„ჩვენი საქართველო“ ინტეგრირებული საგანია, რომელიც მხარეთმცოდნეობით პრინციპზეა აგებული. ოღონდ აქ „მხარე“ მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არაა, ის ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების კულტურულ-სოციალური სივრცეა, სადაც ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. მხარის გაგება-გააზრება „ჩვენი საქართველოს“ საგნის შესწავლისთვის აუცილებელი ყველა ცნების გაგება-გააზრების საფუძველია (სივრცე (მხარე, რეგიონი) (საზ.მეც.დაწყ. (II) 1), მეურნეობა (საზ.მეც.დაწყ. (II) 2,4,5), დრო (ცვლილება) (საზ.მეც.დაწყ. (II) 3, 5), საზოგადოება (საზ.მეც.დაწყ.(II) 5), მრავალფეროვნება (ყოფითი თავისებურებები) (საზ.მეც.დაწყ.(II) 4 ), სახელმწიფო (საზ.მეც.დაწყ.(II)5,6)).
ეს ეხმარება მოსწავლეს:
~
- წარმოიდგინოს ადამიანი დროსა და სივრცეში;
- გაიაზროს, რას ნიშნავს იყო „ქართლელი“, „იმერელი“, „მეგრელი“, „კახელი“, „ფშაველი“, „მოხევე“ და ა.შ.
- დაინახოს და გააცნობიეროს, რა არის:
- სივრცე (პეიზაჟი, ბუნებრივი გარემო) („რა?“ „სად?“…);
- ადამიანი (საზოგადოებრივი ცხოვრება, საქმიანობა) („ვინ?“…“როდის?“.. „როგორ?“.);
- იდენტობა (ტრადიციები, კულტურა, ცნობიერება) („როგორი?“.. „რომელი?“..).
რა ეფექტური სტრატეგიები და მიდგომები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლემ შეძლოს საგნის შესწავლის სირთულეების დაძლევა და „მხარის/რეგიონის“ გაცნობიერება, სივრცეს, ადამიანსა და იდენტობას შორის კავშირის დანახვა?
პირველ ეტაპზე სასურველია, აქტივობები მიმართული იყოს მხარის/რეგიონის ცნების გააზრებისათვის, მაგალითად:
- ინტერაქციული რუკის გამოყენება – მოსწავლეები ქმნიან მხარის (მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის) თემატურ რუკას, რომელზეც დაიტანენ სოფლებს, კოშკებს, გზებსა და კულტურულ ობიექტებს (მაგალითად, შატილის, დართლოს, სნოს, გუდანის);
- ისტორიული მემკვიდრეობა – მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას (ზეპირი და ფოლკლორული) მხარის (მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის) მითებისა და ლეგენდების, კულტურული ტრადიციების შესახებ და წარმოიდგნენ, როგორ ქმნის კულტურა იდენტობას;
- პრეზენტაციები თემაზე – „მხარის ბუნება და მისი გავლენა ადამიანის საქმიანობაზე“, „მთის /ბარის სოფელი“ და სხვ.
- ვირტუალური მოგზაურობა – ვიდეომასალის ან 3D რუკის გამოყენება ადგილობრივი ბუნებრივი გარემოსა და არქიტექტურის შესასწავლად.
- დისკუსია – მოსწავლეები მსჯელობენ კითხვებზე:
- რას ნიშნავს ამა თუ იმ მხარეში (მაგალითად, მთიანეთში) ცხოვრება?
- რა კავშირია ადამიანის საქმიანობასა და იდენტობას შორის?
- რა არის რეგიონის გამაერთიანებელი ღირებულებები?
მსგავსი სტრატეგიებით მოსწავლე თანდათან გააცნობიერებს სივრცესა და ადამიანს შორის კავშირს, დაინახავს, რომ მხარე/რეგიონი არის ის, სადაც ბუნება, ადამიანი, კულტურა და ტრადიციები ერთ მთლიანობას ქმნიან კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ელემენტებით (ანუ მოსწავლეები არ შეისწავლიან მხოლოდ ფაქტებს, არამედ შეასრულებენ იმ აქტივობებს, რომლებითაც შეძლებენ სივრცის აღქმას იმ ადამიანების საქმიანობისა და მოღვაწეობის კონტექსტში, რომლებიც იქ ცხოვრობენ). შესაბამისად, ის აქტივობები, რომლებიც სტანდარტის მიზნის მისაღწევად სჭირდება მასწავლებელს, დაფუძნებული უნდა იყოს მხარეთმცოდნეობითი შესწავლის პრინციპზე და უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს მხარის/რეგიონის ისტორიული, სოციალური და სულიერი ერთობის აღქმასა და შემეცნებაში, რაც რეალურად საკუთარი ქვეყნის სიღრმისეული შესწავლის საფუძველია.
მეორე ეტაპზე აქტივობები მიმართულია მხარის/რეგიონის, ადამიანისა და იდენტობის ურთიერთკავშირის გააზრებისკენ, მაგალითად,
- სივრცის რუკის შექმნა იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. ამ მიზნით მოსწავლეები:
- მუშაობენ რუკაზე (ფიზიკური რუკა ან ციფრული Google Maps);
- რუკაზე აღნიშნავენ სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის და ა.შ. სოფლებს/დასახლებულ პუნქტებს (მაგალითად, ომალოს, შატილს, სნოს, კავთისხევს და ა.შ.);
- თითოეულ წერტილთან მიმართებაში ქმნიან მოკლე ნარატივს, სადაც აღწერენ, როგორ მოქმედებს ბუნება ადამიანების ცხოვრებაზე;
- მიუთითებენ ამ მხარის ადამიანების იდენტობის განმსაზღვრელ სამეურნეო და კულტურულ ელემენტებზე (საქმიანობა, ჩაცმულობა, ნაგებობა, ფოლკლორი..);
- მიღებულ შედეგებს შეაჯამებენ პრეზენტაციით (ზეპირი /ვიზუალური).
- „ინტერვიუ წარსულთან“ :
- მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოს ტექსტებს (მაგალითად, ხევსურების, თუშების, ფშაველების, ქართლელების და ა.შ. ცხოვრების შესახებ);
- შეადგენენ „ისტორიულ ინტერვიუს“: წარმოიდგენენ, რომ ესაუბრებიან ხევსურ მოხუცს, ან თუშ მეცხვარეს, ან მეგრელ მესიმინდეს და ა.შ. სხვადასხვა საკითხზე:
-
- რა მნიშვნელობა აქვს მათთვის სამშობლოს, მთასა და ბარს?
- როგორ გამოხატავენ, როგორ აღიქვამენ საკუთარ იდენტობას?
- რას ჰქვია, იყო „ხევსური“, „ფშაველი“, „მოხევე“, „ქართლელი“ და ა.შ.
- „საქართველოს გზებზე“ – სივრცისა და ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლისათვის იგეგმება კიდევ ერთი აქტივობა – „საქართველოს გზებზე“. ამ მიზნით მოსწავლეები:
- რუკაზე მონიშნავენ სავაჭრო გზებს (მაგალითად, დარიალის ხეობა..);
- მოძებნიან იმ გზებს, რომლებიც კონკრეტულ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდა;
- იმსჯელებენ, როგორ უწყობს ხელს ვაჭრობა, ეკონომიკა მხარის განვითარებასა და იდენტობის ჩამოყალიბებას.
- პრეზენტაცია თემაზე: „რას ნიშნავს იყო…“ (მაგალითად, მთიელი):
- მოსწავლე მოკლე ტექსტს წერს მხარის შესახებ;
- პრეზენტაციას დაამატებს სურათს ან ნახატს, რომელიც უკეთესად გადმოსცემს მხარის ძირითად შინაარსს (თოვლიანი მთა.. კოშკი.. );
- მეტაკოგნიტიური ამოცანა:
- მოსწავლეები მუშაობენ ცხრილის შევსებაზე, რომელიც ეხმარება სივრცის გააზრებასა და საკუთარი იდენტობის გაცნობიერებას.
ნიმუში – ცხრილი – „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი“:
| სივრცე | ადამიანი | კულტურული იდენტობა | ეკონომიკა | ცვლილება XXI საუკუნეში | |
| თუშეთი | მწყემსობა, სეზონური მიგრაცია | სტუმარ-მასპინძლობა, ტრადიცია, სამოსი, ნაგებობა | მეცხვარეობა
ხალხური რეწვა |
ტურიზმი, გზების ინფრასტრუქტურა | |
| ხევსურეთი | თავდაცვითი ციხეები | ტრადიციული სამოსი, ერთგულება.. | მეცხვარეობა
ხალხური რეწვა |
ურბანიზაციის გავლენა | |
რეფლექსიური შეკითხვები:
- როდის ხდება ბუნებრივი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილი?
- როგორ გეხმარება შენი რეგიონისა და სხვა რეგიონების გაცნობა იდენტობის გააზრებაში?
აღნიშნული მიდგომები ეხმარება მოსწავლეს გამოცდილების, ცოდნისა და ემპათიის საფუძველზე გაიაზროს ცნება „მხარე/რეგიონი“, „სივრცე“, როგორც გეოგრაფიული ერთეული და აღიქვას მხარეს/რეგიონს, სივრცეს, ადამიანსა და იდენტობას შორის ურთიერთკავშირი და წარმატებით გააგრძელოს „ჩვენი საქართველოს“ სხვა ცნებების შესწავლაც.


