ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
20 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

შემოდგომაზე სათქმელი, ანუ „დილის ქვეყნის მოხილვაზე“

ღ ა მ ე ~ „ხევისთავის ლოდი” გახსოვთ, არა? მდინარის ფსკერისკენ რომ ექაჩებოდა საწყალ თეიმურაზს; ჩემს შემთხვევაში ეს ლოდი ყელზე ჩამოკიდებული კი აღარაა, გაიზარდა ~ ბეტონის ნაჭრისხელაა; ძილის წინ ვგრძნობ, მისი სიმძიმე როგორც ცდილობს ჩემს გასრესვას. ,,მე ვგდივარ პატარა, უსუსური…” ცხოვრამ კი გული იჯერა ჩემზე მისვლა-მოსვლით, დიდოელი ლუკის ნაბადივით გათელვით; თუმცა ის, ცხოვრება, ტყუვდება, რადგან გათელილი არ ვარ: ჩემში სულ არის ნაჩუქარი თუ საიდან, არ ვიცი, გამოხმობილი სიცოცხლის ენერგია. არა, ეს ენერგია ნამდვილია და ჩნდება ყოველ დილას…

დ ი ლ ა ~ „ტომი და ჯერი“ ყველას გინახავთ; მასკულინური წრუწუნა როგორ „ათამაშებს“ კუნთებს. ახლა ეს გადავიტანოთ სულიერ პლანში და ძილის მისტიკური სამყოფელიდან რეალურ სამყაროში დაბრუნებულ „ხევისთავსაც“ თვალნათლივ დაინახავთ. მისთვის ჰამლეტისეული დილემა მზის შუქმა გადაწყვიტა ან როგორც ამბობს იუკიო მიშიმა, „გამთენიის იისფერმა ბინდმა“; ძარღვებში ერთბაშად შემოდის სიცოცხლე, ანუ „რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა…“ სასოწარკვეთა „გადამალულია“ საგულდაგულოდ, როგორც ერთ დროს საბჭოთა დახლებზე ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ძვირიცაა და „შავი დღისთვის“ შენახულიც. განა, ასე არ ვინახავთ ფულს, ძვირფას ჭურჭელს, ტანსაცმელს განსაკუთრებული მომენტისთვის?! ის „განსაკუთრებული დღე“ კი შეიძლება არც დადგეს და მავანს ოხრად დარჩეს კანკალით გადანახული ბიტკოინები თუ ოქროს ზოდები. ცხოვრება აწმყოა!!! დანარჩენი ან უკვე აღარ არის, ან ჯერ არ არის…რატომ გვავიწყდება, რომ ყველა დღე განსაკუთრებული უნდა იყოს?!
ჰოდა, „წრუწუნამაც“ ისწავლა ამ წუთის ფასი, რომელშიც, დრო რომ მოვა, მთელი მისი ცხოვრება ჩაეტევა. ამიტომ მას დილაობით დიდი გული და იმხელა „მუსკულები“ აქვს, რომ თავსდამხობილ ლოდს ძალოსანივით ასწევს, აამსუბუქებს და წარმოიდგინეთ, თუ გულის მოულოდნელ რეჩხებსა და ჩხვლეტებს არ ჩავთვლით,ისე დააქვს მთელი დღე ხელში ატატებული, თითქოს „ავიწყდება“ კიდეც მისი სიმძიმე.
თვის ხელში აყვანაში ისე გამოიწრთო, „ყოფნა, წრუწუნჯან!“ შეძახილი აღარც სჭირდება.

P.S. ნაწერს „ავხედე“ და მიუხედავად „ღამის“ სასოწარკვეთილი სიმძიმისა, „დღე“ ვრცელიცაა და ერთგვარად, ოპტიმიზმის არცთუ ყალბი მცდელობებითაც.
გადაქანცულობის „ჟანგის“ მიუხედავად, ზოგს მაინც თვალში ეჩხირება მისი ნებისყოფის „სპილენძის ბზინვარება“.
წრუწუნა კი ამშვიდებს მათ:
~ ნუ ღელავთ…მე თქვენსავით უკვდავი არა ვარ! დიდი-დიდი, ხუთი-შვიდი წელი „გავქაჩოო“ ასე; თან შიშით თვალზე ხელს იფარებს; თან ამ აფარებული ხელის თითებიდან იჭყიტება, საფრთხე არ იყოსო რამე.
იქნებ, მართლაც, საუკეთესოა, რომ არავინ ვიცით, ხვალ რა მოხდება.
ვინ გადარჩება, ვინ მარად „გაბრწყინებულ/ ნეტარი“ დარჩება და ვის მოინელებს წუთისოფლის „სტომაქი“; ან ვერ მოინელებს, იონასავით.
„მოდი, ვაქციოთ ვეშაპის მუცელში ყოფნა თვგადასავლად და არასდროს დავკარგოთ იმედი სამშვიდობოს გაღწევისა, ორთავ სოფელსა შინა!“ ~ ფიქრობს წრუწუნა და ცდილობს, თავზე წამომხობილი ლოდის ქვეშ გვერდი იბრუნოს…
…მას ხომ (ალბათ) „დილის ქვეყანაში მოგზაურობა“ ელის, არაა?!

 

წიგნის ჭიის აღსარება

ჩემი შემოდგომა მოვიდა…
ყოველთვის „შემოდგომა“ ვიყავი, თვით ბავშვობაშიც სიკვდილზე მაფიქრალი, თუმცა როგორც სიცოცხლის დიდ საიდუმლოზე და არა როგორც ახლა ვფიქრობ, – დიდ ბანალურობადაც მიმაჩნია ეს „ნეშომპალობა“ და მიწას შეზრდა. დაბადებულიც შემოდგომაზე ვარ და სიმბოლურია ალბათ.
არასდროს მყვარებია „ზედაპირი“, ყოველთვის „სიღრმეებისკენ“ მიმიწევდა გულისთქმა, ურთიერთობები იქნებოდა ეს თუ სამყაროს აღქმა. იქნებ ეს ჩემი, სხვებზე უფრო ტვირთმძიმე, წუთისოფელიც ამის ბრალია. თუმცა დღემდე ბოლომდე ვერ ამოვხსენი ტანჯვის არსი…
არასდროს მხიბლავდა დროებითი განცდები თუ სიამოვნებები. ეს ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტია, თავდავიწყება, ჩემთვის ფუჭი ხარჯვა დროისა. ახლა ვფიქრობ და, იქნებ ამიტომ არ მდომებია წითისოფლის ყველაზე დიდ საცდურთაგანი – სიმდიდრე?
პოეტი არ ვარ, თუმცა ბავშვი მრავალმხრივ ნიჭიერი ვიყავი („რატომ დავუკარგო, აბა?!“) და ლექსებიც მიწერია. ამიტომ პოეზიის „საზომი“ ჩემთვის უზენაესია, სულის შეფასება იქნება ეს თუ მოვლენისა, მსოფლიო კონტექსტშიც კი.
აღარც რომანტიკოსი ვარ და აღარც იდელისტი, ეს თანდაყოლილი და შემდგომ წიგნით გამრავაფრეოვნებული მიდრეკილებები სადღაც, სულის სიღრმეში გადავმალე, რადგან მათზე აწყობილ ცნობიერებას ვერაფერს ვუხერხებ. დღეს უკვე ვიცი, რომ ყოფამ შეიძლება გაანადგუროს ადამიანი და მხოლოდ ვაჟანაირი უძლებს მის წნეხს, იმარჯვებს, საბოლოო ჯამში, ოღონდ მხოლოს სულიერად, ხორცი მარცხდება. თუმცა გამარჯვება მაინც სულს ეკუთვნის ხოლმე და არა სხეულს, რადგან მდარეა ყოველივე ხორცისმიერი ხანგრძლივ პერსპექტივაში.
ამდენ „ქარტეხილებს“ გავუძელი, ვუძლებ და სიმშვიდითა და ბედნიერებით არც ახლა მანებივრებს ცხოვრება, „მარად ურიას“, თუმცა გალაკტიონის ამ ლექსის სიკვდილამდე მიმდევარი ვიქნები. იქნებ ის შემდოგომაზეა დაწერილი, ნუ, სააზროვნოზე, ასაკობრივ პლანში მაინც; გალაკტიონსაც ხომ ასე ხიბლავდა სულისა თუ დროის ეს, პერიოდს არ ვიტყოდი, უფრო „განზომილება“:
„თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი.
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი.
მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს.“
ზღვაზე უფრო მთა მიყვარს, „პაპიროზის“ მოწევაც არ მხიბლავს, თან ყოფასაც ვებრძვი ჩემებურად, რომ ქვეშ არ დამიტანოს, ე.ი. უკვე პრაგმატიზმიც არ მაკლია, მაგრამ ამ ლექსისადმი ერთგულება ხომ იდეაშია, არა?!
ჰოდა, სწორება იდეებზე, ნუ, შემოდგომობით მაინც, როცა ასე თვალშისაცემია ყოფიერების ცრემლი და სევდა, წარმავალობის, სიკვდილის მკაცრ მშვენიერებაზე…

 

დაბოლოს, სწორედ შემოდგომაზე დასაწერი მინიატურა

საღამოს, დაბნელებულზე, სავარჯიშოდ გავედი სკვერში; თან ნაგვის პარკი და პლასტიკატის ნახვრეტებიან/ყურიანი შავი კალათაც წვიღე, რომლითაც ჟოლო ვიყიდე; ვიფიქრე, ბოსტნეულის მაღაზიას იქნებ სჭირდება და რატომ გადავაგდო-მეთქი. არადა, ჩემს ბინაში არანაირადაა ზედმეტი ნივთის ადგილი, ისეთი სკულრპულოზურობითაა განაწილებული სივრცე.
გადავყარე ნაგავი და შევაღე ბოსტნეულის პატარა მაღაზიის კარიც. არ გვჭირდებაო, მომიგო დაღლილმა გამყიდველმა.
– კარგი, გადავაგდებ აქვე, ბუნკერში…
დანანებით მივუგე მე, ის-ის იყო წამოსვლაც დავაპირე, რომ კარის დახურვაზე იქ მდგომი უხეში გარეგნობის კაცი შემეწინააღმდეგა. მგონი, ტვირთმზიდავია მათთან. გარეგნობა მოკლედ რომ აღვწერო, აი, ჩემს ბავშვობაში ექიმ აიბოლიტისა თუ ჰიტლერისულვაშებიან/სომხურცხვირიანი და სათვალიანი ნიღაბი იყიდებოდა, წამსვე რომ გაქცევდა ამ გამოგონილ, ჰიპერრეალისტურ, პერსონაჟად. ჰოდა, ეს ღარიბულად, თუმცა თბილად ჩაცმული ადამიანი ცოცხალი ხორცშესხმა იყო იმ ნიღბისა, შეჭაღარავებული ულვაშებიანად.
– რას ამბობ, რას გადააგდებ?!
– აბა, რა ვქნა?!
– მომეცი მე, სახლში წავიღებ, ყვავილს ჩავდგამ და დავკიდებ!
– უი, რაზეა საუბარი, ინებეთ!
აქეთ მე გამიხარდა, რომ ამ, ასე თუ ისე, მოლამაზოსავით, თუმცა, ცოტა არ იყოს, პირქუშ ნივთს არ გადავაგდებდი და პირქუშივე გარეგნობის კაცს მივცემდი, რომ გამოეყენებინა.
მერე, გზა რომ გავაგრძელე, მივხვდი, რამაც გამახარა ასე.
ეს კაციც, როგორც უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, სოციუმის სიმძიმით „წელშია მოხრილი“, ამ კაცის შემთხვევაში კი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მიუხედავად ამისა, მას შენარჩუნებული აქვს სულიერი სიფაქიზე, რადგან მან, კაცმა, უხეში ბუნებისამ და წესით, ჩვენს ხისტ რეალობაში უფრო გაუხეშების პერსპექტივის მქონემ, კი არ მითხრა, რომ ხახვს ან ნიორს, ან კარტოფილს ჩავყრიო მაგ კალათაში, ყვავილი მიხსენა და მასზეც იზრუნა, თავზეც და აგერ, ჩემზეც, ასე რომ გამომიკეთა განწყობა.
ყველა ასეთ კაცს (ამჯერად ეს განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელია და ქალსაც მოიაზრებს) გაუმარჯოს (გაემარჯვოს) ამ უბედურ ქვეყანაში, საკუთარ თავში მშვენიერების წყურვილს რომ ინარჩუნებს. ეს ღვაწლია ჩვეულებრივი და სწორედ ამ ღვაწლის გამო წარმოვიდგინე, როგორ უყვარს ეს საწყალი („საწყალთ საწყლობა რომ მესმის…“) კაცი ღმერთს, თუნდაც ძვირადღირებული ავტომობილების ფასებისა თუ მარკების ზეპირად მცოდნე/მქონე კაცზე უპირატესად; მეზვერესავით, ფარისევლისა და მეზვერის იგავიდან…
P.S. მერე შეიძლება მაგ კაცს ფოტო გავავუღო, სულ მაგ მაღაზიაშია და კიდევ ერთი ფოტონოველაც მექნება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“