სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ნაწყვეტი რომანიდან (მეორე ნაწილი)

ტელეფონი ეგზარქოსს მიართვეს. არ გეკადრებათ ასეთი ქცევა, დაუბრუნეთ ტანსაცმელი მგლოვიარე დედასო, უთხრა მეფისნაცვალმა ეგზარქოსს და თავისი ბრძანების იმპერატიულობაში ასი პროცენტით დარწმუნებულმა, ტელეფონი დაკიდა, თუმცა მწარედ შეცდა, ეგზარქოსი უკიდურესად ჯიუტი კაცი იყო და ბრძანა, სანამ არ ვნახავ, როგორ ადგება ნიშანი, მანამდე არ დავაბრუნებო. გენერალ-გუბერნატორთან კი ყოველ ნახევარ საათში მოჰქონდათ ცნობა, რომ დემონსტრანტების რაოდენობა მატულობდა და სახიფათო ლოზუნგებიც ისმოდა აქა-იქ. გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით მიტროპოლოტის სასახლე გადაქექეს, მაგრამ ნიშანს ვერსად მიაგნეს, როგორც ჩანს, ეგზარქოსი ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას და მისი ბრძანებით საგულდაგულოდ დამალეს. გენერალ-გუბერნატორს არ უნდოდა, ისევ დაერეკა მეფისნაცვალთან, ამიტომ დანებება არჩია.
– დაველოდოთ საღამოს. მერე სულ რომ ძალის გამოყენებამ მომიწიოს, მაინც დავაბრუნებინებ იმ რაღაცას! – გადაულაპარაკა თავის ადიუტანტს.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მართლა რომ გაცოცხლდეს ის ტანსაცმელი და ეგზარქოსმა აღარ ინდომოს დათმობა?! – დაეჭვებული იყო ადიუტანტი, რომელიც წოდებით გენერალ-მაიორი გახლდათ.
– მე და თქვენ ბევრი რამ გვინახავს. ვიცი, გონიერი კაცი ხართ, ხოდა, იმედი მაქვს, ხუმრობთ! – გაეპასუხა გენერალ-გუბერნატორი, წამითაც კი არ დაუშვია გონებაში, რომ შეიძლებოდა, ტანსაცმელი გაცოცხლებულიყო. ახლა მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, როგორმე მშვიდობა შეენარჩუნებინა საღამომდე, ამიტომ მის მიერ წარგზავნილმა ადიუტანტმა, მესრის შიგნიდან, აუწყა დემონსტრანტებს, რომ იმ ოთახის საკეტი გაფუჭდა, სადაც ნიშანი იყო დასვენებული, ამიტომ გვიანდებოდა ნიშნის დაბრუნება. როცა კარს გააღებდნენ, შვილის ტანსაცმელს დედას დაუბრუნებდნენ, ამის პირობას პირადად გენერალ-გუბერნატორი იძლეოდა, მანამდე კი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა დემონსტრანტებს. მამაჩემმა მელანოს უთარგმნა ადიუტანტის ნათქვამი.
– მალე რვა საათი დადგება და ბიჭი ადგება. რომელიმე მეზობლის სახლთან უნდა მივიდეს. აქ ვის სახლთან მივა, თქვე უღმერთოებო, ვის სახლთან?! – იკივლა მელანომ და ხალხიც აჰყვა. დამშვიდების მაგივრად უფრო აღელდნენ დემონსტრანტები. ამასობაში რვა საათიც მოახლოვდა. ეგზარქოსი, მიტროპოლიტი, გენერალ-გუბერნატორი და მისი ადიუტანტი მიტროპოლიტის კაბინეტში იყვნენ შეკრებილნი. რვას ორიოდე წუთი აკლდა, როცა მიტროპოლიტმა გორგოლაჭებიანი კარადა გამოსწია და რამდენიმესაკეტიანი კარი გააღო. გენერალ-გუბერნატორმა, რომელსაც აინტერესებდა, სად მალავდნენ ნიშანს, ცინიკური ღიმილით გააქნია თავი. ყველანი საიდუმლო ოთახში შევიდნენ, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. მიტროპოლიტმა შუქი აანთო, გრძელი ბალიში, რომელზეც ნიშანი იყო დაფენილი, ოთახის შუაში, დაბალ მაგიდაზე იდო. გენერალ-გუბერნატორი და ადიუტანტი მიუახლოვდნენ, ამ უკანასკნელს უფრო მეტი ინტერესი ეტყობოდა, გენერალ-გუბერნატორს კი ცინიკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
– დროა უკვე, ხელს ნუღარ შევუშლით! თუ შეიძლება, აქეთ გამობრძანდით! – თქვა ეგზარქოსმა.
– კი ბატონო, დაველოდოთ სასწაულს! – ირონიულად თქვა გენერალ-გუბერნატორმა და კუთხისკენ გაიწია.
საათმა რვა ჩამოჰკრა. მიტროპოლიტს ერთმანეთზე მიტყუპებული ხელები მკერდთან ჰქონდა მიტანილი და მუხლებზე მდგარი ელოდა ნიშნის ადგომას, ეგზარქოსი ფეხზე იდგა, მაგრამ მარჯვენა ხელში მკერდზე დაკიდებული დიდი ჯვარი ეჭირა და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეპიფანური გაბრწყინება განეცადა. დრო გადიოდა, მაგრამ ნიშანი ადგილიდან არ იძვროდა, ორი წუთი გავიდა, მერე – სამი, მერე – ოთხი და მერე – ხუთი.
– დიდხანს ველოდოთ, თქვენო უწმინდესობავ?! – იკითხა გენერალ-გუბერნატორმა.
– ჩუ! – გააჩუმა ეგზარქოსმა.
ასე იყვნენ და ელოდნენ, არც ერთი ხმას არ იღებდა, მხოლოდ გენერალ-გუბერნატორი გადახევავდა ხოლმე ღიმილით თავის ადიუტანტს, რომელიც ღიმილითვე პასუხობდა, მაგრამ ცოტა დარცხვენაც ეტყობოდა იმის გამო, რომ წეღან გულის სიღრმეში სჯეროდა მოსახდენი სასწაულისა.
– ეს როგორ გამიბედეთ! როგორ ბავშვივით მომატყუეთ! – უყვირა უცებ მოთმინებადაკარგულმა ეგზარქოსმა მიტროპოლიტს, რომელიც ჯერ კიდევ მუხლებზე იდგა. – ადექით ფეხზე!
– ჩემი თვალით ვნახე, თქვენო უწმინდესობავ! ღმერთი გამიწყრეს, თუ ვტყუოდე, ასეთ ტყუილს როგორ ვიკადრებდი. ის მართლა დადიოდა… – წელმოწყვეტილი წამოდგა მიტროპოლიტი. – ალბათ, სხვა გარემოში რომ მოხვდა, იმიტომ არ დგება…
– გარემო! გარემო! ამაზე უფრო კარგ გარემოში იყო იმ… იმ… ბინძურ სოფელში?! თაღლითობაა და მეტი არაფერი! მოაშორეთ აქედან! – ოთახიდან გავიდა ეგზარქოსი.
გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით ნიშანი ჭიშკრისკენ წაიღეს, რომ მელანოსთვის დაებრუნებინათ. ნიშნის გამოჩენამ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია შეკრებილ ხალხში. პოლიციელები, რომლებსაც ნიშნის ბალიში ეჭირათ, შეშინებულნი შედგნენ, გარეთ გასვლისა ეშინოდათ, ვერც სასახლის გუშაგები ბედავდნენ ჭიშკრის გაღებას, მაგრამ სამხედრო ოფიცერმა მესერთან ჩამწკრივებული ჯარისკაცების ნაწილი შაშხანამომარჯვებული დააყენა ჭიშკრის პირდაპირ და გარეთ მდგარ დემონსტრანტებს უბრძანა, რამდენიმე ნაბიჯით გასცლოდნენ ჭიშკარს. როცა დემონსტრანტებმა უკან დაიხიეს, გუშაგმა ჭიშკარი გააღო, პოლიციელებმა კი სასწრაფოდ გადგეს ნიშნიანი ბალიში ეზოს გარეთ და სწრაფადვე შემობრუნდნენ უკან. მელანო ბალიშთან მიიჭრა და ელდა ეცა, ნიშანს მარჯვენა სახელოზე მანჟეტი ჰქონდა მოჭრილი. მის კივილზე ხალხი ისევ ჭიშკარს და მესერს მიაწყდა.
– ბიჭი დამისახიჩრეთ, თქვე გარეწრებო?! დაგამხობთ! რევოლიციას მოგიწყობთ! – კიოდა მელანო, ეს სიტყვები დემონსტრანტებს უფრო აგიჟებდათ და მთელი ძალით ეჯაჯგურებოდნენ მესერს და ჭიშკარს. ოფიცრის ბრძანებაზე ჯარისკაცებმა ისევ შემართეს შაშხანები, წკიპზე იყო სიტუაცია, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. მიტროპოლიტის სასახლის აივანზე გამოსული გენერალ-გუბერნატორი და მისი თანხმლები პირები ზევიდან ამაოდ ცდილობდნენ გარკვევას, თუ რატომ დაიძაბა ისევ მდგომარეობა. მამაჩემი მიხვდა, მძიმე ამბავი რომ დატრიალდებოდა და ამაოდ სცადა დემონსტრანტების დაწყნარება, იმ ხმაურში ვერაფერს აგებინებდა შიგნით მდგარ ჯარისკაცებს. მერე ჯიბიდან ბლოკნოტი და ფანქარი ამოიღო, დედა იმაზე სწუხს, რომ მისი შვილის პერანგს სახელო აკლიაო, წააწერა ფურცელზე, ამოხია და მესერში გაყო ქაღალდიანი ხელი, აფრიალებდა ყურადღების მისაქცევად, მაგრამ ჯარისკაცები და ოფიცრები ყურადღებას არ აქცევდნენ, მერე გუშაგის ჯიხურისკენ მიიხედა და ჯიხურის სარკმლიდან მომზირალ გუშაგს ანიშნა, მისთვის ფურცელი გამოერთმია. მისდა გასაკვირად, გუშაგი ჯიხურიდან გამოვიდა და მისკენ გამოემართა, თან დემონსტრანტების, მესრიდან გაწვდილ, მკლავებს არიდებდა თავს, მის დაჭერას რომ ლამობდნენ. მამაჩემმა დაკეცილი ქაღალდი გადაუგდო, გუშაგმა აიღო და წაიკითხა, მერე ოფიცერს მიუტანა. ოფიცერმაც წაიკითხა, ცოტა ხანს იყოყმანა და, ბოლოს, ჯარისკაცი გაგზავნა სასახლეში. ჯარისკაცი მალე დაბრუნდა და მანჟეტიც მოიტანა. აღმოჩნდა, რომ შაკიკით დატანჯულ ეგზარქოსს, რომელსაც თავიდან ნიშნის სიწმინდისა სჯეროდა, მანჟეტი მოეჭრა, ხილაბანდით მიეკრა შუბლზე და, ტკივილმა ოდნავ რომ გაუარა, ასევე დასძინებოდა. გენერალ-გუბერნატორმა რომ გააღვიძა, თავი აღარ სტკიოდა და ნიშნის სიწმინდეში დარწმუნებულმა, მანჟეტი უჯრაში ჩაკეტა, მაგრამ მერე, ნიშანი რომ არ ადგა, იმედი გაუცრუვდა. ისე იყო გაბრაზებული, მანჟეტი არც გახსენებია და, როცა მასთან შესულმა მიტროპოლიტმა მოახსენა, მანჟეტს ითხოვენო, უჯრა გამოაღო, მანჟეტი დაჭმუჭმა და ისე გადაუგდო.
მელანომ მანჟეტი ნიშნის სახელოსთან დააფინა და ახლაღა გაახსენდა, რომ ბალიში, რომელზეც ნიშანი ეფინა, მისი არ იყო, არაფერში მჭირდება მათი ბალიშიო, თქვა და ნიშანი ფრთხილად აიღო, ერთმანეთზე გადალამბული შარვალი და ხალათი მკლავებზე ჰქონდა გადაფენილი. დემონსტრანტებმა ბალიში აიღეს და მესრის ზემოდან ეზოში მოისროლეს. მელანო ისევ ხიდისკენ მიდიოდა და ხალხის ნაკადიც მოჰყვებოდა. მალე საიდანღაც მოგრძო ფიცარი მოიტანეს, რომელზეც სამი ბალიში იყო დაჭედებული, მელანომ ნიშანი ბალიშებზე დააფინა და ვიღაცების მიწოდებული ქინძისთავებით მანჟეტი სახელოზე მიამაგრა. მამაჩემმა და ვიღაც კაცმა ფიცარი აიღეს და გზა განაგრძეს. ხალხი ისევ უკან მიჰყვებოდა, პროცესიას ჰგავდა მათი მსვლელობა.
ხიდი გადაიარეს და რკინიგზის სადგურისკენ გაემართნენ. ხალხხმა ფული ააგროვა და მთელი ვაგონის ბილეთები იყიდეს, რომ ნიშანი არავის შეეწუხებინა. ხალხო, ერთი კუპეც საკმარისიაო, იხვეწებოდა მელანო, მაგრამ არავინ დაუჯერა. კარგად ბნელოდა, მატარებელი რომ დაიძრა, ბაქანზე დარჩენილი ხალხი ტაშს უკრავდა და ასე, ცარიელი ვაგონით იმგზავრეს დაბამდე. დაბიდან კი ეტლით ჩავიდნენ სოფლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“