სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

,,ვეფხსიტყაონის’’ უპირატესობა

თუ საქართველო გინდა გაიგო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არ იყოს – ეგ არის ,,ვეფხისტყაონი’’. თუ ადამიანი გინდა გაიგო, როგორიც უნდა იყოს და ვერ არის – ეგეც ,,ვეფხისტყაოსანია’’. თუ სამყარო გინდა შეიმეცნო, ,,უთვალავი ფერითა’’ – ,,ვეფხისტყაოსანია’’.

ასე გამოვიდა, რომ სწორედ საქართველოში დაიწერა ტექსტი, რომელშიც იმდროინდელი მსოფლიო ცნობიერების უზარმაზარი დელტა მოიყრის თავს – განა იოლია ნეოპლატონიზმი, რაინდული რომანი და სუფიზმი ერთ ჭურჭელში მოაქციო, მაგრამ რუსთაველი თუ ხარ – გამოგდის.

ადრერენესანსული ამბავია. პირველი გიგანტური  მწვერვალი იმ მთაგრეხილზე, სადაც ოდნავ გვიან სერვანტესი, დანტე და შექსპირი დაიდებენ ბინას.

ეს არის წიგნი ადამიანზე, როგორც ღერძზე. და ღერძის ირგვლივ დედამიწა ბრუნავს. და ადამიანი ცდილობს დაინახოს და გაისაკუთროს მეორე ადამიანი. თუნდაც უცხო და გაუგებარი. და ამის გამო ტოვებს საკუთარს და ეძებს სხვას. ეძებს და პოულობს. მასაც და საკუთარ თავსაც. რადგან ამ ძებნაში უფრო იბადება ავთანდილი ავთანდილად, ვიდრე მანამდე იყო. მაგრამ სანამ იპოვნის, უღრანი ტყეა და ალბათ სურვილი უკან დაბრუნებისაც, რადგან უკან სამეფოა და იქ კაცთაგან პირველია, წინ კი ბუნდოვანი გეზი. მაშინ ავთანდილი იწყებს ლოცვას. ჩვენ გვსმენია ბევრი ლოცვა, აი, ისეთი, ჩვენებური, არალიტურგიკული; ,,ღმერთო, კარგად მამყოფე’’. ,,ღმერთო, სიკეთე მომეცი და სიმშვიდე’’. და გვახსოვს ორიგინალური ლოცვებიც, სოლომონ მეფეს რომ მიეწერება, სიბრძნე რომ სთხოვა უფალს. მაგრამ ავთანდილი ლოცულობს სრულიად სხვანაირად. და რასაც სხვა ითხოვს, იმისგან გათავისუფლებას ცდილობს – ,, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო’’ . ამას რომ დაითმენ, უკვე ადამიანი ხარ. რუსთველისეული ადამიანი. ანუ უკვე შეგიძლია, სხვის ნაცვლად იომო. სხვისი სატრფო გამოიხსნა. სხვისმა სიხარულმა გაგახაროს. და ასე უფრო ,,შენ’’ გახდე. ეს არის  ,,რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა’’ ანუ თავის დაუფლებით მიღწეული თავისუფლება.

და სიკეთეც რუსთაველთან სხვანაირია. არა ,,მადლი ქჰენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება’’ – რაც ტყუილია და უსარგებლო. ვინც ამას ელოდება, სიკეთის კეთებასაც იუარებს, რადგან იმ ქვას უფრო ესვრის ვინმე, ვიდრე მადლს დაუბრუნებს. არამედ – ,,რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია!’’ – ანუ ამბავი, როცა სიკეთის კეთება გყოფნის და უკვე შენია. არცა ვინმეს ელი და არც რამეს – უკან რომ დაგიბრუნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

მასწავლებლის დღე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“