სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ოქტომბრული ჩანაწერები

როცა მეუბნებიან: “შენ ყველას უყვარხარ”, მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა.

გამოცდილი ამბავია. ჩემგანაც. თქვენგანაც.

ადამიანი შეცდომების ჯამიცაა და ეგ არის თუ არის, უპირველეს ყოვლის. არც მითითებას კრძალავს ვინმე, არც შენიშვნას. მეტიც – ხან აუცილებელი და ხანაც სასარგებლოა. მაგრამ ,,ზომიერების სიმამაცე” არ გვყოფნის ხოლმე. და რომ არ გვყოფნის, მიზეზი განა წყენაა სხვისი შეცდომის გამო, არამედ სიხარული. კი, გვიხარია და ამიტომაც ვკარგავთ ზომიერებას – ,,ხომ ვიცოდი” და ,,სულ ვამბობდი” მოსდევს მერე ამას. ვიცით. გამოგვიცდია.

თუ ამაში გამოვტყდებით და ფიქრს ვავარჯიშებთ, უკეთესი იქნება.

 

….

პოეტი ალბათ არასდროს მოსამართლე, მაგრამ ხანდახან მოსამართლე აუცილებლად უნდა იყოს პოეტი და მიხვდეს, რა მოთმენის შეუძლებლობა აწუხებდა ზვიად რატიანს.

პოეტი ადამიანია და ციხე საშინელი სასჯელია ყველა ადამიანისთვის. მე რომ აქ ფრთიანი ფრაზები ვწერო და ასეთები ვთქვა, რაც შეიძლება გონებას პირველ ფიქრად წამოსცდა – ,,მისი ლექსები გისოსებს გაღუნავს ან ამ ორ წელიწადში საუკუნეებს გამოადნობს რატიანის უნარის ადამიანი” – ყალბი და მავნებელი ვიქნები.

ან მისი ლექსებიდან მოხმობილი სტრიქონებით გავიდე ფონს.

სინდისი მაწუხებდაო – უთქვამს ზვიადს. ეგ სინდისი გადამდები რომ იყოს, ყველას უნდა გვაწუხებდეს პატიმარი-პოეტის გამო. მაგრამ არ არის გადამდები. არც ყოფილა. არც იქნება.

ამიტომაც ემართება ცოტას და უმეტესობა ,,ჯანმრთელი” დადის.

 

….

ადრე, უხსოვარ ბავშვობაში, ზაფხულის ღამე, ჩემთვის ოთახში შემოპარულ ციცინათელას უდრიდა. ფარდაში გულუბრყვილოდ შემალულ ციცინათელას. ძილის წინ მის უცნაურ ბჟუტვას ვაკვირდებოდი და მასთან ერთად მივდიოდი სიზმრის ფერად მთებში. ციცინათელა იყო ჩემი მეგზური. ხან ღამით მეღვიძებოდა და ჩემი სოფლის პატარა სახლის აივანზე გასულს, თავი მანათობელ კუნძულზე მეგონა – ყველგან ციცინათელებს ვხედავდი და ძალიან მიხაროდა, თუნდაც წინა დღეს ცელქობის გამო ბებიას დავესაჯე და ჩურჩხელა და ირისის კანფეტები დაემალა.

ახლა სად გაქრნენ? სად დაიკარგნენ?

იქნებ ციცინათელები, რომელიმე ვარსკვლავის შვილები იყვნენ, დედამიწაზე გამოიპარნენ, მერე დედამ იპოვა და უკან წაიყვანა? იქნებ ციცინათელები  იმიტომ შეიქმნენ, რომ მხოლოდ ბავშვებმა დაინახონ, ჩვენ, კი უფროსები, უსაშველოდ გავიზარდეთ და ვეღარ ვხედავთ? იქნებ ციცინათელები ადამიანებს სიტყვებს იმეორებენ – ბოროტს და კეთილს? როცა ანათებენ – კეთილი სიტყვა ესმით, როცა ქრებიან – ბოროტი. და ახლა ისევ დაფრინავენ, მაგრამ მხოლოდ ბოროტი სიტყვები ჩაესმით და აღარ ჩანან.

არავინ იცის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

მასწავლებლის დღე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“