სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
20 ოქტომბერი, სამშაბათი, 2026

წინადადების სინტაქსური გარჩევის სწავლება

სიტყვათა შორის მიმართებების ვიზუალიზაცია სქემების გამოყენებით

 წინადადების სინტაქსური გარჩევის უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქართული ენის გრამატიკის სწავლების პროცესში. მოსწავლეები სათანადოდ ვერ აღიქვამენ სიტყვებს შორის არსებულ აზრობრივ და ფორმობრივ მიმართებებს. წინადადების წევრთა ამოცნობისას ისინი ხშირად ეყრდნობიან ცალკეულ თვალსაჩინო ნიშნებს, რაც ართულებს სიტყვათა ფუნქციის მართებულად განსაზღვრას და იწვევს პრაქტიკაში გავრცელებულ მრავალ შეცდომას, მაგალითად, განსაზღვრებისა და ვითარების გარემოების აღრევას, გეოგრაფიული სახელების გაიგივებას ადგილის გარემოებასთან ან დროის მონაკვეთის აღმნიშვნელი სიტყვებისა (დილა, საღამო…) – დროის გარემოებასთან.

ამგვარ  სირთულეთა პრევენციისათვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მოსწავლეებს ადრეულ ეტაპზევე ჩამოვუყალიბოთ წინადადების როგორც განსაზღვრული სტრუქტურის მქონე მთლიანობის აღქმა. ეტაპობრივად გავააზრებინოთ, რომ სიტყვისთვის სინტაქსური ფუნქცია იზოლირებულად არ არის დამახასიათებელი – ის წინადადების სხვა კომპონენტებთან დაქვემდებარებითი ურთიერთობის ფარგლებში არსებობს.

ამისთვის ეფექტურ ინსტრუმენტად გვესახება წინადადების სტრუქტურის ვიზუალიზაცია სქემების მეშვეობით.

ამგვარი სქემები საშუალებას გვაძლევს, თვალსაჩინოდ წარმოვაჩინოთ სიტყვათა შორის იერარქიული დამოკიდებულება და ზმნა-შემასმენლის როგორც სტრუქტურულად შემკვრელი ელემენტის ფუნქცია წინადადების ფარგლებში. აღვნიშნავთ, რომ სასურველია, სქემებში გამოიკვეთოს ზმნის ცენტრალური როლი, რადგან, მიუხედავად ზმნასთან პირით შეწყობილი სახელების სინტაქსური ძალისა, წინადადების კონსტრუქციულ ცენტრს, სტრუქტურის გამამთლიანებელ ელემენტს სწორედ შემასმენელი წარმოადგენს.

უმარტივესი სქემები შეიძლება გამოვიყენოთ სწავლების იმ ეტაპზეც, როცა მოსწავლეები ჯერ კიდევ არ იცნობენ მეტყველების ნაწილთა გრამატიკულ კატეგორიებს და სიტყვათა შორის კავშირებს მხოლოდ აზრობრივად აღიქვამენ. საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია შევარჩიოთ მოკლე, მარტივი სტრუქტურის  მქონე წინადადებები, რომლებშიც სიტყვებს შორის აზრობრივი მიმართება აშკარაა და წინადადების წევრისთვის კითხვის დასმა რთული არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საწყის ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ისეთი კონსტრუქციების გამოყენება, რომლებშიც გვხვდება შედგენილი შემასმენელი ან გრძნობა-აღქმის გამომხატველი ზმნები (უყვარს, სძულს, მოსწონს…), რომლებზეც კითხვის დასმა ჭირს.

მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე მასწავლებელმა შესთავაზოს მოსწავლეებს კონკრეტულ წინადადებებს მორგებული მზა სქემები. სასურველია, მითითებული იყოს შესაბამისი კითხვებიც. მაგალითად, ავიღოთ წინადადება: ბავშვი ეზოში თამაშობს. მოსწავლეებს ვთავაზობთ სქემას, რომელშიც უნდა ჩაიწეროს შესაბამისი სიტყვები:

შეიძლება, თავდაპირველად მასწავლებელმა თავად, ხმამაღალი ფიქრის მეთოდის გამოყენებით მოახდინოს სქემის შევსების დემონსტრირება და მერეღა ჩართოს მოსწავლეები შევსების პროცესში. გამოცდილების ზრდასთან ერთად გაიზრდება წინადადებების მოცულობაც და გართულდება მუშაობის ფორმებიც. განსაზღვრულ ეტაპზე მოსწავლეები თავად შეძლებენ შესაბამისი სქემის შედგენას.

პარალელურად მიმდინარეობს სიტყვათა შორის ურთიერთდაქვემდებარებასა და აზრობრივ მიმართებებზე დაკვირვება. მაგალითად, მოცემული სქემის დახმარებით მოსწავლეებს მარტივად შეიძლება გავააზრებინოთ, რომ მოქმედებას აღნიშნავს სიტყვა „თამაშობს“, რომ სიტყვები „ბავშვი“ და „ეზოში“ მიემართება მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვას. პირველი გვიჩვენებს მოქმედ საგანს, ხოლო მეორე – მოქმედების ადგილს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ერთსა და იმავე სიტყვას დაქვემდებარებული სიტყვები მასთან სხვადასხვა აზრობრივ მიმართებას ქმნიან. ამგვარად, მოსწავლეებს, ფაქტობრივად, ეძლევათ საშუალება, გაეცნონ წინადადების წევრთა სემანტიკურ ნიშნებს, რაც დაეხმარება მათ ამ წევრთა იდენტიფიცირებაში სწავლების შესაბამის საფეხურზე.

ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელი სიტყვათა ფორმებზე დაკვირვება (რომელ ბრუნვაშია, მხოლობითი რიცხვია თუ მრავლობითი), რაც წინადადების წევრთა ფორმობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის დაგროვების ეფექტურ საშუალებად გვევლინება და სათანადო ეტაპზე გააიოლებს წინადადების წევრთა სტრუქტურულ-ფორმობრივი ურთიერთობების გააზრებას.

გრამატიკული ცოდნის ზრდის კვალობაზე, წინადადების სქემები შეიძლება დავტვირთოთ შესაბამისი ინფორმაციით, კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით:

  • გამოვიყენოთ სხვადასხვა გრაფიკული ფორმა წინადადების მთავარ და მეორეხარისხოვან წევრთა დიფერენცირებისთვის;
  • გამოვკვეთოთ სიტყვათა სინტაქსური ფუნქცია;
  • მივუთითოთ წინადადებაში სიტყვის სინტაქსური ფუნქციის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები (რომელი მეტყველების ნაწილია, როგორი ფორმით არის წარმოდგენილი);
  • ვაჩვენოთ სინტაგმების ფარგლებში არსებული სინტაქსური ურთიერთობის ფორმები.

 

 

შეჯამებისთვის ვიტყვით, რომ სქემების გამოყენება დაეხმარება მოსწავლებს, აღიქვან წინადადება ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ მთლიანობად და არა ერთმანეთისგან იზოლირებულ სიტყვათა მექანიკურ ერთობლიობად. მიზანშეწონილია, სწავლება დაიწყოს მკაფიო სემანტიკური სტრუქტურის მქონე მარტივი წინადადებების გამოყენებით და მოწავლეთა ცოდნისა და გამოცდილების ზრდასთან ერთად სქემებში თანდათანობით აისახოს მორფოსინტაქსური ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ წინადადების სტრუქტურის ამგვარი ვიზუალიზაცია არ წარმოადგენს უბრალო თვალსაჩინოებას, რომლის ფუნქციაც კონკრეტული საკითხების გააზრებითა და ცალკეული სასწავლო ამოცანების გადაჭრით შემოიფარგლება – იგი გვევლინება ენობრივი ანალიზის უნარის განვითარების მეთოდურ ინსტრუმენტად, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გრამატიკული დასკვნების გამოტანის უნარი, მივცეთ მათ სისტემური წარმოდგენა ენის სტრუქტურული თავისებურებების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“