“მე როცა მამა–ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ–დიაკვნად იყო სოფ. მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა–კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი საღმთო ისტორიიდან, წერა–კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დაუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილს საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგ–ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ. … და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა–ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ–მეთქი. მაინც ამ “თმიანობამ” თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი“.
„ჩემი წუთისოფელი“, ვაჟა-ფშაველას თხზულებები, მე-5 ტომი, 1936 წელი, საქართველოს ეროვნული არქივი
ვკითხულობთ ამ ჩანაწერს და თვალწინ ცოცხლდება ვაჟას ბავშვობის ოჯახური ატმოსფერო, შთაბეჭდილებების მასაზრდოვებელი გარემო, რომელმაც მწერლის წარმოსახვა გამოკვება, ფრთები შეასხა, შემდეგ კი გენიალური ნაწარმოებები შეაქმნევინა. ვხედავთ მამასაც, რომელიც შვილს საღმრთო ისტორიებს უყვება, ბიბლიურ გმირებს აცოცხლებს, მისთვის იცლის, მის განათლებაზე ზრუნავს, ჩვეულებრივ, ყოფით სიტუაციებშიც კი.
ბავშვისთვის ამბების გაზიარება, დროის დათმობა, კულტურულ და საგანმანათლებლო ხასიათთან ერთად ემოციურ დატვირთვასაც ატარებს – კვებავს მას უსაზღვროდ დიდი შთაბეჭდილებებით, ამდიდრებს ემოციურად, უჩენს მიკუთვნებილობის და უსაფრთხოების განცდას.
ყველა ამბავი, რომელიც პატარამ ბავშვობაში მოისმინა, წაიკითხა, შეიგრძნო და გაითავისა, ემოციური მემკვიდრეობის ნაწილიც ხდება მისთვის. მოგონებების ფაზლი, რომელიც სწორედ ასეთი ამბებისგან იკვრება, ხშირად გადამრჩენლის ფუნქციასაც ითავსებს ზრდასრულობაში. ასეთი ამბები არ არის მხოლოდ უბრალოდ მოგონება, უბრალოდ ამბავი, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ დატვირთვასაც, ენერგიასაც იძენს და საკუთარი თავის, ცხოვრებისეული ღერძის მოძებნაში და დანახვაში ეხმარება ადამიანს.
ამიტომ, სრულიად შესაძლებელია, ერთმა უბრალო საოჯახო ტრადიციამ, როდესაც ძილის წინ პატარას სხვადასხვა ამბებს ვუყვებით, იქნება ეს ზღაპრები თუ პირადი მოგონებები, შესაძლოა მისი მომავალი ცხოვრებაც კი განსაზღვროს. ერთმა ამბავმა კიდევ ახალ გამოცდილებას დაუდოს საფუძველი. ერთმა ამბავმა, რომელიც ერთ მშვენიერ საღამოს შვილებს მოვუყევით, მას დიდი მიზნების განხორციელებისკენ უბიძგოს. სწორედ, ამიტომ, როდესაც ბავშვები ითხოვენ ჩვენგან, ვუამბოთ ნებისმიერი რამ, ველაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე, არ ვიყოთ სიტყვაძუნწები და შევძლოთ მათთვის დროის დათმობა.
ბავშვები სამყაროს აღიქვამენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იმ ემოციებითაც, რომლებიც თან ახლავს მათ. ნეირომეცნიერების მიხედვით, სარკისებური ნეირონები ასახავენ იმას, რასაც ბავშვი ხედავს – როცა მშობელი შთაგონებით, თბილი, მზრუნველი ხმით, უყვება პატარას რაიმე საინტერესო ამბავს და ის ინტერესით უსმენს, ან ემოციით რეაგირებს, იგივე ნერვული გზები აქტიურდება ბავშვის ტვინში.
ცნობილია, რომ ბავშვის ტვინის ადრეულ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მთავარი ფაქტორი, თუ რამდენად ხშირად ესაუბრებიან მას ადრეულ პერიოდში, რამდენად ხშირად უსმენენ და როგორ ურთიერთობენ მასთან. ასეთი გამოცდილება ეხმარება პატარას, განვითარდეს კოგნიტურად, ემოციურად და ინტელექტუალურად, რაც მისი მომავალი წარმატებების წინაპირობაცაა. თითოეული წაკითხული ზღაპარი, ერთად გატარებული ბედნიერი წუთები, ბავშვზე ზრუნვის გამოცდილება, ამბების გაზიარება, ერთად კითხვა, თამაში, ბავშვის ემოციური განვითარების და სიმყარის საფუძველსაც ქმნის.
ბავშვობაში ყველაზე მეტად სწორედ ამბების მოსმენა მიზიდავდა, ამ მხრივ ბებიას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, შორეული ამბები ჩვენთვის მოეტანა და გაეცოცხლებინა. გატრუნულები ვიწექით და ვუსმენდით ღამით ამბებს, რომელსაც გვიყვებოდა და ძილმორეულებიც კი დროსა და სივრცეში ვმოგზაურობდით. გაზიარებული ამბების ეს მისტიური გამოცდილება ჩემს მეხსიერებას დღემდე მოჰყვება, ადრეული მოგონებები მასაზრდოვებს ყველაზე რთულ პერიოდებში და მარწმუნებს იმაშიც, რომ სულ რამდენიმე წამიც კმარა, მოხუჭო თვალები, დაეხსნა გონებით ყოველდღიურობის მარყუჟებს და ძალიან თბილ, ძალიან ფაფუკ, ძალიან ბედნიერ მოგონებებში ამოჰყო თავი.