სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ნაწყვეტი რომანიდან (ნაწილი პირველი)

ამასობაში ნიშნის სანახავად მხოლოდ ჩვენი გუბერნიის სოფლებიდან კი არა, მეზობელი გუბერნიიდანაც მოდიოდა ხალხი. ყოველ საღამოს მელანოს სახლთან უამრავი ადამიანი იკრიბებოდა და შიშით და ინტერესით ელოდნენ ჭიშკრიდან ნიშნის გამოსვლას, მერე კი ანთებული სანთლებით, ხატებით და ჯვრებით ხელში მიჰყვებოდნენ უკან. მამა ევსტათის არ მოსწონდა ეს ლიტანიობები, რადგან მელანოსთან ჩხუბის შემდეგ თვითონ ვერ ღებულობდა მონაწილეობას, ხოდა, ყველანაირად ცდილობდა, მომსვლელებში ინტერესი დაეკარგა: ნიშნის სანახავად მომავალ ხალხში მნათეს ნათესავები, რომლებიც წინასწარ იყვნენ დარიგებულნი, გაერეოდნენ ხოლმე და ორნაირ ჭორს ავრცელებდნენ. პირველის მიხედვით ნიშანი ეშმაკის ძალით მოძრაობდა, მეორის მიხედვით კი უბრალო და იაფფასიანი ფოკუზი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხის ნაკადი ყოველდღე მატულობდა. ერთ დღესაც მამა ევსტათი მიტროპოლიტის სასახლეში დაიბარეს, ნიშნის ამბავს ეგზარქოსის ყურამდე მიეღწია და მიტროპოლიტს ამ დაუჯერებელი ამბის გადამოწმება ჰქონდა დავალებული.
– დავიჯერო, მართალია, რასაც ლაპარაკობენ?! – ჰკითხა მამა ევსტათის მიტროპოლიტმა.
– რთული სათქმელია, თქვენო უწმინდესობავ… – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მამა ევსტათიმ, რადგან მშვენივრად იცოდა მელანოს ჯიუტი ხასიათი და ის, რომ მელანო არაფრით არ შეურიგდებოდა, შესაბამისად, თვითონ ვერაფერს გამორჩებოდა ამ ყველაფრიდან.
– რას ნიშნავს რთული სათქმელია. დადის თუ არ დადის ტანსაცმელი?! – წარბები შეკრა მიტროპოლიტმა.
– კი, ნამდვილად დადის, თქვენო უწმინდესობავ…
– და არის შესაძლებელი, რომ თაღლითობასთან გვქონდეს საქმე?! მის მაღალუწმინდესობა ეგზარქოსს ტყუილად ვერ ჩამოვაბრძანებ!
– თაღლითობის არანაირი კვალი არ ჩანს…
– მაშინ რატომ მეჩვენება, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ხართ ამ სასწაულით?!
– აღფრთოვანებული ვარ, თქვენო უწმინდესობავ, უბრალოდ, სიფრთხილეს ვიჩენ… – თავი დახარა მამა ევსთატიმ.
პასუხები მიტროპოლიტისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, ამიტომ მოისურვა, თავისი თვალით ენახა ყველაფერი და იმავე დღეს გამოემგზავრა მატარებლით. საღამოს მისი ავტო მელანოს ჭიშკარს მოადგა და, სხვებთან ერთად, მიტროპოლიტიც გახდა სასწაულის მოწმე. მელანოს, იმ ჩხუბის შემდეგ, ეკლესიის ხალხისკენ გახედვა არ უნდოდა, მაგრამ რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ მიტროპოლიტმა დაარწმუნა, რომ ნიშანი ეპარქიის საკათედრო ტაძარში გადაებრძანებინათ, სადაც სპეციალურად ამისთვის ჩამოსული ეგზარქოსი წირვას აღავლენდა, შემდეგ კი ნიშანს ისევ უკან დააბრუნებდნენ.
– ვერ დავუშვებ, რომ იმ დროს, როცა დგება ხოლმე, აქ არ იყოს. – თქვა მელანომ.
– ყველაფერი მოესწრება. ხვალ საღამოს, ლოგინზე რომ დაწვება, ჩემი პირადი ავტოთი მატარებლამდე მივაბრძანებთ, მერე მატარებლით – ქალაქამდე. ზეგ დილით წირვა ჩატარდება, წირვის მერე წამოვაბრძანებთ და საღამოს აქ იქნება. პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს, შვილო ჩემო. – თაფლად იღვრებოდა მიტროპოლიტი.
დიდი ფიქრის შემდეგ მელანო დათანხმდა. მეორე საღამოს, როცა ნიშანი გუარამ გაბიდაშის ჭიშკართან მივიდა, მერე კი უკან დაბრუნდა და ლოგინზე დაწვა, მიტროპოლიტის, მისაბმელიანი ავტო შემოვიდა მელანოს ეზოში. მისაბმელზე ძვირფასი ჩარდახი დაედგათ, შიგნით კი შინდისფერი მაუდის უშველებელი ბალიში იდო, რომელზეც ნიშანი დააფინეს. ნიშანს მელანო და მამაჩემი მიჰყვებოდნენ თან. ავტოს გზად ხალხი ხვდებოდა, დაბის რკინიგზის სადგურშიც უამრავი ხალხი იყო, ყველას უნდოდა, ნიშანს შეხებოდა, მაგრამ ახლოს არავის უშვებდნენ. ნიშანი ცალკე კუპეში მოათავსეს, მასთან მხოლოდ მელანო იყო. გაჩახჩახებულ სადგურებში მატარებელს უამრავი ხალხი ხვდებოდა. მიტროპოლიტის თქმით, ყველას ჰქონდა სასწაულთან ზიარების უფლება, ამიტომ ყველა სადგურზე ნიშანს ბალიშიანად მიიტანდნენ ხოლმე ღია კართან, დაანახებდნენ ხალხს და ისევ უკან შემოჰქონდათ. მელანო ვერ ხვდებოდა, უხაროდა თუ სწყინდა ეს ყველაფერი, რაღაც ეჭვის მაგვარს კი გრძნობდა, რომ მისთვის ძალიან ძვირფასში ეცილებოდა მთელი ქვეყანა, მაგრამ არაფერს ამბობდა.
შუაღამე გადასული იყო, როცა საგუბერნიო ქალაქში ჩავიდნენ. იქაც უამრავი ადამიანი დახვდათ. ნიშანი საკათედრო ტაძარში, წინასწარ მომზადებულ შუშის ლუსკუმაში ჩაასვენეს და კარები გადარაზეს. მელანოს და მამაჩემს სასტუმროში მოსვენება შესთავაზეს დილამდე.
– მე მას არ დავტოვებ! – თქვა მელანომ, სკამი მოატანინა და ლუსკუმასთან დაჯდა. – შენ წადი, შვილო, მოისვენე! – უთხრა მამაჩემს.
– მეც დავრჩებდი, რაღა დარჩა დილამდე! – თქვა მამაჩემმა და მეორე სკამზე დაჯდა.
ეგზარქოსი უკვე ჩამოსულიყო და მიტროპოლიტის სასახლეში ეძინა, მიტროპოლიტიც წავიდა მოსასვენებლად. ტაძარში მხოლოდ მამაჩემი, მელანო, მესანთლე ქალები და საკურთხევლის მსახურნი იყვნენ, ენერგიულად დადიოდნენ და დილისთვის ემზადებოდნენ. გარეთ სადგურიდან გამოყოლილი ხალხი ათევდა ღამეს, არ დაშლილან, დილას ელოდნენ.
როგორც იქნა, გათენდა და ეგზარქოსიც მოვიდა. წმინდანის დედა გამაცანითო, მოითხოვა ტაძარში შემოსვლისთანავე. მიტროპოლიტმა მელანო წარუდგინა, ეგზარქოსმა გულში ჩაიკრა. უნდა ამაყობდე, ჩემო შვილო, მუცლით წმინდანის ტარება გარგუნა უფალმაო, უთხრა მელანოს, მიტროპოლიტმა უთარგმნა. ჩემი ნამდვილი შვილი არ არის, მხოლოდ ჩემი გაზრდილიაო, გაეპასუხა მელანო, მაგრამ მიტროპოლიტს ეს არ უთარგმნია ეგზარქოსისთვის, სულაც არ უნდოდა ამ ამაღლებული წუთების გაფუჭება. ეგზარქოსმა შუშის ლუსკუმას გადაუსვა ხელი, აღფრთოვანებული თვალებით დასცქეროდა შიგნით ჩაფენილ ტანსაცმელს. მერე მელანოსგან შეხების ნებართვა ითხოვა, ლუსკუმა გაახსნევინა და, ამჯერად, ნიშანს გადაუსვა ხელი, წმინდა კვართი, წმინდა კვართიო, იმეორებდა ცრემლმორეული და ნაზად უსვამდა ხელს.
წირვას უამრავი ადამიანი დაესწრო, ტაძარში და ტაძრის ეზოში ტევა არ იყო, ლუსკუმა ხალხისგან ბოძკინტებზე გაბმული თოკებით იყო გამოყოფილი და პოლიციაც იცავდა. წირვის შემდეგ ხალხს ნება დართეს, წესრიგის დაცვით, ლუსკუმას მიახლოებოდნენ, მაგრამ, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, მალევე მიხვდნენ, რომ ამას მთელი დღე დასჭირდებოდა, ამიტომ უკმაყოფილო მრევლი ეკლესიიდან გაიყვანეს და კარები ჩაკეტეს. ამაშობაში შუადღეს ბევრი აღარ უკლდა. დრო იყო, ნიშანი მატარებელში დაესვენებინათ, რომ საღამომდე სოფელში ჩაესწროთ. მელანომ და მამაჩემმა მიტროპოლიტი ან ვინმე პასუხისმგებელი პირი მოიკითხეს, მაგრამ არავინ ჩანდა, სასულიერო პირები სხვადასხვა საეჭვო პასუხს იძლეოდნენ. ბოლოს მიტროპოლიტის ვიკარი გამოჩნდა:
– ჯერ იტრაპეზეთ, წუხანდელიდან არაფერი მიგირთმევიათ. მისი უწმინდესობა მიტროპოლიტი პირობას გაძლევთ, რომ სახლში დროზე ჩააღწევთ, ჯერ შუადღეც არაა!
მისმა მოთაფლულმა ლაპარაკმა გაჭრა, მელანო და მამაჩემი სადილზე დათანხმდნენ. მელანოს არ უნდოდა ნიშნის დატოვება და, ლამის, თქვა, აქ მოგვართვით სადილიო, მაგრამ უცებვე მიხვდა, რომ ტაძარში ჭამა არ გამოვიდოდა, ამიტომ ყოყმანით და ფეხისთრევით გაჰყვა ვიკარს ტაძრის უკანა ეზოს კუთხეში ჩამწკრივებული კელიებისკენ, რომელთა ბოლოს, ტაძრის ეზოშივე აშენებული მამათა მონასტრის სატრაპეზო იყო.
მელანო მაგიდასთან წრიალებდა, ორი ლუკმა შეჭამა თუ არა, ისევ მონასტერში დაბრუნება მოისურვა, მამაჩემს კი სთხოვა, დარჩენილიყო.
– არ შეიძლება აქედან მშიერი გასვლა! ბოლომდე უნდა ჭამო ეგ! – მკაცრად, ლამის, ყვირილით, უთხრა ბერმა, რომელიც მათ ემსახურებოდა.
ბავშვივით დატუქსულმა მელანომ არაფერი უპასუხა, მამაჩემს გადახედა, თავი ოდნავ გააქნია და უგემურად გააგრძელა ჭამა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და ცოტა ხანში ადგა. მადლობელი ვარ სადილისთვისო, უთხრა მოღუშულ ბერს და ტაძრისკენ წავიდა. მამაჩემიც გაჰყვა, გზად, კელიების მწკრივის დასაწყისში, ორი ფარშევანგი დაინახა, გალიაში ისხდნენ. ამ გალიას წეღანაც მიაქცია ყურადღება, როცა აქეთ მოდიოდნენ, ტენტი ჰქონდა ჩამოფარებული, ახლა კი ტენტი გადაეწიათ. გაჩერდა და თვალიერება დაუწყო ფარშევანგებს, უცებ ტაძრიდან კივილი შემოესმა, აშკარად მელანო იყო. იქითკენ გაიქცა და ტაძრის კარში მელანო შემოეფეთა.
– მომტაცეს! ჩემი ბიჭი წაიყვანეს! აღარაა! ყაჩაღები! ამათ როგორ ვენდე! – კიოდა მელანო.
მამაჩემმა ლუსკუმასთან მიირბინა, ნიშანი ბალიშიანად გამქრალიყო.
– არ მაინტერესებს, ეკლესიაა თუ რაცაა, ცეცხლს წაგიკიდებთ! ბიჭი დამიბრუნეთ! – ლოყებს იხოკავდა მელანო.
მამაჩემს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა გაეკეთებინა და ვისთვის მოეთხოვა პასუხი, სადიაკვნესთან მიირბინა, არავინ იყო, აღსავლის კართან მისვლა ვერ გაბედა და უკან გამობრუნდა, არც მესანთლეების ჯიხურებთან იყო ვინმე, თითქოს ყველა სულიერი ერთიანად გაქრა. ისევ სატრაპეზოსკენ გაიქცა, მაგრამ კარი ჩაკეტილი დახვდა. კივილის ხმამ ტაძრის წინა ეზოში შეკრებილ ხალხამდეც მიაღწია და მესერს მოაწყდნენ, რომელიც ტაძრის წინა და უკანა ეზოებს ყოფდა. მელანო იცნეს და ყვიროდნენ, რა მოხდაო.
– ბიჭი მომტაცეს ამ ყაჩაღებმა! – ლოყებს იხოკავდა მელანო.
ყველა მიხვდა, რომ ნიშანს გულისხმობდა და ვინც მოახერხა, მაღალ მესერზე გადაძვრა. ზოგი მათგანი ტაძარში შედიოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ნიშანი მართლა გაიტაცა ვიღაცამ. მესერზე გადმომძვრალთაგან ყველა კაცი იყო და მელანომ მესერთან მომდგარ ქალებს მოჰკრა თუ არა თვალი, მათკენ გაემართა კივილით, ქალებისგან ელოდა თანადგომას და ნუგეშისცემას. ქალების რეაქციამაც არ დააყოვნა და მალე საშინელი მოთქმა-გოდება ატყდა.
– მიტროპოლიტის სასახლეში იქნება, სხვაგან სად დამალავდნენ! – იყვირა უცებ ვიღაცამ.
– მე ვნახე, როგორ ჩააბრძანეს მიტროპოლიტის ავტოში! – დაიძახა სხვა ვიღაცამ.
– ხოდა, წავიდეთ და უკან მოვთხოვოთ! – იხუვლა ხალხმა.
ეს აზრი ყველას ჭკუაში დაუჯდა, მესერს გამოღმა დარჩენილებიდან ზოგიერთი ისევ უკან გადაძვრა, ზოგი კი ტაძარში შევიდა და წინა კარიდან გასვლა სცადა, მაგრამ კარი ჩაკეტილი იყო. უკან დაბრუნდნენ და ტაძრის ორივე მხარეს, ეზოს გამყოფ მესერში ჩატანებულ კარებს ეცნენ, იმ კარებსაც ბოქლომები ედო. მამაჩემი ვერ მიხვდა, ასე უცებ საიდან იშოვეს ძალაყინი, მაგრამ ვიღაცამ, წინა ეზოელთაგან, ნამდვილად იშოვა და უკანა ეზოელებს გადმოაწოდა. ბოქლომის ჯაჭვი მარტივად გაწყვიტეს და ხალხი ტაძრის ეზოს ალაყაფისკენ დაიძრა ყვირილით. ტაძრის ჩაკეტვის მერე ეზოში არც ისე ბევრი ხალხი დარჩა, მაგრამ ქუჩაში შეხვედრილი ადამიანები რომ იგებდნენ, რაშიც იყო საქმე, მსვლელობას უერთდებოდნენ. წინ მელანო მიდიოდა, რომელსაც ერთ მხარეს – მამაჩემი, მეორე მხარეს კი ვიღაც ქალი, რომელიც ყველაზე აქტიური იყო, ამოსდგომოდა გვერდით. მიტროპოლიტის და გენერალ-გუბერნატორის სასახლეები მდინარის გადაღმა, ახალ უბანში იდგა. მსვლელობა სანაპირო გზაზე გავიდა და სანამ ხიდამდე მიაღწევდა, თითქმის ორჯერ გაიზარდა. საიდანღაც ხალხის უკმაყოფილებიდან სარგებლის მომლოდინე ადამიანებიც გაჩნდნენ და აქა-იქ რევოლუციური ლოზუნგებიც გაისმა. სანამ ხიდზე გადავიდოდნენ და სასახლეებისკენ გადაუხვევდნენ, პოლიციამ, ჟანდარმერიამ და ჯარისკაცებმა ორივე სასახლეს ალყა შემოარტყეს, რომ დემონსტრანტები ახლოს არ მიეშვათ. ჯერ გენერალ-გუბერნატორის სასახლე უნდა გაევლოთ, რომელსაც სამართალდამცველთა უფრო დიდი რაოდენობა იცავდა, მაგრამ დემონსტრანტები იქ არ გაჩერებულან, მიტროპოლიტის სასახლის უშველებელ ალაყაფს მიადგნენ, თან – ნიშანი, ნიშანიო, ყვიროდნენ. გენერალ-გუბერნატორი წირვას არ დასწრებია, გადაუდებელი შეხვედრა მოიმიზეზა და ქალაქიდან გაემგზავრა, სინამდვილეში არასერიოზულად მიაჩნდა სამიოდე კვირის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ტანსაცმლის თაყვანისცემა. ახლა კი, ერთი ადგილობრივი თავადის აგარაკზე საქეიფოდ მყოფს, მის სასახლესთან ამდენი ადამიანის თავშეყრის ამბავი რომ შეატყობინეს, სერიოზულად შეშფოთდა და მიტროპოლიტის სასახლეში დარეკა ეგზარქოსთან სასაუბროდ. მიტროპოლიტმა შეატყობინა, რომ ეგზარქოსს ეძინა.
– რა დროს ძილია, ფანჯარაში არ იხედებით?! – აღშფოთდა გენერალ-გუბერნატორი.
– ვიხედები, თქვენო ბრწყინვალებავ, ნამდვილად დიდძალი ხალხია… – ვერ დამალა მიტროპოლიტმა.
– ხოდა, რა დროს ძილია! ან ვის მოაფიქრდა მაგ რაღაცის გატაცება?!
– მისმა უწმინდესობამ ინება, რომ სიმართლეში დარწმუნდეს. საღამოს ელოდება…
– რა სიმართლეში, თქვენ რა, მართლა გჯერადთ, რომ ტანსაცმელი დადის?!
– ჩემი თვალით ვნახე, თქვენო ბრწყინვალებავ.
– რა ნახეთ თქვენი თვალით?! თქვენ რა, ყველანი ერთიანად გაგიჟდით?! სახალხო მღელვარების ზღვარზე ვართ, რა დროს სისულელეებია! დროზე გააღვიძეთ, ან კეთილი ინებეთ და თქვენ თვითონ დააბრუნეთ ის რაღაც! – იყვირა გენერალ-გუბერნატორმა, მაგრამ მიტროპოლიტმა ეგზარქოსის გაღვიძებაზე ისევ უარი განაცხადა და არც ნიშანი გაუტანია მელანოსთან.
ამასობაში გენერალ-გუბერნატორი ქალაქში დაბრუნდა და უკანა კარიდან შევიდა მიტროპოლიტის სასახლეში. ეგზარქოსს ისევ ეძინა, მაგრამ გენერალ-გუბერნატორი საწოლ ოთახში შეუვარდა და გააღვიძა.
– როგორ ბედავ ჩემთვის ძილის დაფრთხობას! – იყვირა ეგზარქოსმა და გენერალ-გუბერნატორს ფაიფურის პატარა, ძვირფასი საფურთხებელი ესროლა, რომელიც საწოლთან, კომოდზე ედო, ახალგაღვიძებულს საშინელი ხასიათი ჰქონდა. გენერალ-გუბერნატორმა საფურთხებელი აიცილა (უკან, იატაკზე დაიფშვნა), მაგრამ ნერწყვი მუნდირზე მიესხა, გულისრევა და სიბრაზე ძლივს შეიკავა, თავის ადიუტანტს ცხვირსახოცი გამოართვა, მუნდირიდან ნერწყვი ჩამოიწმინდა და ეგზარქოსს, როგორც შეეძლო, მშვიდად, აუწყა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუ ნიშანს არ დააბრუნებდნენ.
– თქვენ მხოლოდ ერთ გუბერნიას განაგებთ, ჩემი ძალაუფლება კი ორივე გუბერნიაზე ვრცელდება, ანუ მე თქვენზე მეტი სუვერენი ვარ! ხოდა, ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი! არ დავაბრუნებ! – შედარებით მოთოკა თავი ეგზარქოსმა და თავისი უპირატესი თანამდებობრივი მდგომარეობით სცადა, წერტილი დაესვა ამ კამათისთვის. გენერალ-გუბერნატორს დიდად არ უნდოდა ამ საქმეში მეფისნაცვლის ჩარევა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ თვითონ ასეთ მარტივ გამოწვევასაც ვერ უმკლავდებოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ იყო, გავიდა და მეფისნაცვლის კანცელარიაში დარეკა, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ მეფისნაცვალთან დააკავშირეს.
– შეშლილი მოხუცი! – ჩაილაპარაკა მეფისნაცვალმა, როცა საქმის ვითარებაში გაერკვა. – დამალაპარაკეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“