სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ინდივიდუალური სწავლების ლაბირინთში (II ნაწილი)

სტატიის პირველ ნაწილში დეტალურად ვისაუბრე ინდივიდუალური გეგმის სპეციფიკასა და დანიშნულებაზე. აქ კი მინდა გაგიზიაროთ ისგ-ის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული პირადი გამოცდილება.

როგორც უკვე იცით, საგნის მასწავლებელი დოკუმენტის შედგენას არსებული სიტუაციის შეფასებით იწყებს. მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერისას გირჩევთ, დაეყრდნოთ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მონაცემებს (ფსიქოლოგის და/ან სხვა სპეციალისტის დასკვნას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დიაგნოსტიკურ ტესტებს, ზეპირ გამოკითხვას, შემოქმედებით პროდუქტს, მოსწავლის/მშობლის უკუკავშირს და სხვ.) და მხოლოდ მაშინ დაიწყოთ გეგმის შედგენა, როცა მოსწავლის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. დღეისათვის, მონაცემების შესაგროვებლად და ისგ-ის შესადგენად განსაზღვრულია ერთი თვე ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, რაც სავსებით საკმარისია ზემოაღნიშნული მონაცემების ხარისხიანად დასამუშავებლად. ნიმუშად გთავაზობთ, პირობითად, მეორე კლასის მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერას ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

შენიშვნა: რეალური ისგ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულია წერა-კითხვასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლის განზოგადებული ნიმუში:

ცნება მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონე
ტექსტი

(შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5 )

 

 

მოსწავლეს შეუძლია:

·         ანბანის ყველა ასო-ბგერის ამოკითხვა;

·         დაფიდან/ნაბეჭდი ტექსტიდან მცირე ზომის სიტყვების/წინადადების გადაწერა ბადიან რვეულში;

·         ნაცნობ თემაზე, მცირე ზომის მხატვრული ტექსტის მოსმენა და გაგება;

·         საკუთარი გამოცდილების გამოყენება მოსმენილი ინფორმაციის შეფასებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვის მიზნით.

სიტყვა, წინადადება,

ტექსტი (სიტყვიდან

ტექსტამდე)

(შედეგები: (I).4, 5, 6)

მოსწავლეს შეუძლია:

·         ნაცნობ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა (ზეპირად);

·         ილუსტრაციის თვალსაჩინო მახასიათებლების მიხედვით აღწერა;

·         სივრცითი და დროითი მიმართებების აღქმა;

·         ორ ობიექტს შორის თვალსაჩინო მსგავსება-განსხვავების დანახვა;

·         საფეხურის შესაბამისი სამეტყველო ეტიკეტის დაცვა.

გრამატიკა (პრაქტიკული)

(შედეგები: (I).5, 6)

მოსწავლეს შეუძლია:

·         საუბრისას საფეხურის შესაბამისი საკომუნიკაციო ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის გამოყენება;

·         ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში ადეკვატური სამეტყველო ქმედების განხორციელება.

 

მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის აღწერის შემდეგ, გრძელვადიანი მიზნების დასახვის დროც მოდის. მოსწავლის განვითარების უახლოესი დონის გათვალისწინებით, მაქსიმალურად რეალისტური, მიღწევადი მიზნების დასახვას შეძლებთ. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში იკვეთება წერა-კითხვის ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული სირთულეები. შესაბამისად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გაწერა გაწაფული კითხვისა და წერის ტექნიკის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, პირველი საფეხურის სამიზნე ცნებებთან (დეკოდირება-კოდირება; წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა) დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებით უნდა დავიწყოთ.

ცნება მოსწავლემ უნდა შეძლოს (გრძელვადიანი/სემესტრული მიზნები)
ტექსტი

(შედეგები: (I). 2, 4, 6 )

 

  • ბგერების/მარცვლების დათვლა სიტყვებში (წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა);
  • ორი-სამი ასო-ბგერის ერთობლივად ამოკითხვა-გამთლიანება (დეკოდირება-კოდირება);
  • ნაცნობი სიტყვების ამოკითხვა დამარცვლით (დეკოდირება-კოდირება);
  • რვეულის ბადეში მცირე ზომის ნაცნობი სიტყვების/წინადადებების კარნახით ჩაწერა.
გრამატიკა (პრაქტიკული)

(შედეგები: (I).5, 6)

  • კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

 

გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას შეიძლება ერთი თვე ან სემესტრი დასჭირდეს, რაც, რა თქმა უნდა, მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და სწავლის ხელშემწყობ გარემოებებზეა დამოკიდებული. დასახული მიზნის ნაწილობრივ დაძლევის შემთხვევაშიც პროგრესი თვალსაჩინოა. მთავარია, შეფასებისას დეტალურად აღვწეროთ წინსვლის ხელშემწყობი და ხელის შემშლელი გარემოებები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევიტანოთ სათანადო ცვლილებები წლიურ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში.

გრძელვადიანი გეგმების დასახვის შემდეგ, მოკლევადიანი მიზნებისა და შესაბამისი სტრატეგიების/აქტივობების გაწერის დრო დგება. მოდით, განვიხილოთ წერა-კითხვის ტექნიკის განვითარებაზე ორიენტირებული რამდენიმე აქტივობა:

 

თემა:  ასო-ბგერიდან სიტყვამდე

ცნება/ცნებები: ტექსტი (დეკოდირება-კოდირება, წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა),  გრამატიკა (პრაქტიკული)

განხორციელების პერიოდი: (მიუთითეთ კონკრეტული წელი და თვე/პერიოდი)

მოკლევადიანი მიზნები სტრატეგიები, აქტივობები, რესურსები
1.       ბგერების/ მარცვლების დათვლა სიტყვებში;

2.       მცირე ზომის, ნაცნობი სიტყვების კარნახით და/ან დამოუკიდებლად ჩაწერა;

3.       კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

1.       ფონეტიკური სავარჯიშოების (ხმოვნების/მარცვლების დათვლა სიტყვებში; სიტყვების ასო-ბგერებად დაშლა-გამთლიანება და სხვ.) შესრულება;

2.       მაგნიტური ანბანით სიტყვების/წინადადების აწყობა;

3.       „სიტყვის ფაზლი“ – პატარა ზომის ფერად ფურცლებზე დაწერილი მარცვლების შეერთება-ამოკითხვა;

შენიშვნა: თავიდან ვიწყებთ სამი სიტყვის მარცვლების შერევით, რომელთა სწორად დაჯგუფებაც ევალება მოსწავლეს. შემდეგ კი ნელ-ნელა ვუმატებთ სიტყვებს.

4.       კარნახით და/ან დამოუკიდებლად ნაცნობი, მცირე ზომის სიტყვების/წინადადების ჩაწერა კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვით.

 

რესურსი:

სახელმძღვანელო, ადაპტირებული ტექსტები, ინდივიდუალური დავალებები, მაგნიტური ანბანი და დაფა, წებოვანი ფერადი ფურცლები, II კლასის ბადიანი რვეული, კალამი.

ვისწავლოთ კითხვა

https://www.youtube.com/watch?v=8ctUmW0FAXo

მარცვალი

https://www.youtube.com/watch?v=TlKDgt9Jzhs

სიტყვის ფაზლი

https://learningapps.org/display?v=p1fs19irc25

ვისწავლოთ კითხვა ზღაპრებთან ერთად

https://www.youtube.com/watch?v=5yURlt7t4Ks

 

 

ზემოაღნიშნული გრაფა შეგიძლიათ განავრცოთ და დეტალურად აღწეროთ თითოეული აქტივობა. სასწავლო რესურსს წარმოადგენს ყველა ინდივიდუალური დავალება თუ სამუშაო ფურცელი, რომელსაც მოსწავლეს ინდივიდუალურად გააკეთებინებთ და ის მულტიმედიური მასალა, რომელიც მას მიზნობრივი თემების შესწავლაში დაეხმარება. გირჩევთ, აწარმოოთ მოსწავლის პორტფოლიო, რომელიც ისგ-ის ერთგვარ დანართს წარმოადგენს. თანაც, მიმდინარე და შემაჯამებელი დავალებების ერთად თავმოყრა მიღწეული შედეგების შეფასებას მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი წელია სკოლაში ვასწავლი და ამ დროის განმავლობაში არაერთი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქვს შედგენილი, დღემდე არ მტოვებს განცდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი, ცვალებადი და მუდმივად განახლებადი სფეროა. ინკლუზიური განათლება კი დიდ ძალისხმევას, სიფხიზლეს და თანმიმდევრულობას მოითხოვს.  არადროს დამავიწყდება, როგორ ხელის ცეცებით მივიკვლევდი გზას ინდივიდუალური სწავლების ლაბირინთში. ამიტომაც ვიტოვებ იმედს, რომ  ეს წერილი ახალბედა მასწავლებლებს სამუშაო პროცესს ცოტათი მაინც გაუადვილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“