ფილმები ნამდვილ ამბებზე შთაგონების და მოტივაციის წყაროა. სტამბოლი-ბერლინის რეისზე ჩავრთე მონიტორი, გავხსენი ფილმების განყოფილება. ჩამონათვალში მაშინვე თვალში მომხვდა ფილმები ნამდვილ ამბებზე. ჩავათვალიერე შემოთავაზებული ფილმები.
2024 წლის ფილმი „პინგვინის გაკვეთილები“ სიის სათავეში იყო. გავეცანი ინფორმაციას, ჩავრთე ფილმი და შემდეგ როგორ გავიდა 111 წუთი ვერ გავიგე…
ინგლისური ენის ბრიტანელი მასწავლებელი, 1970-იანი წლების არგენტინა, პოლიტიკურ-ეკონომიკური ქაოსი, ავტორიტარიზმი, კრიმინალი ქუჩაში, ბულინგი და დაძაბულობა სკოლაში, პირველივე დღეს სკოლის კარებთან სროლა… ეს არის ის გარემო, რაც ხვდება არგენტინაში ჩასულ მასწავლებელს. ფილმს ფონად გასდევს მსუბუქი იუმორი და დრამა.
მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი რეალურად არის ტომ მიჩელი (Tom Michell) ინგლისელი მასწავლებელი, რომელიც 1970-იან წლებში მიდის არგენტინაში ენის მასწავლებლად. ის არის ავტორი წიგნისა „პინგვინის გაკვეთილები: რა ვისწავლე ამ გამორჩეული ფრინველისგან“ (The Penguin Lessons: What I Learned from a Remarkable Bird).
… პინგვინების გადარჩენა ფილმში მხოლოდ ეკოლოგიური „პინგვინის გაკვეთილები“ არის ფილმი, რომელმაც დამაფიქრა, დამიტოვა კითხვები, მამოგზაურა 70-იანი წლების არგენტინაში…. გულანთებული მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ადგილზე ჩასულს დირექტორი რაგბის გაკვეთილებსაც უმატებს.
მთავარი გმირი ახალი ქვეყნისა და სრულიად უცხო კულტურის წინაშე აღმოჩნდება. თავდაპირველად ვერ უგებს მოსწავლეებს, კოლეგებს… კლასი – ქაოტური, სადაც არავინ იმჩნევს მასწავლებელს, მის გაკვეთილებს. სკოლაში არ არის წესრიგი, ბავშვები არ ინტერესდებიან სწავლით, საზოგადოება კი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ცხოვრობს.
ის ცდილობს ნდობის მოპოვებას, საერთო შეხების წერტილების პოვნას, მაგრამ ამაოდ…
მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო სწავლა წყდება. მოულოდნელი არდადეგებს ტომ მიჩელი მეზობელ ურუგვაიში მოგზაურობით ივსებს. მას თან ფინელი კოლეგა მიჰყვება. სწორედ ეს მოგზაურობა აღმოჩნდება გადამწყვეტი. იქ, ზღვის ნაპირზე, ისინი აწყდებიან სცენას, რომელიც ყველაფერს ცვლის.
ნაპირას გამორიყული ნავთობით დაბინძურებული ათასობით პინგვინი — შავი ზეთის ფენაში გახვეული პატარა არსებები, რომლებიც იხოცებიან…
https://www.youtube.com/watch?v=xdjEXNX1nSA – ოფიციალური ანონსი (ეს ვიდეო გაშლილად რომ ჩანდეს სტატიაში)
მთავარი გმირი და მისი ახლად გაცნობილი მეგობარი ცდილობენ დაეხმარონ პინგვინებს. ერთი პატარა პინგვინი მიჰყავთ სასტუმროში, ასუფთავებენ, აწესრიგებენ და მეორე დღეს მიჰყავთ სანაპიროზე რომ გაუშვან. თუმცა პინგვინი აღარ ტოვებს მის მხსნელს…
პინგვინების გადარჩენა ფილმში მხოლოდ ეკოლოგიური და ბუნებაზე ზრუნვის მომენტი არ არის, სიმბოლოა — ადამიანის პასუხისმგებლობის, თანაგრძნობის და ძალის, რომლითაც შეიძლება შეცვალო რეალობა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ მთავარი გმირი თითქოს თავადაც იცვლება: ხდება უფრო მტკიცე, ისახავს მიზანს, რომ შეცვალოს რეალობა, კლასში თუ მის მიღმა. მასწავლებელი იხსენებს მისი გოგონას ტრაგიკულ გარდაცვალებას და მისი პირადი ტრაგედიის გაზიარებით ცდილობს გადაარჩინოს კრიმინალების მიერ გატაცებული სკოლის მომსახურე პერსონალის შვილიშვილი.
„პინგვინის გაკვეთილები“ მხოლოდ მასწავლებლის შესახებ არ არის. ეს ფილმია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გავლენა მოახდინოს სხვებზე, თუნდაც მცირე ნაბიჯებით.
ის გვახსენებს რომ მასწავლებლობა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არ არის — ეს არის შთაგონების, მაგალითის, ემპათიის ძალა.
ფილმი გვაჩვენებს, რომ გარემო შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ ადამიანი მაინც ინარჩუნებდეს სურვილს შეცვალოს რაღაც — დაწყებული მცირე ქმედებით. სწორედ ასე იქცევა ფილმის მთავარი გმირი: ცდილობს საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რომ სწავლა, ადამიანობა და ბუნებისადმი ზრუნვა ერთმანეთს უკავშირდება.
პინგვინების გადარჩენის ეპიზოდი ერთგვარი გარდამტეხი მომენტია — სიმბოლო იმისა, რომ სიკეთე და თანაგრძნობა ყველგან ერთნაირად ფასდება.
ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი დავალებები/აქტივობები:
- ემოციების რუკა
ჩამოწერეთ ემოციები, რომლებიც იგრძენით ფილმის ყურების დროს: სიხარული, გაბრაზება, შიში, შთაგონება. დაფიქრდით რამ გამოიწვია ეს ემოციები?
- გმირის არჩევანი და ალტერნატიული სცენარი
მოსწავლეებს ჰკითხეთ:
- რას იზამდნენ ისინი ბრიტანელი მასწავლებლის ადგილზე?
- როგორ მოიქცეოდნენ რთულ კლასში ან ახალ გარემოში?
შემდეგ დაყავით ჯგუფებად და მიეცით დავალება, რომ შექმნან მოკლე დიალოგი ან სცენა, სადაც ისინი თავად ასრულებენ მასწავლებლის ან მოსწავლის როლს.
- პინგვინის სიმბოლო
ჩამოწერეთ რასთან ასოცირდება თქვენთვის პინგვინი ფილმში — ბუნება? თანაგრძნობა? ერთგულება?
შექმენი პოსტერი (ან სხვა ვიზუალური რესურსი) სათაურით „რა გვასწავლა პინგვინმა?“
- ფილმის პრობლემების რუკა
დაჯგუფებულად მოსწავლეებმა შექმნან დიაგრამა ან ფურცელზე მოაწერონ ფილმში წამოჭრილი პრობლემები:
ბულინგი, გარემოს დაბინძურება, პოლიტიკური დაძაბულობა, თანაგრძნობის ნაკლებობა.
მოიფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ ან ახალგაზრდებმა ამ პრობლემების გადასაჭრელად?
სამწუხაროდ ფილმი ჯერ ქართულ ვებ-გვერდებზე არ არის ატვირთული