შაბათი, მარტი 7, 2026
7 მარტი, შაბათი, 2026

სტუდენტობა მოგვიანებით

ისე მოხდა, რომ კვლავ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, 37 წლის ასაკში მაგისტრატურას დავუბრუნდი, რომელიც 13 წლის წინ ბოლო სემესტრში შევწყვიტე. ეროვნული და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები, საგნების არჩევა და იმაზე ფიქრი, როგორი იქნება ჩემი სამაგისტრო ნამუშევარი, საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. და, რაც მთავარია, ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ახლა გაცილებით მზად ვარ ახალი ცოდნისთვის, გაცილებით მარტივად მიდის ეს პროცესი, ვიდრე მაშინ, როცა ახლად სკოლადამთავრებული, დაბნეული 16 წლის მე ირჩევდა პროფესიას, რომელსაც მერე არასოდეს გამოიყენებდა ან უკვე თითქოს საკუთარ ზრდასრულობაში დაჯერებული, 20 წლის იგივე მე ფიქრობდა, რა მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა შემდეგ საფეხურზე. იმ დროიდან ყველაზე ხშირად მახსენდება ლექტორი, რომელმაც თქვა – ყველაზე მეტად ახალგაზრდები მებრალებით, სახლში მშობლებს აღარ ესმით თქვენი, სამსახურებში უფროსებს უნდა დაუმტკიცოთ, რომ იმსახურებთ იმ ადგილებს, სადაც აგიყვანენ. პირველ სიყვარულს შეიძლება დიდი იმედგაცრუებები მოჰყვეს, თქვენ კი ამ ყველაფერს ყოჩაღად უნდა გაუძლოთ და თან კიდევ ისწავლოთო. ასე, თანაგრძნობითა და გაგებით საუბარი იშვიათობა იყო და მართლაც, ზრდასრულობის პირველი წლები ალბათ ყველაზე რთული, საფრთხეებითა და თავგადასავლებითაა სავსე და ამ გზაზე ყველა გამხნევება და ყველა მხარდაჭერა ერთიორად ძვირფასია, იმის მიუხედავად, ამას მაშინვე გააცნობიერებ თუ მერე.

ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტს მარტო მე კი არა, ბევრი ჩემი მეგობარი და კარგი ნაცნობი დაუბრუნდა, დაახლოებით ჩემი ასაკისები. როცა ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ ხოლმე, აშკარა ხდება, რომ ახლა გაცილებით მეტ მხარდაჭერას გვთავაზობენ ლექტორები და უნივერსიტეტები. უფრო ჩანს, პატივისცემა ჩვენთან დამოკიდებულებაში და მიუხედავად იმისა, რომ დიდი პაუზის შემდეგ წვრილმან ბიუროკრატიაში გარკვევა შეიძლება მეტად გვიჭირს, ვიდრე „ახალგაზრდა“ სტუდენტებს, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ახლა გაცილებით მშვიდი და გაცნობიერებულია, ვიდრე „თავის დროზე“ იყო.

ახალი გამოცდილება და როლი ბუნებრივად მაფიქრებს ხოლმე უწყვეტი განათლების პრინციპებზე და იმაზეც, რომ განათლება საბოლოო ჯამში მაინც პრივილეგიად რჩება. ამ ფიქრების ნაწილია ისიც, რომ ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების პირველ ეტაპზე გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ოჯახებისგან, მასწავლებლებისა და უნივერსიტეტებისგან, ვიდრე ამას იღებენ. კვლავ ვისმენ ამბებს იმაზე, როგორ უჭირთ სტუდენტებს სწავლა და მუშაობა ერთად, როგორი მწირია ის განათლება, რომელსაც ისინი სკოლებში იღებენ და როგორი რთულია კარგი საფუძვლის გარეშე მათთვის რაიმე პროფესიის შესწავლა, როგორ გამოწვევად რჩება უცხო ენების ცოდნა და როგორი რთულია კარგი კადრების შენარჩუნება აკადემიური სივრცეებისთვის.

სტუდენტების ხმა საზოგადოებაში მხოლოდ ფრაგმენტულად ისმის – ისინი კვლავ რჩებიან საზოგადოების ყველაზე დაუსაქმებელ, ყველაზე მოწყვლად ნაწილად. მოსწავლეებს ბოლო წლებში კვლავ ინერციით უწევთ მომავალი პროფესიების არჩევა და უწყვეტი განათლების პრინციპის მიღებაც, რაც მუდმივ მზაობას გულისხმობს ახალი ცოდნის მისაღებად, იმის მიუხედავად, რაა შენი სტატუსი.

უნივერსიტეტში დაბრუნებისას ჩემი მიზანი აკადემიურ სივრცეზე გამადიდებელი შუშითა და უფრო ფრთხილი თვალით დაკვირვება არ ყოფილა, მაგრამ მივხვდი, რომ ამის გარეშე არაფერი გამოდის – დამატებითი თავის ტკივილი გავიჩინე. თუმცა იმის წარმოდგენა, რას ვიზამდი წლების წინანდელ ამბავში ახლა რომ აღმოვჩენილიყავი, მამხიარულებს. ეს ამბავი დროში მოგზაურობის სათამაშოც აღმოჩნდა და არ ვიცი იმის გამო, რომ საბოლოოდ ადამიანების სიცოცხლე არც ისე დიდია, თუ მარადიული პრობლემებია ამის მიზეზი, მაინც უფრო უკეთ განათებულ სივრცეში წრეზე სიარულს ჰგავს ეს ყველაფერი, ვიდრე ახალი სუნთქვის გახსნას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“