თითქმის ყველა ქართულ სოფელში ერთი და იმავე პროფესიის წარმომადგენლები მიიჩნევიან საპატიო მოქალაქეებად. ყველა პატარა დასახლებაში განსაკუთრებულად ეპყრობიან ექიმებსა და მასწავლებლებს. ბევრგან კი სასოფლო საზოგადოების ყველაზე გამორჩეული წევრები სკოლის დირექტორები არიან. დირექტორთა ღვაწლის უკვდავსაყოფად ადგილობრივები ხშირად ქუჩებსა და სკვერებს ანიჭებენ მათ სახელს.
სოფელში სკოლის დირექტორის შრომის, მისი ლიდერობის შემჩნევა ადვილია, მილიონიან მეგაპოლისში კი სასწავლებლის ხელმძღვანელთა გარჯის აღმოჩენა და სათანადოდ დაფასება შეუძლებელია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირგვლივ ქაოსი სუფევს, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის და არავის სცალია განათლების სფეროსთვის (ორი საუკუნის გზაგასაყარს ვგულისხმობ).
აქედან გამომდინარე, ალბათ, ვალდებულები ვართ, რომ ხანდახან ჩვენს წარსულზე ვწეროთ და საგანგებოდ გავიხსენოთ ადამიანები, რომელთაც გვიან 90-იან და ადრეულ ორიათასიან წლებში გადაგვარჩინეს.
სკოლის მოსწავლე 1998 წელს გავხდი. ზაფხულში ჩემს ოჯახში დიდი თათბირი გაიმართა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელ სასწავლებელში შევდგამდი ფეხს. დედა და დეიდა გერმანული სკოლის მხარეზე იყვნენ, ევროპული ლიტერატურის სიყვარული და დეიდაშვილთა გამოცდილება პეტრიაშვილის ქუჩისკენ მიმავალ გზას მიკვალავდა. ბებია წინააღმდეგი იყო და მიაჩნდა, რომ მომავალი ბარნოვის ქუჩისთვის უნდა დამეკავშირებინა. მისი მეგობრები და კოლეგები აღფრთოვანებული იყვნენ იქაური წესრიგით. ბებიამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ნიადაგის მოსინჯვის უფლება მოითხოვა. ახლაც მახსოვს პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია, რომელიც ჩემი მშობლების ნაცვლად ოჯახის ყველაზე გავლენიან წევრს, ბაბუას გაუგზავნეს. ბაბუას სახელმწიფო სკოლაში მისი შვილიშვილის მოწყობის სანაცვლოდ მერხი უცხოურ ვალუტაში უნდა შეესყიდა, ცალკე უნდა გადაეხადა რვეულების შემოწმების ფული, უნდა ეზრუნა სკოლის საგადასახადო შეღავათების მოპოვებისთვის და ა.შ. ქაღალდის ნაგლეჯმა საოჯახო კრებას გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა, ყველამ ერთხმად დაასკვნა, რომ სასკოლო მესვეურები ამ ქაღალდის ნაგლეჯით არ დაკმაყოფილდებოდნენ და ყოველთვე ახალ-ახალი მოთხოვნებით მოგვაკითხავდნენ, ამიტომ სახლიდან ხუთი წუთის სავალზე, მეექვსე გიმნაზიაში დავიწყე სიარული.
გიმნაზიაში ჩვენთვის არაფერი მოუთხოვიათ. როგორც სამშვილიანი ოჯახის წარმომადგენელს ფონდის ფულის დადებაც კი არ მიწევდა. მხოლოდ ერთი შავგვრემანი, ოდნავ თვალებჩასისხლიანებული, თოკზე ჩამოკიდებული სათვალით შეიარაღებული ქალი მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა და ბოხი ხმით მითხრა: „ხომ კარგად ისწავლი, ჩემო ბიჭო?!“. მახსოვს როგორ წამსკდა თვალებიდან ცრემლი, როდესაც იმავე ადამიანმა მიკროფონში გამოაცხადა ჩემი გვარი და 108-ე ოთახში, ქეთი დოჩანაშვილის კლასში გამანაწილა. ეს ქალი ჩვენი დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლალი გულისაშვილი გახლდათ.
ქ-ნ ლალის ლიტერატურის მოყვარულები იცნობდნენ, როგორც მეოცე საუკუნის ათიანი წლების კრიტიკის მკვლევარს. იგი სახელგანთქმული გახლდათ, როგორც პოეტი და სასიმღერო ტექსტების ავტორი. დღემდე ათასობით ბავშვი იძინებს მის მიერ კინოფილმ „იავნანასთვის“ დაწერილ ლექსზე. მაგრამ ერთეულები აღნიშნავენ, თუ როგორი დირექტორი იყო ლალი გულისაშვილი.
მისი სასკოლო პოლიტიკის პირველი მახასიათებლის შესახებ ნაწილობრივ უკვე მოგახსენებთ. ქ-ნი ლალი უკომპრომისოდ ებრძოდა ქრთამს. მთელი ქვეყანა, მთელი განათლების სისტემა კორუფციაში იხრჩობოდა, ჩვენს სკოლაში კი სუნამოს საჩუქრად გადაცემასაც კი ვერ ბედავდნენ მასწავლებლისთვის.
ჩემი ერთი ბებია თავისი ცელქი შვილის დამრიგებელს საზომი ლენტით აკითხავდა სახლში, რათა ფანჯრების სიგანე დაედგინა, ფარდები შეეკერა და ამგვარად ეხსნა თავისი ბიჭი გარიცხვისგან, მეორე კი სიმწრით მოხარშულ მურაბებს აგზავნიდა პედაგოგთან იმავე მიზნით. წარმოიდგინეთ, ამგვარ ტრადიციებზე დაშენებული 90-იანი წლების განუკითხაობა! პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო სკოლის ხსნა აღებ-მიცემობისგან, მაგრამ დოქტორი გულისაშვილი თავისი სიმკაცრითა და კონტროლით მაინც ახერხებდა ოაზისის შექმნას, ჩვენს მშობლებს ვერავინ უჭერდა ყელზე ხელს.
პოეტი მხოლოდ სიმკაცრით ვერ დაამყარებდა წესრიგს. იგი საგულდაგულოდ, განსაკუთრებული მონდომებით არჩევდა თითოეულ კადრს. შესაბამისად, ჩვენი სკოლა სავსე იყო ძველი თაობის უპატიოსნესი წარმომადგენლებითა და ახალი თაობის ენერგიით, ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლებით. თითქმის ყველას პროფესიონალიზმი და თავისი დარგის პასიონარული ერთგულება აერთიანებდა.
რას არ აკეთებდნენ ეს პედაგოგები, რომ ჩვენი სასკოლო ცხოვრება გაეხალისებინათ. მახსოვს, როგორ დაამონტაჟეს ქ-ნმა ლალიმ და ისტორიის მასწავლებელმა, ლევან მიზანდარმა ყველა სართულზე დინამიკები. დინამიკებს განცხადებების გასავრცელებლად არასდროს იყენებდნენ. ყოველი შესვენება სხვადასხვა დარგის მუსიკას ეძღვნებოდა, ხან კლასიკას ვუსმენდით, ხან კი აფროამერიკულ შედევრებს.
რაც მთავარია, ლალი გულისაშვილი სულსა და გულს დებდა, რომ ჩვენს სკოლას გერმანულ საგანმანათლებლო სივრცესთან განემტკიცებინა კავშირები. თვე არ გავიდოდა, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რომელიმე ფედერალური მიწის ოფიციალური უწყების წარმომადგენელს არ დაედგა ფეხი, ან რომელიმე გერმანული საჯარო სკოლის მესვეური არ სწვეოდა ჩვენს სკოლას, ცალკეულ ოჯახებთანაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რათა რამდენიმე ბავშვს რამდენიმე თვით მაინც ჰქონოდა გერმანიაში სწავლის მიღების შესაძლებლობა. გვყავდნენ გერმანელი მასწავლებლები, გერმანელი კონსულტანტები, რაც ჩვეულებრივ საჯარო სკოლას არაჩვეულებრივ ელფერს სძენდა.
ოღონდ მინდა, რომ მთელი სურათი დაინახოთ. ქ-ნი ლალი სრულ სიბნელეში ცდილობდა გზის გაკვალვას. ხშირად გაკვეთილები გვიცდებოდა გათბობის სისტემის აფეთქების გამო. დღემდე ზუსტად არ მესმის, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები: „დღეს სკოლა არ გექნებათ, მესამე კლასში ბოტკინია!“. ალბათ, როგორი რთული იქნებოდა ბრძოლა ვერაზე გავრცელებულ კრიმინალურ ჯგუფებსა და სკოლას შორის კავშირების ჩაშლისთვის. 2002 წლის მიწისძვრაც დაგვატყდა თავს მისი გამანადგურებელი შედეგებით. მაშინ სატელეფონო ხულიგნობაც მოდაში იყო, თავისი ნებით ან ბოროტმოქმედთა წაქეზებით, ბავშვები ტაქსოფონებიდან რეკავდნენ სკოლაში და იუწყებოდნენ, რომ შენობაში ნაღმია. ერთი სიტყვით, წისქვილის ქვაც კი დატრიალდა ქ-ნი ლალის თავზე, მაგრამ ის ბოლომდე ფეხზე იდგა და მინერვა მაკგონაგელივით იცავდა ჩვენი სკოლის კედლებს.
წლების შემდეგ მუდამ მხვდებოდა ხოლმე უბანში, მელიქიშვილის გამზირზე, ლაბრადორს ასეირნებდა. ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემასა და ინტერესს ვგრძნობდი მისგან. სერიოზულ შეკითხვებს მისვამდა. ცოტა უცნაურად ვგრძნობდი თავს, რადგან მის წინაშე კვლავ შეშინებული პირველკლასელი იღვიძებდა ჩემში. ენის ბორძიკით ვპასუხობდი, ვიბნეოდი, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა, როცა წინადადებას ჩვენი პირველი, შორეული შეხვედრის დროს ნათქვამი ორი სიტყვით ასრულებდა: „ჩემო ბიჭო“.
ვნანობ, რადგან ვერც ერთხელ ვერ გავბედე, რომ მისთვის მადლობა მეთქვა.