინდა, გამოვუტყდე ჩვენს დიდ „მოჩხუბარიძეს“ სიყვარულში!…
ვინმეს, ალექსანდრე ყაზბეგზე მძაფრად აღუწერია სასიყვარულო მღელვარება მსოფლიოში?
„თავისქეიფა“ ელეონორასა და თავზეხელაღებული ლეკის, ასლან გირეის საბედისწერო სიყვარული – სანამ რამეს დაწერდეს მწერალი, უკვე ნოველაა.
ან ასეთი ცოდნა ადამიანის ბუნებისა? ნიკო ლორთქიფანიძის მსგავსი. კი მაგონებს კიდეც ელეონორა მოთხრობის „დადიანის ასული და მათხოვარი“ მთავარ პერსონაჟს, ბოროტ და თავკერძა ქალს.
ფინალი, მხატვრული რეალობა, ყაზბეგისეულად, ტრაგიკულია, როგორც თავად მწერლის ცხოვრება, მაგრამ სიცოცხლის „მაჯისცემაზე გიდევს“ ხელი და გრძნობ: „ქვეყანა ედემია, დასტკბი, სულდგმულო…“.
ასლან გირეის ცრემლები – კაცის ტირილის ექსპრესიის გადმოცემისას მთიელთა უპირატესობა და ჰეგემონია („დამწვარმა გულმა, წუთით შერყეულმა ხასიათმა თხოვნაც კი წარმოათქმევინა იმ კაცს, ვინც არ იცოდა, რას ჰქვიან თხოვნა!“), ვაჟას ალუდასი, „ატირდა როგორც ქალიო“, არ იყოს.
ჰო, რაც მთავარია – ყველაზე საინტერესო პერსონაჟის ხასიათი ჩნდება, ცნაურდება, ბოლოს და ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარეგნულად ძალიან უშნო აზნაური ლევან კრეჭიაშვილია, რომელიც ვერც იოცნებებდა ელეონორას ქმრობას, თუმცა ასლან გირეის მოკვლის შემდეგ შურისმაძიებელი (გირეისადმი თავის გრძნობას ამ გრძნობისვე ადრესატს არანაირად აპატიებს) ქალი მას ამას სთავაზობს. ეს გმირი უარს ამბობს საოცნებო ქალზე, როგორც ის ქალი თავის გულის სწორზე, თუმცა არა მასავით უღირსად, არამედ ძალიან ღირსეულად – კი მიყვარხარ, მაგრამ არცერთი კაცის ღირსი არ ხარ, ასე დაუნდობელიო.
ლეგენდასაც ჰგავს და ბერძნული თეატრის სცენაზე გათამაშებულ დრამასაც. ძალიან თეატრალური, მძაფრი, სწრაფადგანვითარებადია ყოველივე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალიზმი აკლია თხრობას ან სადმე ყალბი ბგერაა გარეული. ისეთი „შეკრული“ მოთხრობაა, როგორც მითი თუ ზღაპარი, კაცი „ბზარს“ რომ ვერ მოუძებნის, რომელიც „ლხინი აქათი“ არ დამთავრდა, როგორც ჩვენი ცხოვრების „ბანალური ქრონიკები“… თუმცა რის ბანალურობა, ალექსანდრე ყაზბეგის რეალობამდე უნდა ამაღლდე და ისე მიეახლო მის ამაყ, შეურყვნელ მთის სულს…
ციტატები წიგნიდან – ალექსანდრე ყაზბეგი, „ელეონორა“, გამომცემლობა პალიტრა, 2021 წელი


