ბავშვობის მოგონებებაა. იმ დროის, ჯერ კიდევ წერა-კითხვის უცოდინარს დედა, ჯამით ხელში, საყვარელი წიგნების შინაარსს რომ მიყვებოდა, ცხადია, საჩემოდ შეცვლილ-შელამაზებულს. ზღაპრები გამოლეოდა და ეს ღონე ეხმარა ჩემს გასაბრუებლად, პირის გაღებაზე დასათანხმებლად. მონათხრობით თავბრუდახვეული, ანგარიშმიუცემლად ვყლაპავდი ყველაფერს, რასაც კი კოვზით გამომიწვდიდა, აღარ ვაწამებდი.
ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილიც“ იმ წიგნებს შორის იყო, რომლებიდანაც ყველაზე სახალისო ამბები ამოარჩია და მომიყვა, თან არაერთხელ. სიცილისგან ცრემლები გვდიოდა, მთავარ გმირს ხან ვკიცხავდით – ფულის სიყვარულს სხვა ყველაფერი როგორ გადააყოლაო, და ხან, უბრალოდ, გვეცოდებოდა – რომ არ იცოდა, თეატრში ტაში როდის უნდა დაეკრა.
რა თქმა უნდა, მერე ბევრჯერ წავიკითხე ეს წიგნი და საბრალო სოლომონსაც სხვაგვარად შევხედე, ავტორის სიმართლე და სიმარჯვეც დავინახე. ბოლო, შარშანდელმა გამოცემამ კი იმით მიმიზიდა, რომ მალხაზ ხარბედიას წინასიტყვაობა ახლავს, მრავალი საგულისხმო დეტალით. ლავრენტი არდაზიანის პროზის მარილი ლიტერატურულ არითმეტიკაშიაო, – ასეთ შეფასებასაც ვნახავთ შესავალ წერილში. მართლაც იშვიათი სიზუსტეა. თარიღებით გატაცება. წონის მიხედვით წვრილმანების დახარისხება. ამის გამოც უნდა ყოფილიყო, რომ ისევ გატაცებით ვკითხულობდი, ისევ თავბრუსხვევით.
თავიდან ქოხში ვართ – „ქოხში, რომელიც უფრო მიემსგავსებოდა ღრმა სოროსა, დათვის სადგომსა, ვიდრე კაცის სადგომსა“. მალევე დადგება დღე, როცა ტახტი, ჭილობი, ფარდაგი და ლოგინი – მეჯღანუაშვილების მთელი ქონება იქნება. წესით, ამ ბნელი ორმოდან თავის დაღწევა ყველაზე მეტად უნდა უნდოდეს ყმაწვილკაცს, ხელისგულზე პირველი ოქროს დამნახავს, სოლომონს კი მისი ელვარება საბედისწეროდ აბრმავებს: „კაცის ენაზედ ვერ ვპოვებ სიტყვასა, რომ გამოვთქო, როგორ შამიყვარდა ის ოქრო! ღვიძლები შაიქნა ის ჩემის სულისა! ჩემმა გულმა გაუღო კარები და მაგრა ჩაიკრა!“ ამ წუთიდანაა განწირული. ამ სიყვარულითაა დაღუპული.
ვხედავთ, ფულს ფული როგორ ემატება, როგორ ერევა თავგზა ახალგაზრდა კაცს, როგორ უბედურდება: „ძილი და მოსვენება არა მქონდა: ჩემი გონება იყო გართული ფულებით. ჩემი გული გრძნობდა მხოლოდ ფულების სიყვარულსა. ეს სიყვარული იქამდის გამიცხოველდა, რომ ხშირათ მშრალა პურსაც არ ვყიდულობდი, რომ გროშს გროში არ მოკლებოდა“. ნუ გამამტყუნებთ, ადამიანის ბუნებაა ასეთიო, – ამასაც ამბობს მთავარი გმირი, – „ათასს თუმნებს“ ვერ ვჯერდებოდი, მილიონი მინდოდაო.
ცხოვრების გზაზე რა აღარ გადახდება სოლომონს, მდიდრულ ცხოვრებასაც მოინდომებს, სახლს სხვების წაბაძვით მოაწყობს, ცოლ-შვილს თეატრში სიარულს დააჩვევს, მაგრამ მთავარ მიზნად ისევ ის აქვს, რომ მისი ქონება სხვებისას აღემატებოდეს, იზრდებოდეს და იზრდებოდეს. გემოვნებისა არა გამეგება-რაო, – აღიარებს, მკითხველს კი ნელ-ნელა თავისი ტანჯვის მოზიარედ ხდის. ვეღარ გაგეცინება მეჯღანუაშვილზე. ვეღარც საქციელს დაუწუნებ თვალახვეულს, უფსკრულისკენ ნაბიჯგადადგმულს.
„მართალია, ბოლომდის მე ვიყავ სავსე მდიდარი, პატივცემული, მხიარულად ვეჩვენებოდი ხალხს და მრავალნი დამნატროდნენ, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ჰქენჯნიდა რაღაც განუსაზღვრელი ჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა-რა ქვეყანათაზე. ამ ჭმუნვის მიზეზი იყო ჩემში, ჩემს გარეთ არა ყოფილა“, – ესეც მისი სულის შემძვრელი აღსარების დასასრული.
როგორი ამბავია, რომ სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, მეზღაპრედ ლავრენტი არდაზიანი მყავდა. ან ის, რომ სიკეთესა და ბოროტებაზე, ბედნიერებასა და უბედურებაზე ასეთი გზებით მიყვებოდნენ.