ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

წინასაანბანო პერიოდის მნიშვნელობა, ანუ რატომ არ უნდა ვიჩქაროთ

ფონოლოგიური უნარების განვითარება წერა-კითხვის სწავლების პროცესის საყრდენია.

ფონოლოგიური ცნობიერება არის უნარი, ამოიცნო და მოახდინო მანიპულაციები მშობლიურ ენაში არსებული ბგერებით. ასევე, ეს არის უნარი გაგონილი ბგერების აღქმისა და გრაფიკული გამოხატვის, კითხვის უნარის განვითარების საფუძველი.

ფონოლოგია არის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ცალკეულ ბგერებს უშუალოდ სიტყვაში; როგორ გამოითქმის ცალკეული ბგერა სიტყვაში და როგორ აღვიქვამთ მას. ეს ყველაფერი კი სამომავლოდ დაკავშირებულია წერა-კითხვის სწავლებასთან.

ფონოლოგიური სირთულეებისას წერა-კითხვის სწავლება მიმდინარეობს შეფერხებით, მაგალითად, შესაძლოა, ბავშვმა კარნახის შემთხვევაში სიტყვა ვერ დაწეროს, რადგან შეიძლება, უჭირდეს ცალკეული ბგერის აღქმა (https://publika.ge/article/fonologia-da-wera-kitkhvis-swavleba-interviu-ena-metyvelebis-terapevttan/).

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ კლასში არ ვიჩქაროთ საანბანო პერიოდზე გადასვლა და რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმოთ წინასაანბანო პერიოდის სავარჯიშოებს.

სახელმძღვანელო  ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები   ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი), ეყრდნობა  იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობას. ასევე, გათვალისწინებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები  წინასაანბანო პერიოდს ეთმობა ათი-თორმეტი კვირა.

წინასაანბანო მასალის მიზანია, მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება და მათი შემზადება საანბანო პერიოდისთვის. არსებითად, სწავლების პირველი დღეებიდანვე, ვიწყებთ მოსმენის, მეტყველების, ფონემური, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.

მოტორული უნარების განვითარებისთვის მოსწავლის რვეულში უხვადაა შემოთავაზებული როგორც წერის ტრადიციულ ბადეში ჩასაწერი, ასევე „სახალისო სავარჯიშოები“ (გააფერადე, შეაერთე, დააკავშირე).

ფონოლოგიური უნარების განვითარებისთვის მოცემულია ფონემური სავარჯიშოები. ვარჯიშს ვიწყებთ სიტყვის მარცვლებით; ვავარჯიშებთ სიტყვის დამარცვლაში, ასევე, მარცვლების სიტყვად გამთლიანებაში. წარმოსათქმელად სიტყვის მარცვლებად დაყოფა ბუნებრივია ამ ასაკის ბავშვებისათვის, ამდენად, ის ბგერებზე ვარჯიშის წინმსწრები აქტივობაა. სამეტყველო ბგერის (იგივე, ფონემის) შესახებ ცოდნის შეძენა, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს როგორც სწრაფად კითხვის ათვისებას, ისე მართლწერას (ნ.გორდელაძე, გ.ჩხენკელი).

წიგნსა და რვეულში შემოთავაზებული თემები, შესაბამისი ილუსტრაციებით, მიზნად ისახავს ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას, მართლმეტყველების ძირითადი წესების დაცვასა და სიტყვის მარაგის გამდიდრებას. სურათების აღწერა, ლექსიკაზე მუშაობა და თემატური საუბრები წინასაანბანო პერიოდის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაოა.

წიგნში მოცემულ თემატურ სურათებზე მუშაობა, რვეულში შესასრულებელი სავარჯიშოები, მოსასმენი და მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტების მოსმენა-გააზრება ეხმარება მოსწავლეებს სიტყვის მარაგის გამდიდრებაში, სიტყვებით წინადადების შედგენაში, აღწერასა და სათქმელის გადმოცემაში. შერჩეული თემატიკა უკავშირდება ბუნებას, ფასეულობებს, სწავლას, ოჯახს, თამაშს, სპორტს, თანატოლების ცხოვრებას.

თითოეულ თემას ახლავს გრძელვადიან სამიზნე ცნებებზე დაფუძნებული  შემოქმედებითი, სახალისო  დავალებები:

  • სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა.
  • სიტყვის ბგერებად დაშლა და ბგერების სიტყვად გამთლიანება (სინთეზი და ანალიზი).
  • ეზოს ბინადრების პოსტერის შექმნა ერთნაირი/ ტოლი რაოდენობის ბგერების მქონე სიტყვებით.
  • რა მოხდებოდა, რომ…
  • როლური გათამაშება შერჩეული პერსონაჟის როლის მორგებით.
  • ჩაფიქრებული სპორტის სახეობის აღწერა.
  • რითმების შექმნა ადამიანის სახელების გამოყენებით.
  • სიტყვების პოსტერი – სასკოლო ნივთები.
  • დახატე გზა სკოლიდან სახლამდე და აღწერე.
  • სკოლის დარბაზის უჩვეულო ნაძვის ხისთვის საჩუქრების აპლიკაციით მომზადება და აღწერა.

თითოეულ დავალებაზე მუშაობის პროცესი მოიცავს დაახლოებით 12-15 აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს  მოსმენის, მეტყველების, გააზრების, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.

ასეთი მიდგომით წინასაანბანო პერიოდის გავლას მართლაც სჭირდება მინიმუმ ორი თვე და სწორედ ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ.

რაც მთავარია, მოსწავლეებს ექნებათ მზაობა, წარმატებით დაძლიონ საანბანო პერიოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“