სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
21 ოქტომბერი, სამშაბათი, 2025

ტრადიციები, ჩვევები და რიტუალები

კულტურა არის ადამიანთა ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ღირებულებებს, რწმენებს, ტრადიციებსა, ჩვეულებებს, რიტუალებს და ა.შ. ტრადიციები, ჩვევები და რიტუალები დროთა განმავლობაში იცვლება – ზოგჯერ ახალი ჩნდება, ზოგი კი ქრება ან იცვლება. ეს ცვლილებები გვაჩვენებს, რომ კულტურა ცოცხალია და ყოველთვის ვითარდება. ასევე, კულტურის შემადგენელი ზოგიერთი ელემენტი ჩვენ მოგვწონს ან არ მოგვწონს. ზოგჯერ გვიწევს ისეთი რიტუალის შესრულება, რომელსაც არ ვეთანხმებით…

ამ სტატიაზე მუშაობა გერმანიაში ყოფნისას დავიწყე. ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის ფარგლებში ქართველი და გერმანელი მონაწილეები უნდა დამეფიქრებინა ტრადიციების, ჩვევებისა და რიტუალების მნიშვნელობასა და გავლენაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქტივობა აგებულია ჯგუფურ დისკუსიასა და საკითხის კრიტიკულ გააზრებაზე.

აქტივობის შესრულებას შეიძლება დაეთმოს რამდენიმე გაკვეთილი ან განხორციელდეს არაფორმალურ გარემოში.

აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებს ჰკითხეთ რა არის ტრადიცია, ჩვევა და რიტუალი. შემდეგ გაუზიარეთ ქვემოთ მოცემული (ან თქვენეული) განმარტებები.

  • ტრადიციები არის ადამიანთა ცხოვრების წესი, რომელიც მოიცავს ღირებულებებს, რწმენებს, წესებსა და ჩვეულებებს. ისინი აერთიანებს როგორც მატერიალურ, ისე არამატერიალურ ელემენტებს და ქმნის ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს;
  • ჩვევები არის მოქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიმეორებთ და ისინი გვაყალიბებს როგორც ინდივიდებს;
  • რიტუალები კი განსაკუთრებული ფორმის ქმედებებია, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებთან, საზოგადოებრივ ღონისძიებებთან.

სამივე მათგანის ერთობა აძლიერებს ადამიანებს შორის კავშირებს და აყალიბებს ერთიანობის განცდას.

პირველი რაუნდი (30 წუთი)

ჩამოწერეთ თქვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციის, ჩვევის ან რიტუალის თქვენთვის მისაღები 4-5 მაგალითი. ჯგუფში იმსჯელოთ და შეარჩიეთ საერთო სია.  ჩამონათვალი შეინახეთ საიდუმლოდ.

 

მეორე რაუნდი (30 წუთი)

ჩამოწერეთ თქვენი კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციის, ჩვევის ან რიტუალის 4–5  მაგალითი, რომელთაც ასრულებთ, მაგრამ არ მოგწონთ ან არ ეთანხმებით. ისევ იმსჯელეთ გუნდში და შეარჩიეთ საერთო სია. სია არ გაუზიაროთ სხვა ჯგუფებს.

 

მესამე რაუნდი (30 წუთი)

ჯგუფში განიხილეთ და შეარჩიეთ:

  • ერთი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალი, რომელიც მოგწონთ;
  • ერთი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალი, რომელიც არ მოგწონთ.

ჯგუფში მოიფიქრეთ შერჩეული მაგალითების ვიზუალური ან კრეატიული (მაგალითად: ნახატი, სცენური თამაში, მუსიკა, სიმბოლოები, მცირე წარმოდგენა და ა.შ.) გზით გაზიარების სტრატეგია.

მნიშვნელოვანი წესი: პრეზენტაციის დროს ვერბალური კომუნიკაცია აკრძალულია. არ უნდა ისაუბროთ – მხოლოდ არავერბალური გზებით უნდა გამოხატოთ თქვენი იდეა.

 

მეოთხე რაუნდი  – პრეზენტაციები

თითოეული გუნდი რიგითობით წარმოადგენს თავის დავალებას (არავერბალური ფორმით). დანარჩენმა გუნდებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ტრადიცია/ჩვევა/რიტუალია წარმოდგენილი როგორც მოსაწონი, და რომელი – როგორც არასასურველი და რა არის მათი შინაარსი.

პრეზენტაციის შემდეგ, თითოეული გუნდი ასევე წარმოადგენს იმ მაგალითებს, რომლებიც ჩამოწერეს პირველი და მეორე რაუნდის ფარგლებში.

მეხუთე რაუნდისაერთო დისკუსია

სადისკუსიო კითხვები:

  • რატომ ხდება ისე, რომ ზოგიერთი ტრადიცია, ჩვევა ან რიტუალი ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ სხვებისთვის მისაღები?
  • როგორ შეიძლება შევხედოთ ერთსა და იმავე ტრადიციას სხვადასხვა კულტურის პერსპექტივიდან?
  • რა როლს თამაშობს ტრადიცია იდენტობის შენარჩუნებაში?
  • როდის არის საჭირო ტრადიციის შეცვლა ან მოდერნიზება?
  • როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ განსხვავებული კულტურების პატივისცემა, მაშინაც კი, როცა მათ არ ვეთანხმებით?

კლასის/ჯგუფის შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგიძლიათ გამოტოვოთ მესამე და მეოთხე რაუნდები. ამ შემთხვევაში, სთხოვეთ ჯგუფებს გააზიარონ პრეზენტაციები. შემდეგ უკვე შეგიძლიათ წამოიწყოთ დისკუსია წამახალისებელი კითხვების დახმარებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“