როცა 13-14 წლისა ხარ, სიყვარულზე მეტად არაფერი გაინტერესებს. ლიტერატურით, ფილმებით, საერთოდ ხელოვნებით, ყველაფრით, რაც შენ ირგვლივაა, რაზეც გული და გონება მიგიწვდება, საკუთარ თავს სიყვარულისთვის ამზადებ და თვალებიც გაფაციცებული დაეძებს წყვილების ურთიერთობებს. ცდილობ, რაღაც ხატი შეიქმნა, რაღაც იდეალი დახატო, ჯერ სხვათა ვნებები გაითამაშო, სხვათა დრამა თუ ტრაგედია განიცადო და შეძლებისდაგვარად მომწიფებული დაუხვდე იმ ნამდვილს, იმ ერთადერთს, რომელიც გგონია, რომ… თუმცა რა გგონია, ერთმა ღმერთმა უწყის. რაც გგონია, მაგის დაწერას, ერთი დიდი მწერლის დიდი რომანი სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, 13-14 წლისა რომ ხარ, ასე ფიქრობ.
ერთ-ერთი მთავარი წიგნი, რომელზედაც მაგ ასაკში საკუთარ გრძნობებს ვავარჯიშებდი, ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი” იყო.
საოცრად მხიბლავდა მარტინის სახეცვლილება. ტლანქი, გაუთლელი მეზღვაურისგან სიყვარულის სახელით როგორ ჩორკნიდა საკუთარ თავში ნიჭიერ მწერალს. როგორ ცდილობდა ერთი სოციუმიდან მეორეში გადასვლას, და ამას ყველაზე მშვენიერი გრძნობის გამო აკეთებდა.
მოერიო საკუთარ ბედს, დაძლიო მოცემულობა, რომელიც ცხოვრებამ გარგუნა, ყველაზე მომხიბვლელ გმირობად მიმაჩნდა. „სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია” – იმ დროისთვის მარტინის საქციელად წარმომედგინა და არა – ხატაეთში საბრძოლველად წასვლად. მაგრამ რუთი არ იყო ნესტან-დარეჯანი. მისი ბურჟუაზიული ყოფა სრულებით გამორიცხავდა პიროვნულ წინსვლას, რადგან ქაჯეთის ციხე ის გარემო გარემო იყო, რომლის შვილიც თვითონ გახლდათ და რომელსაც ვერც მარტინი აიღებდა, ვერც თვითონ შეძლებდა დამსხვრევას.
არ მიყვარდა ფინალი. არა იმიტომ, რომ მარტინი თავს იკლავდა, ბედნიერ დასასრულებს დიდად არ ვწყალობდი, არამედ იმიტომ, რომ მაიძულებდა, რომანის ნამდვილ არსზე მეფიქრა. მარტინის პიროვნული კრახის მიზეზები გამეანალიზებინა, მივმხვდარიყავი, რამ შეიძლება მიიყვანოს კაცი ცხოვრების მოყირჭებამდე, რამ შეიძლება, გაუსაძლისი ტკივილის გარდა, თავი მოაკვლევინოს ადამიანს.
ვკითხულობდი და ვკითხულობდი, სოფელში გვქონდა და ესეც უწყობდა ხელს ზაფხულობით, ყოველ წელს, თვალი გადამევლო. მაინც ჯიუტად მხიბლავდა მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც სულაც არ იყო ნამდვილი, მაგრამ, ეტყობა, მარტინივით ცრუ იდეალის ძიებაში ვიყავი და სრულებით ვერ მაფხიზლებდა დასასრული, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური ყოფის ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიას აღწერდა.
თანაც აბსოლუტურად სახე და თავმოყვარეობა დაკარგული რუთი გაცილებით გასაგები იყო ჩემთვის, ვიდრე აპათიაში ჩავარდნილი მარტინი. ვერ ვიტყვი, არ ვპატიობდი-მეთქი სუიციდს, ამხელა გამარჯვება რომ ფუჭი აღმოჩნდება, ძნელია, ისიც ძნელია, როცა ცხოვრება თუნდაც დიდი შრომის ფასად ძალიან ზევით აგისვრის, მაგრამ მაინც ვერ ვუგებდი, ცოცხლად რომ მოკვდა, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარი რომ დაკარგა. თითქოს შეიძლო რაღაც დაავადებულმა, ჯოს სამრეცხაო უყიდა, მაგრამ ლიზი ქონელისთვის ვეღარ შეიძლო ეცხოვრა.
„მარიპაზას” გემბანიდან, სწორედ დაძვრის წინ, ლიზი ქონელის მოჰკრა თვალი, ჩუმად გამოსულიყო და ხალხს ეფარებოდა. „თან წაიყვანე, – ჩასძახა მარტინს იდუმალმა ხმამ, – შენთვის არაფრად ღირს ეს სიკეთე. ის კი უმაღლეს ნეტარებას ეწვევა”. იმდენად ძლიერი იყო ცდუნება, რომ კინაღამ გადაწყვიტა, მაგრამ მაშინვე შიში მოერია და გადაიფიქრა. გადაღლილი სული აუმხედრდა. ამოიხვნეშა და სწრაფად მოშორდა მოაჯირს. „გაიგე რომ ავად ხარ, ძალიან ავად” ბუტბუტებდა იგი.”
განსაკუთრებით არ მომწონდა: „შენთვის არაფრად ღირს ეს სიკეთე”, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ფინალზე ფიქრს თავს ვარიდებდი.
მკითხველი ალბათ ბევრნაირი არსებობს და ერთი ადამიანიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი მკითხველია. ობიექტურობის პრეტენზია ალბათ ნაკლებად უნდა ჰქონდეს კაცს, მაგრამ მაინც მიკვირს, როგორ შემეძლო ასე მიკერძოებით მეკითხა, ასე ჩემ გემოზე დამენახა ის, რისი დანახვაც მინდოდა და თვალი მომეხუჭა იმაზე, რისი გაგება და განცდაც არ მსურდა.
მახსოვს, რუთის მიმართაც გამოხატული თანაგრძნობის განცდა მქონდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ალბათ მეც მხოლოდ ის მინდოდა, ვიღაცის განვითარებისთვის მიმეცა ბიძგი. მოგვიანებით ამ სურვილმა პედაგოგობამდე მიმიყვანა. მაგრამ ახლა, დღევანდელი გადასახედიდან, ვხვდები, თითქმის არ მეგულებოდა საკუთარი ასპარეზი ან არ მყოფნიდა გამბედაობა საკუთარ წარმატებაზე მეოცნება, რადგან ქალის მიმართ გაცილებით კრიტიკული იყო და არის ქართული საზოგადოება.
ლიტერატორების ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც შედარებით ნაკლები იყო გენდერული უთანასწორობა, თანაც დები ვიყავით, შესაბამისად, ქონებაც და მშობლების ყურადღებაც ერთნაირად გვერგებოდა, მაგრამ ვუყურებდი რომ უნიჭო პოეტი ქალი გაცილებით მწარე დაცინვის სამიზნე იყო, ვიდრე – იმავე შესაძლებლობების მამაკაცი. „ყველა მაგარი კაცის უკან მაგარი ქალია” – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სტერეოტიპი, რომელიც ჩემს ბავშვობაში ფიგურირებდა. მაგარი ქალობის პრეტენზია თუ გქონდა, საკუთარი თავის რეალიზება მაგარი კაცის შექმნით უნდა გეცადა. საზოგადოება მხოლოდ ამ შემთხვევაში გაღიარებდა ან მაშინ, თუკი, ოთარაანთ ქვრივივით მარტო დარჩებოდი და დედაკაცის როლს მოირგებდი, რაც არც თუ მომხიბვლელი ჩანდა. კაცის გვერდზე და თანასწორად არსად იყო ქალის ადგილი.
კიდევ უფრო რთული იქნებოდა რუთის რეალობა, კიდევ უფრო ვიწრო იყო მისი ასპარეზი. ადამიანს საქმიანობა, თვითრეალიზაცია ზრდის და ხდის უკეთესს. მიუხედავად იმისა, რომ რუთს განათლება არ აკლია და მარტინის საოცნებო უნივერსიტეტში „ინგლისურის სპეციალურ კურსებს” გადის, მას არა აქვს არანაირი მომავალი, გარდა სარფიანად გათხოვებისა. შესაბამისად, გაზრდილი და განვითარებული მარტინი საშინელ სიცარიელეს აწყდება საოცნებო იდეალის მაგივრად. სინამდვილეში აბსოლუტურად ფუჭია ის ცოდნა, რომელიც ქალს აქვს, რადგან განათლება მხოლოდ სნობურ საუბრებში თუ გამოადგება.
ამიტომ ლიზი ქონელი გაცილებით სიმპატიური პერსონაჟია, ალბათ უფრო ბუნებრივია, არ გქონდეს ცოდნა და იყო უბრალო მოქალაქე, უბრალო მისწრაფებბით, ვიდრე გაგაჩნდეს განათლება, შეგეძლოს მაღალ იდეალებზე საუბარი და არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს ამ იდეალების განხორციელებისთვის.
თუ ქალს არ ექნა ასპარეზი, ის ბუნებრივად იქცევა გუბედ და გუბესა და გიჟ თერგს შორის რა სხვაობაცაა, კარგად უწყის ქართველმა მკითხველმა.
დღეს ბევრად ფართოა ქალის ასპარეზი. იმსხვრევა უამრავი სტერეოტიპი. ბევრი რამ, რაღა თქმა უნდა, ისევ ისეა და თანასწორობამდეც შორია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ქალი პოულობს საკუთარ ადგილს, კაცზე გაცილებით ძნელად, მაგრამ მაინც. თუნდაც ტექნოლოგიური წინსვლა აძლევს მას ამის საშუალებას.
დღეს ჩემთვის „მარტინ იდენი” იმას ყვება, თუ როგორ ღუპავს ორივეს, ქალასაც და კაცსაც უთანასწორო გარემო, როგორ იქცევა სიყვარული ფარსად, როცა ერთი ვითარდება, მეორეს კი ამის საშუალება უბრალოდ არ აქვს.
პ. ს.
„მარტინ იდენი” ერთმა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ გამახსენა. წელს უნივერსიტეტს ამთავრებს, სამი-ოთხი წელია არ მინახავს. ამას წინათ შემხვდა და რომ გამოვიკითხე, ამაყად მითხრა: ყველა სემესტრში სტიპენდია მქონდა, არც ერთხელ არ მიმიღია საშუალო ქულა ოთხმოცდათექვსმეტზე დაბალი, თანაც შეყვარებული მყავს და ისიც ასევე წარმატებულია, იმის ლექციებზეც დავდიოდი, ან ის – ჩემსაზე, მეტი დრო რომ არ გვქონდა, ახლა ორივენი გერმანიაში მივდივართ მაგისტრატურაშიო. შემპირდა, აუცილებლად გაგაცნობთ, წასვლამდე მოვალთო.
კარგი ბიჭია, ნიჭიერი, მაგრამ მოსწავლეობისას ნამდვილად არ ჰქონია შრომის ისეთი უნარი, რომ უნივერსიტეტში ასე წარმატებულად ესწავლა. ნათლად წარმოვიდგინე იმ გოგონას როლი მის ცხოვრებაში და გამეღიმა, ზუსტად ვიცი, ამ სიყვარულის გარეშე ამდენს ვერ შეიძლებდა. ის გოგონაც, რუთისგან განსხვავებით, თავის ცოდნას გაზრდის და გამოიყენებს, აღარ გაჩნდება მათ შორის უფსკრული.
შეიძლება სასაცილოდ სულ იდეალების ძიებაში ვარ, მაგრამ დღეს ისინი არიან ჩემთვის მისაბაძი, გამახსენდება ხოლმე და ფიქრებში ვუღიმი. ბევრი, ბევრი უნდა გვყავდეს ასეთი წყვილები, ერთმანეთის განვითარებას რომ აძლევენ ბიძგს. ცალმხრივად ძალიან ძნელია.