როდინდელ ფოტოებს მივადექი. აი, ერთ-ერთიდან პატარა, დიდთვალება დიანა ანფიმიადი მიყურებს ცოტა შეშინებული, ცოტა შეციებული, სუფთად ჩაცმული, ხუთოსანი, შავტუხა, ობოლი გოგო. სკოლის სცენაზე დგას, მოყვითალო ფოტოა, მგონი „კოდაკის“ ფირმის ფოტოაპარატებით იღებდნენ მსგავსებს. სხეულის ენით აშკარად ჩანს – ლექსს კითხულობს. ნეტავ რა ლექსია? უყვარდა? ძალით დაასწავლეს? ზამთრის ბნელ ღამეებში, ლამფის შუქზე, კერასინკის სითბოზე. იქნება მაგ ლექსმა გაზარდა, იქნებ მაგ ლექსმა ასწავლა, როგორ არ გაზრდილიყო. ვიხსენებ, ვიხსენებ, ცოტა დამაცადეთ, კარგად გავიხსენო.
ლექსებს კი არა, მაშინ ყველაფერს ზეპირად ვსწავლობდით. ახლა ქრონოლოგიას ვერ აღვიდგენ, მაგრამ ფრაზები მახსენდება ალაგ-ალაგ, ხან სრულიად შეუსაბამო ადგილას, ენაში შაბლონივით ჩაკერებული, უსისტემო გაელვებები: „და დავარდა იგი ქვეყანასა ზედა..“ „ქარნი ხორშაკნი და უდაბურნი“, „მელნად ვიხმარე გიშრის ტბა“, წარვედ წყალის პირს“ და ა.შ. მოდით მოქნილი, მარილიანი ქართულის და ჰაეროვანი ფონეტიკის გამო, ყველა ესენი პოეზიას მივაკუთვნოთ.
რა მომცა? მჭირდებოდა? მე არ გამოვიკვლევ სიმბოლურ და კრიტიკულ აზროვნებაში პოეზიის როლს, სამშობლოს გააზრებას ენის სიღრმიდან. არაფერ მსგავსს. ბოლო დროს მინდა ყველაფერი პრაქტიკული მაგალითებით გამოვიკვლიო, მარტივი, ბავშვური, სასტიკი ჭეშმარიტებებით. ეგეთი ახირება მაქვს. ჰოდა აი, ამ წამს გავიხსენე თითქმის ყველა ნაცნობი, ვისაც უყვარს და ესმის პოეზია და ისინიც, ვისაც – არ უყვარს. თქვენ უნდა მენდოთ, რომ პატიოსნად გავიხსენე, სხვანაირად აზრი არა აქვს. ესენი ერთნი, სინათლით სავსე ხალხია, მიმტევებელი, თანამგრძნობი, ზრდილი. არა, როგორ არა, ახირებულებიც არიან მათ შორის, უჟმურებიც, ბუზღუნებიც, მაგრამ იოლად შესაყვარებელი, საინტერესო ადამიანები. ის მეორე ნაწილი კი, ვისაც არ უყვარს… როგორ აგიხსნათ, ზოგჯერ ისეთ უხეშ, მკაცრ სიცარიელეს ვგრძნობ მათგან, ვფიქრობ ნაწვიმარ ქვიშაზე კვალს არ ტოვებენ, მსუბუქად, უტიფრად მიაბიჯებენ თავიანთი განსაზღვრული მიზნებისკენ. ჰა-ჰა, ცოტა გავბრაზდი, კონკრეტული ადამიანი გამახსენდა. მართლა რანაირია, ღმერთო, ადარდე ახლა მაგას რუსთაველი და გალაკტიონი.
ის კი ვიცი, რომ პოეზია ფაზლია, მაგრამ ვეფხისტყაოსანი რომ გახსნა, არ ვიცი, რამდენჯერ უნდა წაიკითხო. ამიტომ, დაზეპირების რა მოგახსენოთ, მაგრამ პოეზიისთვის ბლომად დროის დათმობას კი ვემხრობი, სანამ ჰარმონიას არ იგრძნობს ბავშვი, სანამ მგრძნობელი არ გახდება, სანამ სულში რაღაც პატარა კარს არ შეაღებს, სადაც თავის ბავშვურ გამომგონებლობას, აღტაცებას და ათას ბანალურ სიკეთეს არ შეინახავს საიმედოდ, თბილად, სამარადისოდ.
როგორ მომინდა ახლა იმ ფოტოში გადავიდე, იმ დიდთვალება ბაიას ხელი მოვკიდო მხრებში და ვუთხრა: შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ყოჩაღი ბაია ხარ და ყველაფერს სწორად აკეთებ. ატარე ეგ ლექსი, როგორც ჯვარი, როგორც წყევლა გაღვიძებულის. მძინარეებმა დაე თავი მოიმძინარონ.
ჩემო პატარა, პოეზიაზე შეყვარებულო გოგო. გავა წლები და როცა მსოფლიო ცეცხლის ალში გაეხვევა, შენ გაიხსენებ გალაკტიონს და მირზა გელოვანს, შენ ამის მერეც შენ იქნები. შეძლებ გადარჩე, ისე, რომ ფასი ჰქონდეს მაგ გადარჩენას და ცოტათი მაინც იქნები იმაზე უკეთესი, ვიდრე ამ მომენტის გარეშე იქნებოდი.
მოკლედ ასე, მე მჯერა, რომ თუ სკოლამ ადამიანები უნდა გაზარდოს, თუ რამ მორალი უნდა მისცეს ბავშვს, პოეზიაზე უკეთ ამას ვერაფერი ახერხებს. და ამიტომაც მაქვს ოცნება: ქართველი მეცნიერები, იურისტები, ექიმები, ფიზიკოსები, ქართველი მათემატიკოსები და პროგრამისტები, მიაბიჯებდნენ ამ დაბურულ, ეკლიან სამყაროში ამაყად, მძიმედ, გვასახელებდნენ, გვავითარებდნენ, სჯეროდეთ, სწამდეთ და ზოგჯერ მაინც აგონდებოდეთ: სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა“.