სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

შიშების წიგნი

მეც, ისევე როგორც თქვენ, ყველას, ძალიან მინდოდა ჭკვიანი ვყოფილიყავი. ვკითხულობდი წიგნებს, ვეცნობოდი საინტერესო სამეცნიერო სტატიებს, უარს არ ვამბობდი ფილმებსა და ხარისხიან მუსიკაზე, ვიქექებოდი ინტერნეტში, ვსწავლობდი, ვსწავლობდი. იყო ჭკვიანი, ნიშნავს, გესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი თავის, სხვებისაც. ჭკვიანად გახდომის პროცესი  კენწერომდე მიღწევის სიტკბოების დაგემოვნების სურვილით გამოწვეული არ ყოფილა.  კარგად მესმოდა, რომ წარმოსახვითი კენწეროები მაშინ განსაკუთრებით არ არსებობს, როცა პროცესი დაუსრულებელია. მინდოდა, მყვარებოდა ადამიანები, განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა, წარმომავლობისა, კანის ფერისა, განსხვავებული ინტელექტუალური შესაძლებლობებისა თუ ორიენტაციისა. მინდოდა, სამყარო ყოფილიყო უკეთესი და ჭკვიან ადამიანებს ომები არასდროს წამოეწყოთ. მაშინ, როცა ჯადოსნური ლარიანი მხოლოდ მე მქონდა და იმ ლარიანით სამყაროს ყიდვა შემეძლო, სკოლის ბუფეტში კლასელებს ფუნთუშებზე ვპატიჟებდი. იმიტომ რომ ვფიქრობდი, მე უკვე ცოტათი ჭკვიანი ვიყავი და კარგი საქმეების კეთება სწორედაც სკოლის ბუფეტიდან იწყება. ჩემი გულუბრყვილო სიკეთე. თითქოს სამყარო ცხელ– ცხელი ფუნთუშების უზარმაზარი თასი იყოს. ამ თასის გაცივება როგორ შეიძლება. იმედია, კარგი გოგოობის ტკბილი იმიჯი არ მამოძრავებოდა. არ მახსოვს, ალბათ არა. მერე მივხვდი, რომ არსებობენ ბოროტი ჭკვიანი ადამიანებიც და იყო ჭკვიანი, სულაც არ ნიშნავს, გქონდეს ხანგრძლივი, უზარმაზარი სიყვარული ადამიანებისადმი. მე კეთილი ჭკვიანი ადამიანი უნდა გამოვსულიყავი. ჩემი ბავშვური გულუბრყვილო ლოგიკა ძალიან ჰგავდა დაბალი ინტელექტუალური მაჩვენებლის მქონე ჩარლი გორდონის დაუცხრომელ სურვილს, ესწავლა წერა– კითხვა. ესწავლა უნაკლოდ წერა, რადგან ფიქრობდა, ეს იქნებოდა აპრიორი სიჭკვიანისა და ბევრი მეგობრის შეძენისა. იმედები ორივეს გაგვიცრუვდა. 
დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” ახლახანს თინათინ ხომერიკმა გადმოაქართულა. სამეცნიერო ფანტასტიკა დღიურის სტილში თხრობის პარალელურ გონებრივ განვითარებას ოსტატურად გვიჩვენებს. გონებასუსტი მთხრობელი პირველი სულაც არ არის მსოფლიო ლიტერატურაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო მთხრობელია. პრინციპში,  დღიური კი არა, შეგნებული ანგარიშია საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი, მათდამი, ვინც არ უნდა დაივიწყოს, როგორ შეიძლება, ადამიანმა მოინდომოს მეტი ინტელექტუალური შესაძლებლობა და როგორ დაუღალავად შუძლია, იბრძოდეს მიზნის მიღწევისთვის. სწორედ ეს დაუღალავი სურვილი და საკუთარ თავზე მუშაობის წარმოუდგენელი ნებისყოფა  გახდა ჩარლი გორდონის ექსპერიმენტში ჩართვის მიზეზი. გონებრივად ჩამორჩენილ ჩარლის ოპერაციას უკეთებენ. მას უკვე შეუძლია, იყოს სრულყოფილი, მის ტვინს შეუძლია, მსოფლიო ცოდნა დაიტიოს. ტვინი კი არა, უზარმაზარი ყუთია, რომელიც მსოფლიო ენებიდან დაწყებული ყველაფერს დაიტევს. მაგრამ ყუთები ორთვისებიანი ჭურჭლები არიან: სავსეები ან დაცლილები. ექსპერიმენტის მინუსიც ამაშია: კაცმა არ იცის, “შეგროვებული” ინტელექტი როდის გაიპარება. ვირთხა ელჯერნონი, რომელზეც პირველად ჩაატარეს ექპერიმენტი, უკვე საეჭვოდ იქცევა, მისთვის ხელოვნურად შექმნილ ლაბირინთებში გზას ვეღარ იკვლევს.

ახალი ჩარლი გორდონი, უკვე ასე ჭკვიანი, სხვებზე ჭკვიანი ჩარლი გორდონი იმედგაცრუებულია. მისი ინტელექტის ზრდასთან ერთად მეგობრების რიცხვი იკლებს და რაც მთავარია, ხვდება, რომ ისინი, ვინც ადრე თავისი მეგობრები ეგონა, მხოლოდ მისით ერთობოდნენ. ისიც ცხადი ხდება, რომ არ არსებობს სრულყოფილი ცოდნა, რომ ის პროფესორები და მეცნიერები, რომლებიც მის ძველ წარმოსახვაში ღმერთებს წააგავდნენ, სრულყოფილები არ ყოფილან. ინტელექტუალები კარგავენ ღმერთების სტატუსს. ადამიანები ხდებიან სასაცილოები. მთავარ აღმოჩენას კი მაშინ აკეთებს, როცა დაახარისხებს ძველ და ახალ განწყობებს ადამიანების მხრიდან. გონებასუსტი ჩარლი გორდონი პირვნება არ იყო, არც მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის მქონე ჩარლი გორდონია პიროვნება, ის ახლა მხოლოდ ექსპერიმენტის ნაყოფია. ექსპერიმენტი, საბოლოოდ, მაინც განწირულია: გონებრივი რეგრესი ახლოსაა, ხელოვნურად გაუმჯობესებული ინტელექტის დაქვეითების სისწრაფე გაუმჯობესების მასშტაბის პირდაპირპროპორციულია. 
წიგნი “მიხშეული წედეგების ანგარიწიდან” “მიღწეული შედეგების ანგარიშამდე” და პირიქით ერთი დიდი სევდაა. ეს არის  სევდიანი ამბავი  სოციუმისა, რომლისთვისაც ადამიანები ან დაცინვის ობიექტები არიან, ან– ღმერთები. ეს ჩარლი გორდონის მიერ მოთხრობილი ჩვენი ამბავია, ამბავი ადამიანებისა, რომლებსაც წარმოუდგენლად ეშინიათ, დაუმეგობრდნენ და შეიყვარონ განსხვავებული ადამიანები. შიშების წიგნი არც ისე სქელტანიანი სახელმძღვანელოა ჩვენთვის, ვისაც ნამდვილად გვინდა, გვესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი თავის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“