ოთხშაბათი, მაისი 27, 2026
27 მაისი, ოთხშაბათი, 2026

როგორ ვიკვლიოთ მდგრადი განვითარების მიზნები სკოლის ყოველდღიური ცხოვრებიდან

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, თეორიული ცოდნა რეალურ ცხოვრებასთან დავაკავშიროთ. მდგრადი განვითარების 17 მიზანი ხშირად მოსწავლეებისთვის მხოლოდ გლობალურ, აბსტრაქტულ ცნებებად აღიქმება.

სტატიაში განხილულია სკოლის ბაზაზე მოქალაქეობის საგანში IX კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული კვლევა მდგრადი განვითარების მიზნებზე.

კვლევის მიზანი იყო სასკოლო ცხოვრებისა და გარემოს შესწავლა მდგრადი განვითარების 17 მიზნის ჭრილში. მოსწავლეებს უნდა დაედგინათ, რამდენად პასუხობს სკოლის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროცესი, რესურსების მართვა და ადამიანური ურთიერთობები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ მდგრადობის კრიტერიუმებს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობამ კვლევას შესძინა ლეგიტიმაცია და აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შეუძლებელია მოსწავლეთა რეალური მონაწილეობის გარეშე. მათი ჩართულობა სამი მიმართულებით განისაზღვრა:

  1. თვითმმართველობის წევრები დაეხმარნენ IX კლასის მოსწავლეებს ფოკუსჯგუფების ორგანიზებასა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან კომუნიკაციაში.
  2. თვითმმართველობა თავად გახდა კვლევის ობიექტი მე-5 (გენდერული თანასწორობა) და მე-16 (მშვიდობა და სამართლიანობა) მიზნების ფარგლებში, სადაც შეფასდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა რეალური გავლენა.
  3. კვლევის დასრულების შემდეგ, სწორედ თვითმმართველობამ ითავა ადვოკატირება შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დირექციისთვის.

ეს მიდგომა ხელს უწყობს:

  • კვლევითი უნარების განვითარებას, კონკრეტულად მიმდინარეობს ინსტრუმენტების შექმნა, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;
  • სოციალური პასუხისმგებლობის ზრდას – საკუთარი როლის გააზრებას ეკოლოგიურ და სოციალურ პროცესებში;
  • კრიტიკულ აზროვნება-პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

კვლევის პროცესი რამდენიმე ძირითად ფაზად იყოფა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად იმუშაონ:

  1. ეტაპი – მომზადება და დაგეგმვა. მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 17-ვე მიზანი. ამის შემდეგ მოხდა კითხვარის შემუშავება (იხ. დანართი 1), სადაც თითოეულ მიზანს მიესადაგა კონკრეტული საკვლევი კითხვა სკოლის კონტექსტში.
  2. ეტაპი – საველე სამუშაოები-მონაცემთა შეგროვება. მოსწავლეებმა გამოკითხეს სასკოლო თემის სხვადასხვა წარმომადგენლები: დირექცია, მასწავლებლები, თანატოლები, მშობლები და ტექნიკური პერსონალი. გარდა გამოკითხვისა, განხორციელდა უშუალო დაკვირვება სკოლის ინფრასტრუქტურაზე (მაგ. ენერგოეფექტურობა, წყლის მოხმარება, ნარჩენების მართვა).
  3. ეტაპი – ანალიზი და შეფასება. მიღებული პასუხების საფუძველზე, მოსწავლეებმა გააანალიზეს არსებული მდგომარეობა. მაგალითად, რამდენად ხელმისაწვდომია სკოლა სსსმ პირებისთვის (მიზანი 10), როგორია კვების ხარისხი (მიზანი 2) ან რამდენად დაცულია გენდერული თანასწორობა სასკოლო აქტივობებში (მიზანი 5).
  4. ეტაპი – რეკომენდაციების შემუშავება და პრეზენტაცია. კვლევის ფინალურ ეტაპზე მოსწავლეებმა მოამზადეს რეკომენდაციების პაკეტი სკოლის ადმინისტრაციისთვის.
  5. ეტაპი – შედეგების ადვოკატირება და ინტერვენცია. ეს არის ეტაპი, როდესაც კვლევა სცდება საკლასო ოთახს და ერთვება მოსწავლეთა თვითმმართველობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა ხდება კვლევის შედეგების მთავარი ლობისტი. ისინი მართავენ შეხვედრებს სკოლის დირექციასთან და სამეურვეო საბჭოსთან, რათა შეძლონ რეკომენდაციების ასახვა სკოლის სამოქმედო გეგმაში.

თვითმმართველობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ პერიოდულად გადაამოწმოს, როგორ სრულდება დაპირებული ცვლილებები, რაც მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას ზრდის.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა მსგავს აქტივობებში რადიკალურად ცვლის მათ დამოკიდებულებას სასკოლო გარემოსადმი. ისინი ხდებიან არა უბრალოდ სერვისის მომხმარებლები, არამედ გარემოს ცვლილების ინიციატორები. პროექტი საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სასწავლო პროგრამა იქცეს პრაქტიკული ცვლილებების საფუძვლად.

მასწავლებლებისთვის ეს მეთოდი მოსახერხებელია, რადგან ის „მოქალაქეობის“ კურიკულუმის ბუნებრივი გაგრძელებაა და მოსწავლეს აძლევს საშუალებას, საკუთარი თვალით დაინახოს იმ კომპეტენციების მნიშვნელობა, რომლებსაც საკლასო ოთახში იღებს.

დანართი N1 კვლევის ინსტრუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების კითხვარი სკოლისთვის

მიზანი კრიტერიუმი საკვლევი კითხვა / დაკვირვების ობიექტი
1 სიღარიბის აღმოფხვრა რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს თუ არა სკოლა ყველა მოსწავლისთვის თანაბარ წვდომას აუცილებელ რესურსებზე (სახელმძღვანელოები, ტექნოლოგიები, სასკოლო აქტივობები)?
2 ნულოვანი შიმშილი ჯანსაღი კვების კულტურა და ხელმისაწვდომობა რამდენად უზრუნველყოფს სასკოლო კვების ობიექტი ჯანსაღი, ბალანსირებული და მრავალფეროვანი პროდუქტების მიწოდებას და რამდენად დაცულია კვების უსაფრთხოების სტანდარტები?
3  ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა რამდენად უზრუნველყოფს სკოლა ფიზიკური აქტივობისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოს და ხელმისაწვდომია თუ არა კვალიფიციური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისთვის?
4 ხარისხიანი განათლება ინოვაციური და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება რამდენად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერაქციული მეთოდებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას?
5 გენდერული თანასწორობა თანაბარი შესაძლებლობები და აღიარება უზრუნველყოფს თუ არა სკოლა გენდერულად ნეიტრალურ გარემოს, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი წვდომა ლიდერულ პოზიციებზე, სპორტულ თუ ტექნოლოგიურ აქტივობებზე?
6 სუფთა წყალი და სანიტარია ჰიგიენა როგორია ტუალეტებისა და ხელსაბანების მდგომარეობა?
7 ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია ენერგოეფექტურობა გამოიყენება თუ არა ენერგოეფექტური ტექნიკა ან მზის პანელები?
8 ღირსეული შრომა და ეკონომიკური ზრდა პროფესიული ორიენტაცია ეხმარება თუ არა სკოლა მოსწავლეებს პროფესიულ არჩევანში?
9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა ინოვაციური ეკოსისტემა და ტექნოლოგიური მზაობა რამდენად უწყობს ხელს სკოლის ინფრასტრუქტურა ინოვაციური იდეების გენერირებას და არის თუ არა ხელმისაწვდომი მაღალტექნოლოგიური რესურსები მაგ. 3D ლაბორატორია, STEM აღჭურვილობა პრაქტიკული სწავლებისთვის?
10 უთანასწორობის შემცირება ინკლუზიური გარემო და სოციალური ინტეგრაცია რამდენად უზრუნველყოფს სკოლა ფიზიკური გარემოსა და სასწავლო პროცესის ადაპტირებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა სრულფასოვანი ჩართულობისთვის?
11 მდგრადი ქალაქები და თემები სკოლისა და თემის ინტერაქცია რა ფორმით მონაწილეობს სკოლა ადგილობრივი თემის ცხოვრებაში და რამდენად ეფექტურია თანამშრომლობა თვითმმართველობასთან ერთობლივი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში?
12 პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება რესურსების ოპტიმიზაცია და ნარჩენების მართვა არსებობს თუ არა სკოლაში ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მდგრადი პრაქტიკა და რამდენად არის დანერგილი რესურსების (ქაღალდი, ენერგია) რაციონალურად გამოყენების კულტურა?
13 კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ეკოსაგანმანათლებლო ინიციატივები რა პროექტებს ახორციელებს სკოლა კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად?
14 წყალქვეშა რესურსების დაცვა წყლის რესურსების პასუხისმგებლობიანი მართვა ინერგება თუ არა სკოლაში წყლის მოხმარების ოპტიმიზაციისა და წყლის რესურსების დაცვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები?
15 ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა ბიომრავალფეროვნება და მწვანე გარემო როგორია სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების, მოვლისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პრაქტიკა?
16 მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები მოსწავლეთა თვითმმართველობა და დემოკრატიული მონაწილეობა რამდენად აქტიურია მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის მართვის პროცესში და რამდენად მონაწილეობენ ისინი მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატირებაში?
17 პარტნიორობა საერთო მიზნებისთვის სტრატეგიული თანამშრომლობა რა ტიპის ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორობები, უნივერსიტეტები, სხვა სკოლები ეხმარება სკოლას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?

 

კვლევის საფუძველზე მოსწავლეებმა გლობალური ცნებები, როგორებიცაა – მდგრადობა, სამართლიანობა და თანასწორობა დაუკავშირეს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს ეხმარება მათ იმის გაცნობიერებაში, რომ მოქალაქეობა არა მხოლოდ უფლება-მოვალეობების ცოდნა, არამედ აქტიური ქმედებაა. მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობამ კვლევის ადვოკატირების პროცესში მოსწავლეებს მისცა რეალური გამოცდილება იმისა, თუ როგორ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები და როგორ შეიძლება გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და მათი დანერგვის მცდელობა მოსწავლეებს აყალიბებს ლიდერებად, რომლებსაც შეუძლიათ, იზრუნონ საერთო კეთილდღეობაზე და შექმნან პოზიტიური ცვლილებები ლოკალურ დონეზე გლობალური შედეგებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 2015. გარდავქმნათ ჩვენი სამყარო 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის.
  • 2017. Education for Sustainable Development Goals: Learning Objectives. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“